ცისფერი მთები

ზამთარი თუშეთში

ცისფერი მთები

თებერვალი 02, 2021

თუში მოზამთრეები ზღაპრის პერსონაჟებს გვანან, - მეუბნებოდა თბილისში ალექსანდრე ზათიაშვილი, თუშეთზე შეყვარებული კაცი, რომელმაც ომალოში ხელოვანთა რეზიდენცია „აქთუშეთიი“ გააკეთა და მეც დამპატიჟა, ჩადი და იცხოვრე, წერე და ფოტოები გადაიღეო. 

დიდი პატიჟი მე არ მინდოდა, ამ შანსს მოვეჭიდე და ჩემს ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს ოჯახიდან შორს მთაში, სადაც კოვიდ ცხრამეტის პანდემია დამავიწყდა, სადაც ომალოში მოზამთრე ადამიანები პატარა, მაგრამ მეგობრულ კომუნად ცხოვრობენ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ, ერთი რომ სადილს აკეთებს, დანარჩენებს ეპატიჟება. 

ზამთარში აქ მოხვედრა მხოლოდ ვეტმფრენით არის შესაძლებელი. მთავრობის მიერ დანიშნული ფრენა ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება, მაგრამ უამინდობის და სხვა მიზეზების გამო, შეიძლება გადაიდოს. მე გამიმართლა - ფრენა რამდენჯერმე გადაიდო და ორი კვირის ნაცვლად სამზე ცოტა მეტი გავატარე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილზე ჩემს კარგ მასპინძელთან, პაატა კარხილაურთან ერთად და ახლაც კი მძინარეს, ზოგჯერ მგონია, რომ ისევ იქ ვარ, გავიღვიძებ, ცეცხლს დავანთებთ, ყავას დავლევთ, ზურგჩანთაში შოკოლადს და ფოტოაპარატებს ჩავიწყობ, სასეირნოდ წავალ და ჩემი ყოფა ისევ აზრიანი და მნიშვნელოვანი მომეჩვენება. 

ტურიზმში ჩაბმულს და მრავალი წელია ტურისტის თვალთახედვიდან მაყურებელს, თითქმის დამავიწყდა, რომ ასეთი მთაც არსებობს - ზამთრის, გამოკეტილი, სადაც დრო ნელა გადის და რომელიც უამრავ საფიქრალს გიჩენს.

ჩასვლის მეორე დილასვე, როცა ომალოდან სამ კილომეტრში ქუეს გადასახედზე წავედი, გზად ამოსული მზე დამეწია, ჩრდილიან ფერდობებზე შერჩენილი თოვლი კიდევ ფეხქვეშ ამიჭრიალდა, მარტოობა და აღფრთოვანება ერთად დამეჯახა და მივხვდი, ასე კარგად დიდი ხანია არა ვყოფილვარ.

მე ძალიან მინდოდა თუშეთში ნიამორის კარგი ფოტოს გადაღება. ეს სურვილი რომ არა, ალბათ, კიდევ უფრო მეტ კარგ ფოტოს გადავიღებდი ადამიანების და მათი ყოფის, წიგნს რომელსაც ვწერ, კიდევ უფრო წავიგდებდი წინ, მაგრამ ნიამორების დევნას სულ არ ვნანობ. ეს ჩემი სურვილი ყოველდღე მატარებდა ფეხით და მარტოობის ასე აუცილებელ წუთებს და საათებს მჩუქნიდა. ნიამორებს ვხედავდი დურბინდში, ვიღებდი შორიდან, მაგრამ ამ ძვირფასი და გასაფრთხილებელი ცხოველის ისეთი ფოტო, როგორზეც ვოცნებობდი, მაინც ვერ გადავიღე.

იმათი მადევარი ფეხებმა თვითონ მიმიყვანეს შენაქოში. არ ვაპირებდი, ყოველ შემთხვევაში იმ დღეს. მაგრამ სიარულ-სიარულში შენაქოდან ასე ახლოს მისულმა, იქაც შევიარე კაკო ბუქვაიძის ოჯახში, რომელიც წლების მანძილზე ჩემი მასპინძელია. ცოტა ხანი გავჩერდი, ელიკო დეიდამ, რომელიც მეუღლესთან ერთად ორმოც წელზე მეტია მთაში ზამთრობს ბალახის ჩაი დამალევინა, თითქოს „დავასტუკე“ მონატრებულ შენაქოში, რომლის ბოსლების ხედი სრულიად მომაჯადოვებელია ჩემთვის და მერე უკან გამოვტრიალდი, მეორეჯერ გადავიარე პირიქითა ალაზნის ხიდი.

ისევ გავუჩერდი საოცრებას - ყინულის მარწუხებში მოქცეულ მდინარეს და გაყინულ ხეებს, რომლებიც დილაობით, როცა მზის პირველი სხივები ადგებოდათ, ჭრიალს იწყებდნენ. 

სიცივით მართლა ძალიან ციოდა, მაგრამ, რომ არა დაგვიანებული ვერტმფრენი, თუშეთში ნამდვილ ზამთარს ვერ ვნახავდი. დიდი ყინვების მიუხედავად, თოვლი თითქმის აღარსად იდო, ძველით ახალი წლისთვის კი შემაშინებლად დათბა და გაწვიმდა. სამაგიეროდ, თხუთმეტ იანვარს გათოვდა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. სუსხი და თოვლი, მზე და ათი გრადუსი ყინვა - მოჯადოებულივით დავდიოდი მუხლამდე თოვლში მეზობლიდან მეზობლამდე და გაუთავებლად ვაჩხაკუნებდი აპარატს, მერე ბოჭორნიდან განთქმულმა ირაკლი ექიმმა (ირაკლი ხვედაგურიძე) დარეკა, - ჩემი მზის ბატარეები აღარ მუშაობსო და დაუდგრომელმა წიწკანამაც (ზეზვა ელისბარიძე), დაბალი ტანის ყოჩაღმა კაცმა და ეროვნული პარკის რეინჯერმაც დაქოქა თავის მოტორიანი ციგა, უკან მოისვა რატი ბექურაიძე - ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია და ყველაფერი გამოსდის და მომისვა მეც - პრაქტიკულად გამოუსადეგარი, მაგრამ მაინც სიმპატიური ადამიანი და გავემგზავრეთ ბოჭორნაში. 

ღმერთო, რა ლამაზი იყო ის ჩვენი გზა, როგორ არაფრით გავდა ზაფხულის ან შემოდგომის თუშეთს და როგორი მადლობელი ვიყავი საკუთარი ბედის, რომ აქ და ამ ხალხთან ერთად ვიყავი. 

რატიმ ყველაფერი სწრაფად შეაკეთა - ჰელიო დანადგარებიც და ბენზინის გენერატორიც, მერე კი ერთი ბეწო ოთახში, ღუმელთან მყუდროდ დავსხედით, არაყი, ხავიწი და ამბები, რომელიც ირაკლი ექიმს, თუშეთის იმედს და ცნობილ მასპინძელს, არასოდეს გამოელევა და გარეთ კი თოვლიანი და ყინვიანი ზამთარი.


ამაზე კარგი რა უნდა იყოს? 

იმ ზამთრის სამი კვირის მანძილზე მთელ თუშეთში, ალბათ, ოცდაათი ადამიანი თუ ვიქნებოდით და მაინც რაღაცის ცენტრად ვგრძნობდი თავს, მიზიდულობის წერტილად. 

ჩვენი ქვეყნის ბედი ისე მოეწყო, რომ უამრავი ჩვენიანი საზღვარგარეთაა წასული სარჩო-საბადებლის საძიებლად, თუშებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებულები და ჩემი მასპინძელი პაატა და სხვებიც ჩემი იქ ყოფნის მანძილზე სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან იღებდნენ ზარებს და ყველას უხაროდა, რომ თუშეთში ვიღაცა მაინც არის, ვიღაც ზამთრობს, ვიღაცის საკვამურს ბოლი ასდის, ეს რაღაცნაირი კეთილი შური იყო - ნეტაი თქვენ, რომ მანდა ხართ! 

პაატა კიდევ ალვანში დარჩენილ და მსოფლიოში მიმოფანტულ თუშებს უმღეროდა. ეს, მგონი, ყველაზე გულისამაჩუყებელი ამბავი იყო ჩემთვის. პაატა არ სვამს, მაგარამ უყვარს ლხინი, კარგად უკრავს, მღერის და უარს არავის ეუბნება. მგონი, ამას უბრალოდ სიკეთე ჰქვია. 

სამყარო ერთია და ამ სამყაროში ახალი წლის დღეები იდგა. 

დაურეკავდნენ ციმბირიდან, იტალიიდან ან კანადიდან სთხოვდნენ, გვიმღერეო, პაატაც დაუზარელად ჩამოფხანდა ბალალაიკის სიმებს და მღეროდა ჩვენსას, მთისას, სიმღერის ბოლოს აუცილებლად დააყოლებდა: თქვენი გამარჯვებისა იყოსო და სადღაც ქვეყნის დასალიერში ვიღაცას ცრემლი ადგა თვალებზე.


ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?!

უცნაური რამეა მონატრება. ჯერ კიდევ თოვლის მოსვლამდე, ცეცემ (ლეო იდიძე) დაგვპატიჟა ხინკალზე. იქ ყველაფერი კარგი იყო: ადგილიც, მასპინძელიც, სტუმრებიც და ხინკალიც. ცეცეს სახლიდან ჩვენამდე კილომეტრნახევარი მაინც იქნება, უკან ჯგუფად მოვდიოდით, ოდნავ ტორტმანით და ლაზღანდარობით. ვიღაცამ, მგონი, ბექამ, თქვა: გოდერძი ჩოხელის ფილმის გმირებივით დავდივართ, თითქოს უგზო-უკვლოდო და ახლა ასე სიარული მომენატრა - კარგ კაცებთან ერთად უმიზნო და აუჩქარებელი სიარული.

კომპიუტერს ჩავხედე და მაგ სიარულის ფოტოც მქონია.

ავტორი: არჩილ ქიქოძე