კულტურა

ხელოვნება ახალ მედიუმებში თიბისი სტატუსისთვის

პრინტები მინაზე, მეტალზე, კერამიკული სკულპტურები და ფოტოფაზლები - ეს ის ექსპერიმენტული ხელოვნებაა, რომელიც მალე თიბისი სტატუსის სივრცეებს შეავსებს.

აგვისტო 18, 2017

Hello Blog

პრინტები მინაზე, მეტალზე, კერამიკული სკულპტურები და ფოტოფაზლები - ეს ის ექსპერიმენტული ხელოვნებაა, რომელიც მალე თიბისი სტატუსის სივრცეებს შეავსებს.

პრინტებზე ქეუ მეფარიშვილმა და სალომე დუმბაძემ იმუშავეს, სკულპტურებზე - ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა.  ლადო ლომიტაშვილმა კი ერთი მთლიანი ფოტო ფაზლებად დაშალა და ერთ ფორმატში, ხის ჩარჩოებში მოაქცია.

ექსპერიმენტის შესაძლებლობა, თანამედროვე ხელოვნების გავრცელებისა და საქმიან სივრცეებთან ინტეგრირებით მიზნით, არტისტებს თიბისი სტატუსმა მისცა და ყველა ობიექტიც სპეციალურად სტატუსის სივრცეებისთვის შეიქმნა.

ინიციატივა უკვე 250-მდე არტობიექტად იქცა და ის თიბისის ორიგინალური კოლექციის ნაწილი გახდება.

„ჩვენი მიზანი იყო, დამატებითი პლატფორმა შეგვეთავაზებინა ქართველი ხელოვანებისათვის. ერთი მხრივ, ჩვენი ინიციატივა თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქართული წარმოების ხელშეწყობას ემსახურება, მეორე მხრივ კი, დამატებითი შანსია თავად არტისტებისათვის, მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ, ახალ მედიუმებში იმუშაონ, განვითარდნენ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.

სტატუსის მომხმარებლებისადმი ჩვენი გზავნილი ერთია - გვინდა, მეტად დავაახლოვოთ თანამედროვე ხელოვნებასთან და მათ გემოვნებიანი, ესთეტიური გარემო შევთავაზოთ,“- ამბობს, თიბისი ბანკის არტკურატორი, ნინა ახვლედიანი.

CERAMIC STUDIO 1300 - ტასო გომელაურისა და ირინა ჯიბუტის სახელოსნოა. ტასო ამბობს, რომ თიბისისთან კოლაბორაციამ მათ ახალი შესაძლებლობა გაუჩინა, - „მომხმარებლის ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, ძირითადად, ჭურჭელზე გვიწევს მუშაობა. თიბისის პროექტმა კი მოგვცა საშუალება არტობიექტებზე ფიქრი დაგვეწყო და შეგვექმნა ჩვენთვის მეტად ინსპირაციული ხელოვნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არტისტისთვის“

ნინა ახვლედიანი -  „ თიბისის პროექტზე მუშაობისას, არტისტებს არ ვზღუდავთ, ვცდილობთ, სრული შემოქმედებითი თავისუფლება მივცეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ნამუშევარში შენარჩუნებული იყოს მათი სტილი და ხელწერა,“ -

„თიბისის შემოთავაზება საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. 66 ნამუშევარი უნდა გამეკეთებინა. ბევრ ფოტოს არ ვიღებ და, ძირითადად, დეტალებზე ვმუშაობ ხოლმე. ამიტომ, ვიფიქრე, იდეალური იქნებოდა, ამეღო 3 ფოტო და დეტალებად დამეშალა. თითოეული მათგანი 25 ნაწილად დავყავი და მათზე რაღაც დეტალი გამოვსახე. ფიქრის პროცესი ამოცანიდან გამომდინარე განვითარდა. ინსპირაციად სამი რამ ავიღე- გარემო, რომელშიც ვცხოვრობ, პროცესი, რომელსაც ამ გარემოდან გამომდნარე გავდივარ და ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „მატერიალი“, რომელიც თიბისის გამოფენაზე გავიტანე პროექტ „12“-ის ფარგლებში.“- ამბობს არტისტი ლადო ლომიტაშვილი.

ქეთევან მეფარიშვილმა და სალომე დუმბაძემ პროექტისთვის სრულიად ორიგინალური მასალები გამოიყენეს: ღრუბელი, მინა და მეტალი. ამ მასალებიდან ზოგიერთთან შეხება მათ პირველად მოუწიათ:

ქეუ მეფარიშვილი: „თიბისისთან თანამშრომლობის შედეგად მეტი მრავალფეროვნება შევძინეთ კოლაბორაცია „შრამის“ საერთო ნამუშევრებს. შევქმენით ობიექტები, ინსტალაციები, რომლებშიც სხვადასხვა მასალა გამოვიყენეთ. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვის. განსხვავებულ მასალებზე მუშაობა საკმაოდ რისკიანია, თუმცა იმისათვის, რომ რაღაც ახალი შექმნა და შენთვისაც საინტერესო იყოს შემოქმედებითი პროცესი, ვთვლი, რომ სულ უნდა ეცადო ახალ მასალებთან და მედიუმებთან იმუშაო. მასალების თვალსაზრისით, ნამდვილად არ ვართ განებივრებული - ხშირად ხელოვანს ინდივიდუალური დაკვირვების საფუძველზე, ხანგრძლივი ძიების შემდეგ უწევს საკუთარი იდეის მასალასთან ინტეგრირება. ხანდახან ეს პროცესი რთულია, რადგან შეიძლება გაგიჭირდეს იმ მასალის შოვნა, რომლის გამოყენებაც გინდა, თუმცა, ამავე დროს, ალბათ, შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი გამოწვევაც ეს არის“.

ნინა ახვლედიანი ამბობს, რომ არტისტებთან თანამშრომლობა ამ და სხვა ფორმით მომავალშიც გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ნელ-ნელა იწყებს ძალიან საინტერესო კოლექციის შექმნას. ყველა იმ არტისტისგან, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, გარკვეულ ნამუშევრებს ვიტოვებთ და გვიხარია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვანი კოლექცია.“

ტექსტი: ქეთევან მაღალაშვილი

ფოტო/ვიდეო: გიორგი მაისურაძე