მუსიკა | ცა

მჟავა MESSAGE

Tsa.Music

იანვარი 15, 2021

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული ახალი თაობისთვის - მხოლოდ 2000-იანი წლების შუა პერიოდში თუ მოხდა პერსონალური მუსიკალური სკივრების გახსნა და პერიოდულად წარსულიდან გადმოსროლილი მასალიდან ახალი აღმოჩენების გაკეთება. უამრავი ჩანაწერი იმ პერიოდიდან პირადი დაუდევრობის თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო უკვალოდ გაქრა, უამრავი ბენდი და პროექტი კი, ჩანაწერების გარეშე მითიურ პერსონაჟებად იქცნენ.

ამ გზას გადაურჩა, თუმცა დღემდე მაინც გაურკვეველი რჩებოდა ერთი საინტერესო პროექტის და მათი ჩანაწერის ბედი, რომელმაც 90-იანი წლების მეორე ნახევარში, საქართველოში ელექტრონული მუსიკის პირველ წრე და ტალღას მოხაზა. საუბარია „მჟავა MESSAGE“-ზე და ამავე სახელით გამოცემულ ალბომზე. 

1996 წელს გოგი ძოძუაშვილს უკვე ჩაწერილი ჰქონდა პირველი ალბომი Mother On Mondays-თან სახელწოდებით „Clear & Cold” და ჯგუფის მეორე ალბომზე, „Friends“-ზე მუშაობდა - ასევე 2 წლით ადრე გადაიკვეთა მისი და ნიკა მაჩაიძის გზებიც, გოგიმ ნიკას სადებიუტო ფილმისთვის „Fly Alone” მუსიკა დაწერა. მის ნამუშევრებში იმ დრომდე კომპიუტერული ჟღერადობა ნაკლებად დომინირებდა და ძირითადად სინთეზატორ/სეკვენსერზე ცდილობდა კომპოზიციების აგებას. ამავე პერიოდში ნიკაც აქტიურად დაინტერესდა ამ პროცესით და კომპიუტერზე პირველი ექსპერიმენტული ტრეკები შექმნა, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა ჩაწერილი ხმების კოლაჟს წარმოადგენდა. მალევე პროექტში მონაწილე ადამიანთა წრე გაფართოვდა, პროცესს თავისი ხიბლი შესძინეს, მაია სუმბაძემ, გიო სუმბაძემ და ნინო ჩუბინიშვილმა - საბოლოოდ კი მივიღეთ ხელოვანთა წრე, რომლებიც რამდენიმე წელში საზოგადოებისთვის GOSLAB-ის სახელით წარსდგნენ.

ალბომს, ალბათ, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პირველი ოქრო, ეროვნული ელექტრონული მუსიკის საბადოებში.

მის გამოსვლამდე, რა თქმა უნდა, ელექტრონულ ჟღერადობას იყენებდნენ გარკვეული ბენდები თუ მუსიკოსები (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ინსტრუმენტების ნაკლებობის გამო, ხშირად „რიგიც“ კი დგებოდა კონკრეტული ინსტრუმენტის დასაუფლებლად) - თუმცა სრულიად ელექტრონულ ჟღერადობას პირველად სწორედ „მჟავა MESSAGE“-ში ვხვდებით, რაც ალბომის მნიშვნელობას ხაზს უსვამს და მიუხედავად მისი ექსპერიმენტული ხასიათისა, მისი შექმნის შედეგ წლებში ერთგვარ გზამკვლევადაც კი იქცევა ორივე მუსიკოსისთვის.

ალბომი „Хризантема”-თი იწყება. ეს ერთწუთიანი ხმოვანი მანიპულაციაა, სადაც ნიკა მაჩაიძის მცირე ვოკალური ჩანართი და ჩვენთვის უცნობის სიცილის სემპლი ხმოვან ალიაქოთად იქცევა, მსმენელსაც პირველად ექმნება შთაბეჭდილება რომ ალბომი მარტივ მუსიკალურ გასერინებად როდი გამოდგება.

ალბომის მეორე კომპოზიცია, „ბენზილინა“ გოგი ძოძუაშვილს ეკუთვნის, რომელსაც ნიკა მაჩაიძის, ნინო ჩუბინიშვილის, მაია და გიო სუმბაძეების ტექსტები ახლავს თან. აქ კომპოზიციურ წყობაშიც ნათლად ჩანს გოგის მუსიკალური გამოცდილება, რომელიც ლაღი და მშვიდი ცურვაა ბგერების სამყაროში. რაც შეეხება ტექსტს, აქ როგორც ალბომის სხვა კომპოზიციებში, სიტყვების თამაშია, თუმცა კი ყველაფერი ისე ავსებს ერთმანეთს, რომ რამდენიმე მოსმენის შემდეგ საერთოდ აღარ უკვირდები შინაარს და თავიდან აჭერ Play-ს.

