მაისი 21, 2019
თანამედროვე სამყაროში დედისა და მამის ტრადიციული როლები ნელ-ნელა რადიკალურად იცვლება. თუმცა, თუკი საქართველოში დასაქმებული მშობლისა და შვილების ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ასოციაციურად მშობელში პირველ რიგში ჯერ დედას წარმოვიდგენთ. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც საზოგადოებასთან ერთად, ქალბატონებს თავად აქვთ საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნა, რომ პროფესიული წინსვლისა და თვითრეალიზების პარალელურად, საუკეთესო მშობლებიც იყვნენ. სწორედ მას შემდეგ, რაც ამ საუკუნის სამუშაო ძალაში ქალების ჩართულობამ მკვეთრად იმატა, დასაქმებული მშობლების გავლენა შვილების განვითარებაზე ბავშვთა ფსიქოლოგებისა და ექსპერტების კვლევის საგანი გახდა.
დღევანდელი დინამიური და დატვირთული სამუშაო გარემოს გარეთ, საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისის სტატუს-შეხვედრების ფარგლებში, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე თიბისის სტატუსის მოხმარებლებს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და კონკრეტული რჩევებიც გაუზიარა. ფსიქოლოგმა შეხვედრა პირველი და უმთავრესი წესით დაიწყო: დანაშაულის განცდა - შეგრძნება, რომელიც ყველა დასაქმებულ მშობელს აწუხებს, ყოველმა მათგანმა უნდა დაივიწყოს და ამოიგდოს გონებიდან. ის, რომ მშობელი დაკავებულია, არსებული მოცემულობაა და მხოლოდ ამ რეალობის მიღების შემდეგ მოახერხებს დასაქმებული მშობელი მომდევნო რჩევების შესრულებას.
მართალია, ორმაგი შემოსავლის ოჯახში ბავშვი ფინანსურად ორმაგად უზრუნველყოფილია, თუმცა, ჯანსაღი სოციალურ-ემოციური განვითარებისათვის სულ სხვა, არამატერიალური ფაქტორებია გადამწყვეტი. ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადების მომენტიდან მისი მშობლებთან დაწყებული კავშირია.
ხშირად ამის რაციონალიზაციას ვახდენთ- „მე არ მაქვს დრო, მაგრამ გამოვიმუშავებ ფულს და დროის კომპენსირებას ჩემი შვილების მატერიალური უზრუნველყოფით ვახდენ.“ ამის მიუხედავად, უკმაყოფილებისა და დანაშაულის განცდა მაინც ჩნდება. ამ განცდის ექვივალენტი მატერია არ არის, ამიტომ სინდისის ქენჯნას მშობლები ვერ გავცვლით ძვირფას ტელეფონში. ამას ეფექტი არ აქვს, ბავშვი კი ასეთი მომხარებლური ურთიერთობით მხოლოდ მანიპულირებას ეჩვევა. შეგიძლიათ შვილებთან უბრალო კომუნიკაციის შემთხვევა გაიხსენოთ? ოღონდ ისეთი, როდესაც არაფერი მოითხოვეთ მათგან? გაგიკვირდებათ და ასეთი ურთიერთობა ძალიან იშვიათია დღეს, იმიტომ, რომ ოჯახშიც მუშაობის რეჟიმში ვართ. მთელი დღე დრო არ გვაქვს გავიგოთ, რას საქმიანობს ჩვენი შვილი. ამიტომ, დღის ბოლოს სასწრაფოდ გვინდა გავარკვიოთ: იმეცადინა? ხელები დაიბანა? ჭამა? ეს მოთხოვნითი კითხვებია და ამით მთავრდება ჩვენი კომუნიკაცია შვილთან.“
"უამრავი ინფორმაციისა და სწრაფად ცვალებადი მოვლენების ტალღებში გაჩერება და საკუთარ თავთან ჩარღმავება აუცილებელი წინპირობაა იმისა, რომ ჩვენს შვილებთან ვიყოთ ჰარმონიულ ურთიერთობაში. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისთვის და რაზე ვხარჯავთ დროსა და ენერგიას.
კითხვა ასეთია: ყოფნა თუ ფლობა? ჩვენ გვინდა ფლობა. ჩვენ გვინდა ვფლობდეთ ყველაფერს. არადა, თუ ვერ ფლობ დროს, ვერ ფლობ ვერაფერს. ჩვენს შვილებსაც არ ვასწავლით იმას, რომ დინებას არ მიჰყვნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც მომხმარებლებად ყალიბდებიან. მშობლისთვის საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა აუცილებელი რეცეპტია. ეს შეიძლება იყოს კვირაში, ან თუნდაც 2 კვირში 2 საათი, მაგრამე ეს უნდა იყოს მხოლოდ თქვენი 2 საათი, სხვისი არავისი - არც თქვენი შვილების, არც თქვენი მეგობრების.“
თუკი დასაქმებული მშობელი ხართ და ამ ყველაფერს კითხულობთ, ალბათ აქ ნახსენები ყველა გრძნობა და სიტუაცია გეცნოთ და შვების ნაცვლად, პირიქით, მეტი სინდისის ქეჯნა იგრძენით. მაგრამ მალე დამშვიდდებით, როდესაც გაიგებთ, რომ გამოსავალი არსებობს და ის იმაზე მარტივია, ვიდრე აქამდე წარმოგედგინათ. გამოსავალი რაოდენობის ხარისხით ჩანაცვლებაა. უცნაურია, მაგრამ დადგენილია, რომ ბავშვთან ნახევარი საათი სრულფასოვანი ურთიერთობა სრულიად საკმარისია მასთან საჭირო კომუნიკაციის დასამყარებლად.
ისეთი ნახევარი საათის გამოყოფა, როდესაც სხვა არაფერი გაინტერესებთ და არც მოთხოვნის რეჟიმში ხართ, თქვენთვისაც ერთგვარი ფსიქოთერაპიაა. როდესაც სახლის ტერიტორიაზე გადადიხართ, გამორთეთ ტელეფონი და ინტერნეტი 1 საათით მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ კონცენტრირდებით თქვენს შვილებთან.“
ადამიანის პირველი და საბაზისო მოთხოვნილება უსაფრთხოების, მეორე კი - მიკუთვნების განცდაა. ეს შეგრძნებები სწორედ 2-3 წლამდე ყალიბდება, როდესაც ბავშვს ნდობა და ხალასი დამოკიდებულება უნდა გაუჩნდეს გარემოს მიმართ და უნდა იგრძნოს, რომ მიეკუთვნება ჯგუფს, ანუ ოჯახს, რომელიც მას დაიცავს.
სწორედ ამ პერიოდში სჭირდება ბავშვს ოჯახის მხარდაჭერა. დასაქმებულ მშობლებს კი მათი ძიძასთან ან ბაღში დატოვება უწევთ. სწორედ ცალ-ცალკე გატარებული დროის ამანაზღაურებელი არის თამაში, რომელსაც შეუფასებელი წვლილი აქვს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში.
თამაში, როგორც სასიამოვნო პროცესი, ბავშვის მოტივაციასთან პირდაპირ კავშირშია. თუმცა, მისი ფუნქცია არა უბრალოდ გართობა და სიამოვნების მიღება, არამედ ბავშვის აღქმის, მეხსიერების, ემოციების რეგულაციის, კომუნიკაციის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. თამაში არის ყველაზე ბუნებრივი ფორმა ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობაში, რა დროსაც ხდება ბავშვის ინტერესების აღიარება, ინფორმაციისა და ემოციების გაზიარება.
„არის შემთხვევები, როდესაც ჩვენთან მოჰყავთ ერთი შეხედვით, თითქოს აუტიზმის სპექტრის დარღვევის ნიშნების მქონე პატარები. რეალურად კი დედას დეპრესია აქვს და ვერ ეურთიერთება შვილს. შესაბამისად, ბავშვმაც არ იცის კომუნიკაცია."
"მშობლები წუწუნებენ და დარდობენ, რომ ბავშვები მთელი დღე ეკრანებთან სხედან, არადა, ქვეცნობიერად მათ თვითონ „აწყობთ“, როდესაც ბავშვი ჩუმად ზის, არ აწუხებს მათ, კონტროლის არეალშია, მშობელი კი თავის საქმეს აკეთებს. დღევანდელ ციფრულ ეპოქაშიც კი სრულიად შესაძლებელი და სავალდებულოცაა ეკრანისგან თავისუფალი დროის დაწესება, როცა არც მშობელი და არც შვილები ეკრანთან არ არიან. საქმე მოიცდის. ნახევარი საათით დაიწყეთ. ჯერ აღმოაჩენთ, რომ თამაში არ იცით და არ შეგიძლიათ. შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ინსტინქტურად ყველა სიტუაციაში ჭკუას არიგებთ და რაღაცას ასწავლით შვილს. 11 წლის ბავშვისთვის ჯერ კიდევ თქვენ ხართ ავტორიტეტი, შემდეგ აღარ. შემდეგ უბრალოდ აღარ იქნება ამის დრო; აღარ გეტყვით არაფერს და აქეთ დაუწყებთ დევნას და შეეხვეწებით, რამე მოგიყვეთ. ამიტომ, თავიდანვე უნდა მიაჩვიოთ თქვენთან კომუნიკაციას.“
გარდატეხის ასაკი განვითარების კრიზისული პერიოდია, როდესაც თვისებრივად იცვლება ბავშვის სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება. როგორ გაივლის ამ პერიოდს, როგორ დაუჭერენ მხარს მშობლები გარდატეხის ასაკის კრიზისის დასაძლევად და როგორი გამოცდილებით გამოვა ის ამ პერიოდიდან, ამაზეა დამოკიდებული მისი პიროვნების ჩამოყალიბება და მომავალი ცხოვრება.
"შე ზარმაცო, შე უპასუხისმგებლო - ძნელია მსგავსი შეფასებებისგან თავის შეკავება, მაგრამ, სჯობს „მე შეტყობინებით“, ზედმეტი შეფასების გარეშე დაუფიქსიროთ თქვენი აზრი - „მე გავბრაზდი, რომ დავალებები არ გააკეთე და ვფიქრობ, უნდა გაგეკეთებინა.“ ამ ასაკში ავტორიტეტი ან ხართ ან აღარ, ხდება გაუცხოება და სხვა ავტორიტეტების ძიება, ამიტომ, უკიდურეს შემთხვევებში გვშველის შეხსენება: „მე ვარ შენი მშობელი და ჯერჯერობით მე ვარ შენზე პასუხისმგებელი.“ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი - თან მუდმივად არ აკონტროლოთ და თან მუდმივად ახსოვდეს, რომ მშობელი აგებს მასზე პასუხს; რომ თქვენთან ყოველთვის შეუძლია მოსვლა, სხვადასხვა საკითხის განხილვა და რომ თქვენ არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებით. სამწუხაროდ, ჩვენი შვილების მაგივრად ხშირად ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს იქ, სადაც საჭირო არ არის. ბავშვი კი საპასუხოდ ასრულებს იმას, რაც ჩვენ გვინდა. საბოლოოდ, ასეთმა ბავშვებმა არ იციან არჩევანის გაკეთება, თუნდაც ჩვენი დახმარებით იმიტომ, რომ ჩვენ მათ უკვე წინასწარ განვუსაზღვრეთ და დავუგეგმეთ ყველაფერი.“
„გარდატეხის ასაკში მშობლები აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ჩვენს შვილებს არაფერი უნდათ და არაფერი აინტერესებთ: არც სკოლაში სიარული, არც მეცადინეობა, არც რაიმე აქტივობა. ამ დროს მშობელს რომ ეუბნები, რომ ამის მიზეზი თავადაა, ძალიან სწყინს. არადა, ეს რეალობაა. ესაა იმის შედეგი, რასაც ჩვენ ერთი შეხედვით პოზიტიური მიზნით მთელი ცხოვრება ვაკეთებდით. აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენ ბავშვს მივეცით ყველაფერი ბუნებრივი, ადამიანური კომუნიკაციის გარდა. გაზიარება განსაკუთრებული უნარია, რომელიც თითქმის აღარ გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და შვილებმა ერთმანეთს თანაბრად გავუზიაროთ გამოცდილება და ემოციური მომენტები. შვილები ძირითადად მშრალ ფაქტებს გვაწვდიან: რა ჭამეს, რა მოხდა სკოლაში, მაგრამ არ გამოხატავენ ემოციებს იმიტომ, რომ არავინ ასწავლა მათ ამის გაკეთება. ეს სწავლებადი უნარია. მშობლებმა დღის ბოლოს შვილებს უნდა გაუზიაროთ დღის რამდენიმე ძირითადი მოვლენა + თქვენი გულწრფელი ემოცია. ამის შემდეგ, ნელ-ნელა თქვენი შვილიც დაიწყებს გაზიარებას.
დღევანდელი ბავშვები ძალიან ნევროტულები არიან, რასაც ჩვენი, მშობლების ცხოვრებისადმი მუდმივად უკმაყოფილო დამოკიდებულება იწვევს. მადლიერების განცდა აღარ გაგვაჩნია. ინტერნეტში ნახავთ, რომ ყველა უკმაყოფილოა და მედიაც ახერხებს იმას, რომ პოზიტიური მაგალითები არ არსებობდეს. პოზიტიური მაგალითის არ არსებობა კი ბავშვისთვის დამღუპველია, რადგან ბავშვი სწორედ მიბაძვით სწავლობს. "
თიბისის სტატუს-შეხვედრები მეორე თვეა ტარდება და მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლები ყოველი მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებენ, რის შემდეგაც, დასწრების მსურველები რეგისტრაციას გაივლიან.
ავტორი: მარიამ ყანჩაველი