კულტურა

წინანდლის ფესტივალი 2019

სექტემბერი 19, 2019



15-დღიანი მუსიკალური თავგადასავალი წინანდალში, თავად ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, 22 სექტემბრამდე გრძელდება.

8 სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრია. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მსოფლიო მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა – დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი, რომელმაც ახალაშენებულ ამფითეატრში პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გახსნა.

იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა – 2016 წლიდან აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორია, ასევე არის ლონდონის სიმფონიური ორკესტრისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués) მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.


2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს.

გარდა იმისა, რომ ფესტივალის საკონცერტო პროგრამა თავისი შინაარსით და დრამატურგიით მრავალმხრივ საინტერესოა, წინანდლის ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე, ქეთევან ქემოკლიძე, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი, გოტიე კაპუსონი, იუკა-პეკა სარასტე, ომერ მეირ ველბერი, ლაჰავ შანი, ფაზილ საი, ჯორჯ ლი, პინკას ცუკერმანი, ედგარ მორო.


მოწვეულ ვარსკვლავებთან ერთად უკრავს ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრი და წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბებული პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ექვს ქვეყანაში შერჩეული ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული და მას წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭა.

აქ დამწყებ მუსიკოსებს მიეცემათ უნიკალური საშუალება ეზიარონ თანამედროვე კლასიკური მუსიკის სამყაროს და გაიღრმავონ მუსიკალური განათლება სემინარების და მასტერკლასების საშუალებით, რომელთაც თანამედროვე კლასიკური მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენლები წარუძღვებიან.


სიახლეა ისიც, რომ ფესტივალის ფარგლებში დაარსდა მუსიკალური აკადემიაც, რომელიც ყოველწლიურად უმასპინძლებს ახალგაზრდა მუსიკოსებს.

საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება.


წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან – ვერბიეს ფესტივალის დამაარსებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი აბრაამ შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი “თიბისი სტატუსის” მხარდაჭერით ტარდება.



ასე რომ, ჭავჭავაძეების საზაფხულო რეზიდენციაში, წინანდალში, ისტორიასთან ერთად კლასიკური მუსიკა, როგორც მომავლის მემკვიდრეობა, ყოველწლიურად უმასპინძლებს სტუმრებს.


 

ავტორი: მზეხა მახარაძე