აპრილი 18, 2021
შტატი ვისკონსინი ბევრი არაფრით გამოირჩევა, ამერიკელთა უმრავლესობას მისი ხსენებისას იქ მცხოვრები მილიონ ნახევარი ძროხა და მათ მიერ წარმოებული აშშ-ს მთლიანი რძის პროდუქტების 15 პროცენტი ახსენდება, რაც ყველა სხვა შტატზე მაღალი მაჩვენებელია და სამართლიანადაც მას აშშ-ს რძის პროდუქტების დედაქალაქს უწოდებენ.
ამ შტატის გულის გულია ქალაქი პლიმუთი - სულ რაღაც 3 ათასი მოსახლით და ქვის კვარცხლბეკზე მდგარი Antoinette-ით, რომელიც ჰოლშტეინის ჯიშის ძროხის სკულპტურაა და ხაზს უსვამს აგროკულტურის უმნიშვნელოვანეს როლს ამ ქალაქის ისტორიაში. ერთი შეხედვით, იდეალური ადგილია უდარდელი ბავშვობის გასატარებლად, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება...
ეს პატარა დასახლება Louis Thomas Hardin-ის მომთაბარე ცხოვრების ერთ-ერთი, მაგრამ, როგორც მოგვიანებით თვითონ იხსენებს, ყველაზე ემოციურად დასამახსოვრებელი ლოკაცია იყო.
მამამისი ანგლიკანური ეკლესიის მისიონერი მღვდელი, წარსულში ჯარისკაცი და არმიის პასტორი, დედა კი ორღანისტი იყო კვირის წირვებზე. არტისტის თქმით, მისი მუსიკით დაინტერესება დედამისს, დასარტყამი ინსტრუმენტების მონოტონური საუნდის სიყვარულს კი, მამამისისის ჯარის გამოცდილებებს უკავშირებდა.
1972 წელს, 50 წლის შემდეგ, რაც მან ეს ადგილი დატოვა, ის დაბრუნდა პლიმუთში, ადგილობრივი ეკლესიის პასტორის შვილი და დაუკრა იმავე ეკლესიაში:
„მე დავუკარი რამდენიმე აკორდი იმ ორღანზე, რომელზეც დედაჩემი უკრავდა, მე ვიდექი იმ კათედრასთან და ვციტირებდი ფრაზებს ჩემი ლექსებიდან, სადაც მამაჩემი თავის მრევლს უქადაგებდა.
პირველ რიგში, მე უნდა გამეხსენებინა, რათა ბოლოს და ბოლოს შემძლებოდა დავიწყება."
ბავშვობიდან ოჯახი მუდმივად ამერიკის სხვადასხვა შტატში გადაადგილდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ლუიმ და მისმა დამ - რუთმა, რომელიც, ლუის თქმით, საუკეთესო მოცეკვავე და პაინისტი იყო სკოლის ბენდებში, მთელი ბავშვობა ცენტრალური ამერიკის გარშემო მოგზაურობაში გაატარეს, რაც თითქოს კარგად ჟღერს, თუმცა, როგორც მოგვიანებით მუსიკოსი იხსენებს, მიუხედავად მათი ოჯახის კარგი ფინანსური შემოსავლისა, მათ არც თუ ისე ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ. ისინი ხანდახან უბრალო აქსესუარებად გრძნობდნენ თავს, რომლებსაც მოხეტიალე მქადაგებელი სურვილისამებრ იქით-აქეთ ატარებდა.
კანზასი, ვაიომინგი, ვისკონსინი, მისური, აიოვ ... ამ უკანასკნელში ცხოვრებისას მან 16 წლის ასაკში, 1932 წლის 4 ივლისს, მინდორში ნაპოვნი დინამიტის აფეთქებისას მხედველობა სრულად დაკარგა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც მისი შემდგომი ცხოვრება. ქრისტიანულ ოჯახშ , ღმერთის და მისი უსიტყვო რწმენის საკითხი აქამდე ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა…
„მე ვფიქრობდი, თუ ღმერთი, ვისზეც მამაჩემი ქადაგებს, კეთილია, არ დაუშვებდა, რომ მე ეს დამმართნოდა, თუ კი ის ყოვლისშემძლეა, მაშინ ის აუცილებლად დამიბრუნებდა მხედველობას, მაგრამ არცერთი მომხდარა და მე დავკარგე ჩემი მისდამი რწმენა."
ახალი მომავლის ხედვა და დაკარგული რწმენისგან დარჩენილი სიცარიელე, მან მოგვიანებით ბუნებისა და ადამიანის ერთიანობის სიმბოლიზმში იპოვნა მას შემდეგ, რაც დაინტერესდა ჩრდილო-ევროპული მითოლოგიით.
„ედდას მეშვეობით აღმოვაჩინე ჩრდილოეთის ღმერთების პანთეონი, რომელმაც ჩემთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან მე მსურდა, ვყოფილიყავი მათთან ერთად რწმენაში."
ბავშვობაში დასარტყამი ინსტრუმენტებით დაინტერესება და მუსიკისადმი მისი ლტოლვა, რომელიც მის სურვილთან ერთად, მის კერძო მასწავლებლებს და ოჯახის კარგ შემოსავალს უკავშირდებოდა, საბედნიეროდ, მიღებულმა ტრამვამ ვერ შეაჩერა...
„თავდაპირველად, არ შემეძლო ზუსტად აღწერა, მაგრამ თანდათანობით, წლების გასვლასთან ერთად განვივითარე უნარი, ჩამეწერა რაც მესმოდა, ასე რომ, თუ შემეძლო ფურცელზე გადმომეტანა ის, რაც რადიოში ჟღერდა, მაშინ შევძლებდი ჩამეწერა ისიც, რაც ჩემს თავში ხდებოდა..."
არტისტი იხსენებს რამდენიმე ადამიანს და მოვლენას, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მისი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში. Bess Maxfield-ს, მისი მუსიკის მასწავლებელს არკანზასის კოლეჯიდან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ეხმარებოდა ლუის და, ასევე, ასწავლიდა, თუ როგორ ჩაეწერა მუსიკა ბრაილის შრიფტით, I.L. (Ike) Myers - ბიზნესმენს, რომელიც დაეხმარა ესწავლა "Southern College of Music”-ში და შეხვედროდა მის პირველ სიყვარულს - Virginia Sledge-ს. Saul Brown-ს, ფოტოგრაფს, რომელიც მარტო დარჩენის შემდეგ ფინანსური პრობლემების დროს ხშირად ეხმარებოდა, მის 1948 წელს გაუჩინარებულ და რუთს და ბავშვობის საყვარელ ჟურნალ Popular Mechanics and Popular Science-ს, საიდანაც მარტივი კონსტრუქციების ინჟინერია და ხეზე მუშაობა ისწავლა, წლების შემდეგ კი ეს ჰობი საკუთარი პერკუსიული ინსტრუმენტების შექმნისთვის გამოიყენა .
თუმცა, ეს ყველაფერი ნიუ იორკამდე იყო... შვიდი შტატის ათ ქალაქში გატარებული 27 წლის შემდეგ, 1943 წელს ახალი, ოჯახისგან დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად ლუისი ნიუ იორკში ჩავიდა.
ქალაქი, რომელიც მუსიკოსს, ინსტრუმენტების გამომგონებელს და პოეტს საკუთარი თვალით არასდროს უნახავს, თუმცა ყველა „ოლდთაიმერ“ ნიუიორკელს კარგად ახსოვს 53 და 54 ქუჩების კვეთაზე, მეექვსე ავენიუზე მდგარი 2 მეტრის სიმაღლის უსინათლო კაცი შუა საუკუნეების მოსასახამით, გრძელი თმით და წვერით, ხელში საბრძოლო შუბითა და ვიკინგის ქუდით თავზე, რომელიც ფურცელზე დაწერილ თავის პოეტურ მადრიგალებს 50 ცენტად ყიდდა და უამრავი ქუჩაში მოსიარულის ყურადღებას მარტივად იპყრობდა.
„როდესაც დედამ მითხრა, ბაბუაშენი მოკვდა, მე არ დამიღვრია არცერთი წვეთი ცრემლი, მაგრამ როდესაც ჩემი ძაღლი ლინდი უკანასკნელად დავინახე, გაუჩერებლად ვტიროდი.“
მეგაპოლისში ჩასვლისას პირადი ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, მუსიკოსი სწრაფად ადაპტირდა და შეძლო დასახული მიზნისკენ სვლა - გამხდარიყო დამოუკიდებელი და გამორჩეული არტისტი დიდ ქალაქში. 1947 წელს, 31 წლის ასაკში საკუთარ თავს უწოდა Moondog და სიცოცხლის ბოლომდე ამ სახელს იყენებდა.
ეს იყო მუსიკოსის ხელახალი დაბადება აშშ-ს კულტურულ დედაქალაქში, რომელიც გახდა კიდეც 50/60-იანი წლების ურბანული მითოლოგიის იდეალური პერსონაჟი ნიუ იორკში. მისი ფიზიკური არსებობა ამ ლოკაციასა და საზოგადოებაში თავადვე წარმოადგენდა რეალურ დროში სახელოვნებო ნაწარმოების პრეზენტაციას. მის ეპატაჟურ ვიზუალზე აქცენტის გამო, ბევრმა მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო, რომ მეექვსე ავენიუზე ვიკინგის სამოსში გამოწყობილი კაცი საკმაოდ ცნობილი კლასიკური და ჯაზ მუსიკის კომპოზიტორი იყო.
გაგრძელება იქნება...
ავტორი: ქუჯი დავითულიანი