მუსიკა | ცა

Halfie

როგორც ამ ალბომის კომპოზიტორი - ანუშკა ჩხეიძე ამბობს, მის ერთ ნახევარს ნიშნავს.

აპრილი 23, 2020

ავტორი: ნატალია ბერიძე


„Halfie“, როგორც ამ ალბომის კომპოზიტორი - ანუშკა ჩხეიძე ამბობს, მის ერთ ნახევარს ნიშნავს.


ჩემთვის -  ეს ის მთლიანია, რომელიც, როგორც ყველა შინაგანად მდიდარი ადამიანი - არის: ფანტასტიური მსმენელი, დამკვირვებელი, მოგზაური, გამომგონებელი, ირაციონალური და ემოციური მეხსიერების მატარებელი, რომელსაც შეუძლია გაქრობა და თავისი გამოცდილების, სუნის, ადამიანის გამოხედვის და უცნაური, ვულკანივით პულსირებადი გულწრფელი გაკვირვების და სიხარულის, ბგერად ქცევა. 

ის ერთგვარი მიმღებია, რომელიც ზაფხულის ცხელ საღამოს, ახალ ნაწვიმარ, ორთქლიან ქალაქში, ოდნავ მიწიდან აწეული სერფინგობს; იმახსოვრებს სუნს, ფანჯრებში იყურება და დამახსოვრებული სურათებისთვის საუნდტრეკს წერს.


მისი ალბომი სწორედ ერთგვარი გამოცდილების, მეხსიერების ან ფილმის საუნდტრეკს მაგონებს. ხმა, რომელსაც ბგერაში  აღბეჭდილი ვიზუალური, ტაქტილური, თუ ყნოსვითი სამყარო თან სდევს. ის გამოგზაურებს ისტორიებში, რომლებიც ხშირად კითხვის ნიშნით მთავრდება და შემდეგი სერიის ნახვა გინდება. 


„Halfie“ ანუშკა ჩხეიძის პირველი ალბომია და თავისი ჟღერადობით ის ნამდვილი და მონატრებული electronica-ა.


თავგადასავლებში მოგზაურობით, სიფაქიზით და გულწრფელობით ის ბავშობაში მაბრუნებს;

“Street dog” ალბომის პირველი კომპოზიციაა, რომელიც field recording-ებით, ზრდადი ჰარმონიით და მისი გაშლით, ავტორის მოგზაურობისთვის გვამზადებს. ჰარმონია პერიოდულად Boards of Canada-ს ემოციურ ალგორითმს მაგონებს. ის უდარდელია და შეყვარებული (გარემოებაში ან ობიექტში).


ალბომის title ტრეკი გამჭვირვალე ფედებით და საკმაოდ საცეკვაო ბიტით, ხან ჰაერში გწევს, ხან ტალახიან ტყლაპოებში საწვიმარი „ბოტებით“ გაწობს. ის ფეთქავს ბედნიერი არპეჯიოებით - თითქოს ზევითაც და მიწაზეც გულის ცემას ერთნაირი ხარისხი აქვს. 

“Good flight, Emanuell” - მტოვებს კითხვით: ვინ არის ემანუელი? მინდა დავინახო მისი სახე, რომელიც ჩემს წარმოსახვაში ადრინდელი Warp/Rephlex-ის რომელიღაც ფირფიტის პერსონაჟია. თავისი მინიმალისტური, განმეორებითი სტრუქტურით, ეს ტრეკი ჰიპნოტურად მოძრავი და მამოძრავებელია.


“Look at people” - ამ ნაწარმოების ინტრო პულსს მიჩქარებს, მანქანაში, ბოლო ხმაზე ვუსმენ და მახსენდება Daniel Lopatin - ის ან Telefon Tel Aviv - ის საუკეთესო ტრეკები, ის კავშირები, რომლებიც მუსიკაში უჩინარი ბაწრებით ებმევა,  ადამიანებს შორის, გეოგრაფიის, დროის და გენდერის მიღმა იკვეთება. 

ეს მაბედნიერებს: რადგან მეც განმიცდია ეს ჰარმონია, თუნდაც სხვა ჟღერადობით, დამსიზმრებია, შემიქმნია... ისევ, ალგორითმი მოგზაურობს და მამოგზაურებს დროში და სივრცეში. და ის სამუდამოდ რჩება სამყაროს მეხსიერების გარკვეულ მოლეკულებში. 

„Squirrels“ თითქმის ბრწყინვალე „ოსტ ბლოკის“ 80იანების ელექტრონიკაა. ქაოტური არპეჯიოებით და განზრახ არა ულტრა თანამედროვე, გატეხილი ბითით, -  ეს ტრეკი გადადის “Ships, Planes, Bicycles…”, რომლის დასაწყისი Kyle Dixon-ის განწყობით კატაპულტირებას გიკეთებს ბავშობის საყვარელ პერსონაჟებში, ფილმებში, საზაბხულო არდადეგებისას ველოსიპედზე გადაყვლეფილ მუხლებში, „შტაბობანაში“, და ამასთან ერთად ის ძალიან ურბანისტულია. ვხედავ Time lapse- ით დანახული ქალაქს, ფერდობიდან. სახეზე, თმებზე თბილ სიოს ვგრძნობ. ვუყურებ უსახურ, ბეტონის ჯუნგლებს, რომლებიც მზის ჩასვლასთან ერთად ფანჯრებიდან ციმციმს იწყებენ, ცოცხლდებიან. ქალაქის ორთქლიც ციმციმს იწყებს და ყველაფერი სიზმარს ემსგავსება.   


„Halfie“ -ს ხან თითქმის გამჭვირვალე, ხან ფეთქვადი ჰარმონია და ფედები, საკმაოდ საცეკვაო ბიტებით, ერთმანეთში ერთი ტალღასავით გადადის; თითქოს ტრეკებს შორის პაუზები შეცდომაა, - ეს ხომ ერთი ამბავია...


ეს ალბომი ადამიანების და მათი ისტორიების გარდა, მუსიკის დიდი სპექტრით არის ინსპირირებული, რაც ავტორის ძიების და ცნობისმოყვარეობის განუყოფელი ნაწილია. 

მაგრამ ანუშკას მუსიკა ტყუპის ცალივით გავს მას.


ის შინაგანი სამყაროდან ჭვრეტს გარეთას და არა პირიქით. თავისი პირადი, უნიკალური ჟღერადობა მას სწორედ ამ თვისების გამო აქვს ნაპოვნი. დღევანდელ მუსიკაში ეს ისეთივე იშვიათობაა, როგორც ის ადამიანი, რომელიც 22 წლისაა, არ ეძებს წამიერ, მარტივ თრიგერებს, არ ეპრანჭება სამყაროს, არამედ მას მთელი შინაგანი ყურადღებით, გახსნილობით და მოწიწებით შეიმეცნებს. 

ლეიბლი: Ces Records

მიქსი და მასტერი: გიორგი გვარჯილაძე, Leno Records

ფოტოგრაფი: გიორგი ზათიაშვილი

დიზაინერი: ლადო კობახიძე