არგონავტების მითი

არგონავტების მითი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ციკლია სამყაროს შექმნის, ღმერთების წარმოშობის, ზეციური ძალაუფლებისათვის ბრძოლის, დიდი გმირების, ტროის ომისა და თებეს ციკლებთან ერთად. უშუალოდ არგონავტების მითების ციკლს საფუძვლად უნდა დასდებოდა იმ საშინელებათა შთაბეჭდილებანი, რომლებსაც იმ შორეული დროის ზღვაოსნები აწყდებოდნენ, როდესაც ადამიანი ჯერაც სწავლობდა არცთუ ისე სრულყოფილი საზღვაო ხომალდის მართვას და წყალქვეშა რიფები, ქარიშხლები, „მოძრავი“ კლდეები და დაუოკებელი დინებები მას ზებუნებრივი ძალის გამოვლინებად ეჩვენებოდა.


არგონავტების მოგზაურობის მთავარი სამიზნე იყო დიდი განძი ოქროს საწმისის სახით. ყველაფერი ეს კი ხდებოდა ძვ.წ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში, რადგან ამ ლაშქრობის მონაწილეთა დიდი ნაწილის ვაჟებს უკვე ვხვდებით ტროის ომში, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. XIII-XII საუკუნეთა მიჯნაზე დაიწყო. თუ დიდ მწერალს, ხორხე ლუის ბორხესს ვენდობით, არგონავტების მითმა სათავე დაუდო მსოფლიო მწერლობის ოთხი მთავარი სიუჟეტიდან ერთ-ერთს, განძის ძიებას (დანარჩენი სამია: ალყაშემორტყმული ქალაქი, შინ დაბრუნება და ღმერთის თვითმკვლელობა).


როგორ დაიწყო ყველაფერი:


ფრიქსოსი და ჰელე

ორქომენოსის მეფის, ათამანტის, ძესა და ასულს – ფრიქსოსსა და ჰელეს – დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ციდან ოქროსმატყლიანი ვერძი მოუვლინა.


ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა; როდესაც ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი, ანუ „ჰელეს ზღვა“ ეწოდა.


ვერძმა ფრიქსოსი შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში, ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ, აიეტმა, ფრიქსოსი სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე.


ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი, ანუ ოქროს საწმისი მდინარე ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

ფრიქსოსი და ჰელე, ილუსტრაციის ავტორი: თათია ნადარეიშვილი

ოქროს საწმისი

როდესაც მეფე კრეტევსის სიკვდილის შემდეგ ეოლიელმა პელიასმა თავისი ნახევარძმის, ესონის ტახტი დაიპყრო და თესალიაში იოლკოსის მეფე გახდა (თანამედროვე ქალაქ ვოლოსის მახლობლად), ის წინასწარმეტყველმა გააფრთხილა, რომ ეოლოსის შთამომავალი მასზე შურს იძიებდა. პელიასმა დახოცა ეოლოსის ყველა შთამომავალი, ვისაც მისწვდა, მაგრამ დედამისის, ტიროს ვედრების გამო დაინდო ესონი.


პელიასმა ის ტყვედ ჩაიგდო და აიძულა, უარი ეთქვა თავის მემკვიდრეობაზე. ესონმა იქორწინა ალკიმედეზე, რომელმაც უშვა ვაჟი იასონი. პელიასი აპირებდა, იმავე წამს მოეკლა ჩვილი, მაგრამ ალკიმედემ თავისი ნათესავები მოიწვია და მათთან ერთად დაიტირა ვითომდა მკვდარი ახალშობილი. დედამ დაკრძალვაც კი გაითამაშა და ბავშვი პელიონის მთაზე გადამალა. იასონი გმირების ცნობილმა მასწავლებელმა, კენტავრმა ქირონმა გაზარდა.

იასონმა სიყმაწვილის წლები ქირონის გამოქვაბულში გაატარა. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც ოცი წლის იასონმა ქირონი მიატოვა და საგმირო საქმეთა აღსასრულებლად გაემართა, გზად მდინარე ანავროსს მიადგა. ხშირი წვიმების გამო მდინარე ადიდებულიყო. ესონის ძეს აქ შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვანა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა მდინარის შლამში ჩარჩა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის თავად ქალღმერთი ჰერა იყო, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამ შემთხვევის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.

პელიასს კი სხვა წინასწარმეტყველება აფრთხილებდა, მორიდებოდა ადამიანს, რომელიც ცალი სანდლით მოვიდოდა. ის რამდენიმე მეზობელ მეფესთან ერთად პოსეიდონისადმი მსხვერპლშეწირვას ხელმძღვანელობდა, როდესაც ხალხში თვალი მოჰკრა მაღალ ჭაბუკს ლეოპარდის ტყავითა და ცალი სანდლით.


პელიასი მიხვდა, რომ იასონი მისი ძმისშვილი იყო, რომელსაც იქ ვერ მოკლავდა, რადგან პელიასი ეოლოსის ოჯახის სახელოვანი წარმომადგენლებით იყო გარშემორტყმული. ამის ნაცვლად იასონს ჰკითხა, რას იზამდი, მისანს რომ ეთქვა, ერთ-ერთ შენს მოძმე-მოქალაქეს შენი მოკვლა უწერიაო? იასონმა უპასუხა, რომ მას ოქროს საწმისის ჩამოსატანად გაგზავნიდა. არც იცოდა, რომ მას ეს სიტყვები ჰერამ შთააგონა.

პელიასს სჯეროდა, რომ თუ იასონი გზის განსაცდელს თავს დააღწევდა, მრისხანე აიეტს მაინც ვერ გადაურჩებოდა. მზაკვარმა პელიასმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ქალღმერთი ჰერა იასონს მთელი სახიფათო მოგზაურობის განმავლობაში დაეხმარებოდა.

იასონის თხოვნითა და ათენა პალასის რჩევა-დარიგებით თესპიელი არესტორის ძემ, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი „არგო“, რომლის ჭვინტში თავად ქალღმერთმა ათენამ დაამაგრა მოლაპარაკე ძელი. არგოს მეზღვაურების, ანუ არგონავტების ნუსხა ვრცელია, მათ შორის არიან საქვეყნოდ ცნობილი ვაჟკაცებიც და მხოლოდ ამ ნუსსხიდან ცნობილი გმირებიც. ამ ვაჟკაცებს შორის იყვნენ ცნობილი მამრები: დიდი გმირი ჰერაკლე, ლეგენდარული მომღერალი ორფევსი, დიოსკურები, მშვენიერი ჰელენეს ძმები, კასტორი და პოლუქსი და ტროის ომის დიდი გმირების – აქილევსის, პატროკლოსის, დიდი და მცირე აიასების, დიომედესის, ნესტორის მამები: პელევსი, მენოიტიოსი, ტელამონი, ოილევსი, ტიდევსი, ნელევსი, თავად ნესტორი, ეკიპაჟის ერთადერთი ქალი – ქალწული ატალანტა და სხვა ნაკლებად ცნობილი გმირები.

ლემნოსელი ქალები

არგონავტებმა თავიანთი ხანგრძლივი გზა პაგასის სანაპიროდან დაიწყეს და კუნძულ ლემნოსზე გადაწყვიტეს გაჩერება. მათ ჩამოსვლამდე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. აფროდიტემ დასაჯა ლემნოსელი ქალები და მათ ისეთი უსიამოვნო სუნი აუვიდათ, რომ ქმრებმა თრაკიიდან შემოსული ქალებით გადაწყვიტეს მათი შეცვლა. ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეში ამოწყვიტეს კუნძულზე მყოფი ყველა მამაკაცი. მხოლოდ დედოფალმა ჰიფსიპილემ დაინდო თავისი მამა თოასი და დამალვით გადაარჩინა სიკვდილს.


