თაობა სიახლეები

კანის ლომების ახალგაზრდული კონკურსი

საქართველოში Cannes Lions 2024-ის ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებული გუნდები 6 კატეგორიაში 20 აპრილს გამოვლინდებიან

აპრილი 12, 2024

კანის ლომების ახალგაზრდული კონკურსი მარკეტინგის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ტარდება, წლევანდელი კონკურსი 6 კატეგორიას მოიცავს: მარკეტერი, პრინტი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ მათი შესაძლებლობები და უნარები წარმოაჩინონ, თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ასპარეზზე.                     

საქართველოში კანის ლომების კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა. წელს კონკურსი 12 აპრილს იწყება, გამარჯვებული გუნდები 20 აპრილს გამოვლინდებიან. ,,კანის საერთაშორისო კონკურსზე” კი 70-მდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის - ქართველი მონაწილეები, კანში გაემგზავრებიან. გიზიარებთ იმ მონაწილეების გამოცდილებასა და რჩევებს, რომლებიც კანში პირველობისთვის იბრძოდნენ.

,,როდესაც კონკურსანტები მონაწილეობენ კონკურსში, ეს უკვე არის ძალიან კარგი, ისინი ერთვებიან პროცესში, რომელიც იძლევა საშუალებას ძალიან ბევრი რამის სწავლის და ტესტავენ საკუთარ თავს. შესაბამისად, მაქსიმალურად მხიარულად და ლაღად უნდა მიუდგნენ საქმეს, არ უნდა იფიქრონ შედეგსა და წაგებაზე, ეს სილაღე არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კრეატივისთვის. 


განსხვავებული, კრეატიული და უნიკალური იდეები არ მოდის მაშინ, როდესაც ვართ ზედმეტად შებოჭილები, დასტრესილები ან შფოთვით სავსენი და გვეფიქრება შედეგზე - მოვიგებთ თუ არა...

ძალიან კარგი იდეები მოდის მაშინ, როდესაც ვართ მაქსიმალურად ლაღები და საკუთარ თავსა და ქვეცნობიერს თავიდან ბოლომდე ვუწყობთ ხელს"

ლევან ლეფსვერიძე

Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი

მარკეტერის კატეგორია

,,ახალგაზრდა ლომების კონკურსში რამდენჯერმე ვმონაწილეობდი, ორ სხვადასხვა კატეგორიაში, სხვადასხვა მეწყვილესთან, მაგრამ მუშაობის პრინციპი მაინც ერთნაირია. ვიწყებთ ბრიფის გააზრებით - ამ დროს გამოვყოფთ პრობლემას, ვავიწროებთ მთავარ სათქმელს. შემდეგ ვიწყებთ იდეების გაცვლა-გამოცვლას. 

და ესეც რომ არ იყოს, მაინც ჯობს გააჟღერო, რომ გონებაში ახალ იდეებს ადგილი გაუთავისუფლო. 


შემდეგ გამოვყოფთ იდეებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და ვუღრმავდებით. მაგალითად, პრინტზე მუშაობისას უხეშ ჩანახატებს ვაკეთებდით სავარაუდო ქოფიებთან ერთად და თითოეულ ვარიანტს კრიტიკულად ვაფასებდით, პირველ რიგში, ამბობდა თუ არა მთავარ სათქმელს, იყო თუ არა მკაფიო და ცხადი. ხდება ხოლმე, რომ მონაწილეებს ყველაფრის ერთად ჩატევა გვინდა, გვგონია, რომ არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს. საბოლოოდ კი ნამუშევარი ბუნდოვანი გამოდის, თვალმა აღარ იცის, რაზე ფოკუსირდეს და ბევრ პატარ-პატარა სათქმელის ფონზე მთავარი სათქმელი იკარგება.

ზედმეტად არ უნდა გაართულო ნამუშევარი, ყოველთვის სიმარტივე ჯობია. მას შემდეგ, რაც იდეებს ყველა შესაძლო მხრიდან განვიხილავთ და საუკეთესოს ავირჩევთ, გადავდივართ აღსრულებაზე. 

არსებობს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს შემოქმედებითობას არ უყვარს შეზღუდვები, თავისუფალი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში სტრუქტურა ყველგან საჭიროა, განსაკუთრებით - კონკურსის დროს, როცა დრო არის შეზღუდული. კარგად განსაზღვრული ეტაპები დროის ნაყოფიერად გამოყენებაში გვეხმარება, გვაზღვევს, რომ უკვე ბოლოს იდეის აღსრულებისას არ მივხვდეთ, რომ ბრიფს ავცდით და თავიდან არ მოგვიწიოს ფიქრის დაწყება. ვფიქრობ, ის, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდური მუშაობაა. აუცილებელია მეწყვილეები ერთმანეთს ენდობოდნენ და თანაბარი პასუხისმგებლობით, მონდომებით უდგებოდნენ სამუშაო პროცესს. თუ მოგებაა, ერთად მოიგოთ და თუ წაგებაა, ერთად წააგოთ. 

ბაიკო ფირცხალაშვილი

Crosty

,,კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი, ვფიქრობ, მართლა ფასდაუდებელი გამოცდილებაა. კონკურსისთვის გამოყოფილ 24 საათში უამრავი რამის სწავლა შეგიძლია და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ამ სფეროთი დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს. ერთმანეთთან შეთამაშებულ წყვილს ყოველთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. აუცილებელია, რომ პროცესში ერთმანეთს ენდოთ, რადგან, როცა 24 საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ ფიქრის პროცესში ხარ და გონებას მუდმივად ამუშავებ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეს.

ორი ადამიანის ჰარმონიული მუშაობის დროს კი, ამის შანსი მინიმუმამდე დადის, შთაგონებაც მეტია, უფრო ჰარმონიუ ლი იდეები იბადება და ამ კონკურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – დროც მეტად იზოგება. 

ხშირად ხდება, რომ ბრეინშტორმინგის პროცესს უფრო და უფრო შორს მიჰყავხარ, ვერ წყდები და ამ დროს, შესაძლოა, კარგი იდეა უკვე მაგიდაზე გიდევს. არადა, დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია – იდეის მოფიქრების და შერჩევის შემდეგ შვება კი გვეუფლება, მაგრამ უკვე აღსრულების ეტაპი დგება, რაც იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე.


კიდევ, ერთი რამ, რაც შეგრძნების დონეზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ათობით იდეიდან, ყველაზე მეტად ამართლებს ის, რომელზეც შენ და შენს მეწყვილეს, პირველი გაჟღერებისას, თვალები აგენთოთ. მჯერა, რომ ჩვენს გონებას აქვს რაღაც, რაციონალურობის და ინტუიციის ნაზავი, რომლითაც ხვდება, რომელია „ის ერთადერთი“ იდეა.”     

ელენე დანელია

Crosty

პრინტ კატეგორია


"მუშაობის პროცესმა ისეთი დიდი სიამოვნება მოგვანიჭა და თვითონ ნამუშევრითაც ისე ვამაყობდით, რომ სულაც რომ ვერ მოგვეპოვებინა გამარჯვება, ვთვლიდით, რომ რაღაც ძალიან საამაყოს და საინტერესოს ვქმნიდით და, ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც უკვე წინასწარ რაღაც შეგრძნებას და მოლოდინს გიჩენს. ჩემი პარტნიორისთვის პირველი გამოცდილება და პირველივე გამარჯვება იყო, ხოლო მე მესამედ ვმონაწილეობდი. წინა ორ გამოსვლაშიც მქონდა წინსვლა, ჯერ ათეულში მოვხვდი, შემდეგ კი ოთხეულში. ვინც ახლა მონაწილეობს, მათ ვურჩევდი, რომ აუცილებლად რაც შეიძლება ბევრჯერ გამოვიდნენ და არცერთი წელი არ გამოტოვონ. ყოველწლიურად კონკურენცია იმატებს და ეს ძალიან კარგია, ჩვენს დროს ყველაზე მეტი გუნდი დაფიქსირდა და საკმაოდ კარგი ნამუშევრებიც."

ასე რომ, კიდევ ერთი რჩევა ჩემგან - კონცენტრირდეთ მხოლოდ ერთ საუკეთესო იდეაზე და მას დაახარჯოთ მთელი დრო და რესურსი, რომ შთამბეჭდავი გამოვიდეს.ნაკლები გართულება, ნაკლები Overthinking, მეტი კრეატივი და გიჟური იდეები უფრო დიდ შანსებს მოგიტანთ.

გიორგი მაღრაძე

Hans & Gruber

"კანის ლომებმა მაჩვენა, რომ რჩევა-დარიგებად მოსმენილი ზოგი ბრტყელი ფრაზა ოდესმე აუცილებლად გამართლდება.საკუთარი ხმის მიყოლა და თანაგუნდელის ნდობა ჩემთვის ის ორი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა.ვფიქრობ, კრედიტები არ უნდა დავუკარგოთ სიმამაცესაც, რადგან ბევრისგან მსმენია, რომ შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს საკუთარ გამოცდილებაში და სფეროში გატარებული წლების სიმრავლეში - ამიტომ ჩააგდო წელი და მონაწილეობაზეც უარი თქვა. 

მტკიცედ მჯერა, რომ საკუთარი თავის გამოცდით აქ ვერაფერს დაკარგავ. ისწავლი და დააკვირდები საკუთარი ფიქრის პროცესს, დაუმეგობრდები იმას, ვისთანაც მუშაობ და, მარტივად რომ ვთქვა, კარგადაც გაერთობი. და მაინც, როგორ უნდა მოემზადო? - ბრიფს მოუსმინე, გაისეირნე, იფიქრე, ჩაიწერე, შენივე აზრები გადააგდე და კონკურსის წინა ღამით კარგად გამოიძინე. მოკლედ რომ ვთქვა, ზოგი კლიშე ნამდვილია და ზოგიც სასარგებლო - შეიძლება ყველაზე ახალ სათქმელს ჟანრის კლასიკაში მიაგნო”.

ნინი ბუკია

Hans & Gruber

ავტორი: Hammock Magazine