აპრილი 09, 2021
გაზაფხულზე რომ მხოლოდ რამდენიმე დღით ყვავის, თითქმის იდეალურად სიმეტრიული ტიტა თანამედროვე ქართველი მხატვრის და ვიზუალური არტისტის, ავთანდილ გახოკიძის ინსპირაციად იქცა და ყვავილი, რომელიც უკანასკენელი 32 წელია თავის თავში აერთიანებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ და, ამავდროულად, ყველაზე ბედნიერ - თავისუფლების მოპოვების დღეს, არტისტის მითოლოგიურ და ისტორიულ მოტივებზე შექმნილ ნამუშევრებს შორისაა.

„თვითონ ეს იდეა და ფორმა ერთგვარ ციტატას წარმოადგენს აღმოსავლური ორნამენტებიდან და დეკორატიული ფილების მოხატულობებიდან. სწორედ ამ მოტივების გამოყენებით წარიმართა ამ ნამუშევარზე მუშაობის პროცესიც.“
მისი ნამუშევრები ყოველთვის წარსული თემების ინდივიდუალური ინტერპრეტაციაა თანამედროვეობაში, როგორც თავად ამბობს, კიჩის ენაზე, სადაც ემოციური მოტივები ყველაზე დიდ როლს თამაშობს, ნამუშევარი დაცლილია თხრობითი ელემენტებისგან და მხოლოდ სუბიექტურ ინტერპრეტაციებზეა ორიენტირებული.
ავთანდილ გახოკიძის ეს ნამუშევარი, განსხვავებით 2019 წელს „Dedicace Gallery”-ში წარმოდგენილი სერიისა, დამოუკიდებელი სურათია, რომლის პირველი ვერსიაც 2020 წელს შეიქმნა, მეორე კი - ერთი წლის შემდეგ.

არტისტის ყველა მინიმალისტური ნამუშევრის მიღმა კომპლექსური შინაარსებია, რაც აერთიანებს, როგორც ფორმის ამბებს, ასევე, მის ისტორიულ ქვეტექსტებსაც.
„რამდენიმე წელია, რაც ჩემს ნამუშევრებში გამოჩნდა გეომეტრიული ფორმები და დეკორატიული მოტივები. ერთ-ერთი პირველი ამ მიმართულებით, წრიულ ფორმატზე შესრულებული ნამუშევარი, ე.წ. “Discoball” იყო. სწორედ ამას მოჰყვა შემდგომ სხვა ნამუშევრებიც, მათ შორის ეს ტიტებიც“

იმის მიუხედავად, რომ „ტიტები“ მხოლოდ ორგანზომილებიან სურათს წარმოადგენს, მისი შინაარსი ზუსტად იმეორებს მცენარის მრავალშრიანობის იდეას.
„ეს კონკრეტული ფორმები საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც დეკონსტრუქციის შემთხვევაში რამდენიმე ნახევარწრედ იშლება და ნაწევრდება.”
თუმცა, ღრმა ინტერპრეტაციის გარდა, ტიტა, როგორც სიმბოლო სიყვარულისა და მადლიერების, მუდმივად არსებობს ადამიანის ცნობიერში და სწორედ ამ გრძნობას გამოვხატავთ მაშინ, როდესაც ტიტებს ვჩუქნით ერთმანეთს.

ამიტომაც, აქ და ახლა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები და ვიყოთ მადლიერები ახლო წარსულში მოპოვებული თავისუფლებისთვის.