კოლექტიური ცეკვა ეგზისტენციალურ ნოტებზე
Tsa.Music...
მოთხოვნა-მოწოდების პრინციპით, ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული უხვი კითხვის საპასუხოდ უხვადაა მოწოდებული შესაბამისი მასალა სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმაზე. მიუხედავად განმასხვავებელი სოციო-ეკონომიკურ-პოლიტიკური ასპექტებისა, შემოთავაზებული რჩევა-პასუხების უმეტესობა მაინც უნივერსალურია. ერთი კი ყველაზე მეტად გამოირჩევა - ჩვენი შვილები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მაგალითებით საზრდოობენ. ამიტომ, ნებისმიერი რჩევა ბავშვებში ამა თუ იმ თვისების აღსაზრდელად, ისევ და ისევ დიდებმა უნდა მოვირგოთ საკუთარ თავზე. ეს ინტერვიუც ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძესთან [პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი] ამ მიზანს ემსახურება.
განწყობის საჭირო ტალღაზე მოსამართად კი თანამედროვე ამერიკელი ექიმის, ჩარლზ რეზონის სიტყვებს მოვიშველიებ:
“უპირობოდ მოსიყვარულე მშობლების ერთ თაობას შეუძლია მომდევნო თაობის ცნობიერება შეცვალოს, ამით კი - მთელი მსოფლიოც”
საიდან იწყება და რატომ გვჭირდება ფინანსური განათლება?
ყველაფერი, მათ შორის ამ საკითხში განათლებაც სწორი დამოკიდებულებით უნდა დავიწყოთ. რა განწყობა გვაქვს ფულის მიმართ? თუ ეს არის საშუალება, თან ისეთი, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და დაფიქრება, ყოველთვის ღირს ამ საშუალების გამოყენება? ამ მხრივ, დღესდღეობით, არა თუ ბავშვებს, დიდებსაც აქვთ პრობლემა... როცა ადამიანს ეკითხები, რისთვის სჭირდება ფული, ხშირად ვერ გპასუხობს, არ იცის ზუსტად... ისეთ სესხებსაც ვიღებთ, რომელიც არ გვაქვს დაგეგმილი, ან გაწერილი, არ გვაქვს გააზრებული ნამდვილად მოვახერხებთ თუ არა ამ თანხის დაბრუნებას. ფინანსური განათლების აზრიც იმაშია, რომ ვისწავლოთ რატომ გვჭირდება რაღაც რაოდენობის თანხა, რა არის ჩვენი მიზანი, როგორ გამოვიყენებთ ამ თანხას და თუ არა გვაქვს საჭირო თანხა, როგორ მოვიპოვებთ. შესაბამისად, თუ მშობელმა ეს არ იცის, შვილსაც ვერ ასწავლის... ბედნიერება და წარმატება, როგორც არ უნდა გვესმოდეს ეს ტერმინები, არა მარტო იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის როგორ შეგვიძლია თანხის გამომუშავება, არამედ იმაზეც, თუ რამდენად გონივრულად ვიყენებთ არსებულ რესურსებს.
რა ფაქტორები მოქმედებს ჩვენი ფინანსური რესურსების გონივრულ გადანაწილებაში?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის უშუალოდ ფულისადმი დამოკიდებულება. საქართველოში, ეს დამოკიდებულება ძალიან უცნაურია. ფულზე ფსიქოლოგიურად ვართ დამოკიდებული და მას ჩვენს თვითმიზნად ვაქცევთ, თუმცა, ის მხოლოდ ჩვენი მიზნების მიღწევის საშუალებაა.
ფულზე ფსიქოლოგიურად ვართ დამოკიდებული და მას ჩვენს თვითმიზნად ვაქცევთ, თუმცა, ის მხოლოდ ჩვენი მიზნების მიღწევის საშუალებაა.
მეორე ფაქტორია ჩვენივე საქციელის პარადოქსი. ბავშვებს იშვიათად ვესაუბრებით ფინანსებზე, მით უფრო მათ სწორ განკარგვაზე და ხშირად, შეიძლება უფრო ვაბნევდეთ კიდეც ისეთი ლოზუნგური ტექსტებით, როგორიცაა “ფული ხელის ჭუჭყია”. ამ დროს კი, ჩვენ თვითონვე ვეთაყვანებით ე.წ. “მამონას” და ამ ფულითვე ვცდილობთ ჩვენი შვილების მოსყიდვას... თითქოს, ურთიერთობების განივთებას ვაჩვევთ...
მესამე ფაქტორი ჩვენს ეთიკურ ღირებულებებშია. უმეტესობა უფრო ადვილად იჯერებს იმას, რომ თუ ვინმე წარმატებულია, ე.ი. სადღაც მიტაცებას ჰქონდა ადგილი. იმიტომ რომ არ სწამს პატიოსანი შრომის... ზემო თქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მარტო უშუალოდ ფულისადმი დამოკიდებულება, არამედ ისიც, თუ როგორ ვშოულობთ ამ ფულს.
არადა, ჯერ კიდევ რომაელები გვიმტკიცებდნენ, რომ “ფულს სუნი არ აქვს”.
სამწუხაროდ, არ ვიცავთ თანმიმდევრულობას ფულის შოვნის საკითხში... ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ როგორ იხსნება საცხობი, კაფე, ესა თუ ის სერვისი, რამდენიმე თვე კარგად მუშაობს და მერე ფუჭდება. კი უნდათ, რომ კარგი იყოს, მაგრამ ურჩევნიათ რომ, არა ნაბიჯ-ნაბიჯ, არამედ ძალიან სწრაფად მოიგონ ფული.
მაშინ როგორ უნდა შევქმნათ ბავშვებში თავიდანვე ჯანსაღი დამოკიდებულება?
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი სარკეა და მშვენიერი იმიტაცია შეუძლია. ის მშობელს უყურებს, უსმენს, რას ამბობს და აკვირდება, რას აკეთებს. არის მეორე მომენტიც - მას უნდა შეეძლოს ფულის გამომუშავება. მიღებულია, რომ დადებითი განმტკიცება და ჯილდო ბავშვს მოტივაციას უძლიერებს. ამიტომ ხშირად, ფული ხდება ინსენტივი - დამაჯილდოვებელი საშუალება. თუმცა, ფული, როგორც ჯილდო, არ არის ხოლმე პედაგოგიურად გამართლებული, იმიტომ რომ შემდგომ, ის შეიძლება ბავშვის მხრიდან ვაჭრობის საგნად გადაიქცეს. აქაც გვჭირდება ზომა. ბავშვი სარკეა და მშვენიერი იმიტაცია შეუძლია.
ბავშვს ყოველთვის უნდა ვაძლევდეთ ჯიბის ფულს, თუ მხოლოდ მაშინ, როცა “დაიმსახურებს”?
ცხადია, ბავშვს ჯიბის ფული უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ მას როგორ განკარგოს ეს ფული. ეს, თავის მხრივ ბავშვობიდანვე აჩვევს საკუთარი ბიუჯეტის მართვას და უმძაფრებს პასუხისმგებლობის შეგრძნებას. დამატებითი არითმეტიკაცაა და ირიბად შეიძლება მათემატიკაც შევაყვაროთ. მან უნდა იცოდეს რა თანხა უგროვდება კვირის განმავლობაში, რის ყიდვას მოახერხებს და რამდენს. თუმცა, ბავშვმა, ისევე როგორც მოზრდილმა, შეიძლება ერთ დღეში დახარჯოს ეს თანხა და აქ უკვე პედაგოგიური მხარე უნდა ჩავრთოთ. თუ მთელი ფულის სასუსნავებში დახარჯა და სასურველი სათამაშო ვეღარ იყიდა, უთანაგრძნეთ, მაგრამ დამატებით ფულს ნუ მისცემთ. ერთ-ორი დღე უფულოდ არაფერს დაუშავებს, სამაგიეროდ კარგ გაკვეთილს მიიღებს. შეგიძლიათ მასთან ერთად გამოიანგარიშოთ, კიდევ რამდენი დღე უნდა აგროვოს ფული, რომ იყიდოს სასურველი ნივთი [ეს მომენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვისთვის ვალის ფენომენის ასახსნელადაც]. დაეხმარეთ სწორი დასკვნების გამოტანაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ. სჯობს ბავშვობაში გაერთოს უაზრო ხარჯებით, ვიდრე დიდობაში განიცდიდეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს.
ფინანსურთან ერთად, ჩვენ მას თავისუფალ არჩევანს ვასწავლით
ბავშვს ყოველთვის უნდა მივცეთ ჯიბის ფული, თუნდაც მხოლოდ ერთი ლარი. მან იცის, რომ ეს თანხა შეუძლია დახარჯოს, ან შეუძლია დააგროვოს. ეს მისი არჩევანია და ფინანსურთან ერთად, ჩვენ მას თავისუფალ არჩევანს ვასწავლით. ხვდება, რომ სწორედ მის არჩევანზეა დამოკიდებული შედეგიც, კარგი იქნება ის, თუ ცუდი. ამით სწავლობს ფულის დაფასებასაც. ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად პასუხს არ ვაგებთ ჩვენი ქცევის შედეგებზე. ტერმინებიც კი გვაქვს შესაბამისი: “შემომეკლა”, “შემომეცემა”, “შემომეხარჯა”. ასეთივე იმპულსურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საყიდლებზეც და შვილებიც ჩვენი მაგალითებით ხელმძღვანელობენ.
კიდევ ერთი საკითხი - ჩემი შრომის პროდუქტი შემიძლია გავყიდო. თუნდაც, 10-12 წლის ასაკში. წესებიან , თანაზომად კაპიტალიზმზე მაქვს აქცენტი, სადაც ადამიანი და სოციალური ღირებულებები მეტ-ნაკლებად დაცულია. ასეთ შემთხვევაში, ბავშვთანაც ზომიერების დაცვა გვჭირდება. უნდა წავახალისოთ, რომ გაყიდოს თავისი შრომის შედეგები, იმუშაოს ჩვენთან ერთად. როგორი შეძლებულებიც არ უნდა იყვნენ მშობლები, მოზარდებს უნდა ვაჩვევდეთ ფულის გამომუშავებას. ეს პასუხისმგებლობას ჰმატებს ბავშვს და ის ხვდება, როგორია ფულის შოვნა წესიერი გზით. თავის მოპოვებულ თანხას კი უფრო მეტი სიფრთხილით განკრაგავს.
პრაქტიკული რჩევა - აიღეთ სამი სათავსო, ერთი ყოველდღიური ხარჯებისთვის, მეორე დაგროვებისთვის, მესამე - გაზიარებისთვის. ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს როგორ გადაანაწილებს თავის თანხას.
აჩვენეთ პირადი მაგალითიც. ნახოს, თქვენ როგორ ანაწილებთ თანხას სხვადასხვა ხარჯების მიხედვით, იქნება ეს კომუნალურები, საკვები პროდუქტები, ჩასაცმელი, თუ ქველმოქმედება.
ასევე, აუხსენით როგორ ხდება ძვირფასი ნივთების, სახლის, მანქანის შესყიდვა, რას ნიშნავს კრედიტი და რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ანაბარი.
შესაძლებელია, რომ ფინანსური დამოკიდებულება არამატერიალურ ფასეულობებზე ორიენტირებით განვავითაროთ? თუნდაც იმ შეგნების ამაღლებით, რომ მთავარია იპოვო შენი საყვარელი საქმე და ის იმდენად კარგად აკეთო, რომ ამაში შემდგომ ფულსაც გიხდიდნენ...
ცხადია ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის კარიერასა და განწყობაზე, თუმცა, ბოლო დროს ისიც შეიმჩნევა, რომ რომც მოსწონდეს ადამიანს თავის საქმე, მაინც ფულით ზომავს… მხვდებიან ახალგაზრდები, რომლებიც სამუშაოს ასანაზღაურებლად საკმაოდ დიდ თანხას ასახელებენ ხოლმე, იმ დროს, როცა საერთოდ არ აქვთ ის გამოცდილება, თუ უნარ-ჩვევები, რაც იმ პოზიციას სჭირდება. მოტივაციის არ ქონის პარალელურად, ესეც პრობლემაა.
პრობლემაა ასევე ის, რომ არ ვმუშაობთ ჩვენს თვითგანვითარებაზე. შეიძლება, საერთოდ ანაზღაურების გარეშე ვიმუშავო, იმისთვის რომ გამოცდილება მივიღო. გამოცდილებაც კაპიტალია, სოციალური კაპიტალი კი, 21-ე საუკუნეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - მატერიალური.
სოციალური კაპიტალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - მატერიალური
კიდევ უფრო სუსტად გვაქვს გააზრებული განათლების კაპიტალი. კი გვაქვს დადებითი დამოკიდებულება განათლებისადმი, მაგრამ ის მაინც ფორმალური რჩება და რეალურად მხოლოდ დიპლომის მისაღებად გამიზნული.
ძალიან ვაფასებ სტუდენტებს, რომლებიც თვითონ, თავისი შრომით იფინანსებენ სწავლას. ესეც მათ ფინანსურ განათლებას ემსახურება. მძიმე პირობებში უწევთ მუშაობაც (ჩვენს ქვეყანაში არ არის სტუდენტების ხელშეწყობა სამუშაო პირობების მათ განრიგზე მორგებით), სწავლაც, მაგრამ სამაგიეროდ, უკეთ იაზრებენ რა სჭირდებათ, იაზრებენ ფულის ფასსაც… ხშირად მეფიქრება, მე როგორ მოვიქცეოდი. ალბათ, ჯერ ვიმუშავებდი, დავაგროვებდი ფულს და მერე ვისწავლიდი, მაგრამ ჩვენ სულ გვეჩქარება. გვინდა, რომ ძალიან სწრაფად ვქნათ ყველაფერი.
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებში მოხალისეობისა და ქველმოქმედების განვითარება?
მოხალისეობა და ქველმოქმდება ან საგინებელი სიტყვაა, ან ლოზუნგი. ჩვენ არ ვასწავლით ჩვენს შვილებს, იზრუნოს თავის მოყვასზე, იზრუნოს შედარებით უფრო მოწყვლად ადამიანზე. როცა ხედავ შენ გარშემო ადამიანებს, რომლებსაც ესა თუ ის დამხარება სჭირდება, შეიძლება მატერიალურად არა, მაგრამ მორალურად დაეხმარო. გააჩნია, რას ვეძახით დახმარებას. ის ფულით ვერ გაიზომება. უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ დაეხმარნონ ადამიანებს ისე, როგორც მათ შეუძლიათ. ამაშიც გონიერებაა საჭირო. ადამიანს, რომელიც რაღაცაზეა დამოკიდებული, მაგალითად, აზარტულ თამაშებზე, ვერ დაეხმარები. მას შეიძლება პირიქით, ბოროტებად ექცეს ნებისმიერი ჩვენი ფულადი დახმარება. სხვა მხრივ კი, ბავშვებს გაზიარება სახლიდანვე უნდა ვასწავლოთ.
მოზარდს უნდა ესმოდეს სესხით აღებული პასუხისმგელობის შესახებ. სესხი არასდროსაა “უფასო” და თავის თავში რისკსაც მოიცავს. თუ მშობელს აქვს რაიმე სახის სესხი, შეუძლია ჩააყენოს შვილი საქმის კურსში და საკუთარი მაგალითით გააცნოს რას მოითხოვს სესხის დაფარვა და როგორი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მას.
აუხსენით, როგორ მუშაობს სხვადასხვა ფინანსური მომსახურება, იქნება ეს ონლაინ ვაჭრობა, საბანკო სისტემა, თუ საბანკო კრედიტები. როგორ ხვდება ბარათზე თქვენ მიერ გამომუშავებული თანხა. უფროსი ბავშვები შეგიძლიათ ჩააყენოთ აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქმის კურსშიც.
რამდენადაც უფრო მეტად ავითარებ ბავშვში არამატერიალური ღირსებების შეგრძნებას, მას ავტომატურად ჯანსაღი დამოკიდებულება უვითარდება ფულის მიმართ. ანუ, ერთგვარი მატერიალური კეთილდღეობაც შეიძლება აბსოლუტურად არამატერიალური გაგებებიდან გამომდინარეობდეს. თუმცა, ყოველდღიურობაში ეჯახები ისეთ პრობლემას, განსაკუთრებით მოზარდებში, როცა ოჯახის მატერიალური მდგომარეობა მისი სრულფასოვნების დაკნინების საბაბი ხდება. აქ, ალბათ, ერთადერთი საპირწონე, მისი არამატერიალური თვისებების განვითარება იქნება.
მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება აბსოლუტურად არამატერიალური გაგებებიდან გამომდინარეობდეს
როგორც ფსიქოლოგი, ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსი და არა იმდენად შინაარსი. სტატუსი კი მეტწილად მატერიალურ ღირებულებებს ეფუძნება. მას არ ვიღებთ ჩვენი დამსახურებების, პიროვნული სიძლიერის, თუ ფასეულობების მიხედვით. მეც მახსოვს ჩემი თავი - საბჭოთა კავშირის დროს, ფორმა გვეცვა, მაგრამ მაინც ვახერხებდით ერთმანეთის “გაღიზიანებას”. ბავშვებისთვის ასეთ გარეგნულ სტატუსებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, დიდების უმეტესობა სწორედ ამ სტადიაზეა დარჩენილი. ეს მომხმარებლური საზოგადოების თვისებაა. ამის პრევენცია კი შეიძლება ისევ და ისევ ჩვენი მაგალითებით და საუბრებით. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისა და თანასწორობის განცდა ბავშვობიდან დაინერგოს. სხვა ქვეყნებში ამას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ჰოლანდიაში, მაგალითად, თუ ბავშვის დაბადების დღე უნდა აღნიშნო, შენ არ გაქვს უფლება, რომ სკოლაში რამე განსაკუთრებული მიიტანო, ზუსტად იმიტომ რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ ნაკლულობის განცდა...
პოსტსაბჭოურ სივრცეში მაინც მძალვრობს გარეგნულ მაჩვენებლებზე ხაზგასმის სენი…
იმიტომ რომ არ არის ნორმალური, როცა ადამიანს არ აქვს თავისი საკუთრება. შედეგი რა მივიღეთ - ჩვენ არ ვიცით რა არის ჩვენი და სხვისი. სხვისას ისე აიღებ, რომ ერთხელაც არ დაფიქრდები საკუთრების უფლებაზე... ეს პოსტსაბჭოთა ცნობიერების მდგომარეობაა და ისევე ეხება მატერიალურს, როგორც არამატერიალურს. მაგალითად, პლაგიარიზმი არამატერიალურია და ყველგან შეგხვდებათ. ადამიანები კი შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, რომ ქურდობენ… ქურდობა გაიდიალებულიც იყო - ვინც იპარავდა, ითვლეობდა უფრო მოხერხებულად, “ოჯახის მუჭუჭად”, ყაირათიანად… ასე ხდებოდა ტოტალურად, მთელ საბჭოთა კავშირში. ჩვენ კი ამ ცნობიერების მემკვიდრეები ვართ.
ერთადერთი, ალბათ ისევ ოჯახი შეძლებს მსგავსი ტრადიციების გაწყვეტას…
ფინანსურ განათლებას საფუძვლად უდევს, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, არამატერიალური, ეთიკური საკითხები. ეკონომიკა ეთიკის გარეშე არ არსებობს და არც არასოდეს არ არსებობდა. საბჭოთა კავშირი გამახსენდა ევროკავშირის შექმნის დროს - არავისი ფული ყოველთვის კორუფციის წყაროა, ადვილად იპარება და ვერც ვერავინ აკონტროლებს.
ეკონომიკა ეთიკის გარეშე არ არსებობს და არც არასოდეს არ არსებობდა
ფინანსური განათლებისთვის რეცეპტი არ არსებობს. ჩვენ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება. ფულის გამო შენს ფასეულობებს რომ დათმობ, იქ ფინანსურ განათლებაზე აღარაა ლაპარაკი… ამიტომ, პირველ რიგში, პრიორიტეტებია განსასაზღვრი, ფული გირჩევნია, თუ შვილი, დედა, მეგობარი?
ხშირად, ფულისკენ სწრაფვა უბრალოდ უსაფრთხოების შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. თუ ფული მე მაქვს, ესეიგი შავი დღისთვისაც მზად ვარ…
სხვათა შორის, როცა “შავი დღე” დგება, შეიძლება სწორედ მაშინ ვერ გამოიყენო ის ნაგროვი ფული. დაგროვება/გადანახვის პროცესში, ადამიანებს ავიწყდებათ რეალური ცხოვრებით ცხოვრება... ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა. რაიონებში, შეიძლება ასეთ სურათსაც წააწყდეთ - აქვთ კარგი სახლი, თვითონ კი ცხოვრობენ ქოხში. არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ფული დავაგროვოთ, მაგრამ რა არის თვითმიზანი და მოტივი, რისთვისაც ვაგროვებთ?
ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ....
ბავშვის ფინანსური განათლებისთვის, ჯერ მშობლები უნდა განათლდნენ და მაგალითი მისცენ თავიანთ შვილებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ფული ადვილად არ იშოვება; რომ ფულს სჭირდება შრომა, თვლა, დაგეგმვა, ანგარიში და მიზნის დასახვა; ასევე ის, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.
ეს ამბივალენტური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, იცი, რომ ეს ესე ადვილად არ მიიღწევა, რომ ეს არის საჭირო ინსტრუმენტი შენი გეგმების განხორციელებისთვის, და რომ პასუხი უნდა აგო ამ ფულის განკარგვაზე. მეორე მხრივ კი, იცი, რომ ფულით უამრავი აქტივის შეძენა შეგიძლია, მაგრამ ის არ არის მთავარი ღირებულება… ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.
სამწუხაროდ, ხშირად არ გამოდის, იმიტომ რომ ის დანაშაულის განცდა, რაც მშობელს უჩნდება, თითქოს, აიძულებს მას რომ “იყიდოს” შვილები, ფიქრობს, რომ მატერიალური დასაჩუქრება შეიძლება კარგი კომპენსაცია იყოს მისი ბავშვის გვერდით არ ყოფნისთვის. შესაბამისად, ბავშვიც იზრდება, როგორც მომხმარებელი.
ფინანსური განათლება თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
-ფინანსების მართვას ისევე უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს, როგორც დროის მართვას.
-შეძლებული ადამიანი არ ნიშნავს ფინანსურად განათლებულს, თუმცა, ფინანსური განათლება აუცილებლად დაეხმარება ამ სტატუსის შენარჩუნებაში.
-თუ დრო ფულია და ბავშვებისთვის დრო ბევრად უფრო “იწელება”, ვიდრე დიდებისთვის - ჩემი, როგორც ბავშვის 20 თეთრი, ჩემი როგორც მშობლის 20 ლარს უტოლდება.
-განსაკუთრებული გულმოდგინებით შეასწავლეთ ფინანსური საკითხები გოგონებს, სამომავლოდ მეტი ფინანსური თავდაჯერებულობისთვის და ამ ცოდნის შვილებისთვის გაზიარებისთვის.
მაშ ასე, მეც, როგორც დედამ, ამ საუბრის შემდეგ უფრო ხშირად ვსაუბრობ ჩემს შვილთან ფულზე, დაგროვებაზე, მიზნებზე... არ გვავიწყდება ჯიბის ფული და მცირე ბიზნეს გეგმების განხორციელებით, დამატებითი თანხების გამომუშავებაც. ამასობაში, არც ერთს არ გვაწუხებს, გინდა თუ არა, გამდიდრების საკითხი... უბრალოდ, ვცდილობთ ერთად ჩამოვაყალიბოთ ფულთან ისეთი დამოკიდებულება, რომ მას არასდროს არ ეწირებოდეს ურთიერთობები, ბედნიერება, საყვარელი საქმე, მეგობრობა... თორემ, ფული თავის თავზე ბევრად ძვირი დაჯდება, არა?!
ავტორი: ნინო კაკიაშვილი
ფოტო: გურამ ნაკაშიძე