მუსიკა | ცა

4 Dimensional Monster Lobsters - მოკლე ისტორია

Tsa.Music

მარტი 09, 2021

ავტორი: - დავიწყოთ ამ გრძელი სახელწოდებით.

ბექა: - თავიდან გვერქვა Lobster 22... ლანთიმოსის (იორგოს ლანთიმოსი) ფილმი (The Lobster) გვქონდა ახალი ნანახი და სახელი მომეწონა... არანაირი იდეური კავშირი არ გვიგულისხმია, როცა ამ სახელს ვარქმევდით... მერე გადარქმევა მომიწია და გრძელი სახელებისადმი სიყვარულით დავარქვით 4 Dimensional Monster Lobsters.

ბექა თევდორაშვილის მუსიკალური კარიერა ამით არ დაწყებულა - ჯერ კიდევ სულ სხვა მიმართულების და შემადგენლობის ჯგუფის Fall Gruc წევრად ყოფნისას, დამოუკიდებელად რამდენიმე დემო ტრეკის გაჩაწერის შემდეგ, გადაწყვიტა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება და პირველი და ყველაზე ახლო ვინც მის გვერდით აღმოჩნდა, იყო მისი ბიძაშვილი სანდრო ფაილოძე (ბას გიტარისტი).

სანდრო: - მთავარი ინფლუენსერი ბექა არის (იყო) ჩემთვის და ერთი და იგივე რაღაცებს რომ ვუსმენდით... გადავწყვიტეთ, ერთად რაღაც გაგვეკეთებინა და ბექას პირველი სოლო დემოების შემდეგ, ერთად რაც გავაკეთეთ, იყო სიმღერა Oldschool Crtn... ეს 2019-ის დასაწყისში მოხდა.

„ერთი და იგივე რაღაცებმაც“ არ ითამაშა ბოლო როლი - თავდაპირველად ბითლზისადმი სიყვარულს მოჰყვა ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი MGMT, The Strokes, ავსტრალიური Tame Impala, King Gizzard and the Lizard Wizard, რომელთა შთგონებითაც საბოლოოდ განისაზღვრა ჯგუფის ამჟამინდელი მიმართულებაც ფსიქოდელიური სინთი-პოპი. დიახ, ფსიქოდელია სულ სდევს ჯგუფის მუსიკას და ტექსტს, რა მიმართულებითაც (მუსიკალურიც იგულისხმება) არ უნდა წარიმართოს „საუბარი“.

მოკლედ, ბექამ და სანდრომ 2019 წლის დასაწყისში ერთად მუზიცირება და მცირე ალბომზე (უფრო „დემო კოლექციაზე“) Secret Missions-ზე მუშაობა დაიწყეს. (ამ ნამუშევრის „რემასტერინგი" ახლახან დასრულდა და უკვე ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე).

იმ დროს მოახლოებული „ალტერვიჟენ ჯგუფის“ ორგანიზებით მიმდინარე დამწყები მუსიკოსების კონკურსში (Newcomers) მონაწილეობის მისაღებად, საჭირო გახდა დუეტის ჯგუფამდე „შევსება“ და ბიჭებმა დაიმატეს გიტარისტი კოკა ანთელავა და დრამერი თორნიკე ჭავჭანიძე. მათ ჯგუფი მოგვიანებით დატოვეს და ისინი შეცვალეს გიორგი (გიგი) სარჯველაძემ (გიტარა) და თენგო ნოზაძემ (დრამი).

სანამ ეს ჩანაცვლება მოხდებოდა, ჯგუფი ზემოთ ნახსენებ კონკურსში გამარჯვების შედეგად გამოვიდა Tbilisi open air-ზე. 

ბექა: - ფესტივალისთვის (Tbilisi Open Air) ძალიან მოვემზადეთ... ინტენსიურ რეპეტიციებს გავდიოდით... და ამ პროცესში ლაივისთვის მომზადების უნარი თუ კულტურა გამოვიმუშავეთ, რაც, ვაღიაროთ, მანამდე არ გვქონია...

იუთუბის არხზე საინტერესო ვიდეოებს და ცოცხალი გამოსვლების ამსახველ ვიდეოებს აღმოაჩენთ. მათ შორისაა Sofar sound Tbilisi ფარგლებში 2019 წლის თებერვალის ჩანაწერი, რომელიც შესრულდა Leno Records-ში. ამავე სტუდიაში, პანდემიის პერიოდში მიმდინარე ონლაინ კონცერტების სერიაში Leno Sessions, ლობსტერებმა სამჯერ მიიღეს მონაწილეობა.

რაც შეეხება სტუდიურ და საგამომცემო ნაწილს, ჯგუფი აქ სრულ დამოუკიდებლობას და თანმდევ კომფორტს არჩევს - საკუთარი სახლის სტუდიაში იწერს სიმღერებს და ლეიბლების გვერდის ავლით ავრცელებს სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე.

ასე იყო შარშან, აპრილში, სრული ალბომის - Solitary Days of Alien Abduction გამოცემის შემთხვევაშიც. 

ალბომში, სადაც 13 სიმღერა შევიდა, ჩემი ყურადღება განსაკუთრებით Jennnifer Gentle-მა მიიპყრო. ის ჯგუფის ძირითადი რეპერტუარისგან ოდნავ განსხვავებულად მეჩვენა - რაღაც, დარქ პოსტ პანკის... სინთი პანკის მიმართულებით.

ბექა: - კი, რაღაცნაირად ამოვარდნილია, მაგრამ გვინდა, რომ კიდე ვცადოთ და ჩავუღრმავდეთ ამ მიმართულებას... ეგ არის ერთგვარი მცდელობა მოკლემეტრაჟიანი ჰორორ მუსიკის გაკეთებისა...ვიდეო გააკეთა რატი დოლიძემ და ნიკოლოზ გურიელიძემ .. (რისთვისაც დიდი მადლობა).

ამ ალბომის გამოსვლამდე, „მსმენელის შესამზადებლად“ ჯგუფიკონცერტები ჰქონდა სხვადასხვა ბარში თუ სცენაზე. ალბომის შემდგომ ამ მხრივ აქტიურობასაც გეგმავდნენ, თუმცა პანდემია ამ გეგმებს არასასურველად შეეხო და მხოლოდ „როკვას ფესტივალზე“ გამოსვლით შემოიფარგლნენ (შარშან ზაფხულს). აქ ჯგუფში უკვე მომხდარი იყო ცვლილება, რაც გულისხმობს გიტარისტ გიგი სარჯველაძის და დრამერის თენგო ნოზაძის შემოსვლას.

თენგო: - რამდენიმე ბენდში ვუკრავდი, თუმცა მას შემდეგ, რაც 2019 წელს „ოფენ ეარზე“ ვნახე „ლობსტერები“,  ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ამ ბენდის წევრობა..

გიგი: - მე აქამდე უფრო მძიმე მუსიკაში ვიყავი. ბოლოს ასეთი ჯგუფი იყო - Twenty Something... ამ ჯგუფის შემადგენლობაში ვიყავი და ერთად გქვონდა კონცერტი და მაქედან დავუახლოვდი ჯგუფს, თუმცა ბექას მანამდე ვიცნობდი.

ჯგუფი 4 Dimensional Monster Lobsters ინგლისურენოვან ჯგუფად გაეცნო მსმენელს. სიმღერების ტექსტებს ძირითადად ბექა წერს.

აქ იგი მისი თაობის პოზიციიდან დეკლალირებს „ჭკუისმასწავლებლებით“ და ცრუ ღმერთებით გარშემორტყმული. 

ხშირად ეს საკუთარ თავთან დიალოგია. ამბები გამოგინილი პერსონაჟებით, რომელთა შორისაა სხავდასხვა (კოსმიური) ცხოველი: ლომვეშაპი, ჟირაფი, სპილო, კატა, თევზი... 

ქართულ ტექსტებთან „თამაში“ დაიწყო სიმღერაში Kool Mantis ამ ორი სტრიქონით სიმღერის ფინალში, ინგლისური ტექსტის გვერდზე:

ჩამოდი, ჩამაქრე, ჩამოდი, ჩამაქრე,

ჩამოდი, ჩამაქრე, ვიწვი და ჩამაქრე.

კვლავ გამოჩნდა ქართული ტექსტი სიმღერაში - You N Me vs The Rest of the World და, ამჯერად, უფრო ვრცლადაც.

ბექა: - შარშან ზაფხულს ხშირად ვუყურებდით ძველ ქართულ ფილმებს... უფრო ხშირად მულტფილმებს, საიდანაც შეგვიყვარდა ჯანსუღ კახიძის მუსიკა. მგონი, ამან განაპირობა ქართულ ენასთან „გათამამება“... თავიდან ჩემთვის საშიშიც კი იყო ქართულად წერა. ადრე ტექსტების წერისას ინგლისურად ვფიქრობდი, გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისურენოვან მუსიკაზე ვართ გაზრდილი და, ასე მგონია, რომ ინგლისურად წერისას უფრო ვიხსნები. ამ სიღერაში (You N Me vs The Rest of the World) ძალიან ღია ტექსტი „შევიყვანე“და ამანაც იმოქმედა.

შარშან აგვისტოში კიდევ ერთი ასეთი ორენოვანი სინგლი, ორაზროვანი „და მიხსნის“ გამოაქვეყნეს იუთუბის არხზე და პირველ, სრულად ქართულენოვან 2020 წლის მიწურულს გამოქვეყბნებულ სიმღერამდე სიზმარში, (სადაც ლირიზმი და ფსიქოდელია, როგორც მუსიკაში, ასევე ტექსტშიც, საოცარ ჰარმონიაშია) იყო კიდევ ერთი ინგლისურში ქართული ჩართვით Nametnavad - სინგლი თანმხლები ვიდეოთი. ამ კლიპს ვალერია პოსტნიკოვას რეჟისორობით, იუთუბის არხზე ასეთი წარწერაც ახლავს:

„ჩვენი ღრმა პატივისცემა ელდარ შენგელაიას, რეზო გაბრიაძეს და მათ „შერეკილებს“, რომლის რამდენიმე კადრს და ფრაზას ვიყენებთ ამ მუსიკალურ ვიდეოში."

ლირიკის მხრივ მეტად მიწიერი, ალბათ, ყველაზე მიწიერიც კი ჯგუფის შემოქომედებაში, მუსიკალურად პოპ-პანკის ჟანრს შეიძლება მივაკუთვნოთ.

ორიოდე კვირის წინ (თანამედროვე მუსიკით რომც არ იყოთ დაინტერესებული, მაინც) თვალში მოგხვდებოდათ სიახლე „ლობსტერებისგან“ - სიმღერა I’m in Love with Your Cat დასამახსოვრებელი ორიენტალური დისკო-პოპ  ინტროთი და ლოუ-ფაი მიმართულების ვიდეო კლიპით... და with „cool kid in the video“. ვფიქრობ, ის ახალი ეტაპის დასაწყისად უნდა მივიღოთ. 

 ბექა: - ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე ტრეკზე. საბოლოოდ კი - ალბომზე და აქ გვინდა, რომ უფრო მუსიკალურად „ქართული“ მიმართულებით წავიდეთ, ქართული პოლიფონიის ელემენტების გამოყენებით. ეს სურვილი ზაქარია ფალიაშვილის მუსიკაში ჩაღრმავებამ მოიტანა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად ქართული, ანუ ტექსტიც ქართული იყოს... ასეთი სინთეზი უფრო გვაინტერესებს - მუსიკა ქართული ელფერით და ინგლისური ტექსტი.

მუსიკასთან დაკავშირებული კომერციული მიზნები და თანმხლები ილუზიები ჯგუფს არ გააჩნია. 

ბექა: - ძირითადად იდეაზე ვკონცეტრირდებით. კონცეფცია, რომელიც იქნება მასში შესული სიმღერების გამაერთიანებელი იქნება. მაინცდამაინც რაციონალურობას არ ვთხოვთ საკუთარ თავებს...

ავტორი: - ალბათ, შესაბამისი ბაზრის და მსმენელში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მუსიკის შეძენის ჩვევის არ არსებობა არის ამის ძირითადი განმაპირობებელი...

თენგო: - სამწუხაროდ, ეს კულტურა საქართველოში არ არსებობს... უცხოეთში, სადაც ეს არის, ქართველი არტისტისთვის იმ ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ძნელია... ამ ამბის მოგვარების გარეშე ქართული მუსიკა და კინო ვერ განვითარდება.

გაითვალისწინეთ ეს!

P.S.


ავტორი: - ბოლოს ისევ ლანთიმოსის ფილმის სიუჟეტს რომ გავყვეთ (სადაც წარუმატებელი დაწყვილების მცდელობის შემდეგ ადამიანებს ცხოველებად გადაქცევა ელით.), თითოეული თქვენგანი რომელ ცხოველად გადაქცევას ისურვებდა?


სანდრო: - ყარყუმი... ნაფიქრი მაქვს ამაზე...


გიგი: - მე - იხვად...


თენგო: - ზღვის ეშმაკი, იგივე ლოფიუსი... ღრმა წყლის ცხოველია... პრაქტიკულად სინათლისა და ჟანგბადის გარეშე ცხოვრობს... კლიმატის ცვლილება ასე თუ გაგრძელდა, გადარჩენის კარგი შანსი აქვს..


ბექა: - პუდელი. შავი...

ავტორი: დავით ჟორჯოლაძე