სიახლეები

"ჩაკრულო" კოსმოსში | 40 წელი NASA-ს "ვოიაჯერების" მისიიდან

„სინამდვილე უფრო შთამბეჭდავია ვიდრე წარმოსახვა,“ - ასე ფიქრობს რობ მენინგი და ძნელია არ დაეთანხმო, როცა მთელი ენთუზიაზმით და დეტალურად გიხსნის მარსზე გაკეთებული აღმოჩენების შესახებ. რობ მენინგი ნასაში მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის პროექტის მთავარი ინჟინერია, 2012 წლის 5 აგვისტოს სწორედ მან დასვა წარმატებით Curiosity Rover-ი წითელი პლანეტის ზედაპირზე.  

სექტემბერი 27, 2017

Hello Blog

„სინამდვილე უფრო შთამბეჭდავია ვიდრე წარმოსახვა,“ - ასე ფიქრობს რობ მენინგი და ძნელია არ დაეთანხმო, როცა მთელი ენთუზიაზმით და დეტალურად გიხსნის მარსზე გაკეთებული აღმოჩენების შესახებ. რობ მენინგი ნასაში მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის პროექტის მთავარი ინჟინერია, 2012 წლის 5 აგვისტოს სწორედ მან დასვა წარმატებით Curiosity Rover-ი წითელი პლანეტის ზედაპირზე.  

  

როცა ამ დღეს იხსნებს, სახე უბრწყინდება. ამბობს, რომ მის საქმეში ბევრი დრამაა, მაგრამ შედეგები ყოველდიურად გასაოცარ შთაბეჭდილებებს და გამოცდილებას იძლევა. „ჩვენი საქმე სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის წიგნის კითხვას ჰგავს, ჩვენ ყოველდღე ახალ ფურცელს ვშლით და ახალ, გასაოცარ აღმოჩენებს ვაკეთებთ.“

რობი დღემდე კითხულობს ასეთ წიგნებს, თუმცა ის, რასაც რეალობაში ყოველდღიურად ხედავს, არანაირ წარმოსახვაში არ ჯდება. მისთვის მარსის მისიის ყველაზე დიდი აღმოჩენა იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ წითელ პლანეტაზე წყალი არსებობს. ამან მეცნიერებში იმაზე მეტი შეკითხვა გააჩინა, ვიდრე მანამდე არსებობდა. „მარსზე წყალს დალევთ, თუმცა ჰაერს ვერ ჩაისუნთქვთ,“ - ხუმრობს რობი.

მენინგი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ნასა მარსის კვლევებს კიდევ უფრო განავითარებს, ახლა მეცნიერებს იმის დადგენა სურთ, არსებობდა კი მარსზე სიცოცხლე ოდესმე, ან ახლაც არსებობს თუ არა რაიმე ფორმით. არც ისე შორეული პერსპექტივაა წითელ პლანეტაზე ადამიანის გაგზავნაც. რობ მენინგი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის ელონ მასკის მცდელობები დასაფასებელია და შესაძლოა, კერძო ინიციატივების და სახელმწიფოს თანამშრომლობამ დიდი შედეგები გამოიღოს.

რობ მენინგის საქართველოში ჩამოსვლა „ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. წელს, 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნასამ კოსმოსში გაგზავნა ხომალდები „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“. „ვოიაჯერებზე“ ინახება ოქროს ფირფიტები - გზავნილი დედამიწიდან, სადაც ჩაწერილია ბუნებრივი ხმები, მისალმებები სხვადასხვა ენაზე, ფოტოები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც სპეციალურად შეირჩა მსოფლიო მუსიკალური საგანძურიდან. მათ შორისაა ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“.

ჯონ კასანი, რომელიც „ვოიაჯერის“ პროექტის მენეჯერი იყო, ასევე იმყოფება საქართველოში. სწორედ მას ეკუთვნის იდეა, კოსმოსში გზავნილის გაშვების შესახებ. მან ცნობილ მეცნიერს, კარლ სეიგანს დაურეკა და უთხრა სკუთარი მოსაზრების შესახებ. დღეს ჯონი ხუმრობს რომ, რომ არა ეს ერთი სატელეფონო ზარი, ახლა ის საქართველოში არ იქნებოდა. გენიალურმა კარლ სეიგანმა მაშინვე აიტაცა იდეა და მის განხორციელებას შეუდგა.

 „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვებას საბჭოთა ეპოქაში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. კრემლიდან ნასაში დარეკეს და „ჩაკრულოს“ ნაცვლად ოქროს დისკზე „პადმასკოვნიე ვეჩერას“ ჩაწერა მოითხოვეს. 

