მუსიკა | ცა

ხევსურული ფოლკლორის მაგია

მზია არაბულის და გოგი ძოძუაშვილის ალბომი

მარტი 29, 2023

ყველა ნამდვილი მუსიკოსი მრავალი შემოქმედებითი სახის მატარებელია, მთავარია თუ ვინ რამდენად იყენებს საკუთარ თავში მოქცეულ ამ პოტენციალს. ექსპერიმენტისთვის ღიაობა, ის ღირსებაა, რომელიც ხელოვანს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი თავის რეალიზება მაქსიმალურად მოახდინოს და შედეგად  კვალი მრავალი მიმართულებით დატოვოს.

გოგი ძოძუაშვილისთვის მუსიკა ყოველთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, ეს იქნებოდა ბენდის ფორმატში „Mother On Mondays”, სოლო პროექტი “Post Industrial Boys”, მუსიკა თეატრისთვის და ფილმისთვის თუ სხვა. არსებობენ ადამიანები ვისთვისაც ემოციურ მუხტს ხმოვანება გადმოსცემს და ხშირად ტექსტური ჩანართი მათთვის უცხო და მოუხელთებელია. გოგი ძოძუაშვილის შემთხვევაშიც ასე იყო - Post Industrial Boys-ში მან ამ მიმართულებით ქართველი პოეტები და ახლო მეგობრები დაიხმარა და შესაბამისად მუსიკისა და პოეზიის ეკლექტური და თანამედროვე სინთეზი დაიბადა.

ამან დასაბამი მისცა რამდენიმე სხვა საინტერესო კოლაბორაციას, სადაც გოგის მუსიკალურ ბგერათა თანაწყობას, პოეტურ და ხმოვან ეკომპანიმენტს სხვადასხვა ადამიანები უწევდნენ. 2000-იანი წლების დასაწყისში,

მზია არაბულთან ერთად სწორედ მსგავს პროექტს დაედო სათავე. მზია არაბული, წარმოშობით ხევრუსი კინომსახიობთა თეატრის მსახიობია, ძოძუაშვილთან ერთად შექმნილი აღნიშნული პროექტიც ხევსურული ფოლკლორისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზს წარმოადგენს. ალბომი „იას უთხარით“ თავდაპირველად 2007 წელს გამოიცა, თუმცა მცირე ტირაჟითა და მოკლე ქრონომეტრაჟით, სადაც მხოლოდ 7 კომპოზიცია შედიოდა. ახალი გამოცემა CES Records-ზე კი 20 წლიანი თანამოქმედების სრულ შედეგს წარმოგვიჩენს. ზოგადად ფოლკთან ექსპერიმენტირება და თანამედროვე გადმოცემის ფორმების ძიება მუსიკალური სამყაროსთვის ახალი სულაც არ არის, თუმცა ეს იმდენა ფაქიზი და სენსიტიური საკითხია, რომ მისი საინტერესოდ წარმოება და აუდიტორიისთვის სწორად მიწოდება ძაფის ხიდზე გავლას ჰგავს და სიმართლე რომ ითქვას, არც თუ ისე ბევრი წარმატებული მაგალითის გახსენება შემიძლია.

ქართული მთიანეთის, მით უფრო კი ხევსურული ინტონაციის, თავისებური ჟღერადობისა და სპეციფიკური ლექსიკის მქონე კილოებზე მოლაპარაკე მთის მკვიდრთა მეტყველება უნიკალურია. იგი არაერთხელ გამხდარა ქართველი მეცნიერების, მათ შორის აკაკი შანიძის კვლევის ობიექტი და ინტერესის საგანი. ხალხური პოეზია ის მიმართულებაა რომელიც გაჩნდა, განვითარდა და ტრიალებს სოფლის მუშა ხალხში, გლეხობაში, იმ სოციალურ წრეში, რომელიც შრომასა და ჯაფაშია და მეტწილად წერა-კითხვის უცოდინარია. ეს ის პოეზიაა, რომელიც ჩვეულებრივ ზეპირი გადაცემით ვრცელდება ერთი კაციდან მეორეზე და ძველი თაობიდან ახალზე. მისი შემნახავი და დამცველი მრავალ პირთა მეხსიერებაა და ეს არის მიზეზი, რომ მისი ფორმა და შინაარსი ცვალებადია და ადვილად ეგუება ამა თუ იმ კუთხის გემოვნებას, თუ სოციალური ფენის მიდრეკილებას.

