კულტურა

ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალე

ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალე 

ივლისი 17, 2017

Hello Blog

ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალე 

13 მაისი - 26 ნოემბერი, 2017 წელი

ქართული პავილიონი:

ვაჟიკო ჩაჩხიანი - ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში

ურატორი: ჯულიან ჰეინენიკომისარი: ანა რიაბოშენკო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ორგანიზატორი: ობსკურამხარდამჭერი: თიბისი ბანკი 

ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევრებს აერთიანებს პოეტური ჰუმანიზმი, რომელიც ეფუძნება, როგორც პირად გამოცდილებას, ისე პოლიტიკურ რეალობასა და ფსიქოლოგიურ ძიებებს. პირდაპირ თუ ირიბად, მისი ნამუშევრების დიდი ნაწილის სათავე ადამიანებს შორის ობიექტების ან ქმედებების გაცვლაა, რაც ზოგჯერ პერფორმანსის ფორმით ვლინდება. მასალა, რომელსაც ის იყენებს, ყოველდღიური რეალობიდანაა აღებული. ხელოვანი ამარტივებს საკუთარ სუბიექტებს, იყენებს გამოაშკარავებისა და შენიღბვნის ბუნებრივი ურთიერთქმედების ფორმებს. სკულპტურებისა და ინსტალაციების პარალელურად, ჩაჩხიანი ქმნის კინემატოგრაფიულ ნაშრომებს, რომელთაგან ნაწილი ცალკეული მოვლენების დოკუმენტაციას წარმოადგენს, ნაწილი კი ნარატიული ფილმებია, რომლებიც ოცნებასა და რელობას ეფუძნება.

საკონტაქტო პირი პრესისთვის : [email protected] +49 (0)176 5033 0135 I www.david-ulrichs.com

გამოჩენა და გაქრობა

ინტერვიუ ვაჟიკო ჩაჩხიანთან. ესაუბრა ჯულიან ჰეინენი

ჯულიან ჰეინენი: პროექტის „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ ინსტალაციის მთავარი ელემენტია ქართული სოფლის სახლი (ოდა). რას იტყოდით ამის შესახებ? 

ვაჟიკო ჩაჩხიანი: სახლი მიტოვებული იყო, როცა შევისყიდეთ. ის იდგა ერთ-ერთ მთიან სოფელში ქალაქ ჭიათურის მახლობლად, რომელიც მადნეულის მოპოვებით არის ცნობილი. იმ ადგილას უცნაური გრძნობა გეუფლება, რადგან მანგანუმისა და ქვანახშირის წარმოების გამო ყველაფერი მურით არის დაფარული. პეიზაჟი მთლიანად ჩამუქებულია.

ამ მხარეში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია?

მეტ-ნაკლებად, როგორც ყველგან. აქ სამთო მრეწველობის საკმაოდ ბევრი ობიექტია - ან მათი გადმონაშთი. ამიტომ, ძლიერია მუშათა კლასის ყოფითი ელემენტები. სავარაუდოდ, სახლში ქალი ცხოვრობდა - ეს გვაფიქრებინა ქალის ფოტომ, რომელიც სხვადასხვა ნივთებს შორის ვიპოვეთ. ზოგადად, ქალის ხელი იგრძნობოდა - ქალის აურა - რთული ასახსნელია. 

რამე კონკრეტული ტიპის სახლს ეძებდით?

ვეძებდი განსაკუთრებულ სახლს. წვიმის ელემენტიც რომ გამოვრიცხოთ, სწორედ ასეთი სახლი წარმომედგინა. იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო მისი ზომა და პროპორციები, რამდენადაც აურა. ჩემი შემოქმედებითი ჩანაფიქრი რომ გამეხორციელებინა, ვეძებდი სიცოცხლის კვალს - ამ სახლში გატარებულ ცხოვრებას, რომელიც უკვე გამქრალიყო. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სახლი - თუმცა გარკვეული განწყობის მატარებელი. სწორედ ასეთი განწყობა დავინახე ყავისფერი და მომწვანო ფერის ფიცრებში და აივნის გახუნებულ ცისფერში. ძალიან მომეწონა შემინული აივნის სივრცე - შიდა განზომილებაში ექცევი, სანამ უშუალოდ სახლში შეხვიდოდე.

თქვენ აღნიშნეთ, რომ სახლი მიტოვებული იყო. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, თითქოს სახლში ვიღაც ცხოვრობდა, როცა მისი ყიდვა გადაწყვიტეთ? ანუ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თითქოს უფრო ახლოს იცნობთ მის ბინადრებს?

ალბათ, კი. საინტერესო აზრია პროექტის შემდგომი ეტაპისთვის.

რა თვალსაზრისით უკავშირდება ამ პროექტის კონცეფცია საქართველოს ახლო წარსულს? 

მხოლოდ ზოგადად. მე მაინტერსებს ჩვეულებრივი ხალხის ბედი, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ასევე მაინტერესებს საგარეო და საშინაო ომებით გამოწვეული ტრავმები და ახლო წარსულში მომხდარი დრამატული სოციალურ-ოეკონომიკური ცვლილებები - სხვადასხვა თაობის ადამიანთა მიერ განცდილი ტრავმები, რომლებიც უკავშირდება მათ ფსიქოლოგიურ განწყობას და დამოკიდებულებას ცხოვრებისა და სხვა ადამიანების მიმართ.

თქვენს ადრინდელ ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, შესაძლებელია თუ არა ითქვას, რომ კონკრეტული ისტორიული მოვლენების უშუალო ასახვა ზოგადი პერსპექტივით ჩაანაცვლეთ? გამახსენდა „The Missing Landscape”) გადამწვარი ხეები. ეს ხეები მართლა დაიწვა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს.

სწორად აღნიშნეთ. ჩემი ნამუშევრების ფოკუსი განზოგადდა. ახლა ჩემი მიზანია, ისტორიული და სოციალური გარემოებებით შევიწროებული ადამიანების შინაგანი სამყაროს წარმოჩენა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის სიტყვა „ინტერიერი“ რამდენიმე მნიშვნელობის მატარებელია: შინაგანი სამყარო; საზღვრებიდან შორს, ქვეყნის შუაგულში მდებარე მხარე; განაპირა, ინდუსტრიულ ცენტრს მოწყვეტილი რაიონი; ინტერიერი.... 

 დასრულებულ ნამუშევარს თუ შევხედავთ, შეიძლება რენე მაგრიტის ტილოები გაგვახსენდეს. ყველა ელემენტი, თითქოს, ნაცნობია, მაგრამ რაღაც ნამდვილად არ არის ისე, რაღაც არასწორია, თავდაყირაა: სახლში წვიმს - გარეთ სიმშრალეა. რას ნიშნავს წვიმა ყოველდღიურობაში? თქვენ გიყვართ წვიმა, თუ თავს არიდებთ?

მე მიყვარს წვიმა - არა მხოლოდ იმ ატმოსფეროს გამო, რომელსაც ქმნის, არამედ იმიტომაც, რომ წვიმა ერთდროულად სიცოცხლის სიმბოლოც არის და სიკვდილისაც, აღმოაცენებს და ხრწნის. მიყვარს ნაწვიმარი - ან წვიმიანი - ქალაქების და ქვების ყურება. ფერები უფრო დამჯდარია, მეტი საინტერესო ანარეკლია, განსაკუთრებულ გარემოში დადიხარ.

წვიმა წყალია, წყალი კი თქვენს შემოქმედებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტი თუ მეტაფორა გახდა. თქვენი უკანასკნელი ფილმი „Winter Which Was Not There“ წყალქვეშა კადრებით იწყება. აპირებთ კიდევ ერთი ფილმის გადაღებას, რომლის ერთ-ერთი ელემენტია წყალზე მოტივტივე სახლი.

მართალი გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. სწორი ბრძანდებით. თუმცა, ეს ჯერ-ჯერობით არ არის კონცეპტუალური ჩანაფიქრი. წყალი ქვეცნობიერად მოდის. შეიძლება, ფლუიდურობის, დენადობის თემას უკავშირდება და იმიტომ.... უნდა ვიფიქრო.

წვიმას ასევე შუძლია ჭუჭყის ჩამორეცხვა. თითქოს, ყველაფერს წმენდს. უხეშად რომ დავუკავშიროთ თქვენს ჩანაფიქრს, სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ წვიმა ტრავმებს ჩამორეცხავს? 

შეიძლება... იმ თვალსაზრისით, რომ წვიმა უწყვეტია, არასდროს წყდება. ეს პროცესი არ სრულდება, სანამ ადამიანი არ გაქრება.

დავუბრუნდეთ თქვენს ნამუშევარს: გავა დრო და სახლში მოსული წვიმის გამო რაღაც უთუოდ შეიცვლება. ავეჯს ხავსი მოეკიდება, საგნები და მასალა გაფუჭდება. „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“, ასე ვთქვათ, ცოცხალი პროექტია. 

ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი ჩემს ნამუშევარში; ამიტომ არის ჩემთვის საინტერესო ეს პროექტი. შიდა განზომილება იცვლება, გარეგანი სახე იგივე რჩება. თითქოს, ტრავმა პიროვნების შინაგან სამყაროს ცვლის.

თეორიულად შესაძლებელია თუ არა, რომ „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ მთლიანად გაქრეს?

გარკვეულწილად, ალბათ, სჯობს, რომ ნელ-ნელა გაქრეს. ჩემთვის გასაგებია, რომ თანდათან ყველაფერი სრულდება. რა თქმა უნდა, ნამუშავარი დეფორმირდება - ისევე, როგორც ადამიანის შინაგანი სამყარო ისტორიიდან მიღებული „გაკვეთილების“ შედეგად. გარეგანი მხარი კი უცვლელი რჩება.

ერთგვარ პარალელს ვხედავ საფლავზე მძინარე მამაკაცთან („A Chapter With No End”), ადამიანის საბოლოო გაქრობასთან ფილმში “The Life Track”) ან დამწვარ ფეხსაცმელთან (ფილმი „Each Touch of the Fallen Ash”). ასევე შეიძლება გაგვახსენდეს თეთრ ცვილში „ჩამარხული“ ნივთები, რომლებიც ნელ-ნელა ქრება („The Other Life”). რას ნიშნავს თქვენთვის გაქრობა? 

ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, როცა ვინმეს ან რამეს ესალმები - ამით სულდგმულობს ცხოვრება. როცა ვეღარ შეძლებ, რომ მიესალმო, ის - რაღაც - ქრება, რაც ძალიან სამწუხაროა. დიდად არ მჯერა მეტაფიზიკის და „მიღმური“ ცხოვრების. მატერიალური არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აქ ხდება ქიმიური რეაქციები, რომლებიც „გრძნობებს“ წარმოშობენ. ჩემს ნამუშევრებში საგნები შეიძლება გაქრნენ ან თითქმის გაქრნენ, მაგრამ ისინი რჩებიან გონებაში ან ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვა შრეებში. 

რაც უფრო ახლოა საგანი გაქრობასთან, მით მეტად რჩება გონებაში.

სწორედ ასეა.

ახლა, ცოტა რამ სახლში არსებულ სინათლეზე. ბუნებრივია, სინათლე საჭიროა, რომ წვიმა უკეთ გამოჩნდეს. თუმცა, შუქი ასევე გჭირდებოდათ ყვითელი ჩრდილის შესაქმნელად. 

ეს სინათლე მაგონებს ზაფხულში, აგარაკზე ანთებული ნათურების ყვითელ შუქს. ამ ფერს თავისი ქვეტექსტი აქვს - უფრო პოზიტიურია, ვიდრე წვიმა, რომელსაც ნაღვლიანი განწყობა ახლავს. ეს თბილი სინათლეა და სიცოცხლეს აღნიშნავს. 

საკუთარ ნაშრომებს პოეტურ სახელებს არქმევთ. ზოგიერთი მათგანი პოეტური შთაგონების წყაროდაც შეიძლება იქცეს. „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ არის ბიბლიური სახე (ეკლესიასტე 9.4), რომელიც იმედის იდეას უკავშირდება („ეკლესიასტეს“ იმავე მონაკვეთში საუბარია იმედზე). საინტერესოა, თქვენი ნამუშევრის შემთხვევაში, ვინ არის ძაღლი და ვინ არიან ლომები?

რა თქმა უნდა, ნამუშევარში არსად ჩანს ძაღლი და ლომი. ამ მეტაფორულ სახეებს ფიზიკურად არ ვიყენებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც ადრე ვახსენეთ, შეიძლება ითქვას, რომ ზოგი ადამიანი უფრო ადვილად იღუპება. ისინი ლომებს ჰგვანან, მეტი გაბედულება და აგრესიულობა ახასიათებთ და ამდენად, უფრო მეტად არიან მიდრეკილები დაღუპვისკენ. სხვებს კი - უფრო მოკრძალებულებს, გულჩათხობილებს და „შინაურებს“ - ცოცხლად გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.

ეკლესიასტეს მიხედვით, ცხოვრებაში ყველაზე მდაბალი მდგომარეობაც კი სიკვდილზე უკეთესია. ეს იმედის უძლიერესი გამოხატულებაა.

არ ვიცი, ყველა შემთხვევაში დავეთანხმებოდი თუ არა ამ აზრს. ალბათ ზოგჯერ საპირისპირო უფრო სწორია...

მახსენდება ცნობილი პოლონელი მხატვარის, რეჟისორისა და სცენოგრაფის ტადეუშ კანტორის (1915–1990) კონცეფცია „უმდაბლესი რანგის რეალობის“ შესახებ. ამ ფრაზას კანტორი იყენებდა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ; ამავე სიტყვებს ვხვდებით მის მანიფესტში და სხვა ნაშრომებში. კანტორს სჯეროდა „უმდაბლესი რანგის რეალობის“ და აცნობიერებდა მის მნიშვნელობას ცხოვრებასა და ხელოვნებაში. მოგვიანებით, მხატვარმა ლუკ ტუიმანსმა სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ხელოვნება, როცა კურირებდა ფართომასშტაბიან გამოფენას „The Reality of the Lowest Rank: A Vision of Central Europe, Bruges, Belgium, 2010“ („უმდაბლესი რანგის რეალობა: ცენტრალური ევროპის, ბრიუგეს, ბელგიის ხედვა (2010)“. თქვენი აზრით, მართლაც ასახავს თუ რა ეს მეტაფორა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის თანამედროვე ხელოვნებას?

ვფიქრობ, რომ ასეა. „დაბალი რანგის“ ცხოვრების ფორმები აქ უფრო გახსნილია, მეტი შუქ-ჩრდილია, ეგზისტენციალური განზომილებები უფრო მეტად გრაფიკულია. კვლევის მეტი შესაძლებლობებია. ბევრ დროს ვატარებ საქართველოს რაიონებში, ღარიბ სოფლებში. ძალიან მიყვარს იქ ყოფნა. როცა იქ ვარ, თავს ვგრძნობ არა დამკვირვებლად, არამედ ცხოვრების ნაწილად. ეს არ არის რომანტიკული ან სენტიმენტალური დამოკიდებულება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სიტუაციაში განცდილი რეალობა და არა მხოლოდ ინტერნეტიდან და წიგნიდან მიღებული ინფორმაცია.

თქვენმა სიტყვებმა გამახსენა, რომ ზოგიერთი თქვენი ნამუშევრის შექმნას წინ უძღვის საგნებისა თუ მოქმედებების მიმოცვლა ადამიანებთან, რომლებიც სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ცვილში „დამარხული“ ნივთები („The Other Life”) ან ლექსი, რომელიც პატიმრისგან „გამოისყიდეთ“ კისერზე ორი კოცნის სანაცვლოდ („The Sky Is Slightly Dangerous”).

ჩემთვის ასევე საინტერესოა კონტაქტი იმ ხალხთან და ადგილებთან, რომლებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს და ჩემს ნამუშევრებს უკავშირდებიან. მაგალითად, მე კვლავ ვსტუმრობ თავშესაფარს, სადაც ფილმი „Life Track”) გადავიღე. უამრავ ენერგიას და სიხარულს მანიჭებს ყველა, ვინც ჩემ გვერდით იყო თავიდანვე - მშობლები, მეგობრები - ან ვინც მოგვიანებით გავიცანი და ვისთან ერთადაც ვმუშაობ. მიყვარს ქალაქები და პეიზაჟები, თუმცა ყველაზე მეტად მიყვარს ხალხი, რომლებთანაც ერთად ვარ - ვსვამ ლუდს და ა.შ.

თქვენს ნამუშევრებს თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პესიმისტურად აღიქვამთ სამყაროს. თუმცა, რეალურად პირიქითაა.

დიახ, ოპტიმისტი ვარ!

თქვენი ნამუშევრების მეტწილად ნედლი ან „ღარიბი“, ტრადიციული წესით დამუშავებული მასალა, ასევე თქვენს ფილმებში ასახული საკმაოდ უბრალო საყოფაცხოვრებო პირობები გვიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს განზრახ ქმნით ანტისამყაროს, რათა დაუპირისპირდეთ ჩვენს ცხოვრებაში გამეფებულ ვირტუალურ რეალობას.

ჩემი მთავარი მიზანი არ არის ამა თუ იმ სიტუაციასთან აშკარა დაპირისპირება, თუმცა ყველა ჩემი ნამუშევარი რეზისტენტობის ელემენტებს შეიცავს. მათში არ არის 1960-იანი წლების არტე პოვერასათვის დამახასიათებელი „ანტი“ განწყობა, რომელიც ომის შემდგომი პერიოდის იტალიაში მომძლავრებულ კონსუმერიზმსა და ამერიკანიზაციის ტენდენციას დაუპირისპირდა. მე ჩემს ეპოქაში ვცხოვრობ და ამ ეპოქის თვალთახედვით ვმუშაობ. ძალიან მიყვარს მატერიალური სამყარო, მიყვარს, როცა გაქრება, კვლავ გამოჩნდება და ასე უსასრულოდ .....

www.labiennale.org

www.julianheynen.de

www.danielmarzona.com

Attachments:

Biography