ლიტერატურა

წერილი ქეთი ნიჟარაძეს | ლაშა თაბუკაშვილი

"საბა"

აგვისტო 31, 2019

ქეთი! მთხოვეს, მცირე მოგონება დამეწერა შენზე და მეც გამახსენდა რაღაც-რაღაცები მცირე ნაფლეთებად! ქეთი, ნუ გიკვირს მომართვის აწმყოობა, მახსოვს, სამწუხაროდ, მახსოვს, რომ აღარა ხარ, რომ თავი მოიკალი და დარჩენილი ხელთნაწერები ცეცხლს მიეცი! გოგოლის ალუზიაც აგვკიდე მე და ერლომს, შენს სასახლეს როცა შევუდექით ორივენი... ცოტანი ვიყავით გამცილებლები, ვინც იცოდა შენი ტალანტისა და კეთილშობილი ბუნების  ფასი! ცოტანი გახლდით, შენზე განრისხებულები!


 პირველად ბაკურიანის სიმპოზიუმზე გაგიცანი, მიტო დანგაძის „ხიჟინაში“,  ყველაზე უმცროსი და ყველას ნერვების  დამწყვეტი სუფრაზე! თხელი, მომხიბლავი, ექსცენტრიული! და როცა უკვე გვარიანად აკრიფე, ჩუმად მოგეცი შენიშვნა, დაოკდი-მეთქი! ჯერ უსამართლოდ დატუქსული კნუტივით შემომხედე, მერე კი მითხარი, რომ ჩემი შენიშვნა მიღებულია, რადგან არც თუ ისე ცუდ ტიპად აღმიქვამ და, რაც მთავარია, სკოლის ასაკში, გურამ რჩეულიშვილზე მაქვს ლექსი დაწერილი.

რამდენიმე წლის შემდეგ, მწერალთა კავშირში, როცა ახალგაზრდული ჟურნალი „სათავე“ იქმნებოდა, კაბინეტში ვისხედით და მე გიხსნიდი, თუ რა ბედნიერი ახალბედა რედაქტორი ვარ, რადგან შენი „ავტოპორტრეტის“ დაბეჭდვას ვაპირებ...  ჩაფიქრებული და ჩამქრალი იჯექი მაგიდასთან და სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდი.


  -ყველგან უარით გამომისტუმრეს! შენ რატომ გაქვს იმედი, რომ ცენზურა...

  -ახლა პერესტროკაა, ქეთი, ცენზურას, ცოტა არ იყოს, სძინავს!

  - სძინავს რო?!

  _ იცი, მწერლურთან ერთად, სხვა ნიჭიც გაქვს...

  - ვიცი, წყობიდან გამოვიყვანო ადამიანები! ნუ განმეორდები, ლაშა!


მოთხრობას დიდი წარმატება მოჰყვა. მერე უკვე, ოთხმოცდაათიანებში, როცა მე და ზაალ სამადაშვილმა  არაკომერციული ჟურნალი „მეოცე საუკუნე“ დავაარსეთ, შენი რომანის პირველი ნაწილიც დაიბეჭდა, გაგრძელებით... (მეორე ნაწილი კი იმ ავბედით ღამეს დაწვი) აქაც წარმატება შეგხვდა, ოღონდ ის მაღიზიანებდა, რომ ზოგიერთის აზრით, მკითხველის ინტერესი, რომანში საკმაოდ ფაქიზად დაძრულმა ლესბოსურმა თემამ წარმოშვა.  ჰო, ახალი ხილი იყო ქართულ პროზაში ეგ გეიმები, მაგრამ შენ ეპატაჟისთვის არ გაგიკეთებია ეს...

  მერე, როცა ვეღარ გავაგრძელე ჟურნალის გამოშვება, რეზო- უმცროსმა აიტაცა ესტაფეტა და თანხის მოძიებასთან ერთად, ინგლისურად გამოსცა ჟურნალის ოთხი ნომერი, სადაც შენი „ავტოპორტრეტიც“ დაიბეჭდა და ნიუ-იორკის კონგრესის ბიბლიოთეკაში წარდგინების შემდეგ, ამერიკულ უნივერსიტეტებში დარიგდა. იმასაც გამცნობ, ქეთი, რომ ალექსანდრე ყაზბეგსა და სხვა რამდენიმე ავტორთან ერთად სტუდენტებმა შენი მოთხრობა გამოარჩიეს. 


და  ბოლოს, როგორც მე და რეზიკოს, (შენს ორ რედაქტორს) გვიამბეს, ფრანკფურტის  ბაზრობაზე, ქეთი ნიჟარაძე, (ჰო, ჰო, შე ყურუმსაღო) თანამედროვე ქართული პროზის, ერთ-ერთ მკაფიო ტალანტად აღიარეს.

  შენ კი წასვლა არჩიე! სხვა რა მოგწერო,  ქეთი?! წლები გავიდა და ვატყობ, რომ მაინდამაინც ხშირად არ მაგონდები! ალბათ,  გვიცავს ტკივილისგან ქვეცნობიერი! მაგრამ ახლა, როცა გაგიხსენე... ( არა, მწარეს არაფერს გეტყვი, დაიკო!) უბრალოდ მომნატრებიხარ, თურმე!




ლაშა თაბუკაშვილი.

წავკისი, 2019წ.

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".


#საბკულტურა