აპრილი 12, 2024
„იმის შეგრძნება, რომ შეიძლება სხვა ადამიანი ყოფილიყავით და თუკი სხვა ადამიანად არ იქცევით, თვითონ ამ შეგრძნებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, რაც ამ ცხოვრებაში თქვენს თავს ხდება. ცხოვრებას სრულიად განსხვავებულ რამეებს ვუწოდებთ, მას საკმაოდ ზუსტი მნიშვნელობა აქვს, რასაც ზოგიერთ განსაკუთრებულ, გადამწყვეტ წუთებში ვწვდებით - პირობითად მათ „გამოუთმქმელის მომენტები“ დავარქვი - როდესაც მტკიცედ ვგრძნობთ რომ ეს ასეა, მაგრამ ამის გამოთქმა შეუძლებელია და სწორედ ის რისით გამოთქმაც შეუძლებელია, გვაგრძნობინებს თავს ცოცხალ არსებად“
მერაბ მამარდაშვილი / „ლექციები პრუსტზე“
თავად პრუსტს ლიტერატურა მიაჩნდა ჭეშმარიტი ცხოვრების წყაროდ, თუმცა მის ცნობილ რომანში მუსიკასაც განსაკუთრებული როლი ენიჭება. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ მუსიკას არანაკლები ეფექტი აქვს, სხვა ადამიანის პერსპექტივა გააღვიძოს და ეს „გამოუთქმელის მომენტები“ დაბადოს ჩვენს სულში. გარკვეულ ნოტებს და მათ წყობას შესაძლებლობა აქვს ჩვენში დაბადოს აბსტრაქტული, გაურკვეველი, მაგრამ უზომო სიხარულის მომგვრელი სხვა ცხოვრება, სხვა „მე“. სრულიად არ არის საჭირო რომ ეს მუსიკალურ მოტივები პოპულარული ან ვირტუოზული მუსიკოსის მიერ იყოს შექმნილი ან თუნდაც სხვებსაც იგივე აღმაფრენას ანიჭებდეს, როგორც ჩვენ განვიცდით - მთავარია იგი იდენტობით იყოს გადაჯაჭვული ჩვენს პიროვნებასთან, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება არ მოგვშორდეს.
© სალომე მაჩაიძე
სწორედ მსგავსი მუსიკალური ფორმების თუ მიგნების აღმოჩენას ვცდილობთ ყველაფერში რასაც ვუსმენთ. აქტიური მუსიკის ძიების და სმენის პირობებში, რამდენიმე წლის განმავლობაში მომეცა ბედნიერება რომ მსგავსი თანაკვეთა განსხვავებული მუსიკოსების შემოქმედებასთან, ალბომებთან, კომპოზიციასთან თუ კომპოზიციის მცირე ნაწყვეტთან მქონოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთია, Nikakoi-ის მეორე ალბომი “შენТыMental”, რომელიც 2003 წელს, WMF Records-ზე გამოვიდა, 2020 წელს კი CES Records-მა თავიდან, ციფრული ფორმატით გამოსცა.
ოფიციალურად ფირფიტაზე "ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის" ფარგლებში 18 აპრილს გამოვა - გამოცემის პრეზენტაცია კი Mutant Radio-ში შედგება.
Sestrichka-სგან განსხვავებით, აქ საერთო მუსიკალური ხაზი უფრო გამოკვეთილად ჩანს, კომპოზიციების დინება კი ამბის თხრობას ჰგავს, რომელსაც თავისებურად ყოველთვის ვაკავშირებდი, სალომე მაჩაიძის მიერ, ალბომისთვის შექმნილ რობოტის ვიზუალთან, თითქოს მისი თავგადასავლების მოსასმენად ვემზადებით.
ალბომი Uuusmine-თი იწყება, ეს დინამიური 3 წუთიანი კომპოზიციაა, რომელიც ქაოტური Breakcore-ით შენდება და იმდენად კომპლექსურ ფორმას იღებს, რომ რთული ხდება რომელიმე ნაწილზე ყურის მიდევნება. დრამ სექციაზე კი მსმენელს შეიძლება Aphex Twin-ის Milkman-იც კი გაახსენდეს. კომპოზიციაზე ასევე არსებობს fan-made ვიდეოც, რომელიც ფრანგი რეჟისორის, ჟან კუნენის მოკლემეტრაჟიანი ფილმის კადრებისგან შედგება. Surup-ის დასაწყისი ჩელოსა და ვიოლინოს ლამაზი შეთამაშებაა, რომელიც შემდგომი მელოდიური პასაჟებისთვის გვამზადებს.
Trz2-ში, ხმების ტალღები, 3 წუთის ფარგლებში სხვადასხვა გზით ცდილობს განვითარებას, ფონურად წარმოებულ მისტიურ ხმებს, არარსებული კომპიუტერული თამაშის ახალ ეტაპზე გადავყავართ. Tin Soldier For Nika Ono (რელიზში როგორც Teen Soldier For Nika Reihse) - ეს ალბომის პირველი პერსონალური ფავორიტია. ტუსია ბერიძე მინიატურული ჯარიკაცების ბედზე გვიყვება, უფროსწორად ჩვენში შემორჩენილ ბავშვურ ნაწილს აღვიძებს. რიტმიც სწორედ ამ ჯარისკაცების მარშითაა ინსპირირებული. მიუხედავად სევდიანი ისტორიისა, სიმშვიდე კომპოზიციის მთავარი გასაღებია, კიდევ ერთი ციფრული „იავნანა“ ნიკასგან და ტუსიასგან.
Krasnagorsky Dream - მეორე ფავორიტი, რომელიც სულ, არარსებული, დაცარიელებული ქალაქის შთაბეჭდილებებს აღვიძებდა ჩემში, სადაც მარტო სეირნობისას უამრავი ახალი აღმოჩენის მომსწრე ხდები, თუმცა პარალელურად ცნობიერში დალექილი ძველი მოგონებები თავს გახსენებს და ცდილობ მეხსიერების აღდგენას. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, კრასნაგორსკი ნამდვილად არსებობს მოსკოვთან ახლოს, თუმცა ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ არაფერი საინტერესო იქ არ ხდება. სათუოა იქ მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა მაინც თუ იცის ამ ტრეკის არსებობოს შესახებ?!
Garden-ში მუსიკოსი ისევ წარმოსახვით ყვავილებითა და მცენარეებით გამწვანებულ ბაღში გვეპატიჟება. მუსიკა აქაც სახასიათოა, ნიკას ხმა კი ამბის თხრობას უფრო საინტერესოს ხდის. კომპოზიციის მეორე ნაწილში ლამაზი, Gigi Masin-ისეული მოკლე ფორტეპიანოს ჩანართი ალბომის სენტიმენტალურ თემას აგრძელებს. Shunat ტკაცუნა IDM-ის ოჯახიდანაა. ამ კომპოზიციის მოსმენა ყოველთვის აბსტრაქტულ ემოციას მიტოვებდა, რომელსაც ამქვეყნიურს ვერაფერს ვაკუთნებ.
MZEMF - მორიგი ფავორიტია, მიუხედავად იმისა რომ კომპოზიციას განვითარებისთვის დიაპაზონი არ ეძლევა, აქ ერთწუთიანი აბსტრაქტული ბიტის შემდეგ მომავალი მოკლე მელოდიურ/ჰარმონიული პასაჟი, ჩემი ნოსტალგიით ნასაზრდოები საღამოების განურჩეველი მეგობარი იყო წლების განმავლობაში.
და ამის მოდის ალბომიდან ერთადერთი „გაჰიტებული“ სიმღერის დროც. Sentimental ტექსტი მაიაკოვსკის ლექსზე „გამოთხოვება“ არის აგებული. ეს ლექსი მაიაკოვსკი პარიზული კრებულიდანაა, 1922 წელს იგი ქალაქს ეწვია და იქაური ატმოსფეროთი ემოციურად დაიმუხტა. ეწვია პიკასოს სტუდიას. შეხვდა ჟან კოქტოს და მარსელ პრუსტის დაკრძალვასაც კი დაესწრო. მიუხედავად იმისა რომ კარგად მესმის ის აღნიშნული კომპოზიციის აღმაფრენის და პოპულარობის მიზეზი მოზარდობის ასაკის, რომანტიკული სულისკვეთებით გამსჭვალულ ახალგაზრდა გოგონებში და არც სხვა მუსიკალურ სიკეთეებს არ ვუკარგავ მას, ვფიქრობ ყველასთვის სასარგებლო იქნება თუ ალბომის სხვა ნაწილებსაც იგივე ყურადღებით მოუსმენენ.
„დავახურდავე უკანასკნელი
ფრანკი და უკვე მელის მარსელი
და მიმაცილებს მთელი თავისი
მშვენიერებით სავსე პარიზი.“
(თარგმანი ვახტანგ ჯავახაძისა)
Balaxiwind - კიდევ ერთი ემბიენთით გაჯერებული ტრეკია, სადაც მინიმალისტური ბიტი ერთი ჩვეულებრივი ქარიანი დღის სინემატიკურ ფონს ქმნის. Vent ნიკას შემოქმედებიდან კიდევ ერთი იშვიათი ნიმუშია, რომელზეც რეივი ვერ, მაგრამ just a slow dance შეიძლება გამოვიდეს (რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი). ყოველშემთხვევაში ეს რიტმი მსმენელს თავისებული ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.
Undine 2-ში რამდენიმე მუსიკალური ფენა ერთმანეთშია ახლართული, ეს glitch-jazz-electronica ზაფხულის შუადღის ძილისთვისაა განკუთვნილი. XVZ გუშინ ღამით შეწყვეტილი ციფრული სიზმრის გაგრძელებაა, ატმოსფერული ბგერები უფრო და უფრო გვითრევს ახალ განზომილებებში. რთულია დაზუსტებით თქმა, თუმცა აქ ქართული (ან იქნებ საბჭოური) თემებიც მესმის.
Something's Moving In My Liquid-ის დასახელების წარმომავლობაზე რამდენიმე წლის წინ მახსოვს, რაღაც ყალბი ისტორია წავიკითხე (ჯერ კიდევ რომ არ იყო fake news ასე მომძლავრებული). როგორი ისტორიაც არ უნდა ჰქონდეს, ჩემთვის ეს გამოგონილი ფილმის გმირის ცხოვრების რთული მომენტების ამსახველი საუნდტრეკია. Nichierybashvi - ისევ სიმებიანი ინსტრუმენტებით იწყება, რაც ბავშვური სილაღით სავსე IDM-ში გადადის, ბოლო ნაწილში ეს ყველაფერი ერთიანდება და ნიჭიერ ბავშვსაც ეძლევა გზა ფართო.
Uxal-ის სმენას ჩემთვის ყოველთვის მედიტაციური დანიშნულება ჰქონდა, შემდგომში განვითარებული მელოდია კი წარსულის ლამაზი დღეების მოგონებაა, რომელთა დაბრუნებას ზრდასრულობის ასაკში ხშირად ამაოდ რომ ვცდილობთ.
ქებათა-ქება Cvety2 For May-ს, რომელიც ფავორიტებს შორის ფავორიტია. რთულია აღწერო რა ემოციებს აღვიძებს ეს მოკლე (თუმცა ჩემთვის ხშირად დაუსრულებელ Loop-ზე გაშვებული) ხმოვანი კასკადი. მისი მოსმენისას წარმოსახვა ყოველთვის დილის შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის გემებით სავსე და ადამიანებისგან დაცლილ პორტზე და სუბტროპიკული ქალაწის წვიმიან საღამოზე გაიწევს ხოლმე. ალბომი სახელად „შენТыMental“ ამაზე სენტიმენტალურად ნამდვილად ვერ დასრულდებოდა. მადლობა ნიკას მისი შექმნისთვის.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი
© CES Records
Powered by VISA