ნოემბერი 22, 2021
ალბათ, გინახავთ კადრები, როგორ ცდილობენ ზღურბლთან მომლოდინე ადამიანები კარის გახსნისთანავე მაღაზიაში მთელი სისწრაფით შეღწევას და სასურველი ნივთის წამიერად დასაკუთრებას — ეს “შავი პარასკევია”, აშშ-ში და უკვე მთელ მსოფლიოში წლის ყველაზე ხმაურიანი და აქტიური სავაჭრო დღე. ყოველ წელს, ნოემბრის ბოლო პარასკევს მაღაზიები სპეციალურ ფასდაკლებებს თითქმის ყველა სახის პროდუქტზე აწესებენ და მომხმარებლებს ადგილზე თუ ონლაინ ეფექტური შემოთავაზებებით იზიდავენ. სავაჭრო ობიექტებთან რიგები წინა საღამოდან დგება, რადგან ამ დღეს ადამიანები მთელი წელი ელიან.
და მაინც, რატომ გახდა ერთი დღე თითქმის მთელ მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზული სავაჭრო თარიღი — ისეთივე გრანდიოზული, როგორიც ამ დღეს დაწესებული ფასდაკლებებია? ჩვენ მოგითხრობთ, საიდან და როგორ დაიწყო შავი პარასკევის ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი.
საიდან მოდის ტერმინი “შავი პარასკევი”?
როგორც ბევრი ტრადიციის შემთხვევაში, “შავი პარასკევის” ეტიმოლოგიაზეც ერთი აზრი არ არსებობს. ბევრი მიიჩნევს, რომ ტერმინი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა. მაშინ მაღაზიებში საბუღალტრო საქმეები ჯერ კიდევ ხელით იწერებოდა, წითელი მელნით ზარალს აღნიშნავდნენ, შავით კი — მოგებას, შესაბამისად, მადლიერების დღის მეორე დღიდან, როცა ადამიანები შობისთვის მზადებას აქტიურად იწყებდნენ, მაღაზიები “წითელი” ზონიდან “შავში” გადადიოდნენ.
მეორე ვერსიით, “შავი პარასკევი”, როგორც ტერმინი, უფრო ადრე, 1896 წელს გამოიყენეს. მაშინ ორმა ინვესტორმა ჯეი გოულდმა და ჯიმ ფრისკმა ამერიკის ოქროს ბირჟაზე მანიპულაციების მეშვეობით უდიდესი კრიზისი გამოიწვიეს. რაც შეიძლება მეტი ოქრო შეიძინეს, რათა ფასები გაზრდილიყო და ძვირფასი ლითონი ძვრად გაეყიდათ, თუმცა პრეზიდენტ გრანტის საბაზრო ინტერვენციებით ამ გეგმამ კრახი განიცადა — ბაზარზე ფასები დაეცა და ათასობით ამერიკელი გაკოტრების პირამდე მივიდა.
შავ პარასკევს უარყოფითი დატვირთვა გასული საუკუნის 20-იან წლებშიც ჰქონდა. მაშინ ბიზნესის მფლობელები წუხდნენ, რომ მუშები მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს სამსახურს ავადმყოფობის მიზეზით აცდენდნენ, შესაბამისად, აფერხებდნენ კომპანიას და ეკონომიკასაც პრობლემებს უქმნიდნენ.
კიდევ უფრო სარწმუნო მოსაზრების თანახმად, ტერმინი 1950 წელს, ფილადელფიაში “დაიბადა”, როცა მადლიერების დღის მომდევნო პარასკევ დღეს უამრავმა ტურისტმა მოიყარა თავი საშობაო ვაჭრობისთვის და ყოველწლიურ სანახაობაზე, ამერიკული ფეხბურთის სახელგანთქმულ მატჩზე, Army-Navy game-ზე დასასწრებად. მაშინ ქუჩებში იმდენი ადამიანი გამოეფინა, რომ ხალხის ნაკადთან, საცობებთან, ავარიებთან და ქურდობებთან გასამკლავებლად პოლიციელებს დიდი დრო დასჭირდათ.
ფილადელფიელმა მოვაჭრეებმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, “შავი პარასკევის” ნაცვლად უფრო შელამაზებული ტერმინი “დიდი პარასკევი” ყოველდღიურ გამოყენებაში ვერ დაამკვიდრეს. 80-იანი წლების ბოლოსთვის ტერმინი “შავი პარასკევი” და თავად ტრადიცია მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ხალხში კი მაღაზიების “შავ-წითელი” ბუღალტრული ჩანაწერების შესახებ ზემოხსენებულმა ისტორიამ მოიკიდა ფეხი.
რატომ გახდა შავი პარასკევი პოპულარული?
გასული საუკუნის დასაწყისში ერთგვარი დაუწერელი კანონი გახდა, რომ არცერთი მოვაჭრე არ დაიწყებდა საშობაო რეკლამების განთავსებას მანამ, სანამ მადლიერების დღის აღლუმი არ დასრულდებოდა. დროდადრო მათ ისიც გააანალიზეს, რომ ფასების დაკლებით ბევრი ადამიანის მიზიდვა შეეძლოთ და ეს შობის წინა საღამოს, ბოლო წუთს, ფასდაკლებების გამოცხადებაზე ბევრად უფრო მოსახერხებელი და შემოსავლიანი იყო. ასე დამკვიდრდა შავი პარასკევის ტრადიცია.
დღეს შავ პარასკევს მსოფლიოს გარშემო მილიონობით სავაჭრო ობიექტი “აღნიშნავს”. ამერიკაში ზოგიერთი მათგანი მადლიერების დღესვე, დილიდან აწესებს ფასდაკლებას, ზოგიც კი დღეებით ან კვირებით ადრე აგზავნის სარეკლამო განცხადებებს ფასდაკლებების შესახებ.
ამ დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ელექტრონულ მოწყობილობებსა და სათამაშოებზეა და გრანდიოზული ფასდაკლებებიც, როგორც წესი, სწორედ ამ ნივთებზე ვრცელდება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ “შავ პარასკევს” ყველაფერი იყიდება, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული.
დროთა განმავლობაში შავი პარასკევი გრძელ დღედ იქცა. სავაჭრო ობიექტები უფრო და უფრო ადრე აღებდნენ კარს ზღურბლთან მომლოდინე ხალხის რიგებისთვის, საბოლოოდ კი, სანამ პანდემია ჩვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა, მაღაზიების დიდი ნაწილი უკვე არა პარასკევ გამთენიას ან შუაღამეს, არამედ ხუთშაბათ საღამოსვე იწყებდა მომხმარებელთა მიღებას. ასე დამკვიდრდა კიდევ ერთი ტერმინი — “ნაცრისფერი ხუთშაბათი”.
შავი პარასკევი ონლაინ
პანდემიის პერიოდში ადრიანად მომლოდინე მომხმარებლების თვალუწვდენელი რიგები, შეზღუდვების გამო, უბრალოდ, გამოირიცხა. პასუხისმგებლობა გამოიჩინეს დიდმა სავაჭრო ობიექტებმაც და ამ დღეს სამუშაო საათები შეამცირეს ან სრულიად შეწყვიტეს ფიზიკურ სივრცეში ოპერირება. ისეთმა სავაჭრო ცენტრებმა, როგორებიცაა Walmart ან Target, მთელი ნოემბრის განმავლობაში დააწესეს შავი პარასკევის მსგავსი ფასდაკლებები, რითაც ამ “დიდ” დღეს თავიდან აიცილეს რიგები. ამის მიუხედავად, გაყიდვები სულაც არ შემცირებულა, პირიქით, Adobe Analytics-ის თანახმად, 2020 წლის მადლიერების დღეს აშშ-ში ონლაინ შოპინგის რეკორდი მოიხსნა და ადამიანებმა 9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. ეს 2019 წლის მაჩვენებელზე 21.6%-ით მეტი იყო.
ონლაინ ვაჭრობის არეალი თანდათან იზრდება. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ამ გზას, რადგან არ უნდა სიცივეში გამთენიისას გარეთ დგომა ან სხვა მომხმარებლებთან კამათი სასურველი ნივთის უკანასკნელი ეგზემპლარის გამო. ონლაინ ვაჭრობის ტრენდი, ბუნებრივია, პანდემიამდე დაიწყო, თუმცა კორონავირუსმა მეტად დააჩქარა მაღაზიების გაციფრულება და მომხმარებელთა ქცევის ცვლილება.
ამ ტენდენციის შედეგად, კიდევ ერთი “ცხელი” სავაჭრო დღე — “კიბერ ორშაბათი” მოგვევლინა. ის შავი პარასკევის ონლაინ ვერსიაა და მადლიერების დღის მომდევნო ორშაბათს აღინიშნება. საინტერესოა, რომ 2020 წლის კიბერ ორშაბათი აღმოჩნდა დღე, როცა ამერიკის ისტორიაში ადამიანებმა ონლაინ ყველაზე მეტი დახარჯეს — 10.8 მილიარდი აშშ დოლარი.
რამდენიმე ფაქტი შავ პარასკევს ვაჭრობის შესახებ
შავ პარასკევს, ონლაინ თუ ადგილზე, არაერთ მაღაზიაში დაგხვდებათ ეგრეთ წოდებული “doorbusters”-ს რაც ობიექტის გახსნისას, შეზღუდული დროით, ზოგიერთ პროდუქტზე ძალიან დიდ ფასდაკლებას გულისხმობს. როგორც წესი, ასეთი პროდუქტების ფასი იმდენად დაბალია, რომ მაღაზიას მათგან მოგება საერთოდ არ რჩება, თუმცა ისინი იზიდავენ ბევრ მომხმარებელს, რომლებიც ფულს არა მარტო “სატყუარა” ნივთებში, არამედ სხვა ძვირადღირებულ პროდუქტებშიც ხარჯავენ. ამიტომაცაა, რომ შავი პარასკევის მოლოდინში მაღაზიებთან კარვებსაც კი დგამდნენ, რათა პირველებს ჩაეგდოთ ხელში გაიაფებული პროდუქტები.
სავაჭრო ობიექტების უმეტესობა ბოლო წლებში წინასწარ აცხადებს ფასდაკლებას, რითაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დრო დაუთმონ პროდუქტების ონლაინ შერჩევას და გადატვირთულ დღეს გაწერილი გეგმით შეხვდნენ. ეს განცხადებები ოფიციალურ საიტებზე ან სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ, ხშირად კი სარეკლამო შეტყობინებებს პირდაპირ, ელფოსტაზე ან SMS-ის სახით მიიღებთ.
ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი საპირისპირო მიდგომას ემხრობა და ბოლო წუთამდე არ აცხადებს ფასდაკლებას. ამ გზით ისინი დიდ მოლოდინს ქმნიან და მომხმარებლებს “იძულებულს ხდიან”, შესაბამისი განცხადების საპოვნელად ხშირ-ხშირად შეამოწმონ ვებგვერდები თუ სოციალური ქსელები.
2020 წელს შავ პარასკევს ყველაზე მეტად Hot Wheels-ის სათამაშო მანქანები, ვიდეოთამაშები Super Mario 3D All-Stars და Animal Crossing, AirPods, Apple-ის საათი, ლეგო, HP ლეპტოპები და სამსუნგის ტელევიზორები გაიყიდა.
2020 წლის შავი პარასკევის დაწყებამდე მომხმარებლები კვლევაში აფიქსირებდნენ, რომ ფასდაკლებებს ელოდებოდნენ ტანსაცმელზე (50%), საოჯახო მოწყობილობებზე (39%), სათამაშოებზე (21%), ლეპტოპებზე/ტაბლეტებზე/პერსონალურ კომპიუტერებზე (20%) და გეიმინგ კონსოლებზე/ვიდეოთამაშებზე (16%).
და ბოლოს, თუ წელს შავ პარასკევს ან კიბერ ორშაბათს ონლაინ ვაჭრობას გადაწყვეტ, გადაავლე თვალი ჩვენს რჩევებს უსაფრთხო ონლაინ შოპინგის შესახებ.