კულტურა ლიტერატურა

გურამ დოჩანაშვილი - 80

saba.com.ge

მარტი 28, 2019

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარს ქართველი მკითხველის ახლობელი, საყვარელი მწერალია. ეს ისეთი სიყვარულია, რომელსაც სულაც არ სჭირდება დამალვა.


მის მკითხველებს დიდჯიბიანი პერანგები აცვიათ და პირველად წაკითხვის ბედნიერების განცდა აერთიანებთ, ან სულაც, მეასედ წაკითხვის, მაგრამ მაინც ბედნიერების განცდა.


რას არ იპოვი აქ, დამნაშავეს, რომელიც თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ გულგრილობით ხდება დანაშაულის მთავარი მონაწილე, სამშობლოს ჩუმ და ხმამაღალ სიყვარულს, მხიარულ ბორცვს, სადაც ყველაზე გამბედავი ადამიანები ცხოვრობენ, ცალხელა მუსიკოსს, რომელსც მუსიკა გულით დააქვს, მწერალს, რომელსაც „დიდი საქმე აქვს“ და მკითხველს, რომელიც მაშინაც არაა ზედმეტი, როცა ორ შეყვარებულს შორის, საძილე ტომარაში წევს. კიდევ ვინაა აქ? ძმები კეჟერაძეები და მათი მთავარი, განსხვავებული სიყვარული, წვიმა, რომელიც მარტოსულ ბაქანს ასველებს, პროვინციული თეატრის ამბები, თავფარავნელი ჭაბუკი და მის გულზე დაკიდებული დოლაბი, ორნი აქა და იქა - პატარა, გმირი გოგო და ჯალათი სტასიკი, ლოდი ნასაყდრალი და ყველაზე ქართული ცეკვა-ხორუმი. რაც მთავარია, აქ დიდი გზის და დიდი დაბრუნების ამბებია:

აქ ლიტერატურა ზუსტზე ზუსტი მეცნიერებაა:


„აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კი... ვინმე დიდი მწერალი დაასახელე, კლიმ, ძალიან დიდი... ოო, მაგაზე უკეთესს რას მეტყოდი, ჰოდა, ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ, მერე რა, სხვადასხვა ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც კი იქნებოდა ვინმე ასეთი, ვთქვათ, ერთად დგანან - ოცნებით სავსებით შეიძლება საუკუნეთა წიაღში გასეირნება - ჰოდა, ჩემოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენიკაცი დგას ქუჩაში? - იტყვის: "ორი..." აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ "ორი" - ის და ის - ესე იგი - ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება, ყველაზე უკანონები მეცნიერება თუმცაღა კია..."უკანონებო" ამ შემთხვევაში სულ სხვა სიტყვაა, ტკბილო... ვერავინ იტყვის, ესპანეთში ერთ დროს ორი მხედარი რომ დაბორიალობდა - არა, ერთი, მაღალი, გამხდარი - დაბორიალობდა და მეორე - დაბალი, მსუქანი - დაჰყვებოდა.“


აქ ჭეშმარიტებას ყველაზე ერთგულნი და გაბედულნი თუ მიაღწევენ:

“ზღვაში შეაბიჯა თავფარავნელმა, ზღვაში შეტოპა. ღამე იდგა და არეულ ხმებში გიორგა პაპას ლოცვასღა უგდებდა ყურს. იმ დიდ საღამოს მიხვდა თავფარავნელი, მანამდე რად არ მიცურავდა დედოფლისაკენ - ჯერ არ იწვოდა. იმ დიდ საღამოს კი, როცა აენთო, როცა თვითონაც კელაპტარივით მოედო ცეცხლი, უეცრად მოგროვილი ხალხის თვალწინ დოლაბი დაიკრა ხელზე და, თავად ანთებული, ნეტარი შუქისაკენ გაეშურა.


ღამეულ ზღვაში ჯიუტად მიცურავდა თავფარავნელი. მძიმე იყო დოლაბი, შიშისმომგვრელად იზნიქებოდა ზღვა, ძნელადმოსარევი, იდუმალი და უცნაურად აჩურჩულებული, მაგრამ დროდადრო თავს აიღებდა და ძალას უათკეცებდა ის ციცქნა შუქი... მკლავის ყოველი მოქნევისთანავე უფრო იღლებოდა, მაგრამ უფრო მკაფიოდაც ციაგებდა ვიწრო სარკმელი.“



აქ არაფერია შემთხვევითი და თითქოს ყველაფერიც შემთხვევითია:


„ეს ერთადერთია ქვეყნად არსებულ ხელობათაგან, როდესაც ყველაფერი კარგია, რაც შეგემთხვევა, გამოუსწორებელი უბედურების გარდა უსაშველოდ გრძელ, აზუზუნებულ რიგში დგომა, დაღლა, შიმშილი, ყოველივე ეს ძალიან კარგია; კიდევ უფრო კარგია გატეხილი ძილი და ღამის მიუგნებელი ხმების ყურისგდება, ბნელ,უკაცრიელ ადგილას თავსდატეხილი შიში, ყინულოვან ხელებს უცებ ნეკნებში რომ გტაცებს; მომაბეზრებელი ლოდინიც მშვენიერებაა და წონასწორობადაკარგული, გაცოფებული, სადღაც გულის კუნჭულში მაინც გრძნობ, რომ მშვენივრად გამოგადგება ყოველივე ეს; და მარტო ის რად ღირს, თუ უცნობები თავისთვის წყნარად საუბრობენ და თუ შენ, კუთხეში მიმდგარს, თავშებრუნებულს, აღელვებულს, ყველაფერი გესმის და არასწორ, მაგრამ ბუნებრივ გამოთქმებს ხარბად იმახსოვრებ ეგება რომელიმე გამოგადგეს სადღაც, ხოლო თუ მძიმე, ერთხანს უიმედო ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდები, ოო, პირდაპირ ღვთის წყალობაა.


ლუკას მშვენიერი ხელობა ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რა საქმეს შეება.“

აქ არსებობს ერთი მწვერვალი, სახელად „დიადი ვერასოდეს“


“დიადი ვერასოდეს... “


არც ერთი დიდი რომანი ძახილის ნიშნითა და ზეაწეული განწყობით არ მთავრდებოდა, ჭეშმარიტი მწერლები რატომღაც უკან იხევდნენ. ეს ლუკას თავიდან პროზისუ ცნაური კანონი ეგონა, ასე მთავრდებოდა „ ჯადოსნური მთა “, „ წითელი და შავი “, „ ქალბატონი ბოვარი “, „ ომი და მშვიდობა “, „ დანაშაული და სასჯელი “, „ დონკიხოტი “, სახარება იოანესი... ამ ხალხმა კარგად იცოდა, რა იყო „ დიადი ვერასოდეს “ და არ კადრულობდნენ საზეიმო, მგრგვინავი წინადადებებით დამთავრებას თუნდაც ასეთი გრანდიოზული რომანებისა, რადგან შორს, ყოველივეს მიღმა, მიუღწეველი მწვერვალი „ დიადი ვერასოდეს “ ეგულებოდათ. მერე და მერე, ლუკა მიხვდა, რომ ბედნიერებაა ასეთი მწვერვალისარსებობა... ლუკა დიდად აფასებდა ალპინისტებს, ჯიუტსა და მამაც ხალხს, ალპინიზმი ეს იყო ღრუბელთა ზემოდან ჭვრეტა, საკუთარი თავის დიდებული გამოცდა, ეს იყო სახიფათო სილამაზის მოსურვება და გამარჯვება თანდაყოლილ შიშზე, და მაინც, ლუკა მათდამი ერთგვარი თანაგრძნობით იყო განწყობილი, რადგან ევერესტი...დაპყრობილია. ის კი, ის, „ დიადი ვერასოდეს “ , სწორედ ის იყო ხელოვნების მარადიული მუდმივობის მცველი თვალუწვდენელი, უხილავი ქანდაკება, თვითმიქელანჯელოს დავითზე უსასრულობამდე მაღალი, „ დიადი ვერასოდეს, ვერასოდეს “, აღფრთოვანებული ფიქრობდა ლუკა... ერთადერთი მწვერვალი,რომელთანაც შებმა მართლა ღირდა „ ვერასოდეს ახვალ...“


და აქ ყოველთვის, მარადიულად მეორდება შინდაბრუნების უკვდავი მისტერია:

„ კი, მამა იყო, იმ კუნაპეტში თალხ ლაქად ადგა. მყისვე წამოჯდა დომენიკო, დაწრეტილ ძარღვებში სიხარულმა დაუარა, გაბრუვდა, და მხარზე დაუვარდა თავი. ერთხანს თვალდახუჭული იჯდა, ღონეს იკრებდა. და მერე ისევ აფორიაქდა - ორიოდ ნაბიჯზე გაეცალა მამა, და, შორიახლოდან, გამომცდელად თავს დაჰყურებდა. და დომენიკოს კიდევ რაღაც, რაღაც აუცილებლის მოსმენაც მოუნდა, რომ დამშვიდებულიყო - სიტყვა უნდოდა,ორიოდ ღერი სიტყვა სწყუროდა, და მამისაკენ გახოხდა. მუხლებით მიწასა და ფოთლებს ეხახუნებოდა, და ტყე ღონივრად ისრუტავდა ამ ჯიუტ შხარუნს, მერე კი,სიჩუმე რომ ჩამოდგა, დაჩოქილმა დომენიკომ ხელისგული მიადო მამას მუხლზე, ახედა და შეევედრა:


- ნურაფრის მეშინოდეს?

მამა დაფიქრებული დასცქეროდა, მერე თავზე დაადო ხელი და უთხრა:

- ნურაფრის გეშინია.“


26 მარტს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა!

2010 წელს გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


ავტორი: saba