თიბისი შენთვის ბიზნესი სიახლეები

თიბისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში – სტრატეგიული პარტნიორობის ერთი წელი

აპრილი 24, 2023

ერთი წლის წინ, 2022 წლის 4 აპრილს, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. ერთი წლის თავზე თიბისი ამაყობს ინიციატივებით და პროექტებით, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და მხარდაჭერით განხორციელდა და რომლებმაც ხელი შეუწყვეს თანასწორობისა და მრავალფეროვნების გაძლიერებას კომპანიის შიგნით და მის გარეთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიზანი გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. თიბისიმ კი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქალებისა და კაცებისთვის თანასწორი სამუშაო სივრცისა და სოციუმის შექმნა, უკვე გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიული პარტნიორის რანგში, არაერთი ნაბიჯი გადადგა გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.


პროექტები კი, რომლებიც პარტნიორობის შედეგად დაიგეგმა და შედგა, მრავალმხრივია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების როლის გაზრდა და მათი ხელშეწყობა, კომპანიის შიგნით თანასწორობის პრინციპების გაძლიერება, ქალების მხარდაჭერა კარიერულ განვითარებაში, მეწარმეობის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივები და მრავალფეროვნების და თანასწორობის საკითხების ადვოკატირება. 

ქალები ტექნოლოგიებში

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების თანახმად, მსოფლიოში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დარგში დასაქმებულების მხოლოდ 17.1% არის ქალი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა, თუმცა არსებული სტერეოტიპების გამო, უამრავი ქალი ვერ ახერხებს ამ მიმართულებით კარიერულ განვითარებას. ამასთან, კვლევებით დასტურდება, რომ რაც უფრო მეტი ქალი ერთვება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მით უფრო უმჯობესდება კომპანიების შედეგები, პროგრესი, გუნდების წარმატება და ზოგადად — სამუშაო გარემო. 


ეს საკითხი როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ისე თიბისის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამიტომ ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მისაცემად და ტექნოლოგიური ინდუსტრიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, თიბისი გახდა პროექტის 500 ქალი ტექში პარტნიორი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერილია და 16 წლის ასაკიდან გოგოებს და ქალებს მთელი საქართველოდან საშუალებას აძლევს, ისწავლონ Front-end და Back-end დეველოპმენტი; UI/UX დიზაინი; გრაფიკული დიზაინი; ციფრული მარკეტინგი და სხვა ტექ მიმართულებები.

პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ მონაწილეების IT აკადემიაში გადამზადების პასუხისმგებლობა აიღო. IT აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 800-მდე ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, 300-მდე წარმატებული სტუდენტი კი თიბისი ჯგუფში დასაქმდა.

“OutSystems-ის კურსის გავლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ნამდვილად სწორი პროფესია ავირჩიე. მისი დახმარებით უკეთ გავაანალიზე, თუ რისი კეთება მინდა მომავალში და სად ვხედავ ჩემს თავს. კურსზე მიღებულმა გამოცდილებამ, კი შესაძლებლობა მომცა გადამედგა პირველი ნაბიჯები კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის”, — აცხადებს დიანა ხაბაზი.

გარდა ამისა, თიბისის თანამშრომლები პროექტის მონაწილეებს ინდივიდუალურ მენტორობასაც უწევენ, რითაც ხელს უწყობენ მათ კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში. მეტიც, თიბისი აქტიურად მონაწილეობს პროექტის ფარგლებში გამართულ შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებსა და დასაქმების ფორუმებში.


თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, კიდევ ერთი პროექტის მხარდამჭერია, რომელიც ტექნოლოგიებში დასაქმებული ქალების მიღწევებსა და წვლილს აღიარებს — ეს გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოა. პროგრამა უკვე მესამე წელია, ავლენს და აჯილდოებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით გამორჩეულ კომპანიებს, ინიციატივებსა და ადამიანებს და გვაცნობს ადამიანებს, რომლებიც სხვა ქალებისა და გოგოებისთვის მისაბაძი მაგალითები ხდებიან. აღსანიშნავია, რომ ჯილდო ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გაიცემა — ესენია მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, საუკეთესო ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი. ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს კი თიბისი სპეციალურ, მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებს სთავაზობს.

ტრენინგები გენდერულ თანასწორობაზე თანამშრომლებისთვის

თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, ყოველთვის ზრუნავს სამუშაო ადგილზე და მის გარეთ გენდერული თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე. ამ მიზნით, თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მათ შორის იყო სესიები თანამშრომლებისთვის, შეხვედრები მენეჯმენტთან, HR კურსი და სხვა. 


გასული წლის განმავლობაში 5 სესია გაიმართა HR-ის თანამშრომლებისთვის, ფილიალის დირექტორებისთვის და შუა რგოლის მენეჯერებისთვის თემაზე გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე და მის გარეთ. ტრენინგები ონლაინ ფორმატში გაიმართა და მათ მოწვეული სპეციალისტები უძღვებოდნენ.


გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრები ტოპ მენეჯმენტთანაც შედგა და მას ორგანიზაციის წარმომადგენლები, თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილედა ანა ფაშალიშვილი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ანალიტიკოსი, უძღვებოდნენ.

პარტნიორობის ფარგლებში, აღსანიშნავია კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი - HR კურსი, რომელსაც თიბისისა და შვილობილი კომპანიების თანამშრომლები ესწრებიან. HR კურსი მრავალფეროვნების, თანასწორობის და ჩართულობის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომლის მიზანია, აამაღლოს HR პროფესიონალების ცნობიერება ამ თემებზე და შესძინოს მათ საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები დანერგონ მრავალფეროვნება და თანასწორობა სამუშაო ადგილებზე. კურსში თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის ორი თანამშრომელი მონაწილეობს. 

აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა შეიქმნა მრავალფეროვნების, თანასწორობის და ჩართულობის სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა. სწორედ ამ სახელმძღვანელოს გამოყენებასა და შესაბამის მიდგომებს ეცნობიან მონაწილეები კურსის ფარგლებში.


ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარება

თიბისი დიდი ხანია გასცდა ქვეყნისა მასშტაბებს და იქცა დიდ ორგანიზაციად, რომლისთვისაც, ერთი მხრივ, უცხოური გამოცდილების ადაპტაცია და, მეორე მხრივ, საკუთარი პრაქტიკების სხვებისთვის გაზიარება პრიორიტეტულია. ამ მიზნებს ემსახურებოდა თიბისის მონაწილეობა ყოველწლიურ გლობალურ ინიციატივაზე “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის 2022“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საქართველოს საფონდო ბირჟის მიერ იყო ორგანიზებული.


ინიციატივა მიზნად ისახავს ისეთ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობა, საბანკო-საფინანსო სექტორში ლიდერულ პოზიციებზე ქალების გაძლიერება, ქალებზე ორიენტირებული პროდუქტების განვითარება და მრავალფეროვნების ხელშეწყობა. ყოველწლიურ ღონისძიებაზე, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თიბისი, ადასტურებენ პასუხისმგებლობას და ძალისხმევას, ხელი შეუწყონ საკუთარ საქმიანობაში თანასწორობას და სხვა კომპანიებსაც გაუზიარონ გამოცდილება. 

გასული წლის ღონისძიების „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ პანელზე თიბისის ორი წარმომადგენელი, ნინო მასურაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე და ნინო სუქნიძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებმაც საბანკო სექტორში გენდერული თანასწორობის როლზე, ამ მიმართულებით თიბისის ძალისხმევასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. Ring the Bell for Gender Equality-ის წლევანდელ პანელზე კი, რომელიც სომხეთში ჩატარდა, მომხსენებლად მიწვეული იყო თიბისის ESG კოორდინატორი, მაკა ბოჭორიშვილი. 

თიბისი ასევე წარმოდგენილი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომლის თემა “თანასწორობა და მრავალფეროვნება — ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებელი წინაპირობა” იყო. პანელურ დისკუსიაზე გვანცა მურღვლიანმა, თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელმა, თანამშრომლების კეთილდღეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მეწარმეობის მხარდაჭერა

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების აქტიური მხარდამჭერია. კომპანია მხარს უჭერს რეგიონულ საწარმოებს, სათემო ინიციატივებს და მეწარმე ქალებს. ეს თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ამის მაგალითია თიბისის ბიზნესდაჯილდოება, ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ბიზნესების პოპულარიზაციას და აღიარებს მათ როლს ეკონომიკურ წინსვლაში, ინოვაციებსა, რეგიონის განვითარებაში. 2022 წელს ბიზნესდაჯილდოებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და თიბისიმ სპეციალური ჯილდო დააწესეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, რომლის გამარჯვებული ტრადიციული რეწვის სახელოსნო, ედენა გახდა. 

“ედენა არის მცირე საწარმო, რომელიც რაჭაში, ონში დაფუძნდა ქალების მიერ. თანამშრომლები არიან ქალები და ასაქმებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს", — აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა ფაშალიშვილმა გამარჯვებულის გამოვლენისას.

ლილი მაისურაძე, ედენას დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესდაჯილდოებაში 2022 წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა, ეს ნაბიჯი კი გადაადგმევინათ ახლადდამატებულმა ნომინაციამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის დაწესდა.


“ჩვენი საწარმო 2015 წლიდან ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე მუშაობს და ასაქმებს 15 ქალს, შესაბამისად, ეს ნომინაცია განსაკუთრებით აქტუალური იყო ჩვენთვის. ვცადეთ ბედი, თუმცა გამარჯვებას ბოლო წუთამდე არ ველოდით. ეს ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩვენთვის. წარმოუდგენელი სიხარული იყო ასეთი მასშტაბური ბიზნესების გვერდით დგომა დაჯილდოების ცერემონიაზე”, — იხსენებს ლილი მაისურაძე.


მისი თქმით, ჯილდო იყო დაფასება იმ შრომისა, რაც წლების განმავლობაში საწარმომ გასწია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცნობადობის გაზრდისთვის. 


“ჩვენ ერთი პატარა საწარმო ვართ რეგიონიდან, რომელიც ყველაზე ნაკლებად აქტიურია ბიზნესის მხრივ. ეს იყო სიახლეებით დატვირთული და წარმატებებით სავსე წლის საუკეთესო ფინალი, ჯილდო, რომელსაც თიბისის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხრიდან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა”, — აცხადებს ლილი მაისურაძე და ექვს ტურისტულ ქალაქში გამოფენებისა და მასტერკლასების “ეთნო ტურს” აანონსებს. 


მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი საქართველოში მეწარმე ქალების პროდუქციის პირველი გამოფენა-გაყიდვის პარტნიორი იყო. ღონისძიების ფარგლებში, მთელი საქართველოდან 100-მდე ქართველ მეწარმე ქალს ჰქონდა საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა და მათ შორის იყო საწარმო ედენაც. 

“თიბისის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობის შედეგად, ერთი წლის განმავლობაში, ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი დაიწყო. მათ შორის, ერთ-ერთია მეწარმე ქალების მხარდასაჭერი ღონისძიება, რომელიც აერთიანებს თიბისისთვის პრიორიტეტულ სამ მიმართულებას: ბიზნესის მხარდაჭერას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, განათლებასა და პროფესიული უნარების განვითარებას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და მისი მიზანია საზოგადოებაში თანასწორობის და მრავალფეროვნების შექმნა, რასაც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ამყარებს და ხელს უწობს.“- ამბობს თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი.


საზოგადოების ინფორმირება

თიბისი ყოველწლიურად აქვეყნებს მდგრადი განვითარების ანგარიშს, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და მოიცავს ყველა მიმართულებას საზოგადოებისა თუ კომპანიის შიგნით აღებული პასუხისმგებლობების შესახებ. 


“ჩვენი მდგრადი განვითარების ანგარიში საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას თიბისის საქმიანობისა და მისი ზეგავლენის შესახებ. გამჭვირვალობა და ანგარიშგება ხელს უწყობს უწყვეტ მონიტორინგს, ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებას და ჩართულობას. ამასთან, ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ გაუმჯობესების შესაძლებლობები, ყოველწლიურად გავზომოთ შედეგები და გავაძლიეროთ მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები საქართველოსა და რეგიონში. 2021 წლიდან, მდგრადი განვითარების ანგარიშში ქალთა გაძლიერების პრინციპების მიხედვით ანგარიშგება დავამატეთ და ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებით ჩვენი პროგრესის, პოლიტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ვაქვეყნებთ”, — აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის ESG კოორდინატორი.


აღსანიშნავია, რომ თიბისი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ყოველწლიურ შეფასებაში მონაწილეობს და ორგანიზაციას პრინციპების მიხედვით განხორციელებულ აქტივობებსა და მათთან შესაბამისობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მონაცემებს უზიარებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი კი კომპანიის მუდმივ რეკომენდაციებს სთავაზობს ამა თუ იმ გენდერული მაჩვენებლების გაუმჯობესების მიმართულებით. 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში  

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების მიზნით მუშაობა ჯერ კიდევ 2001 წელს, UNIFEM-ის სახელით დაიწყო. 2013 წელს კი თავისი წარმომადგენელი დანიშნა და ოფისი ჩამოაყალიბა. 

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალების როლის გაზრდა სამშვიდობო პროცესებში — ეს ნაწილია იმ საკითხებია, რომლებზეც ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში. რაც მთავარია, ქალთა გაძლიერების მიზნით, ორგანიზაცია სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს. 

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და თიბისიმ ერთობლივი ძალებით უკვე არაერთ ქალს შეუწყვეს ხელი განათლების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში, გამოავლინეს და დააჯილდოვეს ტექ-ტალანტები, აქტიურად დაიწყეს რეგიონებში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერება და სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა. ეს კი მხოლოდ დასაწყისია — თანამშრომლობა გრძელდება და მომავალშიც არაერთი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდება თანასწორი გარემოს მიღწევისა და ქალების გაძლიერებისთვის.

“თიბისი ერთ-ერთი ცნობილი და უმსხვილესი ბანკია საქართველოში. ამრიგად, თიბისის როლი გენდერული თანასწორობის მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია და მისაბაძი მაგალითია სხვა კერძო კომპანიებისთვის. თიბისი ბანკმა, როგორ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიამ, ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი განახორციელა როგორც კომპანიის შიგნით, ისე კომპანიის გარეთ, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. გაეროს ქალთა ორგანიზაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ, ძალიან ვამაყობთ, რომ გვყავს პარტნიორი, რომელიც ასეთ ინოვაციურ პროექტებს უჭერს მხარს და აძლიერებს ქალ მეწარმეებს, ქალებს და გოგოებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და მრავალი სხვა მიმართულებით. ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს ეკონომიკაში ქალების ჩართულობის ზრდას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ოჯახების კეთილდღეობაზე“ - აცხადებს კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში.


ბოლოს აღსანიშნავია, რომ, გასულ წელს თიბისი, ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) და გერმანიის განვითარების ფინანსური ინსტიტუტის (DEG) მიერ, საქართველოში ქალთა გაძლიერების კუთხით სამაგალითო კომპანიად დასახელდა. თიბისი კვლავ განაგრძობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში. ამ პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა კი მნიშვნელოვანი მოვლენაა.