ალბომში იას უთხარით თავმოყრილია მზია არაბულის ბავშვობის მოგონებებიდან ზედაპირზე ამოტივტივებული მშობლიური ხმები, რომლებიც ქრისტიანულ რიტუალებსა და პაგანურ ელემენტებს აერთიანებდა.

ჩანაწერი ვაჟა ფშაველას „იას უთხარით“ იწყება, გოგი ძოძუაშვილის სიმშვიდის მომგვრელ ელექტრონიკას თან გასდევს მზია არაბულის მაგიური ხმა და მსმენელიც ამ ხევსურული რეალიზმის ჯადოსნურ სამყაროში აბიჯებს. ვაჟას ეკუთვნის ასევე „არც რა“, რომელსაც მარტივი, თუმცა მომნუსხველი მუსიკალური აკომპანიმენტი გასდევს. ნანუკელადა „ერთი ჩიტა“ საბავშვო ხევსურული იავნანაა, რომელიც ჩვენამდე ასევე მინიმალისტური მუსიკალური გაფორმებით მოდის, თუმცა აქ გადამწვეტი თავად მთხობელის გადმოცემის სტილია, რომელსაც ელექტრონული ჟღერადობა გარეგან ელფერს ულამაზებს. მთის პოეზიის ძირითადი თემატიკა ალბათ მაინც საგმირო საქმეებია, აღნიშნულ ალბომში სწორედ მსგავსი ჩანაწერიც გვხვდება - დალაი“, რომელიც უმეტესად თუშეთში სრულდება და მკვდარ მეომრებს ეძღვნებოდა.  ის ფაქტი, რომ საგმირო პოეზიის ნიმუშები ხალხში ფანდურის თანხლებით გადადიოდა და განსაკუთრებული რიტუალით სრულდებოდა (მუხლზე დაჩოქებით), მიგვითითებს იმაზე, რომ საზოგადოება ქედს იხრიდა გმირის ღვაწლის წინაშე. ყოველივე ეს კი ერთიანობაში ემსახურებოდა ახალგაზრდობის (თუ გნებავთ, ძველგაზრდობისაც) ზნეობრივი მრწამსის ფორმირებას. გადაჭარბებული ალბათ არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ხევსურები საუკეთესო მეომრები იყვნენ.

„დიდება“ ეს შობის დღესასწაულისთვის მოსამზადებელი გალობა იყო, რომლითაც ხევსურები ღმერთს ადიდებდნენ.  ლიტერატურული წრეები რამოდენადმე იცნობს მოყმისა და ვეფხვის სიმღერას,რომლის ფშაური ვარიანტიც პირველად დავით ხიზანაშვილმა დაბეჭდა. ამ ძველი ლექსის ბევრი დეტალი დაიკარგა, მაგრამ შემონახულ იქნა მთავარი: გმირული ბრძოლა მოყმისა ვეფხვთან, რომელიც ამავე ალბომში განსაკუთრებული არანჟირებითაა წარმოდგენილი და ვფიქრობ ჩემი ფავორიტი კომპოზიციაა ამ პროექტიდან. “ბინდი”, “მზე შინა და მზე გარეთა”, “ვარსკვლავები”, ხალხური პოეზიაა, რომელსაც მზია ამღერებს მაგიური შელოცვების მანერით, განსაკუთრებით “მზე შინაში“ ჩანს ტრანსში შესული ქადაგების და შელოცვების ელემენტები.

ჯამში ალბომი სრულად გადმოსცემს იმ განწყობას რაც მის ვიზულურ გაფორმებაზეა წარმოდგენილი - მისტიკური, ბინდით დაფარული ადგილების და ქართული მთიანეთის უნიკალურობის შეგრძნებას, ელექტრონული ფოლკლორის ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხებითა და ჟღერადობით. პროექტმა 20 წელზე მეტი მოიცვა, თუმცა თავის მხრივ ქართული იდენტობის უფრო ხანგრძლივი გზის გამგრძელებელია.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი