ლიტერატურა

ზამთრის საკითხავი - თბილისის წიგნის დღეებიდან

"საბა"

ნოემბერი 26, 2019

28 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ექსპოჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. წიგნის ფესტივალზე მისულ სტუმრებს ახალი თარგმანები, ბესტსელერები, საინტერესო ღონისძიებები და, რაც მთავარია, დიდი ფასდაკლება დახვდებათ. გამომცემლობები უამრავ სიახლეს და სიურპრიზს ჰპირდებიან მკითხველს.


რთულია წიგნების დიდ ოკეანეში გაცურვა, თუმცა ჩვენ 10 ყველაზე საინტერესო და აუცილებელი წიგნი ამოგირჩიეთ:

ჟოზე სარამაგუს „სპილოს მოგზაურობა“


სარამაგუს ერთ-ერთი ბოლო რომანი, "სპილოს მოგზაურობა" ისტორიულ ამბავს ეფუძნება და მოგვითხრობს გოადან პორტუგალიაში საჩუქრად გაგზავნილი სპილო სოლომონის მოგზაურობას ხელახლა გაჩუქების შემდეგ – პორტუგალიიდან ავსტრიამდე. სოლომონი, იგივე სულეიმანი, რომელიც პორტუგალიის მეფე ჟუან მესამემ ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიანს საქორწინო საჩუქრად მიართვა, თავის მომვლელ სუბჰროსთან ერთად რთულსა და გრძელ, ცნობისმოყვარე გამცილებლებით დატვირთულ გზას გადის ლისაბონიდან ვენამდე და მგზავრობისას ათას ხიფათსა და არაერთ უცნაურ ადამიანს გადაეყრება. მანამდე თვალით უნახავი სპილოს გამოჩენა ისე აღაფრთოვანებს და გააოცებს ლამის მთელ ევროპას, რომ მის ამბავს ისტორიული წყაროები დღემდე ინახავენ, სარამაგუ კი თხრობის ჩვეული სტილით, მსუბუქი იუმორითა და ირონიით გვიყვება ამ, ერთი შეხედვით, ბანალური, მაგრამ ძალიან საინტერესო მოგზაურობის ისტორიას.


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი - მიხეილ ანთაძე

ნიკოლო ამანიტი „მე და შენ“


იტალიელი მწერლის, ნიკოლო ამანიტის ნაწარმოები „მე და შენ“ მოზარდის მიერ მოთხრობილი ამბავია მარტოსულობაზე, გარე სამყაროს მიმართ შიშსა და უნდობლობაზე, ბულინგსა და ნარკომანიაზე.

 

ლორენცო კუნი საკუთარ თავში ჩაკეტილი 14 წლის ბიჭია, მეგობრები არ ჰყავს და კლასელებიც ხშირად იგდებენ აბუჩად. იგი ხვდება, რომ ერთადერთი გამოსავალი აქვს: სხვებს უნდა დაემსგავსოს და ისე მოიქცეს, „როგორც ბუზი, რომელიც საშიშ კრაზანას ჰბაძავს“. თუმცა მან ისიც იცის, რომ მიბაძვა მხოლოდ ნიღაბია, ერთგვარი თამაში, რომელიც მოზარდების სასტიკ და აგრესიულ სამყაროში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ლორენცო თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა მარტოა. მოულოდნელად ამ მყუდრო სიმარტოვეში მისთვის უცხო ადამიანი, 23 წლის ნახევარდა შემოიჭრება, რომელთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე მას სამყაროს სხვაგვარად დაანახებს.


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი - თეა ნიკობაძე

რიჩარდ იეიტსი „ამბოხის გზა“


წიგნი ახალგაზრდა ამერიკელი წყვილის, ფრენკისა და ეიპრილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად „ამბოხის გზაზე“ გადადიან. ფრენკი სამსახურით უკმაყოფილოა, ხოლო ეიპრილი თავის თავს დიასახლისად არასდროს მოიაზრებდა, ის თეატრის მსახიობობაზე ოცნებობდა. ერთ დღესაც ეიპრილი ფრენკს დაარწმუნებს, რომ დროა, თავიანთ ოცნებებსა და მისწრაფებებს მისდიონ. როგორია 1950-იანი წლების ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის გზა ოცნებებისკენ? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს რიჩარდ იეიტსი, მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის დიდი ავტორი.


სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმენლი - ეკა სუმბათაშვილი

მაიკლ ონდააჩი „ომის წილი სინათლე“


წიგნი იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში, ლონდონში, ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ. ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს

გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.


გამომცემლობა დიოგენე

მთარგმნელი - გია ჭუმბურიძე, ზაზა ჭილაძე

აირის მერდოკი „შავი პრინცი“


„შავი პრინცი“ აირის მერდოკის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა რიცხვშია. ალუზიებითა და სიმბოლოებით დატვირთულ ტექსტში ბევრი რამ წარმოაჩენს მწერლის ოსტატობას: სიუჟეტური პერიპეტიები, საინტერესო სტრუქტურა, დახვეწილი ენა... თუმცა რომანის მთავარი ღირსება ის არის, რომ მთავარი გმირების - ასაკოვანი კაცისა და ახალგაზრდა ქალის - უცნაური ურთიერთობის ამბავს ავტორი მთლიანად ცლის ბანალურობისგან და მკითხველისთვის „შავი პრინცი“ სიყვარულის შესახებ დაწერილი განსაკუთრებული წიგნი ხდება.


გამომცემლობა დიოგენე

მთარგმნელი - თამარ ლომიძე

კრისტოფ რაინსმირი „უკანასკნელი სამყარო“


წიგნში მოთხრობილია რომაელი მაქსიმუს კოტას მოგზაურობის ამბავი ქვეყნის დასალიერში - შავზღვისპირა ქალაქ ტომისში. ეს ქალაქი უკანაკნელი სამყაროს მოდელია, ადამიანური იმედების, სურვილების განადგურების

ადგილი. აქ იმპერატორმა პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი გადაასახლა, რომელმაც, გადმოცემით, გამგზავრების წინ თავისი ცნობილი პოემა „მეტამორფოზები“ დაწვა. ტექსტში უცნაურადაა გადახლართული ძველი სამყარო, მითები, დღევანდელობა. ყველა და ყველაფერი მეტამორფოზას განიცდის: ადამიანები ცხოველებად, ქვებად გარდაიქმნებიან, და ამ მეტამორფოზას ტექსტის პირველივე ფრაზა აღწერს - ფრინველების თეთრი გუნდი უცებ უზარმაზარ ქაფმოდებულ ტალღად გადაიქცევა.

„უკანასკნელი სამყარო“ ოცდაოთხ ენაზეა ნათარგმნი და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება.


გამომცემლობა დიოგენე

მთარგმნელი - მაია ბადრიძე

ოლდოს ჰაქსლი „კონტრაპუნქტი“


ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია. წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული.

 

რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს.


გამომცემლობა ინტელექტი

მთარგმნელი - გია ბერაძე

კარლოს რუის საფონი „ქარის ჩრდილი“


წიგნი მოგვითხრობს 1945 წელს ბარსელონაში განვითარებული მოვლენების შესახებ, სადაც მთავარი პერსონაჟი, 10 წლის ბიჭი პოულობს საიდუმლოებებით მოცულ წიგნს, რომელიც მის ცხოვრებას ცვლის. 20 წლის განმავლობაში ის ამ საიდუმლოებების ამოხსნას ცდილობს და გზაზე ბევრ უცნობსაც ხვდება. „ქარის ჩრდილი“ მსოფლიო ბესტსელერია და აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ „ქარის სახელი“ დონ კიხოტის შემდეგ ყველაზე წაკითხვად წიგნადაა მიჩნეული ესპანეთში. წიგნის გამოსვლიდან პირველივე კვირაში ესპანეთში მისი 23000 ეგზამპლარი გაიყიდა.


გამომცემლობა არეტე

მთარგმნელი - მაია მარჯანიშვილი

 

ე.მ ფორსტერის „ოთახი ხედით“


წიგნი მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული საზოგადოების ერთგვარი კრიტიკაა; საზოგადოებისა, რომელიც შებოჭილია დრომოჭმული ტრადიციებით, მოძველებული შეხედულებებით და ამის გამო მისი წევრები იძულებულნი არიან, დათრგუნონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და ვნებები; იმოქმედონ ისე, როგორც გარშემომყოფთ მიაჩნიათ მართებულად. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები არიან, რადგან მათგან მოითხოვენ მუზობას, კდემამოსილებას, ოჯახის დედობას, უშფოთველ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში - გაბედულ ნაბიჯებს. მათგან მხოლოდ განსაკუთრებით მამაცებს ჰყოფნით ძალა, თავიანთ გულის კარნახს მიჰყვნენ.


გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მთარგმნელი - ნინო მიქაშავიძე

ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“


დიდი იმედები” ჩარლზ დიკენსის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი ჰიპი გვიყვება საკუთარ ამბავს — თუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასთან და სიძესთან ერთად, ვიდრე მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ, იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ.


გამომცემლობა წიგნები ბათუმში

მთარგმნელი - თამარ კოტრიკაძე

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/