ლემნოსელმა ქალებმა „არგო“ თრაკიელების ხომალდად მიიჩნიეს და მათთან საბრძოლველად გაემზადნენ. არგონავტებმა მათთან ეთალიდესი გაგზავნეს და მცირე ხნით კუნძულზე შეფარება სთხოვეს. ჰიფსიპილემ ქალები სათათბიროდ მიიწვია. თათბირის შედეგად გადაწყვიტეს, სტუმრები კუნძულზე დაეტოვებინათ, მაგრამ მამაკაცთა არყოფნის ნამდვილი მიზეზი დაემალათ. მათ უკვე აღარ ასდიოდათ უსიამოვნო სუნი და შეეძლოთ, მოსულ ვაჟკაცებთან სასიყვარულო განცხრომას მისცემოდნენ. არგონავტებს ეამათ ლემნოსელ ქალებთან დარჩენა. თვით იასონმა შეიყვარა დედოფალი ჰიფსიპილე, რომელმაც მას შემდგომ ორი ძე, ევნეოსი და თოასი, უშვა.


არგონავტების ლაშქრობა დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არა ჰერაკლე, რომელმაც არგონავტები სასტიკი სიტყვებით გაკიცხა. მიუხედავად ლემნოსელი ქალების მუდარისა, მათ კუნძული დატოვეს.

კიზიკოსი

არგონავტები მთელი დღის ცურვის შემდეგ, საღამოს, ორფევსის რჩევით, ატლასის ასულ ელექტრას კუნძულს, სამოთრაკეს მიადგნენ. დილით მათ გზა განაგრძეს, გაიარეს ჰელესპონტი და მიადგნენ მთაგორიან კუნძულ არქტოსს, სადაც გეას ნაშიერები, საზარელი გიგანტები ცხოვრობდნენ. კუნძულის დანარჩენი ნაწილი ეკავათ დოლიონებს, რომელთა მეფეც ახალგაზრდა კიზიკოსი იყო. არგონავტები კიზიკოსს ესტუმრნენ, დოლიონები მათ მეგობრულად შეხვდნენ და კარგად გაუმასპინძლდნენ.


„არგოსთან“ დარჩენილ მეზღვაურებს თავს დაესხნენ გიგანტები, თუმცა ჰერაკლემ მათ მუსრი გაავლო. არგონავტებმა გზა განაგრძეს, თუმცა მძლავრი ქარის გამო კვლავ დოლიონების ქვეყანაში აღმოჩდნენ. სიბნელეში არგონავტებმა ვერ გაარჩიეს, სად იყვნენ; დოლიონებსაც ისინი მტრები ეგონათ და მათ შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. შეტაკებისას იასონმა მეფე კიზიკოსი მოკლა. მეორე დილით ყველამ ერთად გამოიტირა მეფე და სხვა დაღუპულები. დამწუხრებულმა დედოფალმა კლიტემ ეს უბედურება ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო. მცირე ხნის შემდეგ არგონავტებმა მგზავრობა გააგრძელეს.

ჰილასი

ზღვაში არგონავტებს შეჯიბრება მოუნდათ, თუ ვინ შეძლებდა ყველაზე დიდხანს ნიჩბის მოსმას. საღამოს მხოლოდ ჰერაკლეს ჰქონდა ნიჩბის მოსმის ძალა შერჩენილი, მაგრამ როდესაც არგონავტები მიზიის ნაპირებს მიადგნენ, ჰერაკლეს ნიჩაბი გაუტყდა. ისინი იძულებულნი გახდნენ, ნაპირზე გადასულიყვნენ, რადგანაც ჰერაკლეს უქმად ყოფნა არ უყვარდა. ადგილობრივები მათ კარგად შეხვდნენ, მაგრამ არგონავტებს ბედი ახალ ფათერაკს უმზადებდა.


ჰერაკლეს ახლდა მშვენიერი ჭაბუკი ჰილასი. ვახშმობის საღამოს ჰილასი წყლის მოსატანად გაემართა. მან ერთ წყაროს მიაგნო, სადაც ნიმფები ფერხულს უვლიდნენ ხოლმე. ერთ-ერთ ნიმფას ძალიან მოეწონა ჰილასი, კისერზე ხელი მოჰხვია და მორევში ჩაითრია. ჭაბუკმა მხოლოდ საშველად დაძახება მოასწრო. მისი ხმა შემოესმა პოლიფემეს, რომელმაც ეს ყველაფერი ჰერაკლეს უამბო; ჰერაკლეს ნიჩბის გასაკეთებლად გამოსადეგი ხისთვის მიეგნო და უკან ბრუნდებოდა. მთელი ღამე ამაოდ ეძებდნენ ჰერაკლე და პოლიფემე ჰილასს.


მეორე დილით არგონავტებმა ხომალდი სასწრაფოდ შეაცურეს ზღვაში და მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ შენიშნეს, რომ ჰერაკლე, პოლიფემე და ჰილასი აკლდათ. არგონავტებს შორის კამათი გაიმართა, უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ თუ არა. კამათი დააცხრო გლავკოსმა, რომელიც წყლიდან ამოიმართა და აუწყა, რომ ჰერაკლეს აიეტის სამეფოში მისვლა არ ეწერა. არგონავტებმა გზა განაგრძეს.


ამიკოსი

არგონავტები შეჩერდნენ ბებრიკთა მხარეში, რომლის მეფე იყო ამიკოსი, პოსეიდონისა და ნიმფა მელიას ძე. მეფე ამიკოსი არავის აძლევდა თავისი ქვეყნის დატოვების უფლებას, თუ მას კრივში არ შეეჯიბრებოდა. მისი გამოწვევა პოლიდევკესმა მიიღო. შერკინება სანაპიროზედვე გაიმართა. თავდაპირველად ამიკოსი იგებდა, თუმცა პოლიდევკესი მას უსხლტებოდა, ბოლოს თვითონ შეუტია, ერთი მუშტის დარტყმით მეფეს ძვლები ჩაულეწა და სიცოცხლეს გამოასალმა. განრისხებული ბებრიკები არგონავტებს თავს დაესხნენ, მაგრამ დამარცხდნენ.



ფინევსი

არგონავტებმა გზა გააგრძელეს და მეორე დღეს შეჩერდნენ ბითვინიის მიწის პირდაპირ, სადაც მეფობდა ფინევსი, აგენორის ძე. იმის გამო, რომ მან აპოლონის მიერ მონიჭებული მისნობის ნიჭი არასწორად გამოიყენა და ღმერთების საიდუმლოებანი ხალხს გაუმხილა, ის ადამიანებს შორის ყველაზე მეტად იტანჯებოდა. ღმერთებმა ის დააბრმავეს და სამუდამოდ დააბერეს.


უბედურ ბერიკაცს არ შეეძლო საკვების მიღება, რადგანაც ყოველ ჯერზე ფრინველები უკენკავდნენ საჭმელს და მხოლოდ ნამცეცებით იკვებებოდა. მისი დახმარება ბორეასის ვაჟებს, კალაისსა და ძეტესს შეეძლოთ, სანაცვლოდ ფინევსი მათ გზის დარჩენილი ნაწილის წინასწარმეტყველებას დაჰპირდა. სადილის დროს, როდესაც საზარელი ფრთოსანი ქალები, ჰარპიები მოფრინდნენ, ბორეასის ვაჟებმა ისინი სტროფადების კუნძულებზე განდევნეს. ამის შემდეგ ჰარპიები ფინევსს საკვებს აღარ ართმევდნენ. მეფემ მეზღვაურებს განსაცდელი და უბედურება უწინასწარმეტყველა და აფროდიტესგან დახმარება აღუთქვა. როგორც კი ხელსაყრელი ამინდი დადგა, არგონავტებმა გზა განაგრძეს.

ჰარპიების თავდასხმა არგონავტებზე , ილუსტრაციის ავტორი: თათია ნადარეიშვილი

სიმპლეგადები

ფინევსმა არგონავტებს უწინასწარმეტყველა, რომ გზაზე შეხვდებოდათ ორი კლდე, რომელთაც სიმპლეგადები ეწოდებოდათ. ეს კლდეები ერთმანეთს გამუდმებით უახლოვდებოდნენ და სცილდებოდნენ. თუ მათ შორის მტრედი გაიფრენდა, მაშინ არგონავტებიც შეძლებდნენ გაღწევას. არგონავტების მტრედმა კლდეებს შორის ისე გაიფრინა, რომ მხოლოდ კუდი მოეგლიჯა. ათენას დახმარებითა და ორფევსის ჩანგის წყალობით არგონავტებმა გასაოცარი სისწრაფით გაცურეს სიმპლეგადებს შორის, „არგოს“ მხოლოდ კიჩოს ბოლო ჩამოეგლიჯა. ღმერთებისგან დადგენილი იყო, თუ ვინმე კლდეებს შორის გაცურავდა, სიმპლეგადები ერთ ადგილას გაქვავდებოდნენ და ასეც მოხდა.

მარიანდინები

შემდეგ არგონავტები შეჩერდნენ მარიანდინების მხარეში, რომელიც ცნობილი იყო ჰადესის მღვიმით. სწორედ ამ ღვიმით ჩავიდა ჰერაკლე ჰადესში კერბეროსის ამოსაყვანად. მარიანდინები ბებრიკების მტრები იყვნენ და რადგანც პოლიდევკემ მოკლა მეფე ამიკოსი, ისინი არგონავტებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. მეფე ლიკოსმა არგონავტებს თავისი შვილის, დასკილოსის გაყოლებაც კი შესთავაზა ლაშქრობაში; თუმცა არგონავტებმა აქ მაინც დაკარგეს ორი მეგობარი: იდმონი და ტიფისი. პირველი საშინელმა ტახმა დაგლიჯა, არგონავტების მესაჭე ტიფისი კი ავმა სენმა იმსხვერპლა. მინიები კოლხეთამდე ვერ მიაღწევდნენ, რომ არა ანკეოსი, რომელმაც ღმერთების შემწეობით ხომალდის მართვა იკისრა.

მარიანდინებიდან კოლხეთამდე

მარიანდინებიდან წამოსულმა არგონავტებმა გაიარეს კალიქოროსის შესართავი, მდინარე პართენიოსი და მიადგნენ სინოპეს. ამ ადგილას არგონავტებს შეხვდა სამი ძმა: დელიონი, ავტოლიკოსი და ფლოგიოსი, რომლებიც ამორძალებთან ლაშქრობისას ჰერაკლეს ჩამორჩნენ. ისინი არგონავტებს შეუერთდნენ და „არგოს “ ნიჩბებთან დაცარიელებული სამი ადგილი დაიკავეს.

გაიარეს ამორძალების მიწა, ხალიბების ქვეყანა და კუნძულ არეტიასს მიადგნენ. აქ მათ შენიშნეს სტიმფალიდები, რომელთაც ბასრი ფრთები ჰქონდათ. როდესაც ფრინველისაგან ნატყორცნმა ბასრმა ფრთამ დაჭრა ოილევსი, არგონავტებმა ამფიდამასის რჩევით ხერხს მიმართეს – თავებზე მუზარადები ჩამოიფხატეს, გემი ფარებითა და შუბებით დაფარეს და საშინელი ყვირილი მორთეს. ფრინველებმა საიმედოდ დაცულ „არგოს“ ვერაფერი დააკლეს და სხვა ქვეყნებისაკენ გაფრინდნენ. 

ამის შემდეგ არგონავტები ნაპირს მიადგნენ, სადაც შეხვდნენ ფრიქოსისა და ქალკიოპეს ვაჟებს: კიტისორეს, ფრონტისს, მელასსა და არგოსს, რომელთაგანც მინიებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძნელი იყო საწმისის წამოღება, რომელსაც მუდამ დარაჯობდა უკვდავი გველეშაპი. მათგან ასევე გაიგეს, თუ რამდენად ძლიერი და მრისხანე იყო კოლხთა მეფე აიეტი. ფრიქსოსის ვაჟებმა არგონავტებს დახმარება აღუთქვეს და ერთად განაგრძეს გზა. მათ ჩაუარეს ფილირისეს კუნძულს, მაკრონების, ბექირების, საპეირების, ბიძერების მიწას და მიაღწიეს კავკასიონის მთებს, სადაც პრომეთე იყო მიჯაჭვული. მათ იხილეს არწივი, რომელიც ტიტანისკენ მიფრინავდა და პრომეთეს კვნესაც შემოესმათ. მინიებმა მიაღწიეს მდინარე ფასისს, შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს.

კოლხეთში ჩასვლა

არგონავტებმა გადაწყვიტეს ხომალდზე იარაღასხმული დარჩენილიყვნენ, ხოლო იასონი ფრიქსოსის ვაჟებსა და ორ მეზღვაურთან, ტელამონსა და ავგეასთან ერთად აიეტის სასახლისაკენ გაემართა, რათა გაეგოთ, დათმობდა თუ არა აიეტი ოქროს საწმისს. მათ გაიარეს კირკეიონის ველი და მალე მიაღწიეს აიეტის სასახლეს, რომელსაც გარშემო ფართო ჭიშკრებით დამშვენებული გალავანი ჰქონდა შემორტყმული. იასონი და მისი თანამგზავრები ჯერ ქალკიოპეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ თვით აიეტსა და მის მეუღლეს. აქვე იყო მედეა. ამასობაში ეროსმა დედის, აფროდიტესა და ჰერას დავალება შეასრულა და მედეას ისარი სტყორცნა.



მედეას საოცარი ვნება აღეძრა იასონისადმი. შვილიშვილებმა აიეტს უამბეს მინიელებისაგან მიღებული დახმარების შესახებ და ასევე იასონისა და არგონავტების მოსვლის მიზეზიც. აიეტი განარისხა ამ განზრახვამ, თუმცა იასონს ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას, რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ველი მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო.

იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. ის თავისიანებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. მას ფრიქსოსის შვილებიდან მხოლოდ არგოსი გაჰყვა. არგოსმა არგონავტები გაამხნევა. ის დაბრუნდა ქალაქში, სადაც განრისხებულ მეფე აიეტს ყრილობა ჰქონდა მოწვეული. ის უკმაყოფილო იყო თავისი შვილიშვილების საქციელით. მას ახსოვდა მამის, ჰელიოსის სიტყვები, რომ მორიდებოდა საკუთარი ნათესავებისგან მზაკვრობას. არგოსი დედას შეხვდა და სთხოვა, მედეა დაერწმუნებინა, რომ არგონავტებს დახმარებოდა. ქალკიოპე მედეას შეხვდა. მედეამ დას აღუთქვა, რომ ჰეკატეს ტაძარში შეხვდებოდა იასონს და გადასცემდა პრომეთეს წამალს, რომელიც ადამიანს ცეცხლისა და იარაღისაგან იცავდა. ეს წამალი მზადდებოდა პრომეთეს სისხლისგან აღმოცენებული მცენარით. ქალკიოპემ ამბავი შვილებს აუწყა, რომელთაც არგონავტები დააიმედეს.

იასონი და მედეა

მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულის დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა, როგორ უნდა მოეხმარა. ქალის სილამაზემ და მისდამი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, ის მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.

მედეას და იასონის შეხვედრა, ილუსტრაციის ავტორი: თათია ნადარეიშვილი

იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგან გველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე წაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე იასონმა წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გაცურეს „არგოთი“ არესის ველისაკენ. აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისსა და ანდამატის გუთანთან.

მიწიდან ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი ამოიჭრა. მათი გამონაქშენი ცეცხლი იასონს ვერაფერს აკლებდა. მან დაიმორჩილა ისინი და უღელში შეაბა. მთელი ველი დაამუშვა და გველეშაპის კბილებიც დათესა. მათგან თავით ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათები აღმოცენდნენ. იასონმა მათ ლოდი ესროლა, ისინი კი ლოდს შემოეხვივნენ და ერთმანეთს დაუწყეს ჟლეტა. იასონმა ამით ისარგებლა, მათში გაერია და ყველა ჩახოცა. თუმცა დავალება შესრულდა, აიეტმა მაინც არ დათმო საწმისი და ახალი მზაკვრობა მოიფიქრა

ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევსს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ, არგოსის რჩევით, მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველეშაპი იცავდა. როდესაც გველეშაპმა ისინი იხილა, საშინელი ხმით მთელი კოლხეთი შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველეშაპი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა და არგონავტებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.

გველეშაპის მონუსხვა, ილუსტრაციის ავტორი: თათია ნადარეიშვილი

აფსირტოსის მკვლელობა

აიეტმა შეიტყო თუ არა ყოველივე, „არგოს“ მაშინვე დაადევნა უამრავი ხომალდი და თავად აფსირტოსიც, მედეას ძმა. მინიელები ისტროსის სანაპიროს აუყვნენ და ადრიატიკის ზღვაში შესცურეს, მაგრამ არტემის ბრიგეისის კუნძულებთან მათ კოლხები წამოეწივნენ. არგონავტები შეტაკებას მოერიდნენ და კუნძულზე გადავიდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ოქროს საწმისის თავისთან დატოვება, ხოლო მედეა კი იქვე არტემისის ტაძარში უნდა გადაეყვანათ და რომელიმე ახლოს მდებარე ქვეყნის მეფეს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი. მედეამ ეს გაიგო და ისევ ვერაგობას მიმართა. მან საკუთარი ძმა დაარწმუნა, თითქოს არგონავტებმა ძალით გაიტაცეს და მასთან მარტოდმარტო სურდა საუბარი. აფსირტოსი მოტყუვდა და დასთან მარტო მივიდა, მაგრამ იქ იგი იასონმა მოკლა. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტები მარტივად გაუსწორდნენ და გზა განაგრძეს, ხოლო გადარჩენილმა კოლხებმა აიეტის შიშით უკან დაბრუნება ვერ გაბედეს და იქვე დასახლდნენ.



ისტროსიდან ფეაკებამდე

არგონავტები მიადგნენ აიას განთქმულ ნავსადგურს, სადაც აიეტის და, კირკე მეფობდა. გმირები „არგოსთან“ დარჩნენ, მხოლოდ იასონი და მედეა გაემართნენ კირკეს სასახლისკენ. კირკემ შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ ზევსის შიშით მაინც ჩაატარა განწმენდის რიტუალი. შემდეგ მათ დაწვრილებით გამოჰკითხა ვინაობა. მედეა მამიდას კოლხურ ენაზე ყველაფერს მოუყვა, აფსირტოსის მკვლელობა გარდა. ეს არ გამოჰპარვია კირკეს, მაგრამ ძმისშვილი შეებრალა და წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა.


ჰერამ ზეციური ღმერთები დაარწმუნა, რომ არგონავტებს დახმარებოდნენ. თეტისმა ქალღმერთის დავალებით, სხვებისაგან შეუმჩნევლად გააფრთხილა პელევსი, რომ აიას სასწრაფოდ გასცლოდა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ, გზა განაგრძეს და მიადგნენ კუნძულს, რომელზეც სირინოზები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი ჯადოსნური ხმით აჯადოებდნენ და ღუპავდნენ ყველა მეზღვაურს. ახლაც წამოიწყეს სიმღერა, მაგრამ მოაჯადოვეს მხოლოდ ბუტე, რომელიც ზღვაში გადაეშვა. აფროდიტემ შეიბრალა გმირი, ზღვიდან აიტაცა და იქვე, ლილიბეას კონცხზე დაასახლა. დანარჩენი არგონავტები კი გადაარჩინა ორფევსმა, რომელმაც თავისი სიმღერით სირინოზების ხმა ჩაახშო.


არგონავტებმა ნერეისების დახმარებით გაიარეს სკილას სალი კლდე, ჩაუარეს თრინაკიას და მიადგნენ ფეაკთა კუნძულს, სადაც მეფობდა ალკინოოსი.


ალკინოოსმა მინიელები კარგად მიიღო, მაგრამ ამ დროს კუნძულს მიადგა კოლხთა არმია, რომელიც მედეას დაბრუნებას ითხოვდა. ფეაკთა მეფემ გადაწყვიტა, რომ მედეას იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა კოლხებს, თუ იგი ქალწული აღმოჩნდებოდა, სხვა შემთხვევაში კი არ დააშორებდა ქმარს.


არგონავტებმა იმ ღამესვე შეასრულეს საქორწინო რიტუალი. ალკინოოსმა პირობა შეასრულა და მედეა მინიელებთან დატოვა. კოლხებმა კი უკან გაბრუნება ვერ გაბედეს და ფეაკთა კუნძულს შეაფარეს თავი.

პელიასის აღსასრული

თესალიაში არ ეგონათ, რომ არგონავტები დაბრუნდებოდნენ. ამით გათამამებულმა პელიასმა ტახტის ყველა მოცილე თავიდან მოიშორა. მან მოკლა იასონის უმცროსი ძმა პრომაქოსი, ხოლო მშობლებს აიძულა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ. 


გრძნეულმა მედეამ გადაწყვიტა, შური ეძია პელიასზე. იგი იოლკოსში ჩავიდა, დედაბრის სახით გამოეცხადა იქაურებს და განაცხადა, რომ ბებრების ახალგაზრდებად გადაქცევა შეეძლო. თავისი სიტყვების დასადასტურებლად იგი პელიასის ასულების თვალწინ დედაბრიდან ყმაწვილ ქალად გადაიქცა. ამის შემდეგ მან ბებერი ცხვარი დაკლა, ასო-ასო აქნა, ქვაბში მოხარშა და იქიდან ცოცხალი კრავი ამოიყვანა. 


პელიასის ასულები მიენდვნენ მედეას, მამა მოკლეს, ნაწილებად დაჭრეს და მოსახარშად დიდ ქვაბში ჩადეს, მაგრამ მზაკვარმა მედეამ მის გაცოცხლებაზე უარი განაცხადა.


პელიასის სიკვდილის შემდეგ მედეამ არგონავტებს ნიშანი მისცა. მათაც არ დააყოვნეს და ქალაქში შემოიჭრნენ. იასონმა ლმობიერი მოპყრობა აღუთქვა მეფის სანათესაოს და ტახტი პელიასის ვაჟს, აკასტოსს, გადასცა. ხომალდი „არგო“ იასონმა ღმერთ პოსეიდონს უძღვნა, ხოლო ოქროს საწმისი ზევსის ტაძარში დაკიდა. იასონი მედეასთან ერთად კორინთოში გადასახლდა.

მედეას შურისძიება

მედეას იმედი ჰქონდა, რომ პელიასის სიკვდილის შემდეგ ტახტს იასონი დაეუფლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კორინთოსის მეფე კრეონმა იასონს თავისი ქალიშვილის ხელი აღუთქვა და ისიც დაეთანხმა. კრეონს მედეას შურისძიებისა ეშინოდა და კორინთოსიდან გაძევება დაუპირა. ამაოდ ევედრა მედეა იასონს, არ მიეტოვებინა იგი, შეახსენა, რაც ჰქონდა მისთვის გაკეთებული, მაგრამ იასონი შეუვალი აღმოჩნდა. 

მაშინ მედეამ ერთი დღე ითხოვა, რათა საჩუქარი მიერთმია თავისი ბედნიერი მეტოქისათვის და მისთვის თავისი ორი შვილის მფარველობა ეთხოვა. მედეამ ბავშვებს გაატანა საჩუქარი კრეონის ასულისათვის – ოქროს გვირგვინი და ოქრომკედით ნაქსოვი კაბა. კრეუსა აღაფრთოვანა საჩუქრებმა, მაშინვე ჩაიცვა, საწამლავი, რომლითაც მედეამ საჩუქრები გაჟღინთა, ამოქმედდა და მეფის ასულმა საშინელ ტანჯვაში დალია სული. დიდხანს ითვლებოდა, რომ განრისხებულმა კორინთოსელებმა იასონისა და მედეას შვილები არ დაინდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

კრეუსას სიკვდილი, ილუსტრაციის ავტორი: თათია ნადარეიშვილი

შემდგომში კი გავრცელდა ტრაგიკოს ევრიპიდეს ვერსია: მრისხანებით გონებადაკარგულმა მედეამ საკუთარი ვაჟებიც დახოცა. ბავშვების ყვირილზე იასონმა მოირბინა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მედეა დრაკონებშებმული ეტლით გაუჩინარდა.


გმირი იასონი, რომელიც ღალატის გამო სასტიკად დაისაჯა, თუმცა ერთხანს ცოცხალი იყო. ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ თავისი „არგოს“ ნარჩენების გვერდით ეძინა, ხომალდის ანძა წაიქცა, იასონს დაეცა და მოკლა.

ტექსტი: ლევან ბერძენიშვილი

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

ანიმაცია: Studio Animatory