მუსიკა | ცა

Sofar Sounds / 1000 მუსიკოსი გლობალური საქველმოქმედო კამპანიისთვის

„მუსიკა და ხელოვნება სამართლის ძლიერი პარტნიორები არიან...ისინი გვეხმარებიან, საზღვრებს გავცდეთ და მათ მიღმა დავინახოთ ის, რაც გვაერთიანებს“, – „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალური მდივანი სალილ შეტი.

სექტემბერი 08, 2017

Hello Blog

„მუსიკა და ხელოვნება სამართლის ძლიერი პარტნიორები არიან...ისინი გვეხმარებიან, საზღვრებს გავცდეთ და მათ მიღმა დავინახოთ ის, რაც გვაერთიანებს“, – „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალური მდივანი სალილ შეტი.

20 სექტემბერს მუსიკა საზღვრებს 60 ქვეყანაში ერთდროულად წაშლის.

ამ დღეს, 200-მდე ქალაქში, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე მიზნით, The National, Above & Beyond, Bad Suns, Young Georgian Lolitaz, Sophie Villy, MOKUMOKU და კიდევ მათი 1000 კოლეგა ე.წ „საიდუმლო ოთახებში“ მსმენელებს დაელოდებიან. ისინი იმღერებენ და დაუკრავენ მათთვის, ვისაც საკუთარი ოთახი და სახლი არ აქვს.

ამ უცნაური მსოფლიო კონცერტის მონაწილე თბილისიც იქნება.

Give A Home – „მიეცი სახლი“ - გლობალური საქველმოქმედო მუსიკალური კამპანიაა, რომელშიც უფლებადამცველები და მუსიკის სამყაროს ხალხი გაერთიანდა.

კამპანია მიზნად ლტოლვილების დახმარებას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს.

ინიციატორები ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ და მსოფლიოში საიდუმლო კონცერტებით ცნობილი მუსიკალური გაერთიანება, „სოფარი“ არიან.

1000-მუსიკოსიანი კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხის მობილიზებას „ამნესტი ინტერნეიშენალი“ სწორედ ლტოლვილების დასახმარებლად მოახდენს.

ამ კამპანიის ნაწილი ჩვენ, თბილისში, სოფი ვილის, „მოკუმოკუს” და „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის“ მოსმენით შეგვიძლია გავხდეთ. უკვე ცნობილია, რომ სწორედ ისინი იქნებიან „სოფარის“ თბილისური კონცერტის შემსრულებლები, ის ქართველი მუსიკოსები, რომლებიც „სოფარის“ კონცერტებზე სხვა ქალაქებში - ნიუ იორკსა და ლონდონშიც მონაწილეობდნენ.

თიბისი  გლობალური კონცერტების სერიის  თბილისის ნაწილის -  "Sofar Sounds Tbilisi"-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მხარდამჭერია.

სიმღერები ოთახიდან, ანუ SOFAR (Songs from a Room)

რას ნიშნავს ოთახში ჩატარებული კონცერტები, რატომ ჰქვია მათ „საიდუმლო“ და როგორ უნდა მოვხვდეთ ამ ღონისძიებაზე?

პირველი ნაბიჯი: ბილეთების შეძენაა sofarsounds.com/giveahome -ზე და ეს 10 სექტემბრამდე უნდა მოასწროთ. თქვენ მიერ ნაყიდი ბილეთის თანხის 100% საქველმქმედო მიზნებისთვის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ფონდში გადაირიცხება. ხოლო იმას, თუ სად იქნება ის გასაიდუმლოებული ადგილი თბილისში, საიდანაც მუსიკოსები და მსმენელები გლობალურ აქციას შეუერთდებიან, ბილეთის მეპატრონეებს, „სოფარი“ პერსონალურად შეატყობინებს.

„სოფარი“ სწორედ ამ სტილით და კონცეფციით გამოირჩევა. ყოველი შემდეგი კონცერტიც სხვა ადგილას ინაცვლებს. ისინი არა გრანდიოზულ, ტრადიციულ საკონცერტო დარბაზებში ეწყობა, რომლის შესახებაც ყველა წინასწარ იგებს, არამედ მყუდრო, განსხვავებულ გარემოში, უბრალოდ ოთახებში, სახლებში, მაღაზიებში, სანაპიროებზე - სოფარის ქსელის წევრები ყველგან შეიძლება შეიკრიბონ, სადაც სიმყუდროვეა და სადაც მსმენელიც და მუსიკოსებიც განსაკუთრებული გამოცდილებისთვის მიდის. 2010 წლიდან მოყოლებული, დღეს ასე უკვე მსოფლიოს 371 ქალაქში ხდება.

თბილისში „სოფარ საუნდის“ კონცერტები, ტრადიციული კონცეფციით, იანვრიდან დაიწყო. როგორც კამპანიის თბილისის ლიდერი, გვანცა ჯიშკარიანი ამბობს, „სოფარის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი მუსიკოსების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაცაა; კონცერტები თბილისში ყოველ თვეს ტარდება. 20 სექტემბრის ღონისძიება კი, როგორც თბილისის, ისე მთელი მსოფლიოს ქალაქებისთვის განსაკუთრებულად მასშტაბურია.

სოფი ვილი: „ერთდროულად იქნება ლაივსტრიმი და ერთდროულად სხვადასხვა არტისტის ენერგია მთელი პლანეტის მასშტაბით გაერთიანდება... „Give a home“ კონცერტების სერიაში ბევრი ცნობილი არტისტია.“The National“-იც უკრავს - ჩემი საყვარელი ჯგუფი. მე ძალიან მომწონს ეს პროექტი, ბევრი ქალაქია ჩართული უნიჭიერესი მუსიკოსებით. თბილისში მარტში დავუკარით „სოფარში“. ამერიკაში ტურის დროს კი - ნიუ იორკში, როგორც სხვა ქვეყნიდან მიწვეულმა სტუმარმა.

იგივე სიტუაცია იყო, მყუდრო გარემო, არანაირი ხმაური, მსმენელი კომფორტულ სიტუაციას გიქმნის. ნიუ იორკში გამოსვლისას, არ იცოდნენ რომ საქართველოდან ვიყავი და როცა გამოაცხადეს, მქუხარე ტაშით შემხვდნენ. ბევრი ხალხი იყო, ალბათ 120 ადამიანამდე. პირველ რიგში ის არის კარგი , რომ ძალიან ინტიმური სიტუაცია იქმნება, რადგან იმ მსმენელლმა, ვინც იქ მოდის, ზუსტად იცის, რისთვის მოდის. მომზადებული მსმენელი განსხვავებული გარემოს და სამყაროს ჯადოსნურობას ქმნის.გვინდა რომ მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის „სოფარზე“, ვგეგმავთ ტურს ევროპაში. სექტემბრის ბოლოს ახალ ვიდეოს ვგეგმავთ. ხოლო ამ „სოფარისთვის“ განსაკუთრებული სეტი მოვამზადეთ, ნახევრად აკუსტიკური, ნახევრად ელექტრონული ."

ტატო რუსია, „მოკუმოკუ“: „მაგარია, რომ იმ სოციალურ ძალას, რაც მუსიკას გააჩნია, „სოფარი“ იყენებს კეთილი მიზნებისთვის და აკეთებს ამას ქველმოქმედებისთვის. საქველმოქემდო კონცერტზე ადრეც დაგვიკრავს, გვიხარია რომ 20-ში ვიმონაწილევებთ და სამ ჯგუფში ჩვენი ჯგუფიც მოხვდა. ეს „სოფარის“ ერთ-ერთი ყვველაზე მნიშვნელოვანი წლის მოვლენაა. „სოფარის“ ფარგლებში წელს ლონდონში დავუკარით. იქამდე კი ბრისტოლში გვქონდა ლაივი, რომელიც თბილისის მეგობარი ქალაქია“.        

რამოდენიმე დღეში გვიახლოვდება ის, რაც აქამდე ისტორიას არ ახსოვს. GIVE A HOME! ასობით ქალაქი და მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნიდან! შემოგვიერთდი 20 სექტემბერს და ერთად შევქმნათ ისტორია, ეს მნიშვნელოვანია!

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი

ფოტოები: Sofar Sounds / Sofar Sounds Tbilisi არქივიდან