თაობა

“გამარჯვება საუკეთესო გრძნობაა” — გაიცანით თიბისის სტიპენდიატი ახალგაზრდა გამომგონებლები

ინოვაციები, ტექნოლოგიები და მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. კაცობრიობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის კი ახალგაზრდა თაობის ამ დარგებით დაინტერესება უდავოდ პრიორიტეტულია.

ივნისი 28, 2021

სწორედ ამიტომ, რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩი გამომგონებლებისთვის ტრადიციულ კონკურსს, “ლეონარდო და ვინჩის” მართავს. კონკურსი 10 წელია ტარდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ის წაახალისებს მოზარდ გამომგონებლებს და სტიმულს აძლევს, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები განივითარონ. 


ამ სტატიაში გაგაცნობთ 2020 წლის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრებს, გიგი გუგუნავას, ნია ნორაკიძესა და დიმიტრი გულუას, რომლებმაც პანდემიას ორიგინალური გამოგონებით — რიგის კონტროლის სისტემით უპასუხეს.


გამარჯვებულებს რუსთაველის სახელობის ფონდისგან 5000 ლარი გადაეცათ, ხოლო თიბისიმ, რომელიც 5 წელია, კონკურსის პარტნიორია, ახალგაზრდები სტიპენდიატების პროგრამაში ჩართო.



რა არის რიგის კონტროლის სისტემა?

რიგის კონტროლის სისტემა მოწყობილობაა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში ადამიანების რიგის მართვას, აქ მყოფ პირთა აღრიცხვას, რეგისტრაციასა და თერმოსკრინინგს ახერხებს.


ახალგაზრდა ინჟინერი, გიგი გუგუნავა ამბობს, რომ რიგის კონტროლის სისტემა ამ პროექტის საწყისი ფორმა იყო, თუმცა რეალურად მან ბევრად მეტი ფუნქციის შეთავსება მოახერხა.


“მის მთავარ ფუნქციად თავდაპირველად მაღაზიაში ხალხის რაოდენობისა და რიგის კონტროლი გავთვალეთ. პანდემიის დასაწყისში სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალული იყო, შენობის შესასვლელში კი უნდა ყოფილიყო პერსონა, რომელიც ამას გააკონტროლებდა. სანაცვლოდ, ჩვენ აპარატი შევქმენით, რომელიც ყველა ამ ფუნქციას ითავსებდა.”, — გვიხსნის გიგი.

გიგი გუგუნავა

თუმცა, მუშაობის პროცესში გუნდმა გადაწყვიტა, ხელსაწყო არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტებისთვის, არამედ ნებისმიერი სახის დაწესებულებისთვის მოერგო. ყველა თანამშრომელს, მოსწავლეს თუ სტუდენტს შეეძლო ჰქონოდა საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლის დახმარებით სისტემა დაწესებულებაში მათ მისვლას აღრიცხავდა, გაზომავდა სხეულის ტემპერატურას და თუ ის ნორმაზე მაღალი იქნებოდა, მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნებოდა, ხოლო ადამიანი შენობაში ვერ შევიდოდა, რადგან კარი, უბრალოდ, არ გაიღებოდა.


ახალგაზრდა გამომგონებლების ტრიომ პროექტი რამდენიმე თვეში სრულყო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ეს მათ ინჟინერიის, პროგრამირებისა და კომუნიკაციების გაერთიანებით მოახერხეს. 



გიგი გუგუნავა სენაკიდან

გიგი 16 წლისაა, მე-11 კლასშია და ცხოვრობს სენაკში. თავისუფალ დროს გიტარაზე უკრავს და სპორტითაა გატაცებული. უყვარს სპორტის ყველანაირი სახეობა, განსაკუთრებით კი კალათბურთი. სკოლაში ყველაზე კარგად მათემატიკასა და ფიზიკას სწავლობს, მონაწილეობას იღებს მრავალ კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. 


გიგი გვიყვება, რომ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა კონკურსზე წარდგენილ რიგის კონტროლის სისტემაზე გუნდმა რამდენიმე თვე საკმაოდ რთულ პირობებში, დისტანციურად იმუშავა. გიგი საინჟინრო საქმეზე იყო პასუხისმგებელი — მოწყობილობა მან ააწყო.


გიგისთვის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა კონკურსში გამარჯვება მოსალოდნელი იყო. “სიმართლე გითხრათ, იმდენად კარგად ჩაიარა ჩვენმა პრეზენტაციამ, გამარჯვებას ველოდი. უბრალოდ დაჯილდოების მომენტში ყოველთვის გგონია, რომ არ დაგასახელებენ გამარჯვებულთა შორის”, — ამბობს ის და ამატებს, რომ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიღებული თიბისის სტიპენდიატის სტატუსიც ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა მისთვის.


ახალგაზრდა გამომგონებელი მომავლის გეგმებზეც გვესაუბრა. ის თეორიული ფიზიკის ან ინჟინერიის კუთხით აპირებს სწავლის გაგრძელებას. “ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია, მივიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში”, — ამბობს გიგი. 


აღსანიშნავია, რომ ის ახლა დავით სონღულაშვილთან ერთად ვირტუალურ სიმულაციებზე მუშაობს. “დისტანციური გაკვეთილები ყველა ბავშვისთვის რთულია, ამიტომ გვინდა, რომ მათ ნებისმიერი საგნის მასალა და საგაკვეთილო პროცესი გავუმარტივოთ. ამიტომაც ვქმნით სიმულაციებს, რომელთა დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ იოლად გაიგონ ყველაფერი”, — ამბობს ის.


ნია ნორაკიძე თბილისიდან

ჩემპიონი გუნდის წევრია 15 წლის ნია ნორაკიძე, მეათე კლასის მოსწავლე თბილისიდან. მას ძალიან უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, მონაწილეობს კონფერენციებში, სამიტებში, მოდელირებებში და ამბობს, საინტერესო თემებზე ხალხთან საუბრისას თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობო. ნია ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობს, თუმცა გამორჩეულად ისტორია და ინგლისური ენა უყვარს.


რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა კონკურსმა მისი ყურადღება მალევე მიიპყრო და გიგისთან და დიმიტრისთან ერთად ახალი საქმე წამოიწყო. ნია დიზაინზე მუშაობდა, ამზადებდა  პრეზენტაციებსა და პროექტის აღწერილობას, ამასთან, ჟიურისა და დაინტერესებული პირებისთვის პროექტის კრეატიული გზით წარდგენას ცდილობდა.



“ჩემთვის გამარჯვება საუკეთესო გრძნობაა და ამ პროექტისგანაც მინდოდა ეს ემოცია მიმეღო. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ რამდენიმეთვიანმა ინტენსიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადავხედე იქ მყოფ გუნდებს, მივხდი, რომ წინასწარ ამის განსაზღვრა გამიჭირდებოდა, დიდი კონკურენცია იყო. ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როცა პირველ ადგილზე დაგვასახელეს, უფრო მეტად გააზრების შემდეგ კი მადლიერების გრძნობა გამიჩნდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა ამ პროექტის სრულყოფაში”.


ნიას თიბისის სტიპენდიატობა ძალიან გაუხარდა და მეტი მოტივაციაც მიეცა. “ამ სტატუსით თიბისი ბავშვებს მოტივაციას აძლევს, განავითარონ საკუთარი თავი მათთვისვე საინტერესო სფეროში. ამიტომ მინდოდა, გამომეცადა გრძნობა, რომელიც ასეთი კომპანიის მხარდაჭერას მოაქვს. ამის შემდეგ მინდა მეტი გავაკეთო და წარმატებისთვის მეტი ვიშრომო”, — ამბობს ნია.

ნია ნორაკიძე

მიუხედავად იმისა, რომ “მეცნიერებაში მოგზაურობა დაიწყო”, ნიას ასევე მეორე გზაც გამოუჩნდა, გზა დიპლომატიისკენ. 


“დაახლოებით ორი წელია, გადავიწყვიტე გავხდე დიპლომატი, რადგან მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, დისკუსიებში ჩართვა, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე საუბარი და მათი მოგვარების გზების ძებნა. მიუხედავად იმისა, რომ მინდა დიპლომატი ვიყო, ვფიქრობ, მეცნიერება მუდამ ჩემს მეგობრად დარჩება და შეიძლება ეს ცოდნა რაღაც მხრივ სხვა დროსაც გამოვიყენო”, — გვიყვება ნია.


ნიას ყველაზე დიდი ოცნება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა. “ადრე წავიკითხე 99 ფრანკი და ძალიან შემიყვარდა ერთი წინადადება, რომელსაც ჩემი დევიზიც კი შემიძლია ვუწოდო: ‘სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი’ — სწორედ ესაა ჩემი მიზანი, რომლის მიღწევას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეცდები”, — აღნიშნავს ახალგაზრდა გამომგონებელი.


დიმიტრი გულუა ზუგდიდიდან

ჩემპიონი სამეულის წევრია დიმიტრი გულუა ზუგდიდიდან. დიმიტრიმ წელს სკოლა დაამთავრა, გატაცებულია პროგრამირებით და უყვარს ფილოსოფიური წიგნების კითხვა. ის მრავალ კონკურსში მონაწილეობს, მათ შორის მათემატიკური შეჯიბრებების გამარჯვებულიცაა. დიმიტრის როლი რიგის კონტროლის პროექტში პროგრამული ნაწილის უზრუნველყოფა იყო.


ის სკოლაში ყველაზე უკეთ მათემატიკას და საბუნებისმეტყველო საგნებს სწავლობდა. ახლა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება და სწავლის გაგრძელებას ფიზიკის მიმართულებით აპირებს.


დიმიტრი გულუა

დიმიტრი ამბობს, რომ ემოციურობით არ გამოირჩევა, მაგრამ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა კონკურსში გამარჯვება ძალიან გაუხარდა, სასიამოვნო იყო მისთვის თიბისის სტიპენდიატობაც.


“ძალიან კარგია, რომ თიბისი საქართველოში მოსწავლეებს ეხმარება. დარწმუნებული ვარ, სტიპენდიას უმეტესობა საკუთარი ინტერესების უფრო გასაღრმავებლად გამოიყენებს. მეც ვცდილობ, ამ თანხით რაღაცები ავაწყო, კომპიუტერისთვის ვიყენებ”, — ამბობს დიმიტრი.


აღსანიშნავია ისიც, რომ ის მოხვდა თიბისის IT აკადემიაში, სადაც Test Automation-ს სწავლობს.


დიმიტრი გულუა

“ჩემი დიდი სურვილია, საკუთარი თავი ვიპოვო და წარმატებული იმიტომ კი არ ვიყო, რომ სხვებმა ილაპარაკონ, არამედ ამით საკუთარი თავი დავაკმაყოფილო, ჩემს მიზნებს მივაღწიო. ორი რადიკალურად განსხვავებული დარგის, რელიგიისა და ფიზიკის შემეცნება მინდა,  მსურს, მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების პოვნა და მათი ერთმანეთთან  დაკავშირება შევძლო”, — აღნიშნავს დიმიტრი.

თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უკვე სამასზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. ისინი კომპანიისგან ყოველთვე წამახალისებელ სტიპენდიას იღებენ და თავიანთი ინტერესების შესაბამის საგანმანათლებლო პროექტებში, შეხვედრებსა და ლექციებში მონაწილეობენ.