სიახლეები

როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად?

დისტანციური სამუშაოს მთავარი სარგებელი დროის დამოუკიდებლად მართვაა

მარტი 12, 2020

მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღე მატულობს დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადასული და გადასვლის მსურველი ორგანიზაციების რიცხვი. უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციაში სრულად დისტანციურ რეჟიმზე მუშაობის დროს, უამრავ პრობლემას წავაწყდი, უამრავი “ტრადიციული” სამუშაო წესების ან ადაპტირება, ან სრულად ამოღება მომიწია იმისთვის, რომ ჩემი გუნდი მაქსიმალურად ეფექტიანი და პროდუქტიული ყოფილიყო.


ამ ბლოგში ზუსტად ეს გამოცდილებაა აღწერილი და განკუთვნილია როგორც კომპანიის მენეჯერებისთვის, ასევე ნებისმიერი თანამშრომლისთვის, რომლის ორგანიზაციაც დისტანციურ რეჟიმზე გადადის.



მითი: ჩვენი ორგანიზაცია დისტანციურად ვერ იმუშავებს


ხშირად ისმის ის აზრი, რომ სხვებს შეიძლება გამოუვიდეთ, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია განსაკუთრებულია და ჩვენ სამწუხაროდ არ გამოგვივა. რაც რა თქმა უნდა, მითია, რიგი გამონაკლისების გარდა, როგორიცაა მაგალითად სატრანსპორტო კომპანიები, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია იყოს პროდუქტიული სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმში. შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე ფიზიკურ ოფისში.


დაფიქრდით თქვენი საქმიანობის ძირითად საფუძვლებზე და არა ამ საფუძვლების შესრულების ხელსაწყოებზე.


თუ თქვენ გაქვთ ფიზიკური მაღაზია, სადაც ყიდით ტელევიზორებს, რა არის საფუძველი? ტელევიზორების გაყიდვა. ფიზიკურ მაღაზიაში გაყიდვა უბრალოდ საფუძვლის შესასრულებელი ხელსაწყოა. ონლაინ მაღაზიაც საკმარისი იქნება და შეიძლება, უფრო ეფექტურიც.



თუ გინდათ, რომ დაადგინოთ, შეძლებს თუ არა კონკრეტული თანამშრომელი დისტანციურად მუშაობას, დასვით 2 კითხვა:


1.შეუძლია თუ არა თანამშრომელს, რომ იგივე საქმე შეასრულოს, სახლიდან?


2.თუ არ შეუძლია, რა არის მიზეზი და რისი ცვლილება შეიძლება, ორგანიზაციულ დონეზე, რომ შესაძლებელი გახდეს?


თუ კომპანიის ტრადიციული მუშაობის ფორმა აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე გამოწვევებს, მსგავსი სისტემა ან უნდა ადაპტირდეს, ან თქვენი კომპანია უბრალოდ აღარ იარსებებს.





კომუნიკაცია




თანამშრომლებს შორის სწორი და გამართული კომუნიკაცია ეფექტური და წარმატებული გუნდის ძირითადი მახასიათებელია. დისტანციურ რეჟიმში, ძალიან მარტივია, რომ კომუნიკაციის მნიშვნელობა დაგვავიწყდეს და უკეთესიც კია, რომ გადაჭარბებული იყოს. არ არსებობს ზედმეტი კომუნიკაცია იქამდე, სანამ საუბარი საქმეს ეხება.


ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, თქვენს ორგანიზაციაში გამოიყენეთ უფასო აპლიკაცია - Slack. ელექტრონული ფოსტა ნელია, ხოლო სოციალური ქსელების მესენჯერები არაა მორგებული სამუშაო სივრცეზე.


ვიდეო ზარებისთვის გამოიყენეთ ასევე Slack, მაგრამ თუ დამსწრეების რაოდენობა აჭარბებს 5-ს, Zoom უკეთესი გამოსავალი იქნება.


გააკეთეთ სხვადასხვა ჯგუფები (channels) Slack-ში და მაქსიმალურად ბევრი ილაპარაკეთ ერთმანეთთან. კარგი იქნება, თუ ეს ჯგუფები ორგანიზაციის დონეზე საჯარო იქნება ყველა თანამშრომლისთვის.





პირადი და სამუშაო დროის გამიჯვნა




დაიცავი მკაცრი რეჟიმი. თუ 10 საათზე მიდიოდი სამსახურში და 6-ზე გამოდიოდი, 10 საათზე იწყებ მუშაობას სახლიდან და 6-ზე ამთავრებ. პირადი და სამუშაო დროის ერთმანეთში არევა უამრავ პრობლემას გამოიწვევს. უპირობოა ეს. არანაირი "აი ამასაც მოვრჩები და ეგაა". მაგრამ არაა აუცილებელი, დაწყების და დასრულების დრო ფიქსირებული იყოს, 8 საათზე დაწყება და 4 საათზე დასრულებაც იგივე სამუშაო დროს გაძლევთ. მთავარია, რომ თქვენით არჩეული რეჟიმი მაქსიმალურად დაიცვათ.


დისტანციური სამუშაოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სარგებელი ზუსტად დროის დამოუკიდებლად მართვაა. მთავარია, რომ გქონდეთ მკაცრი დროის საზღვრები, რის იქითაც თქვენ ამთავრებთ სამუშაოს და ერთვებით პირად ცხოვრებაზე.





ასინქრონული კომუნიკაცია




არ გქონდეს მოლოდინი, რომ თანამშრომელი ვალდებულია, რომ სწრაფად გაგცეს პასუხი. დისტანციური სამუშაოს მთავარი სარგებელი ისაა, რომ ადამიანი თვითონ, დამოუკიდებლად მართავს თავის დროს. შეიძლება ადრესატი რამე საქმითაა დაკავებული და გიპასუხებს, როცა გიპასუხებს. თუ სწრაფი პასუხი კრიტიკულად აუცილებელია, მიანიშნე, მაგრამ უნივერსალური, ნაგულისხმევი მიდგომა არ უნდა იყოს ეს.




ფსიქოლოგია




გამოიცვალე ტანსაცმელი. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან არ გადიხარ, არ ნიშნავს იმას, რომ სახლის ტანსაცმელში უნდა იჯდე. ამის ბევრი მიზეზია და უმეტესობა ფსიქოლოგიურია. სამსახურის ტანსაცმლის ჩაცმა ნიშნავს სამსახურის დაწყებას და გახდა ნიშნავს დასრულებას. ტანსაცმელი უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითია. რაც უფრო მეტი მსგავსი ფსიქოლოგიური ხრიკები გექნებათ სამსახურის და დასვენების ერთმანეთისგან გასამიჯნად, მით უკეთესი.




სოციალიზაცია




კვირაში ერთხელ მაინც, გააკეთეთ “watercooler შეხვედრები”, სადაც ყველა თანამშრომელი იქნება ჩართული. “watercooler შეხვედრა” ქართული, კლასიკური ოფისის სამზარეულოს ანალოგია. სადაც შეგიძლიათ თანამშრომლებთან არასამუშაო საკითხებზე ილაპარაკოთ, დაუახლოვდეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც დისტანციურ სამუშაოში ძალიან საჭიროა. დასწრება სავალდებულო არ უნდა იყოს, მაგრამ "თვალის ჩაკვრით სავალდებულო" უნდა ერქვას. ანუ არავინ უნდა დაისაჯოს, თუ არ დაესწრო, მაგრამ დაუსწრებლობა ცუდია.





დავალებების მართვა




ეს კომპონენტი უფრო ზოგადია და არა მხოლოდ დისტანციურად მომუშავე ორგანიზაციებს გამოადგებათ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ დავალებების მართვის სისტემები. ერთი უნივერსალური პროდუქტი არ არსებობს, რომელიც ყველა ორგანიზაციას მოერგება, მაგრამ არჩევანი დიდია. რამდენიმე მაგალითი: Trello, Jira, Pivotal Tracker. აუცილებელია, რომ ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რას აკეთებენ მოცემულ მომენტში მისი სხვა თანამშრომლები.


როგორც ზემოთ დავწერე, ყველა ორგანიზაციას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი არსებობს, რომელიც წლებია, რაც სრულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, საკმაოდ წარმატებულად. ყველა მათგანი მზად იქნება, რომ დაგეხმაროთ, თუ უბრალოდ ითხოვთ.



ავტორი: გიორგი ლიუბარეცი / George Lubaretsi

Localinsights-ის თანადამფუძნებელი, პროგრამული ინჟინერი / არქიტექტორი, Python, Django, K8S, GCP, GIS, ETL/ELT სისტემები