კულტურა

ინტერვიუ | ხატია ბუნიათიშვილი

ხატიას ფილარმონიაში ვხვდებით. რეპეტიცია, ზუბინ მეტასა და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ახალი დასრულებულია. სანამ მოგვიახლოვდება, თვალს ვადევნებთ, როგორ ხვდება დარბაზში შეკრებილ გულშემატკივარს - ავტოგრაფებით, ფოტოების გადაღებით, საუბრებითა და ბევრი ღიმილით. ხატიაც ციმციმებს, თავიდან ფეხებამდე. აქვეა დედაც - ნატალია ბუნიათიშვილი და დაიკო გვანცა, ადამიანები რომლებსაც თითქმის ყველა ინტერვიუში უხსნის სიყვარულს.

სექტემბერი 25, 2017

Hello Blog

ხატიას ფილარმონიაში ვხვდებით. რეპეტიცია, ზუბინ მეტასა და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ახალი დასრულებულია. სანამ მოგვიახლოვდება, თვალს ვადევნებთ, როგორ ხვდება დარბაზში შეკრებილ გულშემატკივარს - ავტოგრაფებით, ფოტოების გადაღებით, საუბრებითა და ბევრი ღიმილით. ხატიაც ციმციმებს, თავიდან ფეხებამდე. აქვეა დედაც - ნატალია ბუნიათიშვილი და დაიკო გვანცა, ადამიანები რომლებსაც თითქმის ყველა ინტერვიუში უხსნის სიყვარულს.

ინტერვიუსთვის წუთები გვაქვს. წინ კიდევ ჩაწერა ელოდება გერმანიის მუსიკალურ არხთან, შემდეგ კი - ვახშამი ოფიციალურ პირებთან. არცერთი წამით არ იმჩნევს გადატვირთული დღის გავლენას და ჩვენც ისეთი ბავშვური სილაღით გვხვდება, რომ უმცირეს დაძაბულობასაც კი აბათილებს. ხატია, რომელსაც წინა დღის განმავლობაში სატელევიზიო ინტერვიუებიდან ვეცნობოდი, სადღაც ქრება და ჩემ წინ თვალებმოციმციმე, სახეგაბადრული, მხიარული გოგონა ჩნდება, საოცრად თბილი ხელებით და მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის. 

როგორია ზუბინ მეტასთან თანაშემოქმედება?

საოცარი! ამ ადამიანისგან ძალიან მშვიდი ქარიზმა იგრძნობა... ხომ არის ქარიშხალივით მძაფრი ქარიზმა და არის ისეთიც, რომელიც უბრალოდ სიმშვიდესა და სიყვარულს გასცემს, ასეთია ზუბინი! მასთან კარგად გრძნობ თავს და გინდა, რომ შენც ესეთი მშვიდი იყო, გაწონასწორებული, მუდამ ასეთი მოსიყვარულე და თბილი... ასეთია, როგორც ადამიანი და ასეთივეა მუსიკაშიც, როცა დირიჟორობს. მიმაჩნია, რომ ხელოვნებაში ადამიანი ვერ მოიტყუება, ხოლო რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით უფრო გულწრფელიცაა; შემოქმედებაც ხომ იმისთვისაა, რომ ყველაზე მარტივად გამოხატო შენი რეალური გრძნობები...

შენი პირველი კონცერტი თუ გახსოვს?

დიდ დიღომში ვცხოვრობდით. იქ, ხელოვნების კოლეჯში ვსწავლობდი და ჩემი პირველი გამოსვლაც იქ მოხდა; ჩაიკოვსკის “ტოროლა”-ს ვუკრავდი, ალბათ, ხუთი, ან ექვსი წლის ვიქნებოდი.

მაშინდელი შეგრძნებები?

შეგრძნებებიც მახსოვს, თუმცა უფრო მკაფიოდ მახსოვს, პირველად რომ დავუკარი ორკესტრთან ერთად; ექვსი წლის ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზღვაში ხარ ადამიანი და თან გინდა, მაგრამ თან გეშინია...  

თუ გახსოვს, რამ მოგცა პირველი ნაბიჯის გადადგმის ძალა?

