მუსიკა | ცა

მუსიკა, რომელსაც ხელით ეხები | VODKAST RECORDS

ნიკოლაძის 2 ნომერში, რამდენიმე ბნელ სახლს შორის, ერთი წარწერა ანათებს – Vodkast Records. ეს პირველი, სრულფასოვანი ფირფიტების მაღაზიაა, რომელიც თბილისში 2015 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა. გვიან საღამოს მისულს დიჯეები ზურკინ ჭყონია (Zurkin) და გიო ერიქაშვილი (Ericsson) მხვდებიან. ზუსტად ისეთი გარემოა, როგორც წარმომედგინა.  

სექტემბერი 16, 2017

Hello Blog

ნიკოლაძის 2 ნომერში, რამდენიმე ბნელ სახლს შორის, ერთი წარწერა ანათებს – Vodkast Records. ეს პირველი, სრულფასოვანი ფირფიტების მაღაზიაა, რომელიც თბილისში 2015 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა. გვიან საღამოს მისულს დიჯეები ზურკინ ჭყონია (Zurkin) და გიო ერიქაშვილი (Ericsson) მხვდებიან. ზუსტად ისეთი გარემოა, როგორც წარმომედგინა. 

დიჯეები ფირსაკრავებთან დგანან და მუსიკას უსმენენ, სავარაუდოდ, რაღაც ახალ „ტრეკებზე“ საუბრობენ.

მაღაზიის ხის თაროებზე 1000-მდე ფირფიტა ჟანრების მიხედვითაა განაწილებული: ჰაუსი, დიფ ჰაუსი, ტექნო, ტექჰაუსი, დისკო, ნიუ დისკო, სოული. Vodkast Records-ში ფირფიტების გარდა, ნემსები, ფირფიტის სტაბილიზატორები და ფირსაკრავებისთვის აუცილებელი სხვა აქსესუარებიც იყიდება.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ფირფიტების მაღაზიებს მუსიკალური ჰაბის ფუნქცია აკისრიათ და ამ ინდუსტრიის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალშისაცემია პატარა ქალაქებში, რადგან აქ მუსიკის გავრცელება ბევრად მარტივია, – ზურკინ ჭყონია ფირფიტების მაღაზიის არსს განმიმარტავს, – ბოლო წლებში თბილისში კლუბური კულტურა იმდენად განვითარდა, რომ ვიფიქრეთ, ზუსტად შესაფერისი დრო მოვიდა, არსებობდეს ის საფუძველი, რაზეც ეს ინდუსტრია დაფუძნდება“.

მენეჯერები ამბობენ, რომ მაღაზიის გახსნა მუსიკის, კერძოდ კი ფირფიტის სიყვარულსა და ენთუზიაზმს უკავშირდება. გიო ერიქაშვილი Vodkast-ის წამოწყების იდეას იხსენებს: „2010 წელს გიო ბაქანიძემ (DJ) გააკეთა ინტერნეტპოდკასტი – Vodkast, რომელზეც იტვირთებოდა სხვადასხვა ქართველი არტისტის სეტები, რომ მხოლოდ „ივენთების“ და ჩამოსული არტისტების ამარა არ ვყოფილიყავით და მუსიკისთვის ალტერნატიული, ინოვაციური სივრცე გაჩენილიყო. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე სეტის ჩაწერა მოვასწარით, 2010 წელს გიო გარდაიცვალა. ჩვენმა მეგობარმა ვახომ (ვახო გამცემლიძე) თქვა, მოდი, გავაცოცხლოთ გიოს საქმეო და ისევ თავიდან დავიწყეთ“.

ზურკინი და გიო ფირფიტების ჩამოსატანად დისტრიბუტორებთან საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში თანამშრომლობენ. მაღაზიის მენეჯერები ყველა ფირფიტას განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ, ყველა ფირფიტა არის ორიგინალი, რაც საავტორო უფლებების მკაცრად დაცვას გულისხმობს. მათი შერჩევა ძალიან სუბიექტური პროცესია, მაღაზიის დამაარსებლები ცდილობენ, თითოეული ჩანაწერი უნიკალური ჟღერადობის იყოს, ისეთი, რომელსაც აქტუალობა წლების შემდეგაც შეუნარჩუნდება. იმაზე, რას უსმენს ან ითხოვს საზოგადოება, არანაირი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, ამიტომაც, მაღაზიის შემქმნელები თავიანთ მუსიკალურ გემოვნებასა და გამოცდილებას ეყრდნობიან. ეს მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის.

ფირფიტების მაღაზია თბილისში 10 წლის წინაც გაიხსნა, თუმცა „კაფსულა“ მალე დაიხურა, რადგან, როგორც გიო მიხსნის, „კლუბური კულტურა მაშინ ახალგაზრდა იყო. 2000-იან წლებში წინა პლანზე ციფრული დიჯეინგი წამოვიდა და დიჯეებს შეეძლოთ, ძალიან იაფად MP3 ფორმატში ეყიდათ მუსიკა დაბალი ხარისხით. თუმცა, „Louder“-მა და „კაფსულამ“ უდიდესი წვლილი შეიტანეს კლუბური კულტურის განვითარებაში. ის ადამიანები, ვინც ეს საქმე წამოიწყეს, დღესაც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესებში“.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში მოწამლული ვარ ფირფიტებით. ცოცხალი ნივთია, ხელით ეხები მუსიკას, – მეუბნება გიო, – ფირფიტა, გარდა იმისა, რომ დიჯეის პროფესიისთვის აუცილებელი ატრიბუტია, განსაკუთრებულად საფრთხილო და საყვარელი ნივთია. შეუძლებელია, ერთი ფირფიტა იყიდო, გვერდზე გადადო და იქვე მეორის ყიდვა არ მოგინდეს“.

ზურკინი აგრძელებს: „როდესაც ხედავ, რომ დიჯეი ფირფიტებით უკრავს, იცი, რომ ის თავის ძვირფას ჰონორარს ხარჯავს ამაში და ხვდები, რამდენად უყვარს ეს საქმე, რომ იყიდოს ეს ფირფიტა და მერე შენ მოგასმენინოს კლუბში. ფირფიტებზე დაკვრის ჯერ სასწავლად, შემდეგ კი დასაკრავად CD დისკთან შედარებით 10-ჯერ უფრო მეტი დრო და ენერგია გჭირდება“.

დიჯეების გარდა, რომლებისთვისაც ფირფიტასთან ურთიერთობა პროფესიის განუყოფელი ნაწილია, Vodkast-ში მუსიკის სხვა მოყვარულებიც დადიან. რამაზ კიკნაძე მაღაზიას ყოველ მეორე დღეს სტუმრობს: „Vodkast Records-ის გახსნით ჩემი ყოველდღიურობა შეიცვალა, ფირფიტებს ჩემსავე ქალაქში ვყიდულობ და ნაკლებად მჭირდება სხვა ქვეყნებიდან გამოწერა, რადგან Vodkast-ში მუსიკის ფართო და კარგი არჩევანია. ჩვევაში გადამივიდა დღეგამოშვებით Vodkast-ში შესეირნება, ახლადჩამოსული მუსიკის მოსმენა და მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ურთიერთობა. ძალიან მახარებს ეს სიახლე, რადგან მჯერა, რომ ყველაზე სწორი და საინტერესო აზრები და იდეები სწორად ასეთ მართალ ადგილებში იბადება“.

Vodkast Records-ის შემქმნელებმა მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები დაისახეს: რაც შეიძლება დიდხანს იარსებოს მაღაზიამ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ მუსიკალური მედიუმით. როდესაც მაღაზიის შემმქნელებს და სტუმრებს ვუსმენ, ვრწმუნდები, რომ ეს მიზნები უკვე სრულდება.



ტექსტი: მაშო სამადაშვილი / ჟურნალი 'CLOSER", 2015 წელი

ფოტოები: ლევან მაისურაძე / Vodkast Records facebook არქივი