სიახლეები

რჩევები - რა ვაკეთოთ იზოლაციის პერიოდში

როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრების ახალი სტილით გამოწვეულ ცვლილებებს

მარტი 21, 2020

მაშინ როცა უმეტეს ჩვენგანს იზოლაციაში გვიწევს ყოფნა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი პრიორიტეტები გაჩნდა და დღეს უკვე არსებობს საკითხები, რომლებსაც პირველ რიგში უნდა განიხილავდეთ.


იზოლაციაში ყოფნა არც თუ ისე მარტივია. ასეთ ცხოვრებას არ ვართ მიჩვეულები და ეს ყველას კარგად გვესმის. ჩვენი ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდება უახლოეს პერიოდში და დროებით ვერც კინოში ვივლით, ვერც მეგობრებთან ერთად გავატარებთ დროს და შოპინგითაც ვერ დაკვადებით.


სამაგიეროდ, შანსი გვაქვს, იზოლაციით მოპოვებული დრო ეფექტურად გამოვიყენოთ და ის ვაკეთოთ, რისთვისაც აქამდე დრო არასდროს გვრჩებოდა. იზოლაციაში ყოფნა სტრესულია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, იმდენი საქმე შეიძლება გამონახოთ სახლში, რომ მოსაწყენად არც კი გეცალოთ. 


ამ სტატიაში გასწავლით, როგორ შეამციროთ სტრესის დონე და გაუმკლავდეთ ცხოვრების ახალ სტილით გამოწვეულ ცვლილებებს. 




1. წიგნები, წიგნები და წიგნები

დაფიქრდით, რამდენი ხანია ოცნებობთ თავისუფალ დროზე, თაროზე დიდი ხნის წინ შემოდებული წიგნები რომ გადაშალოთ და კითხვას შეუდგეთ. წიგნების შერჩევის ნაწილში ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ შეგვიძლია გირჩიოთ, რა პრინციპით შეარჩიოთ ისინი. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ეპიდემიებსა და პანდემიებზე ნაკლები იფიქროთ, მაშინ სჯობს ისეთი წიგნებზე გააკეთოთ არჩევანი, რომლებიც საერთოდ არ ეხება ამ თემებს. შესაძლოა ინტერნეტში გამოქვეყნებული რჩეული სიები დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.




წიგნების კითხვა იზოლაციის პერიოდში ძალიან სასარგებლოა ფსქილოგიური თვალსაზრისითაც რადგან კითხვაში გატერებულ დროს ფაქტობრივად სხვა ადამიანების ცხოვრებას, ათასგვარ სამყაროსა და ისტორიებში მოგზაურობას უთმობთ, რაც დაგეხმარებათ სტრესის შემცირებასა და განტვირთვაში.





2.ფილმები და სერიალები


დაგვეთანხმეთ, რომ არასდროს გაქვთ საკმარისი დრო, საყვარელ სერიალს ერთი ამოსუნთქვით უყუროთ და შემდეგ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ათასგვარი დამატებითი ინფორმაცია მოიძიოთ საყვარელი გმირების ან მსახიობების შესახებ.



აი, იზოლაციის კიდევ ერთი პლუსი: ახლა შეგიძლიათ სინდისის ქენჯნის გარეშე დივანზე მოკალათდეთ და დაუსრულებლად უყუროთ GOT-ის რვავე სეზონს, რომელიც უკვე სამი წელია გეგმაში გაქვთ. 




სერიალების გარდა, ხომ არსებობს ისეთი ფილმებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ნანახი (რადგან ასე გკარნახობთ საკუთარი ეგო) და ვერა და ვერ მოიცალეთ აქამდე? არადა, მეც და თქვენც ალბათ, დიდი ხანია გინდათ ერთი ამოსუნთქვით უყუროთ სტენლი კუბრიკის, აკირა კუროსავასა და ფედერიკო ფელინის ფილმოგრაფიას. ხოდა, გამოიყენეთ ეს დრო სასარგებლოდ, ამისთვის ყველანაირი პირობა გაქვთ. 


თუ სერიალებისა და ფილმების მარაგებს ამოწურავთ, მაშინ სხვადასხვა ინტერნეტწყარო გამოიყენეთ, რათა რჩევები და ახალი სიები ამოიკითხოთ.




3.ივარჯიშეთ სახლში

ახლა მაინც ხომ ვერ იტყვით, რომ დარბაზში სიარულის და ვარჯიშის დრო არ გაქვთ? წარმოიდგინეთ, 2 კვირა რომ მხოლოდ ფილმების ყურებასა და წიგნების კითხვას დაუთმოთ, შეიძლება სიარულიც დაგავიწყდეთ. ამიტომ, ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია, მინიმალურ დონეზე მაინც. ვარჯიშის სტრესს ამცირებს, მაგრამ ამის გარდა, ტონუსში ყოფნაშიც გეხმარებათ. იზოლაციიდან რომ გამოხვალთ, სიზარმაცე შეგიპყრობთ თუ ფიზიკურად არ დაიტვირთებით. 


სწორედ ამიტომ, შეარჩიეთ სახლის ვარჯიშები, როგორიცაა „პლანკა“, მუცლის პრესი, მძიმეების აწევა და სხვა. შეგიძლიათ, კარდიო ვარჯიშებიც დაამატოთ და იცეკვოთ ენერგიულ მუსიკაზე, გააკეთოთ აზიდვები და თავისუფალ სივრცეში იხტუნაოთ ლახტზე.






როგორც წესი, ასეთი აქტიურობით იმაზე უკეთეს ფორმაში იქნებით, ვიდრე თვითიზოლაციამდე იყავით, რადგან თუ ბოდიბილდერი არ ხართ, სახლის ვარჯიშებიც საკმარისია მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად და კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.




4. შეამცირეთ სოციალურ ქსელში გატარებული დრო

არ ვხუმრობთ, მართლა. სოციალურ ქსელში ამ დღეებში მხოლოდ კორონავიურსის შესახებ გხვდებათ ინფორმაცია და ეს ზრდის სტრესსა და შფოთვას. ამ ყველაფრისთვის დღეში 1-2 საათიც გეყოფათ, დანარჩები დრო კი ზემოთ მოყვანილ აქტივობებს დაუთმეთ. 


მაგრამ, ალბათ, იკითხავთ და სამათლიანადაც, რა ვუყოთ ცნობისმოყვარეობასო. კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სჯობს გადაამოწმოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდი და იქიდან მიიღოთ სიახლეები, რომლებსაც ნაკლებად სენსაციური და პანიკური სათაურები ექნება.



დარჩით ინფორმირებულები, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის არც სოციალური ქსელების გამოყენება.




5 . ესაუბრეთ მეგობრებს ხშირად


იზოლაციის მთავარი დაბრკოლება სოციალიზაციის ნაკლებობაა, რომელიც 21-ე საუკუნეში დისტანციურად შეგიძლიათ შეივსოთ. ვინაიდან გარეთ გასვლა არ არის რეკომენდებული, თქვენი შეხვედრის ადგილები ჩაანაცვლეთ ვიდეო-ზარებით, რომლისთვისაც არაერთი კარგი აპლიკაცია არსებობს. 






ტრადიციულად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მესენჯერი ან ნაკლებად ცნობილი პროგრამები, რადგან სიახლეების აღმოჩენა სასიამოვნო განცდაა ყოველთვის.




შესაბამისად, გამოსცადეთ Zoom ან Hangout, რათა ფეისბუქის ნაჩვევმა ინტერფეისმა კედელზე გადასვლა არ მოგანდომოთ. 


ეს რჩევა განსაკუთრებულად უნდა გაითვალისწინოთ, რადგან სოციალიზაცია სტრესის დაძლევის ყველაზე ეფექტური მეთოდია. კორონავირუსის პერიოდში, ზოგიერთი ფსიქოლოგი სამეგობრო წრეს ურჩევს შექმნან ჩატი სახელწოდებით #კარანტინისჩატი, რადგან მეგობრებთან საუბრები გაფიქრებინებთ, რომ კარანტინი სულაც არ ნიშნავს რაიმე ცუდს, არამედ ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი მოკლე მონაკვეთია, რომელიც უამრავ თავისუფალ დროს გჩუქნით. 



6. თუ მუშაობა დისტანციურად გიწევთ...


თუ მუშაობა სახლიდან გიწევთ, მაშინ ამ ყველაფერს მიუდექით ძალიან საქმიანად.




დილით გაიღვიძეთ ისეთ დროს, როგორც სამსახურში წასვლის დროს იღვიძებთ და გამოეწყვეთ ისე, როგორც ოფისში იცვამთ ხოლმე.



ეს დაგეხმარებათ კონცენტრირებაში და საქმის უფრო ხარისხიანად და სწრაფად წარმართვაში.


დისტანციურად მუშაობის შესახებ უფრო დეტალურად ამ ბლოგში წაიკითხავთ, მაგრამ ყველაზე მთავარია გახსოვდეთ, რომ პირადი, თავისუფალი დრო სამუშაო დროისგან გამიჯნოთ, ისე, როგორც ამას იზოლაციამდე მანამდე ახერხებდით.


და აქვე, 3 აუცილებელი წესი, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ....


1. ხელები დაიბანეთ ხშირად, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში; 


2. სახლი გაანიავეთ 2-3 საათში ერთხელ, 10 წუთის განმავლობაში;  


3. იყავით მშვიდად, იზოლაციის პერიოდი მალე გაივლის.