მუსიკა | ცა

მუსიკის ტრავმული მეხსიერება

Tsa.Music

იანვარი 27, 2021

გოგი ძოძუაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა მუსიკით სერიოზულად დაინტერესდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ დიდი ინტერესი, დროთა განმავლობაში მუსიკა ყველაფერი გახდა მისთვის.

მისი პირველი ნაბიჯები მუსიკალური კარიერისკენ 1992 წელს იწყება, როცა გოგი ძოძუაშვილი ჯგუფ Mother on Mondays-ის წევრი ხდება. მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მასზე დიდი გავლენა არა მხოლოდ დასავლურმა მუსიკამ და მსოფლიოს ამ ნაწილის შემოქმედებისკენ ლტოლვამ, არამედ, ლოკალურ სივრცეში აღმოჩენილმა საკულტო მუსიკოსმა, დადა დადიანმაც იქონია.

გოგიმ პირველი სოლო ალბომი - „Clear & Cold” 1994 წელს გამოუშვა, რომელსაც მალევე მოჰყვა მეორე - „Friends” (1996). ამის შემდეგ, 2000 წელს მან ნიკა მაჩაიძესთან ერთად იმუშავა მანანა მენაბდის ალბომზე - „Sami“. ამავე წელს ითანამშრომლა მჟავა Message-თან, რომლის ციფრული ალბომის ვერსიაც Ces records 2021 წლის დასაწყისში გამოვიდა.

2000-იანების დასაწყისში გოგი ძოძუაშვილმა დაიწყო ახალი პროექტი, სახელწოდებით - Post Industrial Boys, რომელის სადებიუტო ალბომიც, იმავე სახელწოდებით გერმანიაში, მაქს ერნსტის ლეიბლზე გამოსცა. ეს ალბომი ლოგიკურად ებმის მჟავა Message-თან არტისტის ურთიერთობას, რადგან მასში გამოყენებულია GOSLAB-ის, ხელოვანებისგან დაკომპლექტებული საზოგადოების, წევრების ხმები, რომელთა ერთიანობის შედეგიცაა Ces Records-ზე გამოშვებული ალბომი. ამ საზოგადოების წევრი იყო თავად გოგიც.

ეს ისტორია, მუსიკოსის მეორე ალბომზეა, სახელწოდებით - Trauma, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ქართული ალბომია. მისი ჟღერადობა, მიუხედავად ინგლისური და ქართული ტექსტების მიქსისა, არის ზექართული და ზეემოციური...

მასში დიდი დოზით არის კონცენტრიებული ის ტრავმული მეხსიერება, რაც ალბომს სენტიმენტალურსა და ეგზისტენციალურს ხდის.

IDM, Ambient ჟღერადობა იდეალურად გადმოსცემს სათქმელს და 2006 წლის საქართველოს პორტრეტს ნათლად გვიჩვენებს. უიმედობისა და იმედის ერთობლიობით შექმნილი დისონანსი ქმნის იმ ელემენტს, რაც მუსიკაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაიტმოტივია.

მჟავა Message-სგან განსხვავებით, ალბომი უფრო მეტად ორიენტირებულია pop electronic/downtempo ჟღერადობაზე, რაც მას მსუბუქს და საკმაოდ ინტიმურს ხდის, მაგრამ, ამის მიუხედავად, არ კარგავს ფსიქოდელიურ გრუვს და ღრმა ემოციურ შრეებს, რომელიც თითოეულ კომპოზიციაში ადვილად საგრძნობია მსმენელისთვის. გამოვარჩევდი კომპოზიციას In slow motion, სადაც გოგის მუსიკალური პორტრეტი მკაფიოდ არის გაშლილი მისი ბგერების პალიტრაზე...

მიუხედავად წმინდა დასავლური ჟღერადობისა, ეს კომპოზიცია ძალიან ქართულია. ნიუ-იორკული, გლამურული სულის, ახალი ტალღისა და ლუ რიდის დიდი გავლენაა ალბომში, რასაც თბილისური მელანქოლია იდეალურად ერწყმის. ჩნდება განცდა სხვა უკეთესი ადგილის არსებობის, სხვა დროის, ოღონდ არა ფიზიკური მნიშვნელობით, არამედ უფრო სპირიტუალური, რადგან ამ ადგილის არსებობის შესაძლებლობა დასაშვებია ამ დროში, 2006 წლის თბილისში, როცა ამ ადგილის არსებობის უიმედობაში მყოფ საზოგადოებას, მუსიკოსი სწორედ მისი აღმოჩენისკენ უბიძგებს.

წარმოგიდგენთ მცირე ინტერვიუს გოგი ძოძუაშვილთან:

როგორც ვიცით, თქვენ პროფესიით ექიმი ბრძანდებით და სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრეთ, როგორ მიხვედით მუსიკამდე?

პირველი მუხტი ბითლზების მოსმენა იყო და, ზოგადად, სამოციანი წლების მუსიკა. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ამ ჟღერადობაში. სამედიცინოზე კი იმიტომ მოვხვდი, რომ მაშინ მუსიკოსობა არასერიოზული და სასაცილოც კი იყო, ამიტომაც ავირჩიე „სერიოზული“ პროფესია.

თქვენი მუსიკა არის ზედასავლური და ამავდროულად ქართული, როგორ მიხვედით ამ ჟღერადობასთან?

ფორმა დასავლური აქვს, შინაარსი - ქართული, უფრო სწორად, მაშინდელ-თბილისური. ეს ავტომატურად მოხდა, ყველანაირი გააზრების გარეშე. ვცდილობდი, ამომეღო შიგნიდან ის, რაც მაშინ იყო ჩემში და იმის გამო, რომ მარტო დასავლურ მუსიკას ვუსმენდი, ასეთი მიქსი მივიღეთ.

როგორ გგონიათ, კიდევ შეიცვლება თუ არა მუსიკა, როგორც ეს ზემოთ ნახსენებ 60-იან წლებში, შემდგომ 80-იანებში, 90- იანებსა და 2000 იანების დასაწყისში მოხდა? საბოლოოდ, პოსტ-ინტერნეტ ეპოქაში თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი ბგერა ჰქონდა. განაგრძობს მუსიკა განვითარებას?

ახალი მუსიკა აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ როდის, არ ვიცი. მე მგონია, რომ ბოლო 30 წელია არაფერი ახალი და საინტერესო არ მომხდარა, თუმცა ეს ჩემი აზრია და შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს, არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ზოგადად ხელოვნებაშიც. თითქოს ხელოვნების ენა აღარ არი საჭირო კომუნიკაციისთვის, რაც ნამდვილად დროებითია და როგორც კი ადამიანი მოიხდის ამ ვირუსს რომელსაც “ენტერტეინმენტი” ჰქვია, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

აქტუალური კითხვა და უკვე ბანალურიც კი - რა შეცვალა მუსიკაში და მუსიკოსის ცხოვრებაში პანდემიამ? 

ჩემთვის, სინამდვილეში, არაფერი არ შეიცვალა იმიტომ, რომ ზუსტად ისევე ვცხოვრობდი პანდემიამდე, როგორც ახლა - ერთადერთი აქ, ჰოლანდიაში პირბადეს ვიკეთებ მაღაზიაში გასვლისას. თუმცა, საზოგადოების უმეტესობისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა, კონცერტები აღარ არის, ღამის კლუბები დაიკეტა და ბევრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამავე დროს, მუსიკოსი მარტო დარჩა თავის თავთან და მეტი დროც აქვს, ალბათ, შემოქმედებისთვის, რაც კარგია. მე მგონია, რომ შანსი ნამდვილად არის ბევრი რაღაცის შეცვლის, თუმცა შეიძლება, ყველაფერი ისევ თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს. მე პირადად ვფიქრობ, რომ უფრო პირველი მოხდება.

ავტორი: დიმიტრი შუბითიძე