5 ხელოვანი თანამედროვე ხელოვნების ბიენალედან - Oxygen

ხელოვნების კონცეპტი

ოქტომბერი 04, 2021

17 - 30 სექტემბერს თბილისში Propaganda-ს ორგანიზებით თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს - Oxygen-ისოველწლიური პროექტის მეოთხე გამოშვება გაიმართა. წლევანდელი თანამედროვე ხელოვნების ბიენალე სერ სერპასისა და ქეთი შავგულიძის ერთობლივი კურატორული ნამუშევარია, სახელწოდებით "გადანაცვლების რიტუალები", რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა #ეთერში 30-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევრები გაეცნო, დასწრებოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო, თემატურ საუბრებსა და პარალელურ ღონისძიებებსაც.


Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად კიდევ უფრო ახლოდან გაგაცნობთ ხუთ საინტერესო ხელოვანს, რომელთა ნამუშევრებსაც თანამედროვე ხელოვნების ბიენალედან აუცილებლად უნდა იცნობდეთ.


ქეთუთა ალექსი მესხიშვილი - "ნაწნავები, ბაფთები, გვირილები, ვარდები, ჯინსები, მზეები"

ბერლინში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, ქეთუთა ალექსი მესხიშვილის ნამუშევარი - "ნაწნავები, ბაფთები, გვირილები, ვარდები, ჯინსები, მზეები - როგორც თავად ხელოვანი ამბობს, იმპროვიზებული საბანია, რომელიც პოლიეთილენის პარკებისა და ამოჭრილი და დაწებებული ჩანთებისგანაა შექმნილი. ქეთუთა ალექსი მესხიშვილი: "ზოგიერთ მათგანზე ტრადიციული ქართული მოტივებია აღბეჭდილი − ორნამენტები ნაწნავებითა და მზეებით, ასევე უფრო საბჭოთა საფოსტო ბარათის სტილის გამოსახულებები − ბაფთები და ყვავილები - ეს ყველაფერი ერთად კი გაუცხოებული, მერყევი და ჰაერში მოცურავე სიმბოლოების გადამუშავებული ნარევია, ჩემი სამი წლის შვილის ფლომასტერების ცოტაოდენი დახმარებით შექმნილი".


ანნა კ.ე  - “ოთხმოცდაათი გრადუსი”

ოთხმოცდაათი გრადუსი არის სპეციალურად ამ ადგილისთვის შექმნილი საუნდ ინსტალაციაა, რომელიც ხელოვანმა Oxygen Biennial 2021-ის ფარგლებში წარმოგვიდგინა. თითოეული ხმა ანნა.კე-ს ათი წლის განმავლობაში ნაგროვებ აკუსტიკურ არქივს წარმოადგენს. სივრცეში ხმა ორი დიდი სპიკერის მეშვეობით ვრცელდება, რომელსაც შავი მეტალის მსგავსი ბოძები იჭერს და სივრცეს გიგანტურ რეზონანსულ სხეულში გარდაქმნის. მაშინ როცა ხმა მიტოვებულ სივრცეში ექოს სახით დაუსულებლად მეორდება, დამთვალიერებელიც მის არეულ ქვეცნობიერ დინებაში ერთვება, საიდანაც ხმის თითოეული დარტყმა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევის სხვადასხვა ფორმებში ტრანსფორმირდება.


თოლია ასტალი და დილან პირსი - ჰორიზონტი

თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე ქართველი ხელოვანის, თოლია ასტალისა და ბრიტანელი დილან პირსის ერთობლივ ნამუშევარს - "ჰორიზონტსაც" ნახავთ. ნამუშევარი ერთმანეთთან დაკავშირებულ, ორი წლის განმავლობაში ნაგროვებ ათასამდე ობიექტს მოიცავს, რომლებიც თავისი არსით სხვადასხვა თემას: ეკოლოგიას, დესტრუქციას, ისტორიას, დიგიტალიზაციას, ძალადობას, ნაყოფიერებას, ნარკოტიკებსა და ეკონომიკას ეხმაურება. როგორც ნამუშევრის ავტორები ამბობენ, "ჰორიზონტი" დღევანდელობის ერთგვარ პორტრეტს წარმოადგენს, რომელშიც ობიექტების უწყვეტი მოძრავი ნაკადი ვიდეოკამერითა და სკანერითაა დაფიქსირებული.


ნიკა ქუთათელაძე - წყაროს წყალი

ნიკა ქუთათელაძის ნამუშევრებში აქამდეც არაერთხელ შევხვედრივართ არქიტექტურულ ობიექტებს. ხელოვანი, რომლის კვლევის საგანი სამომხმარებლო საზოგადოების თვისებებსა და გარემო ფაქტორებს წარმოადგენს, თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს ფარგლებში დამთვალიერებელს ახალ ნამუშევარს - "წყაროს წყალს" სთავაზობს, რომელიც ფერწერისა და არქიტექტურის ერთგვარ გადაკვეთას წარმოადგენს. მწვანე წყაროს წყალი კი, რომელიც პორტრეტის თავზე მოედინება, სიმბოლურად ადამიანის მესაკუთრეობის სურვილის იდეას უსვამს ხაზს.


დორა ბუდორი - “ დატყვევებული მზე “

ხორვატიელი ხელოვანი დორა ბუდორი, რომელიც ძირითადად ინსტალაციისა და სკულპტურის მედიუმში მუშაობს, თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს კინემატოგრაფიულ და არქიტექტურულ ელემენტებსაც. ბიენალეზე ხელოვანმა მისი 2020-2021 წელს შექმნილი ნამუშევარი "დატყვევებული მზე" წარმოადგინა, ნამუშევარი ბაღში, მიწის წიაღში მოთავსებულ მოციმციმე სინათლის სიგნალებს მოიცავს, რომლებიც, როგორც ხელოვანი ამბობს, დღის დასასრულს ციმციმს იწყებენ და საგანგებო მდგომარეობას გვაუწყებენ.



ავტორი: გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine


ფოტო: სანდრო სულაბერიძე, რეზი ყენია



მედია პარტნიორები:


Facebook: Artarea/Tv2.0 , Propaganda.networkStamba HotelTBC Concept - თიბისი კონცეპტი


Instagram: Artareatv2.0Oxygen_biennialPropaganda.networkStamba.hoteltbc_concept


Web: www.oxygen.propaganda.networkwww.helloblog.ge