„მჟავა Baby“ ალბომის ერთადერთი ნაწილია, რომელიც გიო სუმბაძეს ეკუთვნის. ნიკას მსგავსად აქაც აუდიო კოლაჟის შექმნის პირველი მცდელობებია, სადაც შუაში ინდური ფილმიდან ამოჭრილი მისამღერი და კომპიუტერული გლიჩი ერთ წუთიან სკიტს ქმნიან.

„Eyelids“ პირადი ფავორიტია, გამორჩეული მშვიდი ატმოსფეროთი, სადაც ნინო ჩუბინიშვილი სიზმრისეულ ხილვებზე გვიყვება.

„Maka“ - კიდევ ერთი კოლაჟია, რომელიც breakcore-ის ქაოტური ბიტით იწყება და მთავრდება, შუაში კი ამოვარდნილად ნიკა მაჩაიძის ხმა და Depeche Mode-ის 90-იანების ჰიტის, „Policy Of Truth-ის მცირე მონაკვეთი გასდევს ფონად.

„Lula“, ალბათ, ალბომის ყველაზე პოპულარული კომპოზიციაა, რომელმაც თავისი გზა გოგი ძოძუაშვილის სოლო სადებიუტო ალბომშიც ნახა. მაია სუმბაძის ტექსტი წარმოგვიდგენს პოსტმოდერნული სამყაროს ახალგაზრდის ცხოვრებას, რომლის ყოველდღიურობაც გაჟღენთილია სამომხმარებლო დღის წესრიგითა და დასავლურ კულტურასთან შერწყმის ოცნებით.

„ჩვენ ყველანი ვმუშაობთ“ - თითქოს წინა კომპოზიციის იდეური გაგრძელება არისო, რატომღაც ყოველთვის კორპორატიულ კულტურასთან და დღისწესრიგთან ასოციაციას იწვევდა ეს კონკრეტული ნაწყვეტი.

„Cops & Their Wives“ -  ჩემო მეორე ფავორიტია - იგი აგრძელებს ლულას სენტიმენტს და მოსმენილი ქართულ-ინგლისური სიტყვათა თამაში მხოლოდ შაირი როდია, აქ ისევ გვხვდება გასული საუკუნის ბოლოსთვის არსებული ვესტერნიზებული ქართველის პორტრეტი, რომელიც ნათელი მომავლისკენ ეძიებს გზას.

მეცხრე, უსათაურო კომპოზიცია, რომელიც ვფიქრობ Prodigy-ის კომპოზიციიდან უნდა იყოს დასემპლილი, თავიდანვე ინდუსტრიულ, ქაოტურ და საშიშ გარემოს ქმნის, რაღაც მომენტში ქრის კანინჰემის და აპექს თვინის „Rubber Johnny-ის ვიდეოს დასაწყისიც კი მომაგონა.

„ეს რა ქალაქია“ - სათაურიდან გამომდინარე ნათლად ასახავს იმ დროინდელი თბილისის მაცხოვრებლების სულიერ და მენტალურ მდგომარეობას, სრულიად უიმედო განწყობას არსებული რეალობისადმი.

„სველი ტრასების მტვრიანი ორთქლი


ჯერ უთქმელ სიტყვებს გვიკლავს...“

მღერის მაია სუმბაძე და შედარებით ზრდასრულ მსმენელსაც უცებ გადაისვრის წარსულ დროებაში -თუმცა კი საინტერესო იქნებოდა აღნიშნული სიმღერის განახლებული ვერსია და რეფლექსია დღევანდელ ქალაქზეც.

„ტელეფონი“ პრე-მატრიცულ სამყაროში სატელეფონო სიგნალების გადაბმულობის შედეგი უნდა იყოს.

„Lost Child“ ალბომის ერთადერთი კომპოზიციაა, რომელიც ნიკა მაჩაიძის სადებიუტო ფილმისთვის დაიწერა. ალეგორიულად აქ დედამიწაზე ჩამოსულ და იმედგაცრუებულ ანგელოზზეა საუბარი.

ეს მუსიკალური ექსპერიმენტი და კოლაბორაცია პოზიტიურ ნოტაზე სრულდება - „რა შესანიშნავი ამინდია“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

აღნიშნული ალბომიდან, გოგი ძოძუაშვილის რამდენიმე კომპოზიცია მომავალში, Post Industrial Boys-ის სახელით გამოცემულ ალბომში მოხვდა. მისი ჩაწერიდან რამდენიმე წელში, ნიკა მაჩაიძე პარიზის ელექტრონული მუსიკის კვირეულზე მოხვდა, რასაც მუსიკოსისთვის პირველი სოლო ალბომის გამოშვებაც მოჰყვა - დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.

„მჟავა MESSAGE”-ის ჩანაწერი 2000-იანების პერიოდში თბილისში, ვიწრო წრეში, CD-დისკების სახით გავრცელდა - 2021 წელს კი ციფრული ფორმატით, CES Records-ზე დარელიზდა.

23 დეკემბერს Mutant Radio-ს სივრცეში ალბომის ვინილის პრეზენტაცია იქნება, რომელიც "ქართული მუსიკის მემკვიდრეობის" ფარგლებში დარელიზდა.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი