ედუფინი

უსაფრთხო ონლაინ შოპინგი

online shoping

ივლისი 10, 2018

ნივთების ონლაინ შეძენა, თუ უბრალოდ ლამაზი ნივთების ყურებისგან სიამოვნების მიღება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 

შოპინგი ახლა კიდევ უფრო მარტივია; ინსტაგრამზე რაიმე ნივთი თუ მოგეწონა, ცხრა მთის და ცხრა ზღვის გადალახვა, გველეშაპის დამარცხება აღარ არის საჭირო ნივთის რაობის თუ ვინაობის დასადგენად, პირდაპირ ფოტოდან, ხელის ერთი მოსმით არის შესაძლებელი სანატრელი ნივთის შეძენა. თუმცა, სიმარტივე ხშირად და, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში, უფრო მეტ სირთულეს იწვევს. რაც უფრო მეტს ვშოპინგობთ ონლაინ, მით იზრდება კიბერდანაშაულის საფრთხე. ამიტომაც, სანამ რაიმეს ონლაინ ყიდვას დავაპირებთ, რამდენიმე მარტივი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. 

გამოიყენე ნაცნობი საიტები

თუ არ იცი, საიდან დაიწყო, დაიწყე კარგად ნაცნობი საიტებით. რაიმე კონკრეტულს თუ ეძებ, გუგლში მოძებნილ პირველივე ბმულს მაინცდამაინც ნუ ენდობი. გაიკითხე ნაცნობ-მეგობრებში, რომელ საიტს ენდობიან ყველაზე მეტად და სწორედ იმ საიტზე შეარჩიე სასურველი ნივთი. შენც უფრო დაცულად იგრძნობ თავს და შენი საბანკო ბარათიც.


არასდროს(!) ენდო საიტს, რომელსაც ბმულის მარცხენა მხარეს ბოქლომი არ აქვს (შენი ბრაუზერი კი გაგაფრთხილებს ამის შესახებ, მაგრამ ბრაუზერს თუ არ უჯერებ, ბოქლომს მაინც დაუჯერე). ბოქლომი სწორედ იმას აღნიშნავს, რომ საიტი შენს მიერ შეყვანილი ნებისმიერი მონაცემის უსაფრთხოებას და დაცულობას უზრუნველყოფს. 

არ გასცე ზედმეტი ინფორმაცია 

არც ერთ ონლაინ მომწოდებელს არ სჭირდება შენი ბარათის ოთხნიშნა პაროლი ან პირადი ნომერი იმისათვის, რომ ნივთი მოგყიდოს. ისედაც ყველაზე ძვირფასს, საბანკო ბარათის მონაცემებს გასცემ, ამიტომაც თუ საიტი მამაშენის სახელს ან საცხოვრებელ მისამართს გთხოვს, დროა, სასურველი ნივთი სხვაგან მოძებნო. 

ხშირად შეამოწმე შენი საბანკო ანგარიშები

ეშმაკს არ სძინავს და მაინცდამაინც თვის ბოლოს ნუ დაელოდები, რომ საბანკო ანგარიშები შეამოწმო. თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავ, მომენტალურად დაურეკე შენი ბარათის გამცემს (ანუ ბანკს). კარგი იქნება, ბარათს თუ დააზღვევ. ბარათის დაზღვევა თაღლითობისგან დაგიცავს და ონლაინ შოპინგის დროსაც უფრო მხნედ იქნები. ბარათის უსაფრთხოების სერვისი საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბანკს აქვს და სერვისის ჩართვას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. სამაგიეროდ, ბევრ ხათაბალას აიცილებ თავიდან. თუ შესაძლებლობა გაქვს, შოპინგისთვის ცალკე ბარათი იქონიე, შენს ხარჯებს და ბარათის უსაფრთხოებას ასე უფრო მარტივად გააკონტროლებ. 

ეცადე, შოპინგისას საიმედო WiFi გამოიყენო

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფასო WiFi-თ გამოწვეულმა სიხარულმა არ დაგაბნიოს, შოპინგისას ისეთი ინტერენტი გამოიყენე, რომელსაც ენდობი, მაგალითად, სახლის, სამსახურის ან შენივე მობილურის.  

ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი

და ბოლოს, სანამ ყიდვის ღილაკს დააჭერ, აუცილებლად გაითვალისწინე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა, წაიკითხე სხვა მომხმარებლების შეფასებები, მოიძიე დამატებითი ინფორმაცია ნივთზე და მომწოდებელზე, მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტე, ღირს თუ არა ამა თუ იმ ნივთის ყიდვა. 


ბედნიერ შოპინგს გისურვებ!