თაობა ლიტერატურა

5 წიგნი აპრილისთვის - თიბისი ახალი თაობისთვის x “საბა”

აპრილი 11, 2024

წიგნის კითხვა ხშირ შემთხვევაში ჩემთვის დიდ რომანტიზებასთან სულაც არ ასოცირდება, ძირითადად იმიტომ ვკითხულობ, რომ მსიამოვნებს, დრო მაქვს გასაყვანი ან სოციალურმა ქსელებმა იმდენად დამღალა, რომ განტვირთვისთვის რაღაც სხვა გზა უნდა ვიპოვო.

რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე ხშირად ავტობუსში ვკითხულობ - ამ დროს წიგნი ნამდვილად ჩემი საუკეთესო მეგობარია. თანაც არც საცობებში წუთების თვლა მიწევს და არც ფანჯრიდან უსასრულო შენობების ყურება. თუ, რა თქმა უნდა, გაჩერებას არ გავცდი და უკან ერთი იმდენი მანძილის ფეხით გავლა არ მომიწია, რადგან წიგნს თუ გადავშლი, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ გავცდები დანიშნულების ადგილს.


ისე გამოვიდა, რომ დღეს აპრილის თვის საკითხავთან ერთად ტრანსპორტში დროის გასაყვანი ნაწარმოებებიც შეგირჩიეთ

ოთარ ჭილაძე - „აველუმი“

აპრილი მძიმე, მაგრამ სიამაყით აღსავსე თვეა. 1989 წლის 9 აპრილის ისტორიულ კონტექსტზე ბევრს არ მოვყვები, ამ ამბების რეფლექსიად ოთარ ჭილაძის "აველუმს“ გირჩევთ წასაკითხად. საკმაოდ მარტივად, დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი და კითხვის პროცესიც სასიამოვნოა. პერსონაჟები იმდენად რეალურია, რომ მასში კარგად ვხედავთ იმ დროის ადამიანების შეგრძნებებსა და აზრებს.


როგორც 21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი, ამ მნიშვნელოვან თარიღს არ შევსწრებივარ. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო არაერთი ადამიანი მეგულება, რომელთაც ამ დღის მოგონებები მკაფიოდ აქვთ შემონახული, ბევრი დეტალი მაინც გაურკვეველია. არადა საქართველოს ისტორიის ეს ნაწილი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ამ დღესთან დაკავშირებული ბევრი ფაქტი ხშირად გვახსენებს თავს. 

მარიამ გურგენიშვილი - „მარგალიტები“

ამ წიგნში, მარიამ გურგენიშვილი 90-იანების საქართველოს რეალობაში მიგვიძღვება გიდად.15 წლის მარგო თინეიჯერის ენით გვიყვება თბილისზე, სკოლაზე, თანაკლასელებზე, ბებიაზე, ომზე და რეალობაზე, რომელიც 30 წლის შემდეგ, არც ისე ძალიან შეცვლილა, რომ თავი უცხოდ გვაგრძნობინოს.


პატარ-პატარა სასაცილო მიგნებებით წიგნის კითხვა ძალიან გამხიარულებს, ყველაზე შთამბეჭდავი კი სიუჟეტის განვითარებაა, რომელიც ჯერ კარგ ხასიათზე გამყოფებს, მოულოდნელად კი თავზარს გცემს და შეიძლება ცხარე ცრემლითაც აგატიროს.


„პარასკევი დღე ყველაზე ძალიან მიყვარს სკოლაში! სასწავლო წლის ბოლო დღე კია, მაგრამ ისე სკოლის დაწყების პირველ დღეს ჰგავს - ჭორაობის მეტს არაფერს ვაკეთებთ!“

თამარ გეგეშიძე - საშლელები

ამ წიგნს ძალიან ვაფასებ, რადგან თანამედროვე ქართველი ავტორები თინეიჯერებზე წიგნებს ნაკლებად წერენ. არადა წიგნის კითხვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი პერსონაჟში საკუთარი თავის ამოცნობის წამია, თანაც თინეიჯერობისას, როცა გგონია, რომ შენი არავის ესმის. აი, იმ პერსონაჟის გარდა, ერთხელ რომ ამოიკითხე მოცალეობის ჟამს და ზუსტად იმ აზრზეა, რაზეც შენ. ასეთ პერსონაჟებს ამ წიგნში მრავლად შეხვდებით.


როდის მერე შეეცვალა ანას ძმასთან ურთიერთობა. ნეტა, როგორ იქცეოდა დედა, როცა მისი ასაკის იყო და როგორია მასწავლებლის ცხოვრება სკოლასა და მის გარეთ? ანა ბევრ საინტერესო და მოზარდისთვის აქტუალურ კითხვას სვამს, რომელთა უმეტესობას საკუთარ თავს უსვამს და პასუხებსაც, ხშირად, ვერ პოულობს.


ვფიქრობ, „საშლელები“ ახალი თაობისთვის გამორჩეული წიგნია, რადგან მასწავლებელმა ავტორმა კარგად შეძლო სამყაროს თინეიჯერის თვალით დანახვა და ნაცნობ ენაზე გადმოცემა. კითხვის პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანი იმ მშობლებისთვის იქნება, რომლებსაც თინეიჯერი შვილის შესახებ ბევრი კითხვა აქვთ და მეტის აღმოჩენა ძალიან უნდათ.

ფენი ფლეგი - შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“

აპრილის თვის წიგნების შერჩევისას პირველი ზემოხსენებული გრძელსათაურიანი წიგნი გამახსენდა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საკითხავია. იმ ამბით თავს აღარ შეგაწყენთ, თუ როგორ მიყვარს პომიდორი და ამ წიგნთან რამდენი მოგონება მაკავშირებს და პირდაპირ იმ დეტალებზე მოგიყვებით, რომლებსაც წიგნთან არაერთხელ მივუბრუნებივარ.


პირველი თხრობის მანერაა, რომელიც ყოველ წამს ამბავში გამყოფებს და თავის აღების საშუალებას არ გაძლევს. შემდეგ ის უანგარო სიკეთე, მეგობრობა და პატარ-პატარა ბედნიერებები მოჰყვება, რომლებიც ყოველ წამს გაფიქრებს, რამდენად ღირებულია სიცოცხლე. ამავდროულად კი, ღიმილს გგვრის და შენც გულისყურით ადევნებ თვალს, ბოლომდე გულშემატკივრობ. ძალიან მალევე კი ისეთ პრობლემებზე ჰყვება ავტორი, როგორებიც რასიზმი, ადამიანის უფლებები და საზოგადოების ინდივიდზე წნეხია.


“იმ დღის მერე ერთადერთი, რაც შეიცვალა, უკანა კარზე ჩამოკიდებული მენიუ იყო… ყველაფერი ხუთი ან ათი ცენტით გაიაფდა. მათი აზრით, ასე უფრო სამართლიანი იყო.”


ხოლო სანამ ზაფხული მოგვიახლოვდება და მწიფე პომიდვრებს შევექცეოდეთ, შეგიძლიათ მწვანე პომიდვრები მოიმარაგოთ და წიგნის ბოლო გვერდებზე მათი მომზადების ახალ-ახალი რეცეპტებიც ამოიკითხოთ.

ჯონ აპდაიკი - ბრაზილია

კითხვის დაწყებამდე გიჟური მოგზაურობისთვის უნდა მოემზადო, რადგან ამ წიგნში სიყვარულის ისტორია, შთამბეჭდავი ბრაზილიის ბუნება და მაგიური რეალიზმი ერთმანეთს ერწყმის. ერთი შეხედვით ნაცნობ, ტრისტანისა და იზოლდას ისტორიის პარალელურად ავტორი ბევრ აქტუალურ პრობლემას უსვამს ხაზს და ლიტერატურულ ალუზიებში დაგატარებს. ამ ჩანაფიქრს ხან მიუხვდები და კმაყოფილი ხარ, ხან კი დიდ ბურუსსა და დაბნეულობაში გაგხვევს და ვერა და ვერ დაიძვრენ თავს.


„ბრაზილიას“ კითხვას რომ მოვრჩი ცოტა ხანს ურეაქციოდ ვიჯექი და უბრალოდ ბევრი დეტალის ერთმანეთთან დაკავშირებას ვცდილობდი. ბევრ კითხვას ვსვამდი და ბევრ რაღაცაზე მეფიქრებოდა. ძალიან ცოტა დამაკლდა, წიგნის კითხვა ხელახლა არ დამეწყო, თუმცა ხელსაც არაფერი მიშლიდა, ჩემს გაჩერებას უკვე ისედაც დიდხანს ვყოფილვარ გაცდენილი. 


ამ ბლოგის წერისას ჩემს საყვარელ წიგნებს კიდევ ერთხელ ჩავხედე და კინაღამ უსასრულო კითხვის მორევშიც ჩამითრია. დიდი იმედი მაქვს, ჩემი რეკომენდაციები თავადაც ასე განგაწყობთ და ბლოგის ბოლოს სიტყვების ამოკითხვისას იმას არ იტყვით, დრო რაში დავხარჯეო.

აქვე, გეტყვით, ეს წიგნები SABA Reader-ში შეგიძლიათ ნახოთ. აპრილის ბოლომდე აპლიკაციაში ფასდაკლებაა, ერთთვიანი პაკეტების შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ, ერთ წლიანს კი 40%-იანი ფასდაკლებით.


შეთავაზების გასააქტიურებლად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდი: SPRING24

ავტორი: ნიკა ჩავლეიშვილი