თებერვალი 22, 2022
გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული? ბლოგში მოგიყვებით, რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ქვეყნები მოწინავე პოზიციაზე და რა არის მათი კეთილდღეობის მთავარი მიზეზები.
10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში
ფინეთი, დანია, შვეიცარია — ამ ქვეყნებს ევროპის კონტინენტზე მდებარეობის გარდა ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ — აქ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ.
გასულ მარტს 2021 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელსაც ცხრა წელია, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელი ამზადებს. ანგარიშის მოსამზადებლად სტატისტიკოსები მონაცემებს Gallup-ის მსოფლიო გამოკითხვის შედეგად იღებენ.
გაეროს წევრ 150-მდე სახელმწიფოში დაახლოებით 1000 ადამიანი საკუთარი ცხოვრების ხარისხს 0-დან 10-მდე სკალაზე აფასებს, მკვლევრები კი კეთილდღეობას ექვსი კომპონენტის მიხედვით ზომავენ. 2021 წელს ეს კომპონენტები შემოსავლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, ნდობის, სანდო ადამიანის გვერდით ყოლის და გულუხვობის ხარისხი იყო.
ბოლო ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა პანდემიას და რა გავლენა აქვს მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობას მათ საერთო ბედნიერებაზე.
ბუნებრივია, ანგარიშში ისეთი ქვეყნებიც მოხვდნენ, სადაც ადამიანები ყველაზე ნაკლებად ბედნიერები არიან. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს ის სახელმწიფოებია, სადაც ხშირია ომები და ბუნებრივი კატასტროფები, გამეფებულია კორუფცია, მოშლილია ჯანდაცვის სისტემები და, შესაბამისად, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. წელს ასეთ ქვეყნებს შორის არიან ავღანეთი, ზიმბაბვე, რუანდა, ბოტსვანა, ლესოტო და სხვები. საინტერესოა, რომ საქართველო 2021 წელს, ბედნიერ ქვეყნებს შორის 117-დან 108-ე ადგილამდე დაწინაურდა.
გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული? ამ სტატიაში მათი კეთილდღეობის მიზეზებს მოგიყვებით.
10. ავსტრია
ავსტრიამ 2021 წელს ათეულში მოხვედრა სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ერთ სულზე მშპ-ს მაღალი მაჩვენებლებით მოახერხა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი, რაც ავსტრიისგან შეგვიძლია ვისწავლოთ ისაა, რომ ნერვიულობა არაფერზე ღირს და საუკეთესო გამოსავალი ველოსიპედით სეირნობაა. ავსტრიელებს ძალიან უყვართ ველოსიპედი და შესაძლოა, ბედნიერების საიდუმლოც, ზუსტად ამაშია. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ სიაში მეორე ადგილზე მყოფი ქვეყნის მაგალითს გაეცნოთ და ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში დარწმუნდეთ.
9. ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიისა და მისი მეზობლის, ავსტრალიის სპორტულ-კულტურული მეტოქეობა ბედნიერი ქვეყნის სტატუსის დაკავებაშიც გამოიხატა — ავსტრალია წელს ვერ მოხვდა ათეულში და მას რამდენიმე ადგილით აჯობა მისმა სამხრეთ-აღმოსავლელმა მეზობელმა, მოგზაურებისთვის ერთ-ერთმა საყვარელმა დანიშნულების ადგილმა, ახალმა ზელანდიამ.
კვლევაში არაერთხელაა ხაზგასმული კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი ზელანდიის მიერ შემოღებული ზომები. ანგარიში, ასევე, იმასაც მიუთითებს, რომ ახალი ზელანდიელები თავიანთი სამუშაოთიც არიან კმაყოფილი. ეს ყველაფერი, სრულიად შესაძლებელია, რომ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის — პლაჟების, ვენახებისა და თვალწარმტაცი მთების დამსახურება იყოს.
8. ლუქსემბურგი
ლუქსემბურგს ბოლო წლებში ბედნიერი ქვეყნების სიაში შთამბეჭდავი წინსვლა ჰქონდა. ქვეყანამ მე-14-დან ჯერ მე-10 ადგილზე, წელს კი მე-8-ზე გადმოინაცვლა. პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 600 ათასზე ნაკლებია, მოქალაქეებს მაღალ ხელფასებს, პენსიონერებს კი სოციალური დაცვის ძლიერ სისტემას სთავაზობს. თუმცა, სანამ იფიქრებდეთ, რომ ლუქსემბურგელებს ბედნიერების ყიდვა ფულით შეუძლიათ, გეტყვით, რომ მათ კიდევ ბევრი ისეთი შესაძლებლობა აქვთ, რომელიც ნაღდ ფულთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგალითად, გასაოცარი ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის, რაც, სავარაუდოდ, სავალდებულო 5-კვირიანი შვებულების დამსახურებაა.
7. შვედეთი
2021 წელს, ისევე, როგორც 2020-ში, შვედეთმა ბედნიერი ქვეყნების სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ ქვეყანაში ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ეს ერთადერთი მიზეზი არაა, რის გამოც შვედეთი ბედნიერ ქვეყნად ითვლება — აქ სოციალური თანასწორობის იდეა საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი ნაწილია და მასზე საუბარი საბავშვო ბაღიდანვე იწყება; წყვილებს შეუძლიათ 16-თვიანი დეკრეტული შვებულების აღება, ამასთან ბავშვთა ზრუნვის დღის ცენტრები უფასოა. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, შვედეთს განსაკუთრებულად მიმზიდველ და კომფორტულ ქვეყნად აქცევს.
ერთი სიტყვით, სამსახურსა და თავისუფალ დროს შორის იდეალური ბალანსის მიღწევა თუ გსურთ, სწორედ ამ შვედების მაგალითი უნდა აიღოთ.
6. ნორვეგია
ნორვეგიის შედეგი ბოლო წლებში უარესდებოდა, თუმცა 2021 წელს ის ათეულში მოხვდა და სამართლიანად დაიკავა მეექვსე ადგილი. სოციალური მხარდაჭერის კარგი სისტემები და მზარდი ეკონომიკა, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლობით გამოყენება და სხვა მრავალი ფაქტორი იმის საწინდარია, რომ ძალიან ცოტა ნორვეგიელი რჩება ყურადღების მიღმა, ზრუნვის გარეშე. როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების განცდას ამ ქვეყანაში გამართული სოციალური სერვისები, მთავრობისადმი ნდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა განაპირობებს.
5. ნიდერლანდები
2005 წლიდან ნიდერლანდების მონაცემები თითქმის არ შეცვლილა და ის სტაბილურად და დამსახურებულად ინარჩუნებს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის ადგილს. კვლევები მოწმობს, რომ ნიდერლანდებში ბედნიერების შეგრძნება ადრეული ასაკიდანვე შესამჩნევია. UNICEF-ის 2013 წლის კვლევის თანახმად, ნიდერლანდელი ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან, რისი თქმის საფუძველს იქაური განათლების სისტემა, უსაფრთხოების დონე და ჯანმრთელობის ხარისხი იძლევა.
4. ისლანდია
ისლანდიაში გამოკითხულთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში ჰყავთ დასაყრდენი — აქვთ თანამოქალაქეების მხარდაჭერის იმედი რთულ დროს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისლანდიელები ერთ-ერთი ყველაზე გაერთიანებული ერია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდია გამოირჩევა ინკლუზიურობითა და თანასწორობაზე ორიენტირებულობით, ქვეყანაში დაბალია კრიმინალის დონე, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ძლიერია. საგულისხმოა, რომ ანგარიში ისლანდიას იმ ქვეყნების ჯგუფში აერთიანებს, რომელთაც პანდემიის პერიოდში სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. და რაც მთავარია, ისლანდიის არნახული ბუნება სრულიად ლეგიტიმურად გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ იქ მცხოვრები ადამიანი რთულია, უბედური იყოს.
3. შვეიცარია
შვეიცარია არის ქვეყანა, სადაც ადამიანები ყველაფერს თავად ირჩევენ. მაგალითად, კენჭს უყრიან და ერთად წყვეტენ იმას, თუ შვებულების რამდენი დღე უნდა ჰქონდეთ დასაქმებულებს ან რამდენი იმიგრანტი შეიძლება შემოუშვან ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ ადგილობრივი რეფერენდუმები აქ წელიწადში რამდენჯერმეც კი იმართება. პირდაპირი დემოკრატიის ეს სისტემა შვეიცარიის მოქალაქეებს აძლევს უპრეცედენტო განცდას, რომ მონაწილეობს საკუთარი ქვეყნის განვითარებაში, იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ საკითხზე— ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, სამეზობლოში შუქნიშნის დაყენებით დამთავრებული.
შვეიცარიელებზე ხშირად ამბობენ, რომ ჩაკეტილი, თავშეკავებული ხალხია, თუმცა, სინამდვილეში, ძლიერი სოციალური ერთობა მათ იმის შეგრძნებას აძლევს, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი კმაყოფილებასა და ბედნიერებაში “ითარგმნება”.
2. დანია
დანია, ნომერ მეორე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში და თითქმის ყველა კომპონენტში გამორჩეულია — შთამბეჭდავია მისი სოციალური სერვისები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ანაზღაურება და სხვა. საგულისხმოა ისიც, რომ ქვეყანა განახლებადი ენერგიის წარმოებაზეა ორიენტირებული, კოპენჰაგენი მსოფლიოში ველოსიპედებთან ყველაზე მეგობრული ქალაქია, ხოლო დანიის სანაპიროებით ტკბობისთვის ერთი ცხოვრება საკმარისი არაა.
ამგვარად, ამ ქვეყნის ბედნიერება პლანეტისადმი პატივისცემიდანაც მომდინარეობს, თუმცა, ეს საკმარისი არაა — კოპენჰაგენში დაფუძნებული ბედნიერების კვლევის ინსტიტუტი ამბობს, რომ დანიის ბედნიერების ინდექსი ბევრ სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის მთავრობისადმი ნდობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე და ზოგადად, დაბალანსებულ ცხოვრების სტილზე.
1. ფინეთი
სკანდინავიის ეს გასაოცარი ქვეყანა უკვე მეოთხე წელია, არავის უთმობს პირველობას ბედნიერებაში. მისი ბედნიერების საიდუმლო განათლებაშია. ფინეთი მუდმივად სახელდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნად. მისი ასეთი წარმატება მასწავლებლებისადმი პატივისცემითაა განპირობებული. საინტერესოა, რომ მათ სწავლებისთვის მაგისტრატურის ხარისხი მოეთხოვებათ, განათლებას სახელმწიფო აფინანსებს და პედაგოგიური სისტემა ფოკუსირებულია უფრო მეტად ექსპერიმენტულ სწავლებასა და თანაბარი შესაძლებლობების წახალისებაზე, ვიდრე ტრადიციულ რაოდენობრივ ტესტირებაზე.
კრიმინალის დაბალი დონე, ცხოვრების მაღალი ხარისხი და მშვიდი ტემპი, ტყეები, ტბები, ველური ბუნება — ესაა ქვეყანა, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს აერთიანებს და სრულიად დამსახურებულადაც იკავებს ამ სიაში პირველ ადგილს.