თიბისელები ტექნოლოგია თიბისი შენთვის სიახლეები

ტესტირების ავტომატიზაცია თიბისიში

აპრილი 11, 2022

დღეს თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის გუნდს გაგაცნობთ, რომელიც 3 წლის წინ შეიქმნა და ახლა უკვე 65-მდე ადამიანს აერთიანებს.

ლაშა მოსახლიშვილი

„3 წელზე ცოტა მეტია, რაც თიბისიში ტესტირების ავტომატიზაციამ აქტუალობა შეიძინა. თავდაპირველად, გუნდი შედგებოდა 5 ადამიანისგან, რომლებსაც ამ მიმართულებით გვქონდა არასიღრმისეული ცოდნა, თუმცა განვითარების ძლიერი სურვილი და ინტერესი გვამოძრავებდა.“


ლაშა მოსახლიშვილი

ტესტირების ავტომატიზაციის Chapter Lead

საქართველოს სამუშაო ბაზარზე კვალიფიციური ინჟინრების ნაკლებობიდან გამომდინარე, საწყის ეტაპებზე თიბისიმ საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია. მათი ჩართულობით, თიბისის ტესტ ავტომატიზაციის გუნდმა გაიზიარა მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების ცოდნა, გამოცდილება და ხედვები, რამაც მნიშნელოვანი როლი ითამაშა თიბისიში ამ პრაქტიკის სწორად დანერგვაში. 

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ დღეისათვის თიბისიში ყველა ტიპის აპლიკაციისთვისაა შემუშავებული მასზე მორგებული ტესტირების მიდგომები და სტანდარტები.“ 

პრაქტიკის დანერგვის გამართულმა პროცესმა საშუალება მოგვცა, ამ დროის განმავლობაში, სწრაფად დაგვეფარა მისი ყველა მიმართულება და თიბისის გუნდი 5 წევრიდან 65 ავტომატიზაციის ინჟინრამდე გაიზარდა. გამოცდილებისა და სიახლეების გასაზიარებლად შევქმენით შიდა საკომუნიკაციო არხები, მათ შორის, Confluence ცოდნის სივრცე, სადაც თავმოყრილია თიბისიში ავტომატიზაციის არსებული პრაქტიკებისა და მიდგომების დოკუმენტაცია - სწორი პროცესების აღწერასთან ერთად, ყურადღებას ვამახვილებთ გამონაკლისი პრობლემების მოგვარების ხერხებზე, საბოლოო ჯამში კი ჩვენი კოდის ბიბლიოთეკა მუდმივად ახლდება და იხვეწება. 

 

შემცირდა რისკები და მოგვეცა დროის ეფექტურად გამოყენების საშუალება, მოქნილობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს სასურველი პროდუქტი ბევრად სწრაფად მივაწოდოთ, ვიდრე მანამდე. თუ ხანგრძლივი მანუალური ტესტირებისას მცირე ხარვეზების გაპარვის რისკი მაღალია, რაც ადამიანის თვალისთვის ძალიან ბუნებრივია, ამ ეტაპზე ეს პრობლემა უკვე აღმოიფხვრა - ტესტირება ყოველ ნაბიჯზე ტარდება და ნებისმიერი ხარვეზი იმთავითვეა აღმოჩენილი. შესაბამისად, ხარვეზები საწყის ეტაპებზევე სწორდება და, დღეს უკვე, 1 კვირის მანუალური საქმის შესრულება ავტომატიზაციით 3 საათშია შესაძლებელი.  


თიბისის ავტომატიზაციის ინჟინრების მიერ შემუშავებული ტესტების კატეგორიზაციის ინსტრუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, არსად სხვაგან არ გვხვდება, ტესტების სირთულეს განსაზღვრავს და გუნდებს უფრო ნათლად შეუძლიათ, დაინახონ ტესტების არსებული ხარისხი - შესაბამისად, უფრო მარტივად დაისახონ სამომავლო მიზნები. 

„სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ავტომატური პროცესების უგულებელყოფა დღევანდელ სამყაროში ნამდვილად შეგვიქმნიდა ბევრ პრობლემას, როდესაც თითოეული წუთი და წამი ძალიან მნიშვნელოვანია.“

მეორე მხრივ, ავტომატიზირებულ ტესტებს შეუძლიათ, შეასრულონ დავალება 100% სიზუსტით, რაც, მთლიანობაში, ადამიანებისთვის სამუშაო პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. 


ირაკლი ბულისკერია

„ადამიანური შეცდომების გამორიცხვით ავტომატური ტესტირება იძლევა სიზუსტის გარანტიას და თან უწყვეტად ინახავს ტესტის შედეგებს. ეს გუნდებს საშუალებას აძლევს, გააანალიზონ შეცდომები და ყოველ შემდგომ ჯერზე გაუმჯობესდნენ.“ 


ირაკლი ბულისკერია

ტესტირების ავტომატიზაციის Chapter Lead

პარალელურად, თუ გუნდის წევრები რუტინულ საქმეს ტესტირების ავტომატიზაციას მიაბარებენ, მათ მეტი დრო ეძლევათ ადამიანების უკუკავშირის საფუძველზე სიახლეების შექმნისათვის. 

"მცირდება მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღების და ტესტირების ციკლი, რაც საშუალებას გვაძლევს, სიახლეები ბაზარზე უფრო სწრაფად დავნერგოთ."

ეს პროცესი თავისთავად ამარტივებს ინჟინრების გუნდის კომუნიკაციას სხვა დეპარტამენტებთან, როგორებიცაა მარკეტინგის, დიზაინის ან პროდუქტის მფლობელების მიმართულებები. ისინი ტესტების შედეგებს თავიანთ საქმიანობაშიც ითვალისწინებენ და, რადგან ჩვენთან ყველა პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მომხმარებლისთვის სასურველი სერვისების სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას, რაც უფრო მეტად შემცირდება ტესტირების დრო და გამარტივდება გუნდების თანამშრომლობა, მით უფრო მეტ გაუმჯობესებულ და მათზე მორგებულ სერვისს მივაწვდით მომხმარებელს ციფრული ბანკინგის მიმართულებით. 


დღეს მსოფლიოში ავტომატური პროცესების არა მხოლოდ საჭიროება, არამედ მათი არსებობის აუცილებლობა დგება, მომავალი კი ავტომატიზაციის კიდევ უფრო დახვეწილ მიდგომებს აღმოაჩენს.


ვფიქრობთ, AI ML ტესტირება წამოიწევს წინ, თუ გავითვალისწინებთ მის უპირატესობებს მოხერხებულობის, დროისა და ხარჯების დაზოგვის და მოვლის სიმარტივის თვალსაზრისით. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ავტომატიზაციის საშუალებით, თავად სატესტო კომპლექტებიც შეიძლება, ადამიანის მინიმალური ჩარევით შეიქმნას. ამავე პრინციპზე დაფუძნებულ ვიზუალური ვალიდაციის ხელსაწყოებს კი შეუძლიათ, აღმოაჩინონ ციფრული ინტერფეისის ისეთი ხარვეზები, რომლებიც ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია. 

თიბისი ბანკის ტესტირების ავტომატიზაციის გუნდისთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი კვლავ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ინოვაციების გაზიარებაა. ამგვარი მიდგომა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად მოვარგოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მომხმარებლებს და გავაუმჯობესოთ თიბისის ბრენდის გამოცდილება.