კულტურა

აქ.ახლა - სვანეთის მუზეუმში

ივნისი 30, 2020

ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე დაგვიანებული, მაგრამ ამავდროულად დაუვიწყარი შეხვედრა წელს, 29 წლის ასაკში შედგა - სვანეთის მთებთან, ადამიანებთან და ყველასგან განსხვავებულ ყოფასთან.

არამარტო საქართველოს - მთელი მსოფლიოს ეს ჯადოსნური ადგილი თვალის ყოველ მოვლებაზე რაღაც უნიკალურსა და საოცარს გახვედრებს - მთას, ტყეს, კოშკებს, მთის სულ სხვანაირ ადამიანებსა თუ ღამით ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას - ისეთს, როგორიც ჯერ არასოდეს გინახავს შენ თავზე.

ზამთარი იყო და ყოველ დღე ჰაწვალისა და „სვანეთის დედოფლის“ - თეთნულდის მთებს ვუნაცვლებდით ერთმანეთს. მოგზაურობის ერთი დღე კი თოვლით გადაბურულ მესტიაში სეირნობას დავუთმეთ.


კოშკებს შორის შეჭრილი ყველა მიხვეულ-მოხვეული ქუჩა შემოვიარეთ. იმ დღეს დავაგემოვნეთ ლეცვმარი, ლუკნე, ქნაში.. მერე გზას გავუყევით, თოვლით დაფარულ ხეობაში ჩაკარგულ მდინარეზე გადებული ხიდი გადავჭერით და იქ, სადაც გარშემო მხოლოდ სიძველე და ტრადიციებია და სადაც მკაცრი კოშკებით, მწვერვალებითა და მყინვარებით ვიყავით გარშემორტყმული, ალბათ ყველაზე ნაკლებად ველოდით სრულიად თანამედროვე სივრცეში აღმოჩენას. 

იშვიათი ადგილობრივი ქვით - ტრავერტინით მოპირკეთებული სვანეთის მუზეუმი გარედანვე ორგანულად ერწყმის მესტიის უნიკალურ არქიტექტურას და წამითაც არ უშლის ხელს ამ კუთხის თვითმყოფადობისა და ხელშეუხებელი ბუნების აღქმას. პირიქით, სვანეთის ერთგვარი განძთსაცავია, რომელიც ოთხი ათასზე მეტი ექსპონატით სვანეთის ისტორიაზე, აქაური ადამიანების ყოფასა და რწმენა-წარმოდგენებზე გვიყვება.

მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე დაარსებული სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი თითქმის საუკუნეს ითვლის. პირველი ექსპონატებიც ამ ტაძრის სიწმინდეები იყო. შემდეგ სვანეთის სხვა ტაძრებსა და ოჯახებში დაცული ხატები და ჯვრები, სვანეთში გათხრების შედეგად აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საომარი ნივთები გადმოიტანეს.


სვანებმა საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს ბარიდან თავდასხმებს გამორიდებული სიწმინდეები. ხატებს, ოთხთავებსა თუ სხვა ნივთებს ადგილობრივი საგვარეულოები ტაძრებსა და კოშკებში იცავდნენ და გასაღებს მემკვიდრეს გადასცემდნენ. 

2 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2013 წელს ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. აქ სვანეთის უნიკალურ და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები 6 დარბაზშია გადანაწილებული, სადაც მუდმივმოქმედი ექსპოზიციებია წარმოდგენილი. 1 დარბაზი კი დროებით გამოფენებს ეთმობა.



თხილამურები, XIX საუკუნე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

ახლა, როდესაც ამ დარბაზებს ვიხსენებ, პირველი რატომღაც თანამედროვე ადამიანისთვის უჩვეულო, კანაფისგან დაგრეხილი თოკისგან და ხისგან დამზადებული, XIX საუკუნის ოვალური ფორმის სასიარულო - საბიჯებელი თხილამურები მახსენდება, რომლებიც ზამთარში ნადირობისას, დათოვლილი ბილიკების დასატკეპნად გამოიყენებოდა.სწორედ ამითაა ეს მუზეუმი ასეთი საინტერესო - რელიგიის, ტრადიციებისა და წიგნიერების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებთან ერთად, ყოფითი ცხოვრების დეტალებიც რომ შემოგვინახა. 

