მუსიკა | ცა

ამბავი კოსმიურ ოქროსფერ ტბაზე - Saphileaum-ის ახალი ალბომი Ganbana

Tsa.Music

აგვისტო 09, 2022

ვარსკვლავები, კოსმიური ტბები, გალაქტიკური ოაზისები და ისეთი აუღელვებლობა, რაც მათ მიერ თანადროულად იქმნება, ისეთ მუსიკალურ სივრცედ მოითარგმნება, მკაფიო საზღვრები რომ არ აქვს და მსმენელიც ამ უკანასკნელს მიჰყვება, სიმშვიდეში და უსაზღვროობაში. ანდრო გოგიბედაშვილის მუსიკალური პროექტის, “Saphilaeum”-ის ახალი ალბომიც, “Ganbana”, ამ ამბავს ყვება. 

“წინა ალბომზე, ”Transpersonal Experience”-ზე მუშაობის შემდეგ, რაიმე ახლის კეთების სურვილით ტრეკების წერა დავიწყე. პირველი კომპოზიცია “Nearby the Golden Lake” იყო, რამაც მაშინვე გამიტაცა.”

ქართული რიტმულობით, რომლის ატმოსფეროსაც პერკუსიული ინსტრუმენტები ქმნიან და სფერული ემბიენსით გაჯერებული მუსიკალური ამბავი მსმენელზეა, ან კოსმიურ ოქროსფერ ტბაზე, ან ორივეზე ერთად. 

“ალბომში არსებული ექვსივე კომპოზიცია მინიშნებასავითაა ამ გარემოზე და ქმედებებზე რაც გალაქტიკაში, სხვა პლანეტაზე არსებულ ოაზისთან - ოქროსფერ ტბასთან ხდება. ამ პროცესში, მთავარი გმირი წყალში ჩადის და განიბანება. ამიტომაც გადავწყვიტე, მისთვის Ganbana დამერქვა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ქართული სახელების გამოყენება, ერთ-ერთი მიზანი კი ისაა, უცხოელ მსმენელს ეს ენა გავაცნო.”

თითოეულ კომპოზიციას თავისი ისტორია აქვს და, იმავდროულად, სახელებიდან გამომდინარე, მათთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ატმოსფეროთი და მიზნით, ერთად ქმნიან Ganbana-ს.

“ერთ მთლიანობას ქმნის თითოეული ტრეკი, როგორც თითოეული ორგანო ერთ მექანიზმში, ერთად ქმნიან ადამიანს. მთავარი ბიძგი, სანამ მუსიკის წერას დავიწყებ, ისტორიებია, რისი მოყოლაც მუსიკით მინდა. სულ მაინტერესებდა საიდუმლოებები ცხოვრებაში, ამიტომაც გადავწყვიტე, მუსიკით ეს მისტიციზმი ჩემებურად აღმომეჩინა.”

ანდროს ერთ-ერთი კომპოზიცია, “Cosmic Lake Transparency” 4 ოქტომბერს დედამიწიდან 124 სინათლის წელიწადით დაშორებულ პლანეტა K2-18b-სკენ აიღებს გეზს. 

“ის ტრეკიც, რომელიც კოსმოსში გაფრინდება, გალაქტიკაზე და ტბაზეა. ერთ-ერთ ფესტივალზე (Styhia Festival), დამშრალი არალის ზღვის ფსკერზე დავუკარით მე, გიო ფრანგიშვილმა და Toke-მ მაისში. ფესტივალის მიზანია, ცნობადობა გაზარდოს სტიქიურ მოვლენებსა და გარემოსთან დაკავშირებულ კატასტროფებზე. როგორც აღმოჩნდა, ორგანიზატორებს ჩემი მუსიკა მოეწონათ და მთხოვეს, ჩემი ერთ-ერთი ტრეკის “Cosmic Lake Transparency” “Styhia Beyond”-ს პროექტის ფარგლებში კოსმოსში გაეშვათ. არჩეული 30 ტრეკიდან, 15-15 წამს რადიო სიგნალებით გზავნიან გალაქტიკაში, მზის სისტემის გარეთ მყოფ პლანეტა K2-18b-სკენ, რომელიც დედამიწას ძალიან ჰგავს, წყალიც აქვს და ატმოსფეროც. რადიო სიგნალი იქ 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა. ძალიან საპასუხისმგებლოა და მადლიერი ვარ ამ პროექტის და იმ ადამიანების, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა. სადაც უნდა წასულიყო, ზუსტად იქ მიდის. საიდანაც ვიღებდი ინსპირაციას, იქ უნდა გაფრინდეს.”

ახალი ალბომი რიტმულობითა და სხვადასხვა შრის ხმებით საკმაოდ კომპლექსურია, გარდა ამისა, სინთეზი ქართულ ფოლკლორთან მრავალხმიანობისა და ინსტრუმენტების თვალსაზრისით, Ganbana-ს სპეციფიკური მნიშვნელობით ტვირთავს.

“მე მგონია, რომ ამ სტილის ალბომი ნოვატორულია. ხშირად არ მომისმენია დოლებით დამიქსული მუსიკა ემბიენს ხმებთან, იშვიათი სინთეზია. გამიხარდება, სხვა ადამიანებიც ამ მხრივ თუ დაიწყებენ ძიებას. თუ იმ ბაზას გამოვიყენებთ, რაც ფოლკლორში გვაქვს, და ქართული მუსიკის გათანამედროვებას დავიწყებთ, ესე იგი, ძველს ახალს შევურწყავთ, მათი ნაზავით რაღაც მესამე გამოიძერწება. სწორედ ამ მხრივ მგონია Ganbana უნიკალური - თავისებური ნიშა აქვს.”

ანდრო გოგიბედაშვილის მუსიკალური პროექტის, “Saphileaum”-ის ახალი ალბომი, Ganbana 26 აგვისტოს დარელიზდება ამერიკულ ლეიბლზე, NOT NOT FUN და როგორც ციფრული ფორმატის, ისე კასეტის სახით იქნება ხელმისაწვდომი. 


ავტორი: სალომე ბერძენიშვილი

გარეკანის ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი