კულტურა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

2020 წლის 22 ოქტომბრიდან ვანის არქეოლოგიური მუზეუმი განახლებული სახით ახალ სიცოცხლეს იწყებს.

ოქტომბერი 22, 2020

პანის გამოსახულება. სარიტუალო ნივთის შემკულობა. ძ.წ. II-I სს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. მუზეუმი 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის - ოთარ ლორთქიფანიძის სახელს ატარებს. ვანის მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. 1985 წ. არქიტექტორი გიორგი ლეჟავა.

ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის

სამარხი N24. ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევარი.

დღეს ეს ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ის კოლხეთის - ოქროს საწმისის ქვეყნის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

ფანტასტიკურ ცხოველთა ქანდაკებები. ტერაკოტა. ძვ.წ. VIII-VII სს. ვანის მუზეუმი. 2020

ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველ მასალას და ძველი კოლხების ცოდნას ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.


ოქროს სამკაული და მინის ჭურჭელი. ძვ.წ. IV საუკუნის პირველი ნახევარი. ვანის მუზეუმი. 2020

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად არის გამოფენილი „გადამალული განძის” სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას.


ჭრაქი მოცეკვავე ეროტების ფიგურებით. ბრინჯაო. ძვ.წ. I საუკუნის I ნახევარი | ჭაბუკის ქანდაკება. ბრინჯაო. ძვ.წ. II-I სს. ვანის მუზეუმი. 2020

ვანში სამეცნიერო ხასიათის არქეოლოგიური გათხრები 1896 წელს ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელმა და საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველმა - ექვთიმე თაყაიშვილმა დაიწყო.


1947 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა ვანის პირველი არქეოლოგიური ექსპედიცია და მას პირველი ქართველი ქალი არქეოლოგი ნინო ხოშტარია ხელმძღვანელობდა.


1966 წლიდან, ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ვანსა და მის შემოგარენში დაიწყო ფართომასშტაბიანი გათხრები და ძეგლის კომპლექსური მეცნიერული შესწავლა. მან პირველმა გამოყო ნაქალაქარის ისტორიული ეტაპები და განსაზღვრა ვანის, როგორც რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა კოლხეთის სამეფოს ისტორიაში.

ოთარ ლორთქიფანიძე. კარიბჭის კომპლექსი. ძვ.წ. II-I სს.

მდიდრულ აღმოჩენებთან ერთად ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მეცნიერული კვლევების საფუძველზე ვანმა არამხოლოდ სახელი გაუთქვა საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, არამედ წაშალა ზღვარი მითსა და რეალობას შორის.

ვანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, რომლის ძირითადი ნაწილი ვანის განახლებულ მუზეუმში, მეორე ნაწილი კი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის „არქეოლოგიურ საგანძურშია” წარმოდგენილი, მილიონობით ადამიანმა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იხილა.

ყელსაბამი კუს გამოსახულებიანი საკიდებით. ოქრო. სამარხი N11. ძვ.წ. V საუკუნის შუახანები. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

2007 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ვანის საგანძური გამოიფინა მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში: ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანება (გერმანია), აზიური ხელოვნების მუზეუმი ნიცაში (საფრანგეთი), არტურ მ. საკლერის გალერეა სმითსონიანის ინსტიტუტი (ვაშინგტონი, აშშ), ნიუ-იორკის ძველი სამყაროს კვლევის ინსტიტუტი (აშშ), ჰიუსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (აშშ), ფიტცუილიამის მუზეუმი (დიდი ბრიტანეთი), ბენაკის მუზეუმი (საბერძნეთი), პოლ გეტის მუზეუმი (აშშ), ხმელთაშუა ზღვისა და წინა აზიის კულტურების მუზეუმი (შვედეთი), სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი (ესპანეთი), რომის საიმპერატორო ფორუმების მუზეუმი (იტალია) და სხვა.

ამ გამოფენებზე წარმოდგენილმა ვანის უნიკალურმა აღმოჩენებმა ყველასთვის ცხადყო კოლხეთის სამეფოს რეალობა და ის თუ რატომ იხსენიებენ მას ანტიკური ეპოქის მწერლები ოქროთი მდიდარი ქალაქ-სახელმწიფოების - მიკენის, ბაბილონისა და სარდისის მსგავსად ეპითეტით „ოქრომრავალი”.


ოქროს სამკაული. ძვ.წ. III-I საუკუნეები. ვანის მუზეუმი. 2020

ვანის მუზეუმში მუდმივმოქმედ ექსპოზიციასთან ერთად მოწყობილია დროებითი საგამოფენო სივრცეც. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა უახლესი სტანდარტების დაცვით მოგვეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები).


განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით.

გამარჯვების ქალღმერთის - ნიკეს ქანდაკება. ძვ.წ. II-I სს. | პანის გამოსახულება. ძვ.წ. II-I სს. ვანის მუზეუმი. 2020

2002 წლიდან ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს დარეჯან კაჭარავა.


ვანის მუზეუმის მთავარ მიზნად რჩება მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის - კოლხეთის სამეფოს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის და ელინისტურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სატაძრო ქალაქის რვასაუკუნოვანი განვითარების ყველა ეტაპის წარმოჩენა.


განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

ვანის მუზეუმი ღამით. 2020

ეროვნული მუზეუმის გუნდის ათწლიანი მუშაობის შემდეგ, დამთვალიერებელი დღეს სრულად განახლებულ მუზეუმს იხილავს.


მუზეუმის რეკონსტრუქცია განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით (2020).

მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის „Ellis Williams Architects“, სცენოგრაფ ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით.


ვანის მუზეუმის მხარდამჭერია: შელბი ვაითის და ლეონ ლევის ფონდი; თიბისი.


ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო, ანა დავარაშვილი, ვანის მუზეუმის ფოტო-არქივი.

დავით ლორთქიფანიძე. ვანი - მითი თუ რეალობა. Movement TV