მუსიკა | ცა

„რაჭა როკვით შემოიარე“

Tsa Music

აგვისტო 12, 2020

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მომიწია ყოფნა, თაკარა მზიანი დღე იყო - ქალაქის ცენტრში კულტურული ღონისძიება იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ენაცვლებოდა - ამის შემხედვარეს უცებ თვალწინ დამიდგა ჩემი ბავშვობაც და რატომღაც გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენთან პროცესები წრეზე ბრუნავს და რეალურად 20 წლის შემდეგაც კი ბევრი არაფერი შეცვლილა ახალგაზრდებისთვის - ძირითადად კი რეგიონებს ვგულისხმობ.

ბოლო წლებში მუსიკალური ინდუსტრიის განვითრების ეტაპების აჩქარებამ უამრავ ინიციატივას დაუდო სათავე საქართველოში, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩებოდა - ამ აქტივობების რეგიონული გაშლა. სამწუხაროდ ინიციატივები ძირითადად თბილისის მაცხოვრებზე იყო მორგებული. 

აქამდე თანამედროვე კულტურული/გასართობი ღონისძიებები თბილისს გარეთ იშვიათად, ისიც ბათუმსა და ქუთაისში თუ იმართებოდა, რაც ხშირად სხვა რეგიონების ახალგაზრდობას ინფომაციულ და კულტურულ ბარიერებს უწესებდა დედაქალაქელ თანატოლებთან. 


ინტერნეტის განვითარება და ადგილობრივად ვიდეო ტრანსლაციებზე თვალის დევნება არაფრის მომცემია ამ შემთხვევაში - საჭიროა პირადი, გრძნობით აღვსილი გამოცდილება და შეხება ამ პროცესებთან,  რათა ინტეგრაცია ყოვლისმომცველი და ინკლუზიური იყოს.

ამ პრობლემის საპასუხოდ, შარშან რაჭაში პირველად ჩატარდა „როკვა“ - ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.


„როკვა” ქართული სიტყვაა და ნიშნავს „ცეკვა და მისთანანი“. ფესტივალი კი რა არის სხვა, თუ არა - ცეკვა და გართობა.“


- ამბობს გიორგი ნადარაია, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მიუხედავად იმ წმინდად ხალხური ასოციაციისა, რასაც ეს სიტყვა მკითხველში აღძრავს, ცეკვის არსი ხომ მაინც უნივერსალურია - განა აშკარა არაა, რომ როკვა და მუსიკა სამყაროს გასაღებია? მერაბ მამარდაშვილიც ერთ-ერთ ლექციაში აღნიშნავს, რომ ქართველის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ რაც არ უნდა უჭირდეს და სევდას მიცემოდეს, საჯაროდ, ხალხში ყოფნისას ყოველთვის სილაღით იქნება დამუხტული.

მიუხედავად უამრავი სამედიცინო თუ ეკონომიკური სირთულისა ფესტივალი „როკვა“ წელს რაჭაში მაინც ჩატარდება, შეცვლილი ლოკაციით თუმცა მაინც ზღაპრულ გარემოში მოგზაურობის დაპირებით.


ფესტივალის ორგანიზატორების ნაწილი რაჭველები ვართ. ჩვენც და ჩვენ გუნდსაც ძალიან გვიყვარს რაჭა და იქაური ჯადოსნური გარემო“


- ამბობს ნატა ბეშიძე ფესტივალის რგანიზატორი.


მართლაც რა ჯობია რაჭის მთებში, რამდენიმე დღით ჰარმონიულ მუსიკალურ რეკრეაციას?!

ფესტივალი 15 აგვისტოს აიღებს სათავეს და ორ დღიანი მუსიკალური ექსკურსით, თანამადროვე ქართული მუსიკის ფოიერვერკს გვპირდება. სპორტული ღონისძიებები, საფესტივალო მარკეტი - თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან თანამშრომლობით მოწყობილი ფოტო ჩვენება/ინსტალაცია - აგვისტოს შუა პერიოდში ქართული კულტურის ეპიცენტი შაორის ტბისკენ გადაიწევს.

„ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა - საუკუნოებში ტანჯული საქართველოს წიაღთაგან! არაა ეს საკვირველი?! მართლაც რომ საკვირველია! საქართველო დაჭრილი მზეა. – „დაჭრილი მზე? - მაგრამ მაინც მზე. აქეთგან: მისი ხალისი, ხალისი მაინც: და ასე უფრო ძალაყრილი! ნიცშეს სიტყვა - „რაც ვერ მძლევს მხდის უფრო ძლიერ - საქართველოზე თუა გამოჭრილი“

„ვაშა როკვის ჯადოქარნო! ქალებო და ვაჟებო! ვაშა! ვაშა!“

ასე ახასიათებს გრიგოლ რობაქიძე თავის წერილში „ქართული გენია როკვით განფენილი“ - ეროვნულ ბალეტს - სუხისშვილების ანსამბლს. შესაბამისად რასაც ეროვნული შეგვიძლია ვუწოდოთ, მისი განზოგადებაც ზოგადად ქართველის ფსიქოტიპზეც შეგვიძლია.

გარდა მუსიკალური თუ გასართობი პერსპექტივისა, ფესტივალს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართებაც გააჩნია. ვითარებამ, რომელშიც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალსაც, შესაბამისად „როკვა“ განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მეწარმეებს და ხელოვნაებს პანდემიისგან მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანაში და ტრადიციულად შეუქმნის ალტერნატიულ სივრცეს საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად.

„თბილისიდან შორს ფესტივალის ინფრასტრუქტურის აწყობა საკმაოდ რთულია. გაშლილ მდელოზე შესაბამისად აღჭურვილი და მორთული საფესტივალო ქალაქი შენდება. დიდი ნაწილის ტრანსპორტირება გვიწევს თბილისიდან, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რესურსები რაჭაში მოვიძიოთ.“ 

„როკვა“ უნიკალური იდეაა, იმითაც რომ იგი ჩარჩოსგან შორს გარბის - მაგალთად შარშან, ალტერნატიულ, ელექტრონულ და ჯაზ მუსიკასთან ერთად მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების გამოფენა, ჩატარდა ვორქშოფი რაჭულ ფოლკლორთან დაკავშირებით - მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ესეთი სინთეზი მოახდენს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩაბმას ერთიან ფერხულში და დაიცავს მათ კულტურული გაუცხოებისგან, რომელთა მაგალთებსაც ასევე ხშირად ვხვდებით.


რაც შეეხება ფესტივალის წლევანდელ მონაწილეებს, როკვა ისევ ქართული მუსიკის ერთგული რჩება. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ, დღისით თუ ღამით, თქვენი ორდღიანი ბუნებრივი და ხმოვანი წალკოტი გელოდებათ. აქ მოუსმენთ სცენაზე უკვე დამკვიდრებულ მუსიკოსებსა და ბენდებს: ერეკლე დეისაძე, The BearFox თუ სხვა - ასევე დამწყებ თუ ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილ შემსრულებლებს. ღამეს კი თბილისიდან ჩასული ტექნო გვარდია პირქუშს და ენერგიულს გვპირდება.

ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის, ორგანიზატორებმა თბილისიდან და ადგილობრივად საფესტივალო ავტობუსები დანიშნეს, ადგილობრივად ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასტუმროები, ასევე კემპინგ ზონა ასე რომ უბრალოდ განეწყვეთ როკვისთვის რაჭის ცის ქვეშ და დარწმუნდებით რომ სხვა, ცხადი შეგრძნებებით აღვსილი ცხოვრება შესაძლებელია.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი