Hello Blog

სამდღიანი მუსიკალური მარათონის და ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, 4GB საგურამოში კიდევ ერთხელ დაბრუნდა.

მიუხედავად უამინდობისა, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტში მოსული ფესტივალის ბევრი სტუმარი პირველი სამი დღისგან მიღებული შთაბეჭდილებების კიდევ უფრო გამდიდრებას შეეცადა.

წლევანდელი 4GB-ის დახურვის დღე Tomma-ს დიჯეი სეტით დაიწყო.

გარდა ამისა, Tomma ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო, რომელმაც თავის სეტებში ჰაუს მუსიკის უფრო მინიმალისტურ ჟღერადობაზე გააკეთა აქცენტი. სწორედ ამიტომ, Vincent Lemieux, San Proper, Dandy Jack და Ricardo Villalobos-ის გვერდით მისი ყოფნა  მოსალოდნელი და სიმბოლურიც კი იყო.

ქართველმა არტისტმა ფესტივალის მთავარ სცენაზე ამ საღამოსთვის სრულიად შესაბამისი და მუსიკალურად საკმაოდ დაბალანსებული სეტი დაუკრა.

Tomma-მ ფაქტობირვად კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არტისტია იგი ქართული საკლუბო სივრცისთვის.

მის შემდეგ კი მონრეალის სცენის ერთ-ერთი მთავარი არტისტის, Vincent Lemieux-ს ჯერი დადგა.

Mutek-ის კურატორმა და ლეიბლ Musique Risquée-ს დამფუძნებელმა, როგორც ყოველთვის, აუდიტორიას ამჯერადაც საკმაოდ მარტივად უპოვა გასაღები და მსმენელი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო მუსიკალურ სივრცეში  ამოგზაურა.

რაც შეეხება San Proper-ს, ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლაღი და თავისუფალი დიჯეია მათ შორის, ვინც ამ სფეროში დღემდე აქტიურად მოღვაწეობს.

გარდა იმისა, რომ 2 საათის განმავლობაში იგი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მუსიკალური მიმართულების და ჟანრის მუსიკას უკრავდა, პერიოდულად მიკროფონის დახმარებითაც აკეთებდა აკომპანიმენტს.

ამსტერდამელი არტისტის მრავალფეროვანი და საოცრად დინამიური სეტის შემდეგ Dandy Jack-ის დროც დადგა.

Dandy Jack-ს წესით 1 საათიანი ლაივი უნდა დაეკრა, თუმცა მისი პერფორმანსი გაცილებით დიდხანს გაგრძელდა.წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა მსმენელისთვის თავისი დისკოგრაფიის დიდი ნაწილის გაცნობა მოასწრო.პერფორმანსის მეორე ნაწილი კი დიჯეი სეტის ფორმატში გადავიდა, რამაც Dandy Jack-ს კიდევ უფრო მეტი თავისუფლება და მუსიკალური საზღვრების გაფართოების საშუალება მისცა.

Villalobos ის იშვიათი მუსიკოსი და დიჯეია, რომელმაც წლების მანძილზე თავისი საქმიანობით ამ სფეროში სრულიად ახალი სტანდარტები შექმნა. ეს სტანდარტები კი იმდენად მაღალია, რომ მასთან მიახლოება მთელი თაობის მუსიკოსებისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცა.

როგორც ყოველთვის, Villalobos-მა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ იგი ფორმულებით არ ხელმძღვანელობს და სწორხაზოვნად არ მოქმედებს.

სეტის საწყისი 2 საათი ძირითადად უკვე არსებული მუსიკალური განწყობის და ინერციის შენარჩუნებას დაეთმო, შემდეგ კი რიკარდომ 4GB-ს აუდიტორიასთან ბევრად უფრო თავისუფალი ურთიერთობა დაიწყო.

მართალია ფესტივალის ძირითადი დღეები უკვე ჩავლილი იყო, მაგრამ სწორად შერჩეული არტისტების და მსმენელის კარგი განწყობის დამსახურებით 4GB-ს კიდევ ერთი დღით დაბრუნება ნამდვილად არ გასჭირვებია.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ფესტივალის ისტორიისთვის საგურამოში გამართული ღონისძიება საკმაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მუსიკის მოსასმენად თუ უბრალოდ კარგი დროის გასატარებლად მისულმა ადამიანებმა მათთვის საინტერესო შთაბეჭდილებები მიიღეს.

ემოციების თუ შთაბეჭდილებების დასაგროვებლად ფესტივალის ორგანიზატორებმა საკმარისი ძალისხმევა გაიღეს. ახალი საფესტივალო სივრცის ათვისებასთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეების მიუხედავად, 4GB-მ შეძლო მსმენელისთვის შეეთავაზებინა ის, რასაც ამ ფესტივალისგან მოელის. შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო მუსიკის გარდა, ამ 4 დღიანი ღონისძიების ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ფესტივალის სტუმრების მოლოდინის გამართლება იყო. 

გარდა ამისა, წელს ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რომ 4GB-ს ძალიან გაუჭირდებოდა იმ მასშტაბებში დარჩენა, რომლითაც ეს ფესტივალი საწყის წლებში გამოირჩეოდა.

ფაქტია, რომ 4GB თბილისის ყველაზე წარმატებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალად რჩება. 

ავტორი: რეზი ხუნწელია

ფოტოები: თორნიკე შენგელია