ტრანსპერსონალური გამოცდილება Saphileaum-ის ახალ ალბომში

შემეცნებითი პროცესი ყოველთვის ითხოვს ისეთ ელემენტს, რაც ფიქრის პროცესს კიდევ უფრო ააჩქარებს, გაამრავალფეროვნებს, გააღრმავებს და ბოლოს დანიშნულების წერტილზე ჩამოგსვამს. 

ანდრო გოგიბედაშვილის მუსიკალური პროექტი Saphileaum არც ამ შემთხვევაში ცვლის თავის მიმართულებას და ახალი რელიზით Transpersonal Experience მშვიდი გართობის მიმდევრებისთვის ფიქრის კიდევ უფრო დიდ სივრცეს ქმნის. ალბომი ფრანგულ ლეიბლზე, Good Morning Tapes დარელიზდა და ჯერ ციფრული ფორმატის და კასეტის სახითაა ხელმისაწვდომი, თუმცა მაისში Transpersonal Experience ვინილზეც დაიბეჭდება. 

წინა ალბომების მსგავსად, Saphileaum-ის ახალი ალბომიც ატმოსფერული, მშვიდი, ფილოსოფიური ემბიენთ განწყობის წინაპირობაა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არტისტი უკან იტოვებს საკუთარი თეოსოფიური მოძღვრებით გატაცებას და სამყაროს გაცილებით ფართო განსაზღვრებებითაა დაინტერესებული.

არტისტი აქ ბავშვობის შთაგონებას, ძველ სპარსულ პოეზიას და ფილისოფიას უბრუნდება, რომელიც დიდი ხნის წინ ბაბუამ გააცნო. ომარ ხაიამი, რუმი, ნიზამი განიავი, საადის (Omar Khayyam, Rumi, Nizami Ganjavi, Saadi)  და სხვა სუფისტი პოეტების შემოქმედება გახდა ალბომის შექმნის ემოციური ბიძგიც.  

მისი წინა ალბომი, Imaginary Treasures Mountain მიწისქვეშა მოგზაურობების დროს კავკასიონის მთების ქვეშ ჩამარხული განძის ძიებით იყო შეპყრობილი. ამის საპირისპიროდ, Transpersonal Experience იმ მდგომარეობის თაყვანისცემაა, სადაც მსმენელი თავის იდენტობაში არ იკეტება, საკუთარი წარმოსახვა უფრო ფართო მასშტაბებზე გააქვს და ფიქრის პროცესში თავიდან ბოლომდე თავისუფალია. 

ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ Saphileaum-ს მიწისქვეშეთის ატმოსფერული ხმების შემდეგ, ახალ ალბომში უფრო მეტი ტრიბალური რითმი შემოაქვს, down tempo, მედიტაციური, აღმოსავლური თუ აფრიკული გულისცემა, რომელიც უფრო უნივერსალური ბედნიერების ფონია. 

Savar – Kaf – Ra- Ta- Nur – Kosmos 

ალბომის თითოეული კომპოზიციის მიმდევრობაც ამ გრძელი მენტალური მოგზაურობის ცალ-ცალკე გაჩერებაა.

 

Savar - ძველ პერსიულ ენაზე მხედარს ნიშნავს. ალბომში, Transpersonal Experience სწორედ ეს მხედარია ათვლის წერტილი: ადამიანი, რომელიც საკუთარ მატერიალურ იდენტობას ტოვებს, სინათლეს გაივლის და თავისუფალ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვან საწყისს შეუერთდება (“Nur”- “Kosmos”). 

საინტერესო აქ ის არის, რომ რამდენადაც მასშტაბურია ალბომის იდეა, იმდენად მინიმალისტური და მსუბუქია მისი მუსიკალური ფორმა. 

ეს მენტალური მოგზაურობა ჭრელი და გრძელი იქნება, ამიტომ მიატოვეთ მოლოდინები, პათეტიკა და გადაჭარბებული შიშები. ალბომს მხოლოდ ის უნდა, რომ ცეკვით წახვიდეთ რაც შეიძლება შორს, მშვიდად გაერთოთ, შეიმეცნოთ და ფიქრისთვის ყველაზე კომფორტული კუთხე აღმოაჩინოთ; თვითონ Transpersonal Experience კი გზად მშვიდ, ბუნებრივ ხმებს დაგახვედრებთ და მაქსიმალურად გაშლილ სივრცეს შექმნის საკუთარ თავზე კონცენტრირებისთვის.

არის აქ ერთი საინტერესო ასპექტი, რომელიც ემბიენთ ჟანრის ალბომებს თან დაჰყვება. როცა საქმე ამ მედიტაციურ მიმართულებას ეხება, ცოტა რთულია იფიქრო თვითონ არტისტის მოტივაციაზე, მის ეგოზე ან ინდივიდუალიზმზე. ემბიენთ ჟანრი სხვა არაფერია, თუ არა კომფორტული სივრცე თვითონ მსმენელისთვის, მისი რელაქსაციისთვის, და ჩუმად გართობისთვის. ალბათ, გამონაკლისი არც  Transpersonal Experience-ია. ალბომი პლატფორმაა საკუთარ თავთან სალაპარაკოდ. Saphileaum-ის, როგორც მულტიმედია არტისტის აღქმა უფრო რეალურია მისი ილუსტრაციების, პოეზიის და ზღაპრების გაცნობის შემდეგ. 

Saphileaum-ის ილუსტრაციები უნივერსალურობის ზუსტად იმ სტანდარტებს მიჰყვება, რასაც მისი ემბიენთ ჟანრის ალბომები. შავკანიანი კრიშნა ბერძენული წარმოშობის ღმერთებთან ერთად, კოსმიური ოდისეაა, არამიწიერი განცხრომა და იმდენად ბევრი კონტრასტული ფერი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. 

რადგან არტისტისთვის ვიზუალური ხელოვნებით კომუნიკაცია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, სამომავლოდ Saphileaum უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას ცოცხალ პერფორმანსზე აპირებს. ამ შემთხვევაში, მსმენელის „ტრანსპერსონალური გამოცდილება“ უკვე კოლექტიურ ფორმას მიიღებს, რომელიც ხმით მანიპულაციის გარდა, ვიზუალური ელემენტებითაც შექმნის ემბიენთ ატმოსფეროს.

კოლექტიურ გამოცდილბებამდე შეიძლება ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, ამიტომ შეგვიძლია ჩვენი ინდივიდუალური აღმოჩენებისთვის Transpersonal Experience-ის ციფრულ ვერსიას დავუმეგობრდეთ. 

ავტორი: ნინო დავაძე

მთავარი ფოტო: გიორგი ინდუაშვილი