აპრილი 14, 2024
XX საუკუნის დასაწყისში პარიზს - ხელოვნების დედაქალაქს - მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრაფიან.
აქ მოდერნისტული ეპოქის შემოქმედები - პიკასო, მატისი, ბრანკუჩი, მოდილიანი, შაგალი, კანდინსკი და სხვა ხელოვანები მუშაობენ.
პარიზი მეორე მსოფლიო ომამდე თავბრუდამხვევ და მრავალფეროვან შემოქმედებით ცენტრად რჩება და წლების განმავლობაში ეპოქის გამორჩეულ ფენომენად იქცევა.
ვერა ფაღავა მამასთან ერთად, საქართველო, 1910 წელი
თბილისში დაბადებული 16 წლის ვერა ფაღავა 1923 წელს პარიზთან ახლოს, მონრუჟში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასულ ოჯახთან ერთად სახლდება.
ვერა ფაღავა თავის სტუდიაში, მონრუჟი, 1954 წელი
ის დეკორატიული ხელოვნების მოსამზადებელ სკოლაში იწყებს სწავლას, შემდეგ ხელოვნების და რეკლამის სკოლაში ხეზე გრავიურას და ლინოგრავიურას ეუფლება, ხოლო მოგვიანებით ანდრე ლოტეს სტუდიოში - ჩანახატის ტექნიკას.
* ლოტე კუბისტი ხელოვანი, თეორეტიკოსი და ხელოვნების კრიტიკოსია.
"ხელოვნების საიდუმლო იმაში კი არ მდგომარეობს, თუ რამდენად ჰგავს დახატული ფიგურა ცოცხალ საგანს, არამედ იმაში, რით განსხვავდება მისგან." - წერს ის
(Millon 1928, André LHOTE (Bordeaux 1885-Paris 1962) Portrait de Anne, 1925).
ლოტე უარყოფს მოცულობას, პერსპექტივას და მოძრაობას მხატვრობაში და ქრომატული დიაპაზონის შემცირებით ქმნის შუქის მოდელირებას. ლოტეს მხატვრული გადაწყვეტების კვალი ვერა ფაღავას ნამუშევრებში ხშირად იგრძნობა.
ვერა ფაღავას კუბისტური პერიოდი, მისი სხვა თაობის ხელოვანების მსგავსად სინთეტიკური კუბიზმის ჟანრში ვითარდება. თუ ფრანგი მოდერნისტი კუბისტების უმრავლესობა ფოვიზმის და კუბიზმის სტილში ხატავს. ვერა ფაღავა ხშირად წერტილოვანი (პუანტილიზმის) ტექნიკის გამოყენებით ქმნის კუბისტურ ფორმებს.
ვერას შემოქმედებაში აბსოლუტურად ორიგინალურია ქართული თემატიკა და ინტერესი ქართული მოდერნიზმისადმი.
ვერა ფაღავა, უსათაურო
1930 წლის უსათაურო ნახატი ქართულ სუფრას ასახავს.
გეომეტრიული ფიგურები და ფორმები შავი და წითელი წერტილებით ფორმირდება. ნახატში ორი ჩოხოსანი და ორი ევროპულსამოსიანი მამაკაცის სქემატური ფიგურაა. სამი მათგანი მაგიდასთან ზის, ხოლო თამადა ფეხზე დგას ღვინის ჭიქით ხელში სარკმლით მოჩარჩოებული მთების ნახაზების ფონზე. ევროპულსამოსიანი თამადის გამჭვირვალე ჭიქაში ღვინო სისხლის ლაქასავითაა დაწერტილი. თამადა მოკრძალებულად ოდნავ მოხრილია, როგორც ქართველი წიგნიერი ემიგრანტი, რომელიც საბჭოთა საქართველომ გარიყა და გააქრო.
ვერა ფაღავა, უსათაურო, 1930 წელი
თუმცა, ეს შეხედულება, შესაძლებელია, მხოლოდ საბჭოთა გამოცდილების ქართველი მაყურებლის ინტერპრეტაცია იყოს. მამაკაცები ერთამენთს არ უმზერენ, მათ შორის არაა კავშირი. ისინი ქაღალდის სიბრტყეზე მოთავსებული მდუმარე ობიექტები არიან, სადაც მოცულობა წერტილოვანი შტრიხის რითმით, სისქითა და ფერით იქმნება.
ფიგურა თუ ფორმა პირობითობისა და აბსტრაგირებისაკენაა მიდრეკილი. ფორმა აღარაა მნიშვნელი, არამედ ოპტიკური ილუზიის ობიექტია.
ვერა ფაღავას ამ ადრეულ კომპოზიციაში კარგადაა გამოკვეთილი მისი შემოქმედების მახასიათებელი ნიშნები: ნახევარტონის მონოქრომებით შექმნილი რიტმის და მდუმარების განცდა, ფორმების აბსტრაგირება, ტენდენცია ბიომორფულობისკენ და პრიმიტივისტული გულწრფელობა.
„პრიმიტივიზმი თავიდან ბოლომდე ფილიგრანულად მისდევს მოდერნიზმს (ზოგჯერ ფონად). მან სხვადასხვა სახე მიიღო, ფოვიზმიდან და კუბიზმიდან, სიურრეალიზმამდე და გოტლიბამდე.
მარკ როტკოს 1943 წლის განცხადება მითის მნიშვნელობის შესახებ („ჩვენ ვამტკიცებთ სულიერ ნათესაობას პრიმიტიულ და არქაულ ხელოვნებასთან“) და II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში აყვავებული „კობრა“, “არტ-ინფორმელი” და დიუბიუფეს „არტ ბრუტი“ ჩვენში „უცხოს“ ხელოვნების უახლესი ვერსიებია.
პრიმიტივიზმი ჯგუფების მიხედვით განსხვავდებოდა: კუბისტებისთვის აფრიკული ხელოვნება იყო; სიურრეალისტებისთვის - ოკეანური ხელოვნება და ბავშვის კულტი - როგორც ამას რობერტ გოლდუოთარი ხსნიდა; გერმანელი ექსპრესიონისტების და კობრისთვის - მოუთვინიერებელი მე; ინფორმელი მხატვრების და დიუბიუფესთვის - დაუძლურებული კულტურული მე; ბისიესთვის კი - ანონიმური შუა საუკუნეების მხატვარი.“ – “როჟერ ბისიე უკანასკნელი პრიმიტივი“, გვენაელ კერლიდო, 2017)
ორი უცნობი ადამიანი, როჯერ ბისიერი, ვერა ფაღავა, კონჩეტა და როჯერ ჰილტონი რანსონის აკადემიის ეზოში
1932-1939 წლებში ვერა ფაღავა ფერწერას და ფრესკის ტექნიკას რანსონის სამხატვრო აკადემიაში, „უკანასკნელი პრიმიტივის“, როჟერ ბისიეს კლასში სწავლობს. ლოტეს და ბრაკის მეგობარი როჟერ ბისიე ადრეულ შემოქმედებაში კუბისტურ მხატვრობას ფოვიზმის მსუყე ფერწერის ტექნიკას არგებს.
II მსოფლიო ომის შემდეგ ის ფრანგული არაფიგურატიულობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ხდება, რომელსაც შესრულებული აქვს მეტცის კათედრალის ვიტრაჟი, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე დოკუმენტაში და მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს ვენეციის ბიენალეზე.
ვერა ფაღავა, უსათაურო
გვიანი 30-იანი წლების ვერა ფაღავას შემოქმედება მოწმობს თუ რამდენად სხარტია ხელოვანის აზროვნება ტექნიკის ათვისებისას და როგორ იხვეწება მისი ხელოვნება.
ვერას ნამუშევრები ფილოსოფიური და მეტაფიზიკური ხდება.
ის იყენებს ფორმების და ფერების, განათების და ჩრდილის დაპირისპირებას, მაგრამ ამ ტექნიკით ის არ ქმნის მისტიკურ ან საშიშ სამყაროს, როგორც ეს მეტაფიზიკურ ხელოვნებაშია. მის ნამუშევრებში აქცენტი სიღრმიდან გამონათებაზე, შუქზე კეთდება.
ის ასხივოსნებს მუქ სიბრტყეზე მოტივიტივე მდუმარე სამყაროს, სადაც დრო აღარ არსებობს.
თუ დროის განზომილების მეტაფორას ამოვიღებთ მხატვრული კომპოზიციიდან, საგნები სივრცეში მოტივტივე ფორმებად იქცევა. ვერა ფაღავა ფორმებს არა მოძრაობის მთავარი ღერძის, არამედ შუქის ლაქის გარშემო ათავსებს. მისი სამყარო სტატიკური განგრძობითობაა, რომელშიც ყველა ფერი გასულიერებულია.
1935 წელს შესრულებულ ფერწერაში „ჭიქა და ფორმები მაგიდაზე“ მთავარი ღერძი ჭიქის რკალის ჩრდილია მაგიდაზე, ის მზესავით იზიდავს მაყურებლის ყურადღებას.
ვერა ფაღავას განვითარებას აკადემიის წლები განსაზღვრავს. რანსონის სამხატვრო აკადემია მის სამეგობრო წრესაც განაპირობებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელოვანის შემოქმედებით ცხოვრებაში.
II მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ პარიზში ცხოვრება ყველა მხატვრისთვის რთული ხდება, განსაკუთრებით კი ემიგრანტი ვერა ფაღავასთვის. ის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს რომ თავი ირჩინოს. ომის წლებში მისი ბევრი მეგობარი ქალაქს ტოვებს, მათ შორის, როჟერ ბისიეც, ვერა ფაღავა კი მონრუჟში რჩება და აქტიურად განაგრძობს ხატვას, ტექსტილზე მუშაობას თუ დეკორაციების კეთებას. მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებშიც.
1944 წელს ოკუპირებულ პარიზში ცნობილი ფრანგი გალერისტის, კუბიზმის მოყვარული ჟან ბუშეს შეთავაზებით, მისსავე გალერეაში მონპარნასის ბულვარზე, ვერა ფაღავას და დორა მაარის ერთობლივი გამოფენა იხსნება. დორა მაარი ამ დროს უკვე სახელგანთქმული სიურეალისტი და ფოტოგრაფი ქალი ხელოვანია, რომელიც ვერა ფაღავას მსგავსად ანდრე ლოტეს სახელოსნოში სწავლობდა.
პიკასოსთან განშორების შემდეგ, დორა მაარი ფერწერას დაუბრუნდა და ამ პერიოდის ნატურმორტებით არის წარმოდგენილი ვერა ფაღავას მხატვრობასთან ერთად.
გამოფენას მრავალი ცნობილი ადამიანი, მათ შორის, ჟორჟ ბრაკი, პოლ ელუარი, ფრანსუაზა ჟილო და პაბლო პიკასო ეწვევიან. ჟან ბუშერი რამდენიმე წელიწადის შემდეგ გარდაიცვლება, თუმცა ვერა ფაღავა და „პარიზის მეორე სკოლის“ ცნობილი წარმომადგენლები მის გალერეასთან მუდმივად თანამშრომლობენ.
„პარიზის მეორე სკოლა“ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ქალაქში ისახება, თუმცა განვითარებას ომის მომდევნო პერიოდში ჰპოვებს, როდესაც პარიზი როგორც დასავლური კულტურის ცენტრი, ხელახლა იკრებს ხელოვანებს მსოფლიოდან. ტერმინი - პარიზის მეორე სკოლა (Nouvelle École de Paris) - 1952 წელს ხელოვნების კრიტიკოსმა ჩარლზ ესტიენმა დაამკვიდრა.
მეორე სკოლას არაფერი აქვს საერთო პირველთან. ის ომის შემდგომ აბსტრაქციონისტ მხატვრებს მოიცავს და სხვადასხვა ჯგუფად და მიმდინარეობად იყოფა. წამყვანი სტილი აბსტრაქციონიზმია, ტაშიზმი (ექსპრესიული აბსტრაქციონიზმის ფრანგული სკოლა), ლირიკული აბსტრაქციონიზმი, გეომეტრიული აბსტრაქციონიზმი, ინფორმალიზმი იგივე არტ-ინფორმელი, ფიგურატიული და არაფიგურტიული მხატვრობა.
სკოლის იდეოლოგიური ხაზი ამერიკულ ექსპრესიულ აბსტრაქციონიზმთან დაპირისპირებაზე გადის. ბისიე „პარიზის მეორე სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ვერა ფაღავა, თავისი მასწავლებლის მსგავსად, არაფიგურატიული ხელოვნების „პარიზის მეორე სკოლას“ წარმოადგენს.
„პარიზის მეორე სკოლის“ მხატვრების უმრავლესობა მამაკაცები არიან, თუმცა მისი ერთ-ერთი წევრია პოპულარული ქალი ხელოვანი და არტ ინფორმელის წაყვანი წევრი მარია ელენა ვიეირა და სილვა, რომელიც შეძლებული პორტუგალიელი დიპლომატის ოჯახიდანაა და ის ვერა ფაღავას ახლო მეგობარია.
ვერა ფაღავა „პარიზის მეორე სკოლის“ გამორჩეულად თვითმყოფადი ხელოვანია. მისი თემატიკა - პეიზაჟი, ნატურმორტი, ქალაქი - კუბისტურ სტილში იქნება შესრულებული, ლირიკულ აბსტრაქციაში თუ ფიგურატიულ მხატვრობაში, განსაკუთრებულ ბრწყინვალებას და ამაღლებულ განწყობას ქმნის.
მხატვრული ლექსიკა სულიერებით გაჯერებული სამყაროს გამოსახვას ემსახურება. ფორმების და ფერებისაგან მინიმალისტურად დაწურულ ხელოვნებაში გასულიერებული სიჩუმე დაპირისპირებაა დინამიკურ, ხმაურიან, მოძრაობით გადატვირთულ რეალობასთან.
„ყველა ეპოქამ ხელახლა უნდა გამოიგონოს „სულიერების“ პროექტი. (სულიერება = გეგმები, ტერმინები, გადაადგილების იდეები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანისთვის თანდაყოლილი მტკივნეული სტრუქტურული წინააღმდეგობების გადაჭრას, ადამიანის ცნობიერების სასრულს, ტრანსცენდენციას.) თანამედროვე ეპოქაში სულიერი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეტაფორაა „ხელოვნება“ - სიუზენ ზონტაგი (სიჩუმის ესთეტიკა, 1967 წელი)
ვერა ფაღავას სულიერება დაბადების ადგილიდან მოშორებულ ქვეყანაში მისი ავტოგენეზია. მისი „უცხოს“ ხელოვნების ვერსია ქართული ფრესკა ფიროსმანის, დავიდ კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილის, ქართული დეკადენტური მოდერნიზმის აპროპრიაციაა. მისი შემოქმედება ღერძიდან მოწყვეტილ ქართულ ორბიტაზე თავსდება და მისი მხატვრული იერსახე სადა, მონოქრომული დეკორატიულობით არის აბსტრაგიგებული. ის იყენებს საუკეთესო სამხატვრო სკოლებში ნასწავლ ტექნიკას, რომ სულიერების ისტორიაზე ქართული კულტურის მიხედვით ისაუბროს, რაც მის შემოქმედებაში რკინის ფარდიდან ირეკლება.
მისი ნატურმორტები ფიროსმანის სუფრის აბსტრაგირებაა, ხოლო ბრძოლის შინაარსის ფერწერული ტილოები ისტორიულობისგან და სუბიექტისაგან დაწმენდილი ცნობიერების ჭიდილი.
ვერა ფაღავა, ბაბილონის კოშკი, 1959.წელი
1959 წლის ფერწერა „ბაბილონის კოშკი“ალიზის, აგურის, თბილისური დარაბების ღია იისფერის და თიხის ფერებით შექმნილი კუბებითაა შესრულებული, ხოლო მთები - სხვადასხვა ფერით შევსებული დიაგონალური ფორმებით. ფერებით შექმნილი გეომეტრიული ფორმები ფიგურატიულობას ასრულებს, მაგრამ არ ამოწურავს ვერა ფაღავას ხელოვნებაში.
პატარა საქართველო, 1979 წელი
საქართველოს ეროვნული გალერეა
სიუზენ ზონტაგის მიხედვით, როგორც მისტიკოსის საქმიანობა უნდა დასრულდეს ღმერთის არყოფნის თეოლოგიით, ცოდნის მიღმა მყოფი შეუცნობლობის და სიტყვის მიღმა დუმილისკენ ლტოლვით, ისე ხელოვნება უნდა იყოს მიდრეკილი ანტიხელოვნებისკენ, „სუბიექტის“ (ობიექტის, გამოსახულების) აღმოფხვრისკენ და დუმილისკენ სწრაფვისკენ (სიჩუმის ესთეტიკა).
„პარიზის მეორე სკოლა“ ფოვიზმ-კუბისტური ფიგურატიული ტრადიციიდან განთავისუფლებისკენ, სუბიექტის აღმოფხვრისკენ ისწრაფის, მაგრამ აბსტრაქციის მეთოდს არაფიგურატიულობის არტ-ინფორმელის ჟანრს უწოდებს, ამერიკული ექსპრესიული აბსტრაქციონიზმის და საბჭოთა სოციალური რეალიზმის წნეხის ქვეშ.
იგი მოდერნიზმს და პოსტ-მოდერნიზმს შორის არსბეული სივრცეა, პოსტმოდერნისტული დეფიგურატიულობით და მოდერნისტული გულწრფელობით და ის ირიდებს პოსტმოდერნისტულ ირონიულობას. ამერიკული დიდი ფორმატის და ხმაურიანი აბსტრაქიონიზმის ტენდენციას ფრანგული დაზგური ფორმატის არტ-ინფორმელი უპირისპირდება, რომელშიც სიჩუმის ფენომენი საკრალურია. სიჩუმე დიალოგის ფორმაა, რომელიც მაყურებელთან სხვა ტიპის კომუნიკაციას ემსახურება. ვერა ფაღავა ხელოვნებაში მდუმარების დიდოსტატია.
ხელოვანის მიერ ახალი მხატვრული სამეტყველო ენის შექმნა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მეგობარ, მწერალ პიერ ლეკიურესთან თანამშრომლობით შექმნილ სახელოვნებო წიგნებში, რომელშიც ქსილოგრაფიის და მშრალი ნემსის ტექნიკით პუანტილისტურ ჩანახატებს აკეთებს ირანის ქალაქ ისპაჰანზე.
გრაფიკა პიერ ლეკიურეს წიგნისათვის პასაგრადეს. მშრალი ნემსის ტექნიკა. 1977
დისტანცია წერტილებს შორის და ხაზოვანი თანმიმდევრობა, როგორც მუსიკაში რითმებს შორის პაუზა, განჭვრეტის და მედიტაციის სიჩუმის ტექსტურას ქმნის, რომელიც შუამდინარეთის არქაული კულტურის და შუასაუკუნოვანი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ინტერპრეტაციაა.
ვერა ფაღავას ხშირად იწვევენ ჯგუფურ გამოფენებზე როგორც საფრანგეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1958 წელს ვერა ფაღავა საფრანგეთის კომიტეტისგან შეკვეთას იღებს ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე წმიდა საყდრის პავილიონის შექმნაზე. მისი ნამუშევარი - ხეზე მონუმენტური ნახატი „ქრისტეს მიერ სულების მიღება სამოთხეში“ - განკუთვნილი იყო პავილიონის ეკლესიის ფრონტონისთვის. 1966 წელს ის წარადგენს საფრანგეთის პავილიონს ვენეციის ბიენალეზე აკვარელების სერიით და სავარაუდოდ, პირველი ან ერთ-ერთი იშვიათი ქალია ამ პერიოდის საფრანგეთის პავილიონში.
ვატიკანის პავილიონი, 1958
გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე (1986 წელს) ვერა ფაღავა ქმნის ვიტრაჟებს და საეკლესიო ავეჯს დიჟონის წმინდა იოსების ეკლესიისთვის.
ვერა ფაღავა განსაკუთრებული ხელოვანია, რომლის მასშტაბური შემოქმედება კულტურლ ეპოქებს შორის გაყრის პერიოდში ახალ სამეტყველო ენას ქმნის. მისი მდიდარი მემკვიდრეობა ამოუწურავი რესურსია კვლევის და გამოფენისათვის.
ვერა ფაღავას ნამუშევრები გასულ წელს სამშობლოში დროებით დაბრუნდა და ისინი 2024 წლის მარტამდე წარმოადგენილია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენაზე სახელწოდებით - „მდუმარე ქალაქები“.
ავტორი: ლალი პერტენავა
ფოტომასალა: ვერა ფაღავას კულტურის ასოციაცია (AC/VP)