აუხსნელი იყო და დღემდე აუხსნელია... ხანდახან მგნია, რომ შეუძლებელი რამ ხდება, იმიტომ რომ ერთია - სახლში მუშაობა და ნაწარმოების სახლში მომზადება; სულ სხვა რამ ხდება, როცა სცენაზე გადიხარ უამრავი ადამიანის წინ, სადაც ხდება ძალიან დიდი ენერგიის გაცვლა-გამოცვლა შენსა და ხალხს შორის. ამ დროს, ძალიან რთულია შენში სიმშვიდის მოძებნა, რთულია გააკონტროლო სიტუაცია და თან მოეშვა, მიყვე დინებას და ისიამოვნო ამ ყველაფრით... ერთგვარი მედიტაციით თუ მიყვები, ექსტაზური შეგრძნებაა უსმინო მუსიკას და თან თავად იყო მისი ნაწილი, თიმცა, მეორე მხრივ, სანამ გახვალ, ეს ყველაფერი იმდენად ქაოტურ მდგომარეობაშია, რომ გგონია, შეიძლება ვერც შეძლო... ზუსტად იგივე შეგრძნება იყო ბავშვობისას. რაღაცნაირად, ახერხებ იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანზე მოახდინო კონცენტრირება და გააკეთო გასაკეთებელი... ბავშვობაშიც ეს კონცენტრაციის შესაძლებლობა მქონდა, ალბათ... თუ ბავშვს ეშინია, ან რაღაცნაირად იბნევა და წვალობს, მიუხედავად ბევრი პრაქტიკისა, მაშინ ცოდოა ამ პროფესიისთვის, და თუ უმეტესწილად, სიამოვნებას იღებს, მაშინ სასურველია, ბოლომდე გაყვეს ამ საქმეს.

ცოტა ადრენალინი სასრგებლოცაა...

კი, თუმცა, ხდება ისეც, რომ მთელი კონცერტის განმავლობაში ცუდად ვგრძნობ თავს. იშვიათად, მაგრამ მაინც... როცა გარშემო ყველაფერს აღიქვამ, დროს, ხალხს, სივრცეს... ყველაზე კარგი კონცერტი მაშინ გამომდის, როცა ვახერხებ და ამ ყველაფერს ვივიწყებ...

ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ერთი მდგომარეობიდან სხვაში გადადიხარ, ხდება ერთვარი მეტამორფოზა და ხდები დიდი, ან ხდები ბავშვი, რაღაც საქმის პროფესიონალი... შენი ცხოვრებიდან რომელს გამოყოფდი მსგავსი მომენტებიდან, როცა მიხვდი, რომ მის შემდეგ აბსოლუტურად რადიკალური ცვლილებით გაგრძელდებოდა ყველაფერი?

მსგავსი მომენტი ძირითადად მაშინ დგება, როცა ძალიან ცუდი, ან ჩემი აზროვნების საპირისპირო ხდება, როდესაც ბოლომდე დარწმუნებული ხარ რაღაცაში და მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ ეს ასე არაა... ეს კი ძალიან მტკივნეული პროცესია, მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა ხარ. თუმცა, ამ დროს იწყებ უფრო მეტის დანახვას, ცდილობ, თუ შეგნებული ხარ, გაუგო მეორე მხარეს, შეიჭრა მის ლაბირინთში და მიხვდე რა შეიძლება იყოს განსხვავებული, ან პირიქით. სწორედ ასეთ დროს ხდები უფრო გონებაგახსნილი ადამიანი და უფრო მასშტაბური, იმიტომ რომ რაღაც სიახლეს გებულობ... იმიტომ რომ, თუ მანამდე აწყობილი გქონდა შენი სახლი, შენი კომფორტი, შენი აღქმა, მერე ხვდები, რომ თურმე, სხვა რაღაცეებიც არსებობს, თურმე, რამდენად უფრო მასშტაბურია სამყარო... მტკივნეული პროცესია, მაგრამ ალბათ, ილუზიების მსხვრევის დროს იზრდები ყველაზე მეტად ადამიანი...

რეალურად, ამ დროს აღმოაჩენ საკუთარ თავსაც...

სასურველ შემთხვევაში, თუ ადამიანი უფრო პოზიტიურისკენ ხარ მიდრეკილი, უფრო ჰუმანური და ლოიალური ხდები რაღაც საკითხებთან მიმართებაში. თუ გაჯიქდები, შეეწინააღმდეგები და უარყოფითად აღიქვამ, უფრო იკეტები. ეს კი დამანგრეველი იქნებოდა და ნებისმიერი სახის განვითარებას უშლის ხელს. მეც ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ უფრო გამგები ვიყო... რამდენი ადამიანიც დადის, იმდენი ადამიანის აზრი არსებობს, იმდენივე მიზეზია გვიყვარდეს ერთმანეთი. ვცდილობ გავიგო მათი აზროვნება, გავიაზრო მათი მსოფლმხედველობაც თუ ძალინა აგრესიულები არ არიან და რაღაც საშინელებას არ ჩაიდენენ... 

პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად გიწევს მოგზაურობა. როგორია ის მსოფლიო, რომელიც უშუალოდ შენი შემოქმდების გადმოსახედიდან ჩანს? 

ძირითადად, როცა მუსიკისთვის მიწევს მოგზაურობა, ბევრს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მხოლოდ კონცერტზე, მისთვის საჭირო ემოციურ ნაწილზე ვარ კონცენტრირებული და მაინც ვშორდები რეალობას. როცა საქართველოში ჩამოვდივარ, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მიწევს ერთგვარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა... არის კიდევ რამდენიმე ადგილი, სადაც იგივე ხდება... ასეთ ადგილებში, მათ შორის საქართველოში, უბრალოდ რთულია იმუშაო, კონცერტზე ისე წარადგინო ნაწარმოები როგორც შენ გინდა, მაგრამ აქ ვუბრუნდები ყველაზე მეტად რეალობას, თითქოს, აქ ვახერხებ ყველაზე მეტად გამოფხიზლებას, იმიტომ რომ აქ უფრო ახლოს ვარ ხალხთან, უფრო მეტ ადამიანს ვიცნობ, ვიღაც ბავშვობას მაგონებს, ვიღაც სხვა კონკრეტულ მომენტს და გიწევს ამ რეალობასთან გახსნა... სულ ერთია, კონცერტი იქნება, თუ უბრალოდ ჩამოვდივარ საქართველოში, აქ ყოველთვის მყარად ვდგები მიწაზე, ვხდები უფრი რეალისტური, აღარ დავფრინავ ღრუბლებში... რაღაც მომენტში, თუ ცოტა მოვდუნდი, შემექმნა იმის ილუზია, რომ მხოლოდ მუსიკა არსებობს, რომ მხოლოდ ჩემი პროფესიაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგოიზმში გადავიჭერი, საქართველოს ამ ყველაფრიდან ყველაზე კარგად გამოვყავარ და ყოველთვის მაფხიზლებს. 

ამასობაში, რა, ან ვინ არის შენი გაჭირვების ტალკვესი?

დედა.

მასალა, გამონათქვამი ან ფილოსოფია შთაგონებისთვის?

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სიბრძნეა - “რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია.” ვფიქრობ, ეს სიყვარულზეა ნათქვამი და ამ გრძნობის უპირობობაზე... როგორც დედაშვილობის შემთხვევაში, უბრალოდ გასცემ ამ გრძნობას, საპასუხოდ არც არაფერს ელი, უბრალოდ გიყვარს! მაგრამ რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო შენია ეს სიყვარული და ეს, რაც არ უნდა შაბლონურად ჟღერდეს, მიმაჩნია, რომ შეგრძნებაა, რაც შეიძლება ადამიანებმა განვიცადოთ.

რომელი ისტორიული, ან ლიტერატურული გმირის ცხოვრებით იცხოვრებდი ერთი კვირით?

მსგავს რამეს ხშირად წარმოვიდგენდი ბავშვობაში… ჩემი საყვარელი რომანი იყო დოსტოევსკის “იდიოტი”. ყოველთვის მაინტერესებდა ნასტასია ფილიპოვნას პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს როგორც ცხოვრობს და არ მიმაჩნია, რომ ვგავარ, თავისი კომპლექსურობით ძალიან მიმიზიდა. უფრო სწორედ, მასში მიზიდავდა პოზიტიური და ნეგატიური თვისებების ერთად არსებობის საშუალება, რაც თურმე შესაძლებელია! ხასიათის ცვალებადობა, ზედმეტი ზედაპირულობა, საოცარ სიღრმესთან ერთად... დამაინტრიგებელია და ალბათ სწორედ მის ცხოვრებას გამოვცდიდი, თუმცა მხოლოდ ერთი კვირით.

***

ამ სიტყვებზე, მეფიქრება, რომ ხატიაც, ჩემი არ იყოს, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ უნდა იყოს დაბადებული, თუმცა, არ ვაჟღერებ. სულ რამდენიმე წუთში კი, როცა მასთან მორიგ ინტერვიუს იწერენ ამჯერად პიანინოსთან (გერმანიის მუსიკალური არხისთვის) და ის მუსიკის შესრულების ემოციურ მხარეზე საუბრობს, მეორე-მესამე წინადადებაში, ჩემთვისაც იძლევა პასუხს - “ალბათ იმიტომ რომ ტყუპები ვარ!”. 

მეორე დღეს, წინანდლიდან პირდაპირი ეთერით, ხატიას შესრულებას მაესტრო ზუბინ მეტასა და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად მთელი საქართველო (და მსოფლიო) ადევნებდა თვალს. ასეთი შემადგენლობით დაბადებული ნებისმიერი წამოწყება, ამ შემთხვევაში კი წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, დიდი ალბათობით, ულამაზეს ტრადიციაში გადაიზრდება და ხატიაც უფრო ხშირად დაუბრუნდება სამშობლოს.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი