აგვისტო 12, 2024
"ქაოსურ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონიის პოვნა, რადგან ის გვანიჭებს სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნებას, გვეხმარება უკეთ ვმართოთ საკუთარი სხეული და გონება. საკუთარი ფიქრების გაცნობიერებით კი შეგვიძლია უარყოფითი ენერგია პოზიტიური მიმართულებისკენ მივმართოთ."
საკუთარი თავის შეცნობის და პოზიტიური ენერგიისკენ სწრაფვის მისიით „სოციალური სივრცე“ შეკვეთილში უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს და სხვადასხვა სახელოვნებო თუ შემეცნებითი ღონისძიებების დამსახურებით ბევრისთვის საყვარელ ადგილად იქცა.
ეს სივრცე პერიოდულად მასპინძლობს როგორც მუსიკალურ არტისტებს, ასევე კონცეპტუალურ საღამოებს, გამოფენებს, თერაპიულ და საგანმანათლებლო საღამოებს და მაქსიმალურად ცდილობს ერთ სივრცეში მოაქციოს ის ადამიანები, ვისთვისაც საკუთარი თავის შეცნობა და თვითგანვითარება მნიშვნელოვანია. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება, რომელიც მრავალფეროვანი ღონისძიებებით არის დატვირთული.
წელსაც ტრადიციულად მნიშვნელოვანია მუსიკის, როგორც უნივერსალური ენის მნიშვნელობა, რაც რამდენიმე ღონისძიებაში გაიშლება. 17 აგვისტოს, Lee Burridge-ს მენტორობით „სოციალურ სივრცეს“ კიდევ ერთხელ ესტუმრება All Day I Dream, წვეულებათა სერია რომლის მიზანი მუსიკის და ბუნების სამყაროს კიდევ უფრო დაახლოებაა.
მომდევნო დღეს კი სივრცე ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს Jungle-ს სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელიც მათი ლაივ კონცერტით გამოწვეულ ემოციებს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს. სეზონურ ღონისძიებებში ტრადიციულად აქცენტი დაეთმობა როგორც ადგილობრივი მუსიკალური სცენის ახალ სახეებს, ასევე ქართული ფოლკლორის გამორჩეულ ფიგურებსაც. 23 აგვისტოს ლეგენდარული „ქართული ხმების“ მოსმენას შეძლებთ, ანსამბლის რომელიც უკვე ოთხი ათწლეულია ქართველ და უცხოელ მსმენელს ქართული ხალხური მუსიკის სამყაროში ამოგზაურებს. მათი კომპოზიციები ქვეყნის ყველა კუთხის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ძეგლებსა, თუ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს.
როგორც ზემოთ ითქვა, „სოციალური სივრცის“ ღონისძიებების დიდი ნაწილი თვითგანვითარებასა და თვითშემეცნების პრაქტიკებზეა ორიენტირებული, რისი გამომხატველიც არის კონცეპტი „სოციალური სივრცე ბალანსისთვის“. ამ იდეის ფარგლებში სივრცე ყოველდღიურად მასპინძლობს ჩაის ცერემონიებს ჩინური ტრადიციული მეთოდით, რომელიც სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული დღეების პირველი ნაწილია. ამ პრაქტიკის მიზანია ჩაის დაყენების და დეგუსტაციის უფრო ღრმა შრეები გამოკვეთოს და მისი კულტურულ როლს გაუსვას ხაზი.
ცალკე გამოყოფას იმსახურებს ასევე თაიჩის და ციგუნის სესიები, რომელიც როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყები პრაქტიკოსებისთვისაც თანაბრად სასარგებლო თუ საინტერესო შეიძლება იყოს. პარალელურად, „სოციალური სივრცის“ ატმოსფეროში ვინიასა აშტანგას ვარჯიშის ტექნიკებსაც შეგიძლიათ დაეუფლოთ, რომელიც მთავარ აქცენტს აკეთებს სუნთქვის რეგულირებაზე, რასაც სხეულსა და ცნობიერში სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მოაქვს. კვირაში სამჯერ ასევე შესაძლებელია აფრო-ბრაზილიური საბრძოლო მეთოდის, კაპუერას უფრო ახლოდან გაცნობაც, რომელიც ერთი შეხვედით საცეკვაო ხელოვნებას მოგაგონებთ, მაგრამ მის მრავალმხრივობაში პირველივე გაცნობისას დარწმუნდებით.
16 აგვისტოს, 13:00 საათზე „სოციალური სივრცე“ 5 რიტმის ცნობიერი ცეკვის მედიტაციას უმასპინძლებს, რომელსაც აკრედიტებული ქოუჩი ტატა ლებანიძე გაუძღვება.
"შეხვედრაზე აღმოაჩენთ 5 რიტმის, როგორც მოძრაობის მედიტაციის, პერფორმანსული ხელოვნებისა თუ თანამედროვე პრაქტიკის, მრავალფეროვან უპირატესობებს და რაც მთავარია, საკუთარ თავზე გამოცდით თითოეულ მათგანს. მათ შორის, შეძლებთ: თავისუფალი ცეკვით იპოვოთ საკუთარი თავი, გათავისუფლდეთ ემოციური ტკივილებისგან და ქვეცნობიერი ტრავმებისგან, რომლებიც ნეგატიურმა გამოცდილებამ დაგიტოვათ."
5 რიტმის ცნობიერი ცეკვის მედიტაცია ამ სივრცეში პირველად არ იმართება და წინა გამოცდილებებმა აჩვენა, რომ მისით მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანებზე ძალიან პოზიტიურ კვალს ტოვებს. 15 და 29 აგვისტოს კი სივრცე შერეული ტექნიკის არტ თერაპიას შეგიძლიათ დაესწროთ, რომელსაც დიზაინერი ნატალია ბაკურაძე გაუძღვება:
„ვორკშოპის მიზანია, მეორადი მოხმარების ნივთებს ახალი სიცოცხლე შემატოს და შემოქმედებით პროდუქტად გარდაქმნას ისინი - მასში ჩართულ მოგზაურებს კი საკუთარ თავში შემოქმედებითი უნარის აღმოჩენაში დაეხმაროს.“
ახალგაზრდა ფერმერთა წახალისებისა და ოჯახური სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების ხელშეწყობის მიზნით, “სოციალური სივრცე“ წელსაც მასპინძლობს ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ახალგაზრდა მეწარმე თუ პროექტი პოულობს განვითარების შესაძლებლობას. „ფერმერთა დღე“ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და უკვე მეოთხედ იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინიციატივა თავის მიზანს ყოველ ჯერზე ამართლებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სოციალური სივრცის“ ატმოსფერო ყველა ამ აქტივობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის, რადგან ამ სივრცეში გაცილებით ადვილია მოსწყდე ყოველდღიური ქაოსის ჯაჭვს და შეუერთდე ახალ მოგზაურობას. ღონისძიებების მრავალფეროვნება კი საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ ავირჩიოთ როგორი მოგზაურობა გვჭირდება.
ავტორი: რევაზ ხუნწელია