თიბისელები ტექნოლოგია

მერაბ ტატო კუტალია — Google-ის ქართველი ექსპერტი

არავის გაუკვირდებოდა, დავითისა და გოლიათის ბრძოლაში გოლიათს რომ გაემარჯვა - ეს ხომ მოსალოდნელი იყო. თუმცა, ძალიან ხშირად, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს წარმოგვიდგენია. „დავითები“ „გოლიათებს“ ძალიან ხშირად ამარცხებენ. თავისთავად ცხადია, რომ „დავითი“ იმ ადამიანების კრებითი სახეა, რომლებიც, ერთი შეხედვით დაუძლეველ წინააღმდეგობებს არაფრად აგდებენ და დაბრკოლებების მიუხედავად უდიდეს წარმატებას აღწევენ. „დავითები“ საქართველოშიც ცხოვრობენ.

ივლისი 08, 2021

„თიბისი ბანკის“ თანამშრომელი ტატო კუტალია, რომელიც Google-მა სულ ახლახანს დეველოპერების ექსპერტის წოდებით (Google Developers Experts – GDE) დააჯილდოვა, სწორედ ერთ-ერთი მათგანია. როგორც თვითონ ამბობს, კარიერის დასაწყისში, ეს წოდება მისთვის ჩრდილოეთის ვარსკვლავივით მიუწვდომელი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, მეგობრებისა და მენტორების მხარდაჭერით, საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა და მიხვდა, რომ ეს მიზანი, არც ისე შორს არის. ისე კი, ამ წოდების მოპოვება იოლი სულაც არ არის, რის დასტურად ისიც საკმარისია, რომ ჩვენს რეგიონში, ტატო პირველია, ვისი შრომაც „გუგლმა“ ასე დააფასა. 

„გუგლის“ დეველოპერების ექსპერტის წოდება, ანუ GDE, არის საქვეყნო აღიარება, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტი გარკვეულ ტექნოლოგიებში საფუძვლიანად გარკვეულ ინდივიდებს აძლევს, რომლებიც პროფესიული წარმატების გარდა განმანათლებლები, ინფლუენსერები და საკუთარი კომუნის ლიდერები არიან. პროექტის დაწყებიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სულ რაღაც შვიდასი ექსპერტი შეირჩა, ხოლო ანდროიდის პლატფორმის ექსპერტების რიცხვი კიდევ უფრო მცირეა - ას ოცი. ამ გადმოსახედიდან, „გუგლის“ ექსპერტთა ჯგუფში მოხვედრა არამხოლოდ დიდი ბიძგი და შესაძლებლობაა, არამედ - პასუხისმგებლობაც. 

ტატო კუტალია

ტატო „თიბისი ბანკში“ მუშაობს, აი, უკვე წელიწადზე მეტია. თავიდან მობაილ დეველოპერი იყო და რამდენიმე თვეში ანდროიდის პლატფორმის Chapter Lead-ის როლი შეითავსა. მისი შრომა დევს „თიბისი“-ს მობაილბანკის აპლიკაციებში, როგორც Google Play Store-ზე, ასევე Huawei AppGallery-ზე. ახალი ტალანტებისათვის სამსახურის შეთავაზება, მათთან გასაუბრება, მათ კარიერულ ზრდაზე ზრუნვა და კარგი სამუშაო გარემოს შექმნა ტატოს მოვალეობების მხოლოდ მცირე ნაწილია. როგორც თვითონ ამბობს, „თიბისი“-ში მისი საქმიანობა ძალიან ჰგავს „გუგლის“ დეველოპერების ექსპერტის მოვალეობას - მისი მიზანია დეველოპერებს მათი მიზნების მიღწევაში დაეხმაროს და ზოგადად, ასწავლოს და საკუთარ მაგალითზე ანახოს, თუ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი და როგორ იქმნება უკეთესი პროდუქტი, როცა გვერდში სწორად შერჩეული ადამიანები გყავს. 

ამ და სხვა საინტერესო თემებზე, მათ შორის მის სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, „გუგლსა“ და „თიბისიზე“ ტატოს ვესაუბრე და ბევრად უპრიანი იქნება, ეს სივრცე მის ნაამბობს დავუთმოთ. 

რამდენად ცნობილი და დაფასებულია „გუგლის“ დეველოპერების ექსპერტის წოდება საქართველოში?


დეველოპერების წრეში ეს ტიტული საკმაოდ ცნობილია, თუმცა საქართველოდან მისი მიღება ყოველთვის რთულად მისაღწევად მიაჩნდათ. ჩვენი რეგიონი ძალიან პატარაა და ასეთი საქმეები რომ აკეთო, დიდი ზეგავლენის მოხდენა უნდა შეგეძლოს. საქართველოში ძალიან მცირე ბაზარია, საერთაშორისო სპიკერობის გამოცდილება რომ დააგროვო, მანამდე სხვა სესიებიც უნდა გქონდეს ჩატარებული. ისინიც მასშტაბური, მათ ბევრი ადამიანი უნდა დაესწროს. რაოდენობების მხრივ საქართველოში ძალიან ჭირს. მეზობელ ქვეყნებშიც ასეთი მდგომარეობაა - სომხეთი და აზერბაიჯანი ტექნოლოგიურად ცხელი წერტილები არ არის. აი, გერმანია, მაგალითად, კერძოდ კი ბერლინი, ტექნოლოგიურად ცხელი ადგილია და თან ევროკავშირის წევრი ქვეყანაც.


ჩვენნაირი რეგიონის წარმომადგენლებისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, რადგან ყოველთვის გვეგონა, რომ GDE-ს ტიტულის მოპოვება იყო ძალიან რთული, ურთულესი და წარმოუდგენელი. ახლა კი, მე დავაკვირდები ყველას, ვისაც შეუძლია მომავალი GDE გახდეს. მათი აღმოჩენა და მენტორობა - ჩემი მოვალეობაა.


რამდენად დაგეხმარა „თიბისი“ ამ წოდების მოპოვებაში?


ამ ტიტულის გზაზე თამამად სვლაში ჩემი გუნდის წევრები ძალიან დამეხმარნენ. საკუთარი შეკითხვებითა და დაუშრეტავი შემართებით უფრო და უფრო მეტ გამოწევას მთავაზობდნენ და მეც მინდოდა მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი, ბევრი შეკითხვისთვის მეპასუხა და ბევრი პრობლემა გადამეჭრა. მას მერე, რაც ამ გზას დავადექი, ისინი მუდამ გვერდში იდგნენ.


„თიბისი ბანკში“ შენს პიროვნულ ზრდას მიესალმებიან. ინდივიდუალური დეველპპერების წინსვლა კომპანიის შიდა კულტურის ნაწილია და შენც, როცა ასეთ გარემოში ხვდები, იქოქები და მოტივაციას იძენ, რომ სხვას დაეხმარო და, არც შემოთავაზებულ დახმარებაზე თქვა უარი. წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც „თიბისიში“ ვარ, მაგრამ პირველი დღიდან ვგრძნობ იმ კულტურას, რომელიც განვითარების საშუალებას მაძლევს. 

რა პროექტებზე მუშაობთ თავისუფალ დროს?


დროდადრო ნიშურ პროექტებზე ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო დროს, ანდროიდის ძირითად ბიბლიოთეკებზე - Androidx-ზე გადავერთე. აი, ასეთი ამბავია: თუ ანდროიდზე აპლიკაციის გაკეთება გინდა, სხვა ბიბლიოთეკების გამოყენება დაგჭირდება - ანდროიდის გუნდის მიერ მომზადებული მარტივი ხელსაწყოების. მე მათ დაწერილ პროექტში ცვლილებები და სიახლეები შევიტანე, შეცდომები გავუსწორე და თან, ამას პერიოდულად ვაკეთებ. გამოდის, რომ საქმეს ვუმარტივებ ადამიანებს, რომლებიც ანდროიდის პლატფორმაზე აპლიკაციებს ჰქმნიან. ამ პროცესში არც თუ ისე ბევრი ადამიანი მონაწილეობს: გუგლის თანამშრომლების გარდა, ანდროიდის დეველოპერებიდან სულ სამასი ადამიანი თუ იქნება.


რა გეგმები გაქვთ ახალგაზრდებთან მიმართებით?


ღონისძიების გამართვას ვაპირებ, რომელზეც განვიხილავ, თუ რა გზა არის გასავლელი „გუგლის“ დეველოპერების ექსპერტის წოდების მიღებამდე და შეცევდები ეს პროგრამით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნო. ამას გარდა, კონკრეტული მიმართულებების მქონე ბლოგებს დავწერ და კარიერული ზრდისთვის ღონისძიებებს დავგეგმავ.


და რა იქნება შემდგომ..?


ამ პროგრამას ერთი დადებითი მხარე აქვს - ის ერთწლიანია. შენს კომუნას წლიდან წლამდე უნდა ემსახურო და ჩემი მიზანიც მათ უკავშირდება: მინდა გავამართლო იმ ასეულობით ადამიანის იმედი, რომელთაც ჩემი შესაძლებლობების სწამთ. მსურს ვიყო ბევრად უკეთესი მენტორი, ვიდრე დღეს ვარ; დავწერო ბევრად უკეთ, ვიდრე დღეს ვწერ; და ზოგადად, კომუნასთვის უფრო სასარგებლო ვიყო, ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი აღვძრა და ახალგაზრდები განვავითარო. ამაზე სულ ვფიქრობდი, ახლა კი საქმის კეთებას გაათმაგებული შემართებით შევუდგები. 


ავტორი: გიორგი არონია