მუსიკა | ცა

Battle Rages On: რომელ ლეიბლთან გავაფორმოთ კონტრაქტი

Tsa.Music

დეკემბერი 14, 2020

მეიჯორ ლეიბლი VS „ინდი" ლეიბლი

მაშ ასე, ჩვენ უკვე გავიარეთ მეიჯორ და ინდი ლეიბლების ზოგადი დეფინიციები (თუ არ წაგიკითხავს, ეჭვი მაქვს ამ სტატიის გაგება ცოტათი გაგიჭირდება), მაგრამ შეუფასებელი თეორიული ცოდნის გარდა, ალბათ, ისიც გაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს რომელთან სჯობს კონტრაქტის გაფორმება, რომ დაიწყო მათი მეილების დასპამვა საკუთარი ტრეკებით. ეს შეკითხვა ინდუსტრიის დასაბამიდან მოდის და როგორც ასეთ შეკითხვებს ახასიათებთ, მასზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. თუმცა, ორივე მხარეს თავისი თვალსაჩინო დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს, რომლებიც მინდა რომ ავხსნა.

მოდი დავიწყოთ მეიჯორ ლეიბლის პლიუსებით:


არანაირი შეზღუდვები ან ლიმიტი - თუ შენ მეიჯორთან გააფორმე კონტრაქტი და ისინი მართლა დაინტერესებულნი არიან შენით, მაშინ არანაირი საზღვარი არ არსებობს. მეიჯორის ბიუჯეტი შეზღუდავია და მათ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ გააკეთონ ის, რასაც საჭიროდ და მომგებიანად ჩათვლიან. თუ დასჭირდათ და იმ აზრამდე მივლენ, რომ ეს კომერციულ წარმატებას მოიტანს, კოსმოსშიც გაგიშვებენ. შეუძლიათ შენი ტრეკების 200 000 ვინილი გამოუშვან თავიდანვე გასაყიდად. მათ ყოველთვის შეუძლიათ ყველაზე ხარისხიანი პროდაქშენი, ყველაზე კარგი შეფუთვა, ყველაზე მასშტაბური ტურები და რეიტინგული მედია შემოგთავაზონ.


გავლენა და კონტაქტები - მეიჯორ ლეიბლზე მომუშავე ფაბლიშერები, მენეჯერები და A&R ყველგან სასურველი სტუმრები არიან. მათთვის ყველა კარი ღიაა. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საუკეთესი პროდიუსერის, კლიპმეიკერის, სტილისტის, პიარ სტრატეგის და ა.შ. მოყვანა. მათ შეუძლიათ თავიანთი გავლენა გამოიყენონ ნებისმიერი მედია რესურსის (საშუალო დონის ინდი ლეიბლში ზეიმის საფუძველია, თუ მისი არტისტის რივიუს Rolling Stone ან NME - ში თუნდაც მეოცე გვერდზე დაბეჭდავენ, მაშინ როდესაც მეიჯორის არტისტები, როგორც წესი, მთავარ ყდაზე იწონებენ თავს), ფესტივალის, სატელევიზიო გადაცემის თუ პოპულარული ვებსაიტის მიმართებაში.  

ნაკლებ პრობლემასთან გაქვს საქმე - მეიჯორის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც არტისტს, მხოლოდ ის გევალება რომ შენს მუსიკას მიხედო, ფოტოგრაფებისთვის იპოზიორო და ინტერვიუებში სისულელეები არ ილაპარაკო. დანარჩენს ყველაფერს, განსაკუთრებით ბიზნესის და პრომოუშენის საკითხებს, ლეიბლი მოაგვარებს.



თუმცა, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის.


მოდი ახლა მეიჯორის მინუსებსაც შევეხოთ:      

არტისტებისადმი ცივსისხლიანი მიდგომა - მეიჯორები, როგორც წესი, თავიანთ ბიზნეს ჯგუფებს ანუ პროდუქტის დამპიარებლებს უფრო კარგად უხდიან, ვიდრე თავიანთ არტისტებს, რომლებიც ამ პროდუქტს ქმნიან. ძალიან ხშირად მეიჯორები არტისტებს საავტორო უფლებასაც კი არ უტოვებენ იმ პროდუქტზე, რომელიც მათ შექმნეს და, სავარაუდოდ, როგორც კი ფულის მოტანის მთელ პოტენციალს გამოწურავენ შენგან, მაშინვე დაგითხოვენ. მეიჯორები ყოველთვის ყველაზე დაბალ პროცენტს გთავაზობენ შემოსავლებიდან, წუწუნებენ ყოველ მოცემულ ცენტზე და დოლარზე და საერთო ჯამში, მათი დამოკიდებულება არტისტების მიმართ იგივეა, რაც დოღზე მომგებიანი ცხენის მიმართ, რომელსაც როგორც კი დაბერების ნიშნებს შეატყობენ, მაშინვე ტყავისმხდელთან გზავნიან.  


კონკურენცია - იმის შემდეგაც კი, რაც კონტრაქტს გააფორმებ, ძნელია რომ შეგამჩნიონ. მეიჯორები ძალიან ბევრ არტისტს იყვანენ, მაგრამ თუ შენი პროდუქტი მაშინვე არ მოერგო მოცემულობას, შეიძლება, მეორე დღეს დაგითხოვონ. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შენ უკვე მეიჯორ ლეიბლის არტისტი ხარ, კიდევ გაქაჩვა გჭირდება, რომ პირამიდის ბოლოდან ამოძვრე. ძალიან ბევრი არტისტი, ისევე როგორც რეზერვში მყოფი ფეხბურთელი, კონტრაქტის შემდეგ წლობით ელოდება თავის შანსს და რიგს. 

სტრატეგია „მეტი ბიზნესი - ნაკლები მუსიკა“  - მეიჯორ ლეიბლების წინააღმდეგ ხშირად გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ისინი აპიარებენ არაორიგინალურ და შაბლონურ, ტრაფარეტულ მუსიკას, რათა ყოველგვარი რისკების გარეშე გაყიდონ პროდუქტი, რომლის დიდი მოთხოვნაცაა ბაზარზე (თუმცა ამ მოთხოვნის შექმნაში თვითონაც გვარიანი წვლილი მიუძღვით). მათი მუშაობა დიდწილად ბიზნესს და კომერციულ კალკულაციებს ეძღვნება და არა - მუსიკალური ფასეულობების ასპექტებს. ერთი სიტყვით, ძირითადად მეიჯორებს გვიხასიათებენ როგორც უგულო კომერსანტებს, რომელთაც მუსიკა კარგა ხანია ფეხებზე დაიკიდეს და მათი მთავარი მიზანი ფულის შოვნა გახდა, მაგრამ ამასთან, მათი გავლენა და სიმდიდრე უსაზღვროა. 

მე მგონი საკმარისია. მოდი ეხლა დამოუკიდებელ „ინდი“ ლეიბლებზე გადავიდეთ, კერძოდ კი ინდი ლეიბლის მინუსებით დავიწყოთ.

როგორც მიხვდებოდი, თითქმის ყველა პლიუსი, რაც მეიჯორ ლეიბლს აქვს, ინდისთვის მინუსია.

ინდი ლეიბლებს არ გააჩნიათ ის ფართო სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც მათ პროდუქტს ყველგან გააპიარებდა. მათ არც მეიჯორის კაპიტალზე შეუძლიათ ოცნება, რაც, რა თქმა უნდა, თავის დაღს ასვამს მათ ყველა ოპერაციას, პროდუქტის მენეჯმენტიდან დაწყებული, არტისტების პრომოუშენით დამთავრებული. აგრეთვე, როგორც ვთქვით, არც ის კონტაქტები მოეპოვებათ, რომელიც მათ არტისტებს წამყვან მედიასაშუალებებამდე (რადიო, ტელევიზია, ა.შ.) გაუკაფავს გზას. აქედან გამომდინარე, ეს მინუსები ინდი ლეიბლებს აიძულებს, რომ საკუთარი პროდუქტის და არტისტების პრომოუშენის ახალი გზები ეძიონ, რათა გადარჩნენ და მეიჯორის არტისტებს მცირე კონკურენცია მაინც გაუწიონ.


მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ თავიანთი პლიუსებიც აქვთ.


თუ მათი უმეტესობის ბიზნეს მოდელს შევხედავთ, ინდი ლეიბლები მცირე ბიზნესის სახით მოქმედებენ. უმეტეს შემთხვევაში, ლეიბლის უფროსობა სულ რამდენიმე ადამიანისაგან შედგება, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობაში არიან იმ არტისტებთან, ვისაც იყვანენ. ეს ფაქტორი ახლო ურთიერთობების წარმოშობის გარდა, ბევრ დაბრკოლებას ხსნის - შენ შეგიძლია პირდაპირ დაუკავშირდე შენს პროდიუსერს, ან გაყიდვების აგენტს და ისე მოაგვარო შენი საქმე. ამის გაკეთება მეიჯორში თითქმის წარმოუდგენელია. 

თითქმის ყველა შემთხვევაში, თუ ინდი ლეიბლი კონტრაქტს გთავაზობს, ეს იმითაა განპირობებული, რომ მას შენი მუსიკა მოსწონს და თვლის რომ ლეიბლის მოთხოვნებს და პრინციპებს (მეიჯორებს როგორც წესი, არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ) შეესაბამება. მათ სჯერათ, რომ შენი მუსიკა გაყიდვადია და მათი დახმარებით გაიყიდება კიდეც. ისინი დაინტერესებულნი არიან რომ შენ დაგაპიარონ როგორც ინდივიდუალი და არ გარგებენ იმ შაბლონურ იმიჯს, რომელსაც მეიჯორი. როგორც წესი, ინდი ლეიბლის კონტრაქტის პირობები, ისევე როგორც ზოგადად მათი მიდგომა საქმის მიმართ, ბევრად უფრო „არტისტის სასარგებლოდ იხრება და შემოსავლის ნაწილს და პროცენტებსაც უფრო მეტს იძლევიან, ვიდრე მეიჯორში. უმეტეს შემთხვევაში, ეს სააავტორო უფლებებზეც ვრცელდება.


ინდი ლეიბლებს ხშირად კონკრეტული მიმართულება და ჟანრი გაააჩნიათ (რაც მეიჯორში გამორიცხულია), და ამ ჟანრის ერთგული მსმენელები ყოველთვის ყიდულობენ იმ პროდუქტს, რომელსაც მათი ლეიბლი აწვდის/უშვებს და რომელიც მათ მოსწონთ. ეს არტისტს კონკრეტულ ბაზარზე დამკვიდრების საშუალებას აძლევს. რაც შეიძლება შემდგომში კარგ ტრამპლინადაც გამოიყენო. 

ესეც ესე. როგორც ხედავ, ორივე მხარეს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. როგორც გახსოვს, ბევრი ინდი ლეიბლი მეიჯორის მფარველობის ქვეშ ოპერირებს. შეიძლება, რომ მათთან ცადო თანამშრომლობის დაწყება და ოქროს შუალედსაც მიაგნო, მაგრამ გახსოვდეს, რაც მეტს იყენებს ინდი ლეიბლი მეიჯორის რესურსებს და ბიუჯეტს, მით უფრო ექცევა მისი გავლენის ქვეშ და მით მეტს ერევა მეიჯორი მის პოლიტიკაში.


როგორც ხედავ, მეიჯორის და ინდის არჩევანის დროს (რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს საქართველოდან საერთოდ რაიმე არჩევანზე ლაპარაკი) პირდაპირი პასუხი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია შენს შეხედულებებზე და პოზიციაზე, გარემოებებსა და კიდევ ათას სხვა რამეზე. ყველა თავის პირად არჩევანს დამოუკიდებლად აკეთებს. ჩემი აზრი კი ის არის, რომ არსებულ მოცემულობაში რომელიმემ თუ აგიყვანა უკვე პატარა სასწაულია, ამიტომ ძალიან წუნიაც ვერ იქნები. 

ავტორი: დავით ცინცაძე