რამაზ ბლუაშვილი, რეჟისორი და „ჩაკრულოს“ კვირეულის ორგანიზატორი ყვება:„ ოქროს დისკის მენეჯერები ძალიან პრინციპულები აღმოჩნდნენ და, რაც მთავარია, მათ კარგად ესმოდათ ამ სიმღერის განსაკუთრებულობა. ეს მრავალხმიანი ჟღერადობა მშვიდობის, მეგობრობის ჰიმნს ჰგავს, სწორედ ისეთი მუსიკა იყო, რომელიც კოსმოსში უნდა გაეშვათ.“

ასე მოხვდა „ჩაკრულო“ „ვოიაჯერის“ ბორტზე. „ვოიაჯერების“ თავგადასავალი დოკუმენტურ ფილმში „უშორესი“ ირლანდიელმა რეჟისორმა ემერ რეინოლდსმა ასახა, ფილმის ჩვენებაც კვირეულის ფარგლებში შედგა კინოთეატრ ამირანში. ხოლო „ჩაკრულოს“ ისტორია დეტალურად აღწერა რამაზ ბლუაშვილმა საკუთარ დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერაც ოპერის თეატრში 28 სექტემბერს გაიმართება.

კვირეულის ფარგლებში, რომლის ერთერთი მხარდამჭერი თიბისი ბანკია, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სადაც ნასას ლეგენდარულ თანამშრომლებს უამრავი შეკითხვა დაუსვეს, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტად კოსმოსური ოდისეის ამბები სტუდენტებს და მოსწავლეებს აინტერესებთ.

 - არსებობს თუ არა სოცოცხლე სხვა პლანეტაზე და როდის აღმოვაჩენთ მას?

- რამდენ ხანს იფრენს „ვოიაჯერი“ და იპოვიან თუ არა მას უცხოპლანეტელები ?

- როდის გაუშვებს ნასა მარსზე ადამიანს ?

და ასე შემდეგ.

„2012 წელს „ვოიაჯერ 1“ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიჭრა. მან დაასრულა პლანეტების შესწავლის უნიკალური მისია და ახლა უკვე ინტერსტელერშია. ეს არის პირველი და ერთადერთი, ადამიანის ხელით შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მზის სისტემას გასცდა. ეს უნიკალური მოვლენაა. როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ვერც წარმოვიდენდით, რომ აქამდე მივიდოდა საქმე. შეტყობინება, რომელიც ვოიაჯერს მიაქვს დედამიწიდან, შესაძლოა მილიარდობით წლის შემდეგ იყოს ერთადერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი ცივილიზაცია არსებობდა,“ - ამბობს ჯონ კასანი.

როგორც მეცნიერები ამბობენ, „ვოიაჯერის“ ინტერსტელერში გასვლა „ჰგავს დაკაკუნებას მარადისობის კარზე“. 5 მილიარდი წლის შემდეგ, როცა ჩვენი ვარსკვლავი სუპერ ნოვად იქცევა, ის გაანადგურების სისტემაში არსებულ პლანეტებს და მათ შორის დედამიწასაც, „ვოიაჯერი“ კი კვლავ იარსებებს, ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ვარსკვლავთშორის სივრცეში.

„სამყარო იმდენად დიდია, რომ სიცოცხლე აუცილებლად არსებობს სხვაგანაც. ახლა მთავარი კითხვა ისაა, როდის აღმოვაჩენთ მას? ან როგორი ფორმითაა ის, მიკროორგანიზმების და ბაქტერიების დონეზე, თუ განვითარებულ ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე. თუ არსებობს ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია, შანსი იმისა, რომ ისინი იპოვიან „ვოიაჯერს“ ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს,“ - ამბობს ჯონ კასანი.

სამყაროში სიცოცხლის არსებობაში დარწმუნებულია რობ მენინგიც. ის ფიქრობს, რომ მარსის პროგრამა მომავალში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, ასევე მნიშვნელოვანია კვლევები იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, რომელზეც სწორედ ვოიაჯერის მეშვეობით იქნა აღმოჩენილი ოკეანე. მზის სისტემაში ყველაზე დიდი ოკეანე, სწორედ ევროპაზეა, ხოლო სადაც არის წყალი, იქ არის სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაც. ნასას სამომავლო გეგმებზე საუბრისას, რობ მენინგმა არაერთხელ ახსენა ეგზოპლანეტები, როგორც ირკვევა, ე.წ. დედამიწის მსგავსი პლანეტების შესწავლას დიდი დრო დაეთმობა მომავალში, რადგან მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეგზოპლანეტებზე უნდა ეძებონ სიცოცხლე.

„ჩვენ გასაოცარ დროში ვცხოვრობთ. მე ბედნიერი ვარ ამით, რომ ცივილიზაციის ამ ციკლში მოვხვდი. ნასა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ახალგაზრდა დააინტერესოს მეცნიერებით, რადგან მეცნიერება გვიხსნის კარს უსასრულო შესაძლებლობებში. დღეს შესაძლებლობები ისეთივე უსასრულოა, როგორც ჩვენი სამყარო,“ - ამბობს რობ მენინგი.

ავტორი: სოფიო კვინტრაძე | ფოტოები : ირაკლი შალამბერიძე 

© ბლოგში გამოყენებულია ფოტომასალა NASA-ს არქივიდან