მუსიკა | ცა

With or without you

Tsa.Music

ოქტომბერი 22, 2020

უპირველეს ყოვლისა, ეს შეკითხვა ბოლო ათწლეულამდე რომ ვინმეს დაესვა, ალბათ გიჟად ჩათვლიდნენ. შოუბიზნესის ყველა კარის გასაღები ყოველთვის ლეიბლებს ეპყრათ ხელთ. მათ გარეშე ვერ მიიტანდი შენს პროდუქტს მუსიკალური მაღაზიის დახლებამდე, ვერ მიიპყრობდი მედიის ყურადღებას - ტელევიზიის და რადიოსი, იმიტომ რომ სხვა შანსი რომ ვინმეს შენი მუსიკა რაიმე გზით მოესმინა, არ არსებობდა (თუ მიწისქვეშა გადასასვლელებს არ ჩავთვლით).


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ლეიბლი და მისი სტუდიის გარეშე, წესიერი ჩანაწერის გაკეთების შანსი ნულოვანი იყო. ჩაწერის პროცესი გაცილებით უფრო რთული და ხანგრძლივი იყო და სჭირდებოდა ტექნოლოგიები, რომელიც ათეულობით (ხანდახან ასეულობითაც კი) ათასი ჯდებოდა. რეალურად, ლეიბლის გარეშე ვერაფერ მატერიალურს ვერანაირად ვერ შექმნიდი. თუ, რა თქმა უნდა მდიდარი მამიკო ან დედიკო არ გყავდა. 

ციფრულმა რევოლუციამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახალმა ერამ არა მხოლოდ ტელეფონში ტრეკების ჩაწერის და სტრიმინგის შესაძლებლობა, არამედ სერიოზული ძვრებიც მოიტანა. უკვე აღარაა აუცილებელი დიდი სტუდიის, პროდიუსერის, მიქსერის და სხვა პერსონალის და სერვისების გამოყენება რათა მოსასმენი პროდუქტი შექმნა. არსებობს უამრავი საუნდ პროგრამა რომელიც შეგიძლია იყიდო (ან ტორენტებიდან მოიპარო), შეიძენ საშუალო საუნდ კარტას, მიკროფონს და აუდიო სისტემას რამდენიმე ასეულ დოლარად და სტარტისთვის უკვე მზად ხარ. ინსტრუმენტების უმეტესობის ჩაწერა ერთი midi კონტროლერის საშუალებით შეგიძლია. ბილი აილიშის საძინებლიდან შექმნილი მეგაჰიტები ამის უტყუარი დასტურია.

ბუნებრივია, რაც არ უნდა ეცადო პროფესიონალურ სტუდიაში ჩაწერილი და გაშალაშინებული ტრეკი ყოველთვის ბევრად ხარისხიანი იქნება ვიდრე home studio ში გაკეთებული, მაგრამ დამწყები მუსიკოსისგან აღარავინ არ მოითხოვს დიდად ხარისხიან მუსიკას. ეს ოქროს წესია. ლეიბლებს დიდად არ ანაღვლებთ შენი „დემოს“ ხარისხი და შეფუთვა, უფრო მნიშვნელოვანია აჩვენო რა გიტრიალებს თავში და შენი იდეებით რისი გაკეთება შეგიძლია. შეფუთვა და ხარისხი - ეს შემდეგ უკვე მათი თავსატეხია. 


კიდევ უფრო დიდი ნახტომი განხორციელდა მუსიკის პრომოუშენის და პიარის პოლიტიკაში. აქაც, უკვე თითქმის აღარანაირი დაბრკოლება არ არსებობს რომელიც ხელს შეგიშლის შენი მუსიკის მსმენელამდე მიტანაში და ფაბლიშინგში (ფაბლიშინგის რაობას ცალკე გავივლით). ყველას შეუძლია თავისი მუსიკის ციფრულ დისტრიბუციაში მოქცევა, ამისთვის არსებობს ITunes, Amazon, Spotify, Reverbnation და სხვა ონლაინ 

დისტრიბუტორები. შესაძლებელი გახდა შენი მატერიალის სხვადასხვა მუსიკალური ჟურნალებისთვის გაგზავნა, ვინაიდან ყველა თავმოყვარე ჟურნალს უკვე საკუთარი საიტი აქვს (და ძალიან ბევრი საერთოდ ინტერნეტში აპირებს მთლიანად დაფუძნებას). შენ შეგიძლია შენი „CV” გაგზავნო ნებისმიერ ფესტივალზე, ღონისძიებაზე თუ კონკურსზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - როდესაც შენ ლეიბლთან აფორმებ კონტრაქტს, როგორც წესი მათ გადასცემ ნაწარმოებზე უფლებების უმეტესობას და გაყიდვებიდან შემოსული შემოსავლის უზარმაზარ ნაწილს. და ძალიან ხშირად (ე.წ. „360 deal“ - ის მიხედვით) ეს მხოლოდ მუსიკაზე არ ვრცელდება (ამასაც მოგვიანებით გავივლით).

ფაქტია - მეიჯორ ლეიბლთან მყოფი არტისტების უმეტესობის პროცენტული წილი ა.შ.შ. - ში მხოლოდ 13-20% გახლავთ, ევროპაში კი სულ ოდნავ მეტი. მეორე მხრივ, თუ შენ ლეიბლთან კონტრაქტის ნაცვლად, ჩვეულებრივ DIY ანუ „გააკეთე-ყველაფერი-შენ-თვითონ“ ტაქტიკით იმოქმედებ, ციფრული დისტრიბუციის შემთხვევაში თითოეული გაყიდული ალბომი/EP/სინგლიდან სადღაც 70%ს მიიღებ. მე მგონი ზედმეტია იმის თქმა, რომ განსხვავება ძალიან დიდია. აგრეთვე, როგორც უკვე იცი, ლეიბლის „მარწუხების“ გარეშე შენ იმის თავისუფლებაც გაქვს რომ ის იმიჯი და პრომოუშენი გაიკეთო, რომელიც სწორად მიგაჩნია.


და თანამედროვე ციფრულ ერაში, დამოუკიდებელი არტისტისთვის პრომოუშენის ხერხები ძნელის გარდა ყველაფერია - შეგიძლია რომელიმე ცნობილი რადიოს დიჯეისთან მეგობრული ურთიერთობით დაიწყო, რომელსაც ექსკლუზიურად გაუგზავნი შენს უკანასკნელ ტრეკებს/კომპოზიციებს და სთხოვ რომ ეთერში გაუშვას, ან დამიქსოს და თავის სეტზე დაუკრას. ან რომელიმე პოპულარულ ბლოგერს მისწერო მეილზე, რომ შენი ალბომის ან ტრეკის განხილვა/რეცენზია დააგდოს თავის ბლოგზე. ან საერთოდ გაყიდვებიდან ანაზღაურებაზე შეუთანხმდე. ზოგიერთი არტისტი ახერხებს ამ ბერკეტებით ITunes ის კვირის ათეულში მოხვედრას, რასაც დამწყები მუსიკოსის საზომით ძალიან ბევრი ფული მოაქვს. ერთი სიტყვით, მადლობა ციფრულ რევოლუციას რომ ყველაფერი რაც ადრე შეუძლებელი იყო, შესაძლებელი გახადა. მაგრამ, რეალურად გინდა, გიღირს და შეგიძლია თუ არა ეს ყველაფერი შენით გააკეთო? მოდი შევხედოთ: 

RIAA -ს 2019 წლის მუსიკის ინდუსტრიის რეპორტის თანახმად, მუსიკის სტრიმინგიდან შემოსავალი 2019 წლის პირველ ნახევარში 26 % ით გაიზარდა და სტრიმინგი ახლა ამერიკული ჩაწერილი მუსიკის ინდუსტრიდან შემოსავლის 80%-ს შეადგენს, რაც უმეტესობა არტისტებისათვის შემოსავლის მთავარ წყაროდ ყოფნას ნიშნავს.


სამყაროში, სადაც ყოველ თვე 300 00 ახალი ტრეკი იქმნება და ნახვებისა და სტრიმებისთვის კონკურენცია არნახულ სიმაღლეებს აღწევს, თუ შენ როგორც არტისტი უკვე თავისუფლად არ გრძნობ თავს ციფრული მარკეტინგის და დისტრიბუციის საქმეში, მაშინ აუცილებლად გჭირდება ადამიანი (ან გუნდი) რომელიც ციფრული სტრიმინგის პლატფორმებში ერკვევა და შენი მუსიკის იქ სწორად გამოყენებაში გიშველის - მუსიკის სწორ განყოფილებაში დადება, სწორი საბსქრაიბერი/ნახვების კორელაცია იმ ფლეილისთებისათვის სადაც შენი მუსიკა პიარდება, მეილინგ ლისტებიდან ინფორმაციის ამოღება, ამოღებული ინფორმაციის გამოყენება პლატფორმებზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად - ამ ყველაფერს ხშირად ერთი ადამიანი კი არა, პროფესიონალთა გუნდი სჭირდება.

იმის გარდა, რომ ლეიბლებს თავიანთი კატალოგების და ფლეილისთების ზუსტი ანალიზი შეუძლიათ და უკვე ჰყავთ გამომწერთა და მიმდევართა ხშირად დიდი რაოდენობა, რაც ახალი არტისტის მუსიკის ახალ ფანებამდე მისატანად აუცილებელია. აგრეთვე, ლეიბლთან ასოცირებულ არტისტებს მეტი „Featuring” - ის შანსი აქვთ, რაც თანამედროვე მუსიკაში პატარა საქმე არაა და ზოგადად თუნდაც ყველაზე პატარა ლეიბლს თავისი პრესტიჟის ფაქტორი მოჰყვება - რაც ნიშნავს რომ მარტო არ ხარ როდესაც შენი მუსიკის ონლაინ პრომოუშენს ცდილობ. ასე რომ, თუ შენ ამ ყველაფრის, ანუ შენი მუსიკის ონლაინ დაპიარების, გაყიდვის, მენეჯმენტის და დატა ანალიზის დრო ან ცოდნა არ გაქვს, ლეიბლი უკეთესი გზაა ამ შემთხვევაში.


ლეიბლეს, მათი ზომის მიუხედავად, ყოველთვის აქვთ გარკვეული ბიუჯეტი რომელსაც შენზე დახარჯავენ. რაც შეიძლება ყოველთვის ეგრე არ იყოს, როცა მარტო ხარ. ახალი დისტრიბუციის პლატფორმების წყალობით თითქმის უპრობლემოდ შეგიძლია შენი მუსიკა ონლაინ განათავსო, მაგრამ ლეიბლებს ყოველთვის უკეთესი ლიცენზიის და ფაბლიშინგის შეთანხმებების მიღწევა შეუძლიათ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მედიის და რადიოს მიმართულებით.  

როდესაც ლაივ პერფორმანსს და ტურს მივადგებით, აქ ყველა კოზირი ლეიბლებს უჭირავთ. გარდა იმისა, რომ მათ ბუქინგ აგენტების, სააგენტოს, საკონცერტო ადგილების და კლუბების გასაღები უპყრიათ ხელთ და ფესტივალებზე გამზადებული ადგილები ელოდებათ, ლეიბლები თავიანთ არტისტებს ტურში ყოფნის მენეჯმენტშიც ეხმარებიან. უდიდესი შვებაა, როცა ვიღაცა შენს ხმაზე, განათებაზე, რაიდერებზე, ლოგისტიკაზე, სასტუმროზე, ფრენებზე, კვებაზე, პრომოუტერებთან კინკლაობაზე და შოუს წარმატებაზე ზრუნავს. ამ ყველაფერს მარტო მენეჯერი ვერ აუვა. ეს შესაძლოა ბუქინგ სააგენტომ გაგიკეთოს, ან ტურ კომპანიამ, მაგრამ ლეიბლს შეუძლია ორივე ჩართოს საქმეში და რაც უფრო პოპულარული ხარ, ამ ყველაფრის თვითონ გაკეთება მით უფრო შეუძლებელი ხდება, განსაკუთრებით თუ რამდენიმე ადამიანი ხართ პროექტში. ასე რომ, აქაც გამარჯვება ალბათ ლეიბლებს რჩებათ.

როდესაც ყველაფერს შენით აკეთებ, ვერასოდეს, რაც არ უნდა გაიქაჩო ვერ შეძლებ რომ მუსიკალურ ბაზარზე თუნდაც საშუალო ინდი ლეიბლის გავლენას გაუტოლდე. რა თქმა უნდა, აქაც არის გამონაკლისები, მაგრამ ეს რეალურად ერთეულებია და რაც არ უნდა თვითდაჯერებული იყო (და უნდა იყო) ამ უარყოფით სტატისტიკაზე პრომოუშენის პირამიდის აწყობას არავის ვურჩევ. ამის ყველაზე წარმატებული მაგალითები Chance the rapper და Macklemore არიან, მოდი და შეადარე ახლა იმ მეგავარსკვლავების ოკეანეს , რომლებიც ლეიბლებთან არიან აფილირებული. 


ზოგიერთი დისტრიბუტორი ეცდება საწინააღმდეგოში დაგარწმუნოს, რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და შეგიძლია მეიჯორსაც კი ხელი აუკრა. ამაზე არ წამოეგო, ეს ძალიან დიდი სისულელეა. თუ მეიჯორ ლეიბლი მაგალითად ევროპაში ვიღაცის გაპიარებას გადაწყვეტს, მის ვიდეოს Coldplay -ს ვიდეოს გვერდით დადებენ იუთუბზე, გადაუღებენ მინიმუმ ასი ათასიან ევროიან კლიპს, კონცერტს მოუწყობენ 5-6 კარგ ვენიუში და ყველა წამყვან ჟურნალებს და მედია რესურსებს რეცენზიებს დააწერინებენ თავიანთ არტისტზე. და შენ ამას კონკურენციას უბრალოდ ვერაფრით ვერ გაუწევ. ნურავის მოატყუებინებ თავს - საკუთარი პროდუქტის თვითონ გამოშვება/პრომოუშენში განსაკუთრებით რევოლუციური არაფერია. ამით შენ ლეიბლს გვერდს არ უვლი - რეალურად შენ უბრალოდ შენს საკუთარ ლეიბლს აკეთებ. 

კი გვსმენია ლეიბლის მიერ „მიტოვებული“ და „კაბალურ პირობებში მყოფი“ არტისტებზე, როდესაც ისეთ კონტრაქტზე გაწერინებენ ხელს, რომელიც რეალურად რამდენიმე წლიან ანაზღაურებულ მონობაში გამყოფებს. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს უფრო 70-80 - ების გამოძახილია. თანამედროვე გაშვების გარანტიით დაზღვეული კონტრაქტების სამყაროში ასეთი რაღაცეები თითქმის აღარ ხდება თუ მთლად უტვინო არ ხარ და არ უყურებ ხელს რაზე აწერ. მეორეს მხრივ, ის კი ნამდვილად შესაძლებელია რომ 2-3 თვის შემდეგ ლეიბლმა მიგატოვოს და შენზე ფული აღარ დახარჯოს რადგან ჩათვალოს რომ ვერ გაამართლე. ზოგიერთ ინდი ლეიბლს artist friendly კონტრაქტებიც კი აქვს, რომელიც სრულ არტისტულ და მუსიკალურ თავისუფლებას გაძლევს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. რეალურად შენი არჩევანი (თუ მოსალოცი ხარ და საერთოდ გიდგას ასეთი) განაპირობებს რამდენის დათმობას აპირებ რა სარგებლის მისაღებად. 

ჩემი აზრით, თანამედროვე მუსიკის სამყაროში გუნდზე ფასეული არაფერია. შენი გუნდი, მენეჯერიან-აგენტიან-სოცმედიიანიად არის ის საფუძველი რაზეც შენს კარიერას აშენებ.

მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე მუსიკოსს ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეს სად დგას და რა სამყაროშია და რას ნიშნავს ტური, ჩაწერა, მარკეტინგი, პიარი და ა.შ. უმეტეს მათგანს პროფესიონალების, ან მოტივირებული მეგობრების გუნდი სჭირდება, რომელიც ამ მიმართულებით დაეხმარება. მუსიკოსების აბსოლუტურ უმეტესობა ურჩევნია თავისი ტვინის კრეატიული მხარის დატვირთვა და გამოყენება და ისედაც ბევრი ადამიანი არაა ისეთი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში კარგად ერკვევა. ასე რომ შენი გუნდი (ან ორი მეგობარი) განაპირობებს სად იქნები შემდეგ წელს.


ასე რომ თამაში ჯერ კიდევ ლეიბლების უპირატესობით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ბაზარი დღითიდღე იზრდება, შოუბიზნესი ყოველთვის იმას წყალობს, ვისაც ყველაზე მეტი კონტაქტები, ძალა და გავლენა აქვს. და ამ ასპექტში აღლუმი ნამდვილად ლეიბლებს მიჰყავთ. ამიტომ ჩემი აზრით 2020 წელს „გვინდა თუ არა ლეიბლი“ ადეკვატური შეკითხვა არაა, უფრო რეალური ინდი და მეიჯორ ლეიბლებს შორის არჩევანზე შეკითხვა მგონია და ამაზე შემდეგ პოსტში ვილაპარაკოთ.

P.S. შესაძლოა ცოტა უცნაურად მოგეჩვენოს რომ მუსიკის გარშემო „ხარისხის“, „დრაივის“, „დაკვრის“ „ფანების“ და სხვა ემოციური კონტენტის შემცველი სიტყვების ნაცვლად სტრიმებზე, ნახვებზე, ფაბლიშინგზე და დატაზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ გარეთ 2020 წელია და თამაშის წესებიც ესაა. Welcome to the jungle, punk. 

ავტორი: დავით ცინცაძე