ტექნოლოგია სიახლეები

500 ქალი ტექნოლოგიებში | მასშტაბური გადამზადების პროგრამა

თებერვალი 14, 2022

2020 წლის მონაცემებით, გუგლის, ეფლის, ფეისბუქის, ამაზონისა და მაიკროსოფტის თანამშრომელთა მხოლოდ 25% იყო ქალი, ხოლო 20%-ზე ნაკლები —  ქალების რაოდენობა, ვისაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა. ეს ციფრები განსაკუთრებით საგულისხმოა იმის ფონზე, რომ პირველი პროგრამისტი იყო ქალი და თუ პრესტიჟულ ტექნოლოგიურ გამოცემა TechCrunch-ს დავეყრდნობით, დღეს გოგოების 74%-ს STEM დარგში კარიერის აწყობა სურს.


მიუხედავად იმისა, რომ ტენდენციები დროდადრო უკეთესობისკენ იცვლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა — ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიები — ჯერ კიდევ არ არის გენდერულად მრავალფეროვანი და ინკლუზიური, ამიტომაც ქალებს მრავალი ბარიერის გადალახვა უწევთ, რათა ამ სფეროებში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ. 


ქალთა გაძლიერებისა და ტექნოლოგიურ სფეროებში მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პერიოდულად სხვადასხვა ინიციატივა წამოიჭრება, თუმცა პროგრამა, რომელზეც ახლა გიყვებით, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია — თუ ისევ რიცხვებს მოვიხმობთ, იგი 18 თვე გაგრძელდება და 500 ზე მეტ ქალს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუკვალავს გზას. 


500 ქალი ტექნოლოგიებში — ახალი პროგრამაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს -ბითიუს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, თიბისისთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო. პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თიბისისა და ბითიუს შორის. მემორანდუმი პროგრამის მონაწილეების გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.


პროგრამა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მიმდინარეობს, შეიქმნა ქალებისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება აქვთ, ისწავლონ მათთვის საინტერესო მიმართულებით. ესენია:



  •  Front-end დეველოპმენტი;
  •  Back-end დეველოპმენტი;
  •  UI/UX დიზაინი;
  •  გრაფიკული დიზაინი;
  •  ციფრული მარკეტინგი;
  •  ციფრული პროდუქტების ტესტირება;
  •  და სხვა.

კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროგრამის პარტნიორი - თიბისია.  თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, ამ პროგრამაში ჩართულ ქალებს IT აკადემიაში გადამზადებას სთავაზობს. თიბისის IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს და ამ ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.


პროექტში მონაწილეობას იღებენ ნებისმიერი ასაკის ქალები 16 წლიდან, მიუხედავად იმისა 

მათ აქვთ ტექნოლოგიებში ცოდნა და გამოცდილება თუ — არა. რაც მთავარია, კურსები სირთულეების მიხედვით იქნება დაყოფილი და მაქსიმალურად მოერგება მონაწილეების შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს.


ტექნოლოგიური მოდულების გარდა, პროგრამა ქალებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებსა და კარიერულ Bootcamp-ს სთავაზობს. ამ უკანასკნელის მეშვეობით, ქალები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით. პროგრამა ქალებს ინდივიდუალურ მენტორებთან მუშაობასაც სთავაზობს, რაც მათ სამომავლოდ კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში დაეხმარებათ.


ამ ეტაპზე რეგისტრაცია დასრულებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ პროექტის ვებ-გვერდს ან დაუკავშირდეთ შემდეგ მეილზე: [email protected]