მუსიკა | ცა

Move 20-21: ანუშკა ჩხეიძე და ხელახლა დაბადების ხელოვნება

Tsa.Music

თებერვალი 06, 2021

ერთხელ, საუბრის დროს, ანუშკას ვკითხე: „ხელახლა დაბადება რომ შეგეძლოს, საკუთარ თავში რამეს შეცვლიდი?"

- „არა, არაფერს“ - სწრაფადვე მიპასუხა. შემდეგ კი ყოველგვარი პაუზის გარეშე დაამატა: „იმიტომ, რომ თუ კი რამე შესაცვლელი იყო, დაბადების შემდეგ თავად შევცვალე“.

მნიშვნელობა არ აქვს მანამდე რა დოზით გქონიათ ანუშკა ჩხეიძის მუსიკასთან შეხება, ზუსტად გეტყვით, რომ ასეთი ანუშკა არასდროს გინახავთ - მუსიკოსი, რომელმაც ახალ ალბომთან ერთად საკუთარი თავის ხელახლა შექმნა სცადა.

მუსიკალური თვალსაზრისით 2020 წელი ძალიან საინტერესო იყო. უსასრულო თვითიზოლაციით თუ უბრალოდ ბუნდოვანი მომავლით შეწუხებული არტისტები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გამოსცემდნენ ალბომებს, რომელიც მათ საკარანტინო ყოფას ეხმაურებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ჩანაწერების უმრავლესობა გლობალური პანდემიით გამოწვეულ დრამატულ ცვლილებებს ირეკლავდა, ცალკეულმა არტისტებმა ეს პერიოდი ინტროსპექციული ექსკურსიებისთვის გამოიყენეს. 

„ამ პერიოდში პირველად დამეწყო ჩაკეტილობა და არავისთან კონტაქტის სურვილი“ – სადებიუტო კრებულის, Halfie-ს გამოცემიდან ძალიან მალე ანუშკა საკუთარი წარსულის ანარეკლთან დადგა და აღმოაჩინა, რომ მის სამყაროში ახალი დაბადების დრო იყო.

თუმცა, როგორც ფენიქსის მითი გვასწავლის, ხელახლა დაბადება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც საკმარისი ფერფლი გროვდება. როდესაც ცეცხლი საკმარისად მოედება ყველაფერს, რაც წარსულის ექოს შეიცავს. „მაშინ მივხვდი, რომ ძალიან ხშირად მეცვლებოდა განწყობები და ამის გაზიარებაც არავისთვის არ მინდოდა. ეს თითქოს იმ მომენტს ჰგავდა, როდესაც თითქოს ბავშვობის ასაკიდან გამოდიხარ და პირველი დეპრესია გემართება“.

უცნაურია, მაგრამ, ჩემი აზრით, ალბომის ყველაზე ‘ბნელ’ ტერიტორიაზე ყველაზე უფრო ნაკლებად ბნელი კომპოზიცია Beside Halfie მიუთითებს, რომელიც, როგორც თავად ავტორი ამბობს, ეკუთვნის იმ შეგრძნებებს, რომელშიც მისი ‘Halfie’ დაიბადა.

შეიძლება, ვიღაცისთვის ეს ნოსტალგიური განწყობის სტიმულირება, ან უბრალოდ მიძღვნა იყოს, მაგრამ მე მაშინვე ის შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეს გამოთხოვებას ჰგავდა. გამოთხოვებას იმ შეგრძნებებთან და დროსთან, რომელიც დღეს თითქოს ექოს სახით შემორჩა. გადავწყვიტე ჩემი შეგრძნება მისთვის გამეზიარებინა და ნამდვილად არ ველოდი თუ ამდენად სწრაფ და მკაფიო პასუხს მივიღებდი:

„კი, გამოთხოვებაა.“

ანუშკა ბევრს არ ლაპარაკობს და თუ ლაპარაკობს, ძირითადად მუსიკის ენით. ამიტომ, მე ზუსტად ვერ მოგიყვებით რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაც შემდეგ ფერფლად იქცა, მაგრამ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც ფერფლისგან აღდგა. ალბომის პირველი კომპოზიცია Try To Be Born სწორედ ამ მომენტს აღწერს, უფრო სწორედ იმ საჭიროებას, რომ სამყაროსთან მიმართებაში სწორი დამოკიდებულების შერჩევა საკუთარი თავისთვის მეორე შანსის მიცემის აუცილებელი წინაპირობაა. ან არსებობს სხვა გზა, რომელიც ალბომის და ჯანი როდარის ერთმა პერსონაჟმა, ტონინომ აირჩია. ტონინომ გადაწყვიტა, რომ გაუჩინარდეს.

„გაუჩინარებაში რას გულისხმობ? იმას რომ უბრალოდ გაქრე თუ სხვებისთვის უჩინარი გახდე? „ - ჩავეკითხე. დაფიქრდა და სიცილით მიპასუხა: „ორივეს ვგულისხმობ“. ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა: „თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ზღაპარი ჩემზეა ან პიროვნულად მე მეხება“. 

პიროვნული დილემები, სააზროვნო ჩიხები და გამოსავლის ძიების სურვილი ცხადად აისახა Move 20-21 -ის ჟღერადობასა და ფაქტურაზე. თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ ‘ანუშკა ნათელია’ ან ‘ანუშკა უპრეტენზიოა’, ახლა გვიწევს იმის აღიარება, რომ ანუშკა ზოგჯერ სხვანაირიც არის. არტისტის და მისი შემოქმედებითი სამყაროს უფრო კომპლექსური შრეების დანახვაში კომპოზიციებს შორის არსებული დრამატული სახესხვაობები გვეხმარება. თუ ალბომში არსებობს კონკრეტული წერტილი, სადაც ემოციური და მუსიკალური მხარე მყარ საფუძველს პოულობს, ეს, ალბათ, ორი კომპოზიციის, OCD და Do Not Touch Depression მიმდებარე სივრცეებში ხდება.

როდესაც ასეთი სათაურის მქონე ნაწარმოებები კრებულის დრამატურგიული ქსოვილის მთავარი კომპონენტები არიან, ესეც, ალბათ, რაღაცაზე მეტყველებს.

ალბომი დიდი დოზით არის დატვირთული პერკუსიული ელემენტებით, რიტმული პასაჟებით და დინამიკური მუსიკალური კომპონენტებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნოტებს შორის ისტორიების წაკითხვა ყველაზე კარგი თავშესაქცევია.

როგორც ანუშკა აღნიშნავს, ბავშვობაში თურმე არასდროს ისმენდა ზღაპრებს, მაგრამ მისი მუსიკა საკმაოდ კინემატიკური და ნარატიულია.

განსხვავებით Halfie-სგან, რომელიც უფრო მეტად გაცნობითი ტიპის ჩანაწერი იყო, Move 20-21 მსმენელთან უფრო ღრმა ურთიერთობის დასაწყისს ჰგავს. ისეთი ურთიერთობის, რომელიც ზერელე ფორმებში ვერ განხორციელდება - ამისთვის მეტი ძალისხმევა და ზოგჯერ მსხვერპლია საჭირო. ავტორი ამ მოცემულობაზე თავის წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად იღებს, ამიტომ ჯერი ამჯერად მსმენელზეა. 

ვფიქრობ, მის დისკოგრაფიაში Move 20-21 ყოველთვის განსაკუთრებული ჩანაწერი იქნება, რადგან მუსიკალურ პალიტრასთან ერთად გაფართოვდა ის გზებიც, რომელთა დახმარებითაც მსმენელს შეუძლია კონკრეტული პიროვნების განცდით სამყაროში შეაბიჯოს.

მაგრამ მაინც, როგორ შეიძლება არ ისმენდე ზღაპრებს? მითუმეტეს, როდესაც ზღაპარი სიყვარულზეა ან გადარჩენაზეა, ან სიყვარულით გადარჩენაზე.

ანუშკამ ერთი ასეთი ზღაპარი მეც მომიყვა:

თურმე, დიდი ხნის წინ მამამ პატარა და-ძმა ტყეში შეშის მოსატანად გააგზავნა. შეშის ჭრის დროს, ბიჭმა თავი ვერ შეიმაგრა და კლდეში გადავარდა. როდესაც ეს მისმა დამ დაინახა, ძმას ეგრევე გადაყვა და ორივენი გადაიჩეხნენ. გადარჩნენ. მოგვიანებით პატარა და-ძმა მეტყევემ იპოვა და სახლში დააბრუნა. როდესაც დას ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა: ძმის გარეშე სახლში არ დავბრუნდებოდიო. 

„ეს ისტორია მამაჩემმა წინა შემოდგომაზე მომიყვა. არ ვიცი უფრო ადრე რატომ არ მითხრა, რადგან სინამდვილეში ეს არის ისტორია მამაჩემის დედაზე და მის ძმაზე“ – სიყვარული უდრის გადარჩენას, ხსნას - ასე მთავრდება ალბომი და ზღაპარიც.

ანუშკა ცდილობს, არ გველაპარაკოს მის მიერ გაღებულ ემოციურ მსხვერპლზე, გონებაში ჩუმად გატარებულ ფიქრებზე ან გაუჩნარების სურვილზე. სანაცვლოდ, ის გვაძლევს ისტორიებს, რომელთა დეკონსტრუქციით შეგვიძლია მის შემოქმედებით და ყოფით სამყაროზე უფრო მეტი რამ გავიგოთ. გავიგოთ ვინ არის ანუშკა ან როგორია ანუშკა.

და, როგორია იგი?

ნათელია? - კი. ჯიუტია? - კი. სევდიანია? - ზოგჯერ. ბნელია? - არა. ასეთი ბლიც კითხვებით მთელი დღე შეგვიძლია თავი გავირთოთ, მაგრამ ამ ალბომის მოსმენის შემდეგ ყველაზე მეტად ჩემთვის ანუშკა არის მუსიკოსი, რომელმაც ახალ ალბომთან ერთად საკუთარი თავის ხელახლა შექმნა სცადა. და გამოუვიდა.

ავტორი: რეზი ხუნწელია