მუსიკა | ცა

BLACK SEA JAZZ - De La Soul დამწყებთათვის

29 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე საღამოს, De La Soul - ლონგ აილენდის ლეგენდარული ტრიო - შეგვახსენებს ჰიპ ჰოპის წარსულს, მის აწმყოსაც გაგვაცნობს და ალბათ, მომავალზეც გაგვესაუბრება; როგორც სჩვევიათ, ბოლო 30 წლის მანძილზე - ეკლექტურად, ჩახუჭუჭებულად, სხარტად, მელოდიურად...

ივლისი 24, 2017

Hello Blog

29 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე საღამოს, De La Soul - ლონგ აილენდის ლეგენდარული ტრიო - შეგვახსენებს ჰიპ ჰოპის წარსულს, მის აწმყოსაც გაგვაცნობს და ალბათ, მომავალზეც გაგვესაუბრება; როგორც სჩვევიათ, ბოლო 30 წლის მანძილზე - ეკლექტურად, ჩახუჭუჭებულად, სხარტად, მელოდიურად...

Intro

“ჩვენ ვართ De La Soul: Posdnous, Dave, და Maseo. ყველაზე კარგად გვიცნობენ ალბომებით “3 Feet High and Rising”, “De La Soul Is Dead”, “Stakes Is High”... და ჩვენი ჰიტებით “Me Myself and I,” “Saturdays” და “Feel Good Inc.” (კოლაბორაცია Gorillaz-თან). გვითანამშრომლია ყველასთან, Chaka Khan-დან Common-მდე და NASA-სთანაც კი: 2004 წელს, ჩვენი სიმღერა “Potholes in My Lawn” იქცა ერთ-ერთ პირველ რეპ-ჩანაწერად, რომელმაც მარსმავალ ‘ოპორტუნიტის’ საშუალებით სხვა პლანეტაზე გაიჟღერა...”

Hip Hop

80-იანი წლების მიწურულს, განგსტერული რეპი პოპულარობის პიკს აღწევდა, როცა ჯგუფმა NWA-მ [პირველი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ ