მარტი 13, 2024
ნატო ჩაკვეტაძე Google's Women Techmakers-ის ერთ-ერთი ელჩია საქართველოში და ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორი ღონისძიებისა „შეცვალე მომავალი", რომელიც 14 მარტს, თბილისში, გლობალური კამპანია ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება.
“ამ ღონისძიებით, გვსურს წარმოვაჩინოთ ქალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ტექნოლოგიების სფეროში. ამით კი შთავაგონოთ გოგოების და ქალების მომავალი თაობა, თავადაც ჩაერთონ ჩაერთონ ტექნოლოგიებში და შექმნან თავიანთი წარმატება". - ნატო
ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია. საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას.
2024 წლის ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, Quantori Georgia-სა და Terminal-ის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. 14 მარტს, ტერმინალში, აბაშიძის 34-ში ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ. როგორც ნატო გვიხსნის, იქნება მთავარი სცენა, სადაც საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა.
„ეს მოემსახურება ცნობიერების ამაღლებას, შთაგონებას და ინფორმირებას".
ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება.
„შემოვიდა განაცხადები და სპიკერებიც ამის მიხედვით ავარჩიეთ. თემები შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, სამედიცინო ტექნოლოგიებს, Low ტექს, გენერაციულ AI-ს და ა.შ - ჩატარდება 30-60-წუთიანი ვორქშოფები. მაგალითად, გვყავს სპიკერი, რომელიც ისაუბრებს EU-ის სამეცნიერო-ტექნოლოგირი საგრანტო პროგრამების შესახებ".- ნატო ჩაკვეტაძე Google's Women Techmakers-ის ერთ-ერთი ელჩია საქართველოში
იქნება მესამე სივრცეც, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ.
ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი WTM ამბასადორი, თიბისის დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება.
ელენე Google-ის ხელსაწყოების მუშაობის მექანიზმს მიმოიხილავს. მან ღონისძიებაზე როგორც WTM, ისე თიბისი ტექი უნდა წარადგინოს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა დიდია. ელენესვე თქმით, ტექნოლოგიებზე საუბრის გარდა, ღონისძიებას სხვა მიზანიც აქვს.
„გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, მოვყვებით, როგორ მოვხვდით ტექნოლოგიებში და შეიძლება, სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, სფეროს შეუერთდნენ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ქალებს მივცემთ გზამკვლევს - რა მიმართულებით შეუძლიათ წასვლა". - ამბობს ელენე კვარაცხელია.
Google's Women Techmakers-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას.
„სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქალები ტექნოლოგიებში ნაკლებად არიან ჩართულები. ეს ცუდია 2 მიმართულებით: ერთი რომ ჩვენ სათანადოდ ვერ ვითვისებთ ახალ შესაძლებლობებს. და მეორეც, ჩვენი თანამონაწილეობა ამ ახალი ინდუსტიული სისტემის ფორმირებაში არის დაბალი. ტექნოლოგიები არის მომავალი, რომელიც ყველა ინდუსტრიას შეეხება ამა თუ იმ ფორმით. მჯერა, ის უნდა ფორმირდეს იდაგვარად, რომ მან ყველა გენდერისთვის სამართლიანად იფუნქციონიროს. ეს კი ქალის აქტიური ჩართულობის გარეშე არ გამოვა". - ნატო ჩაკვეტაძე.
Google's Women Techmakers-ზე ერთ-ერთი სპიკერი სწორედ ამ გამოცდილებას გააზიარებს.
ღონისძიება „შეცვალე მომავალი” 14 მარტს, 13 საათზე დაიწყება.
- დღის წესრიგს გაეცანით აქ
- წინასწარი რეგისტრაცია გაიარეთ აქ
ავტორი: Dev.ge