არქეოლოგიის დარბაზი

ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება, რომელიც სვანეთში ძვ.წ III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს. ანტიკურ ხანაში კი - ამ კუთხის ოქროს საწმისის სამშობლოსგან, კოლხეთისგან განუყოფლობას, რადგან ამ კულტურის შემქმნელიც თავად იყო.


სვანური წარმოშობის ტომები, როგორც ბარის კოლხეთში, ისე მის მთიან რეგიონში ბინადრობდნენ. მოგვიანებით, მათი კომპაქტური დასახლება სრულად გადაადგილდა მთიან რეგიონში და დასახლებულ მთას სვანეთი ეწოდა, იქ მაცხოვრებლებს კი - სვანები.


ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო

მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა მეტალურგობა იყო. ამ ქართველური ტომების დამსახურებით, დასავლეთ საქართველოს მთიანეთი მაშინდელი მსოფლიოს მეტალურგიის ცენტრად მოიაზრებოდა. „ოქრომრავალი კოლხეთის“ ოქროს სიმდიდრის ნაწილიც ბარში ამ მთებიდან მიედინებოდა, ზოდებით მიჰქონდათ დედაქალაქში სვანი მამაკაცების ნაშრომი. 


აქაური ადამიანის ოქროს მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სვანი ოსტატების მიერ დაწერილი ხატებიც მოწმობს, რომლებიც დღეს ერთგვარ საოცრებად აღიქმება მნახველისთვის. ოსტატებს ოქრო მხოლოდ ასეთი ღვაწლისთვის ემეტებოდათ. ამიტომ, არც სვანეთის ყოფით სინამდვილეში და არც მუზეუმის განძთსაცავში, ოქროს არც ერთი სამკაული არაა წარმოდგენილი. მათი რწმენით ოქრო ღვთისაა, ვერცხლი კი - ადამიანის.


მუზეუმის არქეოლოგიის დარბაზში დაცული მონეტები, მსოფლიო ისტორიის უნიკალური ნაწილია. აქ ნუმიზმატიკური ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრით იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით სრულდება. საქართველოში ალექსანდრე მაკედონელის 377 ცალი ოქროს სტატერია აღმოჩენილი, აქედან 367 - სვანეთში.

აქვეა ქართველი მეფეების მიერ მოჭრილი ფული, მათ შორის დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა - დრამა. მონეტებზე წარწერა ქართული ასომთავრულითაა შესრულებული და დავით IV ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით - ,,სევასტოსით“ არის მოხსენიებული. 

ქრისტიანული კულტურის დარბაზები

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო

სვანეთის მუზეუმის 3 დარბაზი საეკლესიო საგანძურს ეთმობა. აქ დაცული ქრისტიანული ხელოვნების ძეგლები, შუასაუკუნეების ქართული კულტურისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სასულიერო ცენტრების მჭიდრო კავშირზე მიუთითებენ.


ერთ-ერთ დარბაზში ხატები ნახევარწრიულად - ეკლესიის აბსიდის ფორმის მიხედვითაა განლაგებული. მეორე დარბაზში კი, იმ ფორმის კანკელს ნახავთ, როგორიც სვანურ ეკლესიებში დგას. აქვეა VI-VII საუკუნეების სირიული საცეცხლურების მსოფლიოში უიშვიათესი კოლექცია. 



მუზეუმში დაცულია სხვადასხვა დანიშნულების ჯვრების უნიკალური კოლექციაც, მათ შორის ვენეციაში შექმნილი საკურთხევლისწინა ჯვარი, რომელიც სვანეთში „ლათაიჯვარის“ ანუ თვლებიანი ჯვრის სახელითაა ცნობილი. ის ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების, ფილიგრანით შესრულებული ჩარჩოებისა და ბუდეებში ჩასმული, ეტრატზე შესრულებული ფერწერული მინიატურების უნიკალურ მთლიანობას წარმოადგენს.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო

მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერაა შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოგვინახა. მაგალითად, XI საუკუნის ოსტატი ძმების - გვაზავაისძეთა ნახელავი ხატები: ასანის შესრულებული დიოკლიტიანეს მლახვრავი წმინდა გიორგისა და გიორგისა და თევდორეს - ქრისტე პანტოკრატორისა.


ხატების უნიკალური კოლექციიდან ყველაზე მძაფრად ჩემს გონებაში IV საუკუნეში ქრისტიანობის გამო დასჯილი 40 სებასტიელი მოწამის სახეები და სცენა დარჩა. 

ხატებთან ერთად მუზეუმში დაცულია სვანეთის რელიგიური საბრძოლო დროშის - ლემის ბუნიკი. თავისუფალი სვანეთის ზოომორფული დროშა - ლემი, ანუ ლომი, გადმოცემით, სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს უძღოდა წინ. მისი მფლობელი ხევის უფროსი იყო, რომელსაც მელომე ერქვა. ლემი ჰულიშობის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ამ დროს დროშიანი დოღი ტარდებოდა, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. ყვითელი აბრეშუმისგან შეკერილი ცხოველის ფორმა, მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და ლომის სახეს იღებდა.


ხელნაწერების ფონდი

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ფერნანდო ხავიერ ურკიხო

სვანეთის მუზეუმში დაცული ხელნაწერები ქართული კულტურის უმდიდრეს კოლექციას წარმოადგენს: ორნამენტებითა და მინიატურებით შემკული ოთხთავები, საღვთისმსახურო წიგნები, ხეზე დაწერილი საბუთები, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ჰიმნოგრაფიული კრებულები და თარგმანები.


ხელნაწერები ტექსტობრივი სილამაზით, შემკულობითა და მინიატურული მხატვრობით ტოლს არ უდებს იმ დროის ბიზანტიურ ნიმუშებს. სავარაუდოა, რომ კონსტანტინოპოლურ სკრიპტორიუმებში იმ პერიოდში ქართველები მუშაობდნენ, რომლებიც ხელნაწერებს ქმნიდნენ და ამას გარდა, მათი დახმარებით, ეს გამოცდილება საქართველოში შემოდიოდა.



ადიშის ოთხთავი, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში, 897 წ. ასომთავრული, ეტრატი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

სწორედ აქ ინახება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი მოხატული ხელნაწერი - (ჰ)ადიშის ოთხთავი. ხელნაწერი შატბერდში, 897 წელს ეტრატზე შესრულდა. კლარჯეთის დასუსტების შემდეგ ოთხთავი ჯერ გურიაში, შემდეგ კი მტრის მუდმივი შემოსევების გამო, უსაფრთხო ადგილას - სვანეთში, სოფელ ადიშში დააბრძანეს.


ამ კოლექციაში კიდევ ერთი უნიკალური ხელნაწერი - სინას მთაზე გადაწერილი იერუსალიმის განჩინება ინახება. 

ეთნოგრაფიული დარბაზი

სვანეთის ტრადიციული ყოფა და წეს-ჩვეულებები ეთნოგრაფიულ დარბაზშია თავმოყრილი. აქ გაიცნობთ სვანეთის წარსულ ყოველდღიურობას თავისი ესთეტიკით, აქაური ადამიანების მსოფლმხედველობასა და მათი სულიერი თუ ყოფითი ცხოვრების თავისებურებებს.


მაგალითად, კიდობანი და სკივრი სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ფართოდ გავრცელებული სათავსო იყო, რომელშიც მარცვლეულს, ფქვილს, გამომცხვარ პურს ინახავდნენ. თუმცა, ზოგიერთ კიდობანს საკულტო დანიშნულება ჰქონდა, სადაც სარიტუალო პური - ლემზირი და სადღესასწაულოდ განკუთვნილი ფქვილი ინახებოდა.

სკივრი, დადეშქელიანების ნაქონი, XIX საუკუნე. სირიული.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი.

ასეთ კიდობნებს სვანეთში წმინდას უწოდებდნენ და ეკლესიებს სწირავდნენ. მათზე სიმბოლური ნიშნები და მაგიური ხასიათის მოტივები იყო გამოსახული - ბორჯღალი, მზე, ლაბირინთი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის კოსმოგონიურ აზროვნებას ამტკიცებს.


ახალმა რეალობამ საუკეთესო შესაძლებლობა მოგვცა - აქ, ახლა საკუთარი ქვეყნის უნიკალური ადგილები აღმოვაჩინოთ, ან კიდევ ერთხელ მოვინახულოთ. იმოგზაურეთ სვანეთში და არ წამოხვიდეთ მესტიიდან მუზეუმის უნახავად. 


ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი