მუსიკა | ცა

72 საათი ბათუმში

ივლისი 28, 2017

Hello Blog

საბაგირო გზა “არგო”

 ბათუმის დასათვალირებლად, ერთ-ერთ ყველაზე კარგ საშუალებას საბაგირო გზა “არგო” წარმოადგენს. საბაგიროს სადგური ქალაქის პორტთან ახლოს, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მგზავრები ზღვის დონიდან 250 მეტრის სიმაღლეზე, ანურიის მთაზე აჰყავს, საიდანაც ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მდებარე მთების შთამბეჭდავი ხედები იშლება.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები

ბათუმის ბულვარში შეგიძლიათ იხილოთ ქართველი და უცხოელი თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები, მათ შორის თეა ჯორჯაძე, თამარ კვესიტაძე, გელა წულაძე, ბენ ვოტიე, ჟან დიუპი და ა.შ. გირჩევთ აიღოთ ველოსიპედი, გაუყვეთ ბულვარს და დაათვალიეროთ ხელოვნების ნიმუშები.

Fanfan

ველოსიპედით სეირნობისგან დაღლილს, გირჩევთ ბულვართან ახლოს, ნინოშვილის ქუჩის 27 ნომერში მდებარე კაფე “Fanfan”-ს ესტუმროთ. კაფის მენიუში განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა პასტა შავი ზღვის მიდიებით და მიდიები ბლუჩიზით. სამუშაო საათები 11:00 – 01:00.

თევზის ბაზარი

“Fanfan”-ის გარდა, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და აგრეთვე კოლორიტულ ადგილს წარმოადგენს თევზის ბაზარი. ბაზარში, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში მდებარეობს, შეძლებთ იყიდოთ ახალი თევზი და ზღვის პროდუქტები. ბაზრის გვერდით მდებარეობს რესტორანი, სადაც თქვენს მიერ არჩეულ პროდუქტს კერძებად მოგიმზადებენ. ბაზარი მუშაობს დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

ბოტანიკური ბაღი

დღის მეორე ნახევარში, ჩამავალი მზის ფონზე, გირჩევთ ესტუმროთ ბათუმის ყველაზე ლამაზ ღირსშესანიშნავ ადგილს – ბოტანიკურ ბაღს. 1892 წელს, გეორგრაფ, ბოტანიკოს და მოგზაურ პავლე ტატარინოვის მიერ დაარსებულ ბაღში, თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორისტული განყოფილებები. მცნეარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს. ბაღის შემაღლებული ადგილებიდან იშლება შავი ზღვის ულამაზესი ხედები, რომლებიც ჩამავალი მზის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავია.

3 დღის განმავლობაში კი ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იქნება. წელს ფესტივალს ესტუმრებიან ისეთი მუსიკოსები როგორებიც არიან Jamioquai, De La Soul და Joss stone. ხვალ, 08:45-ზე ჯაზმატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით აიღებს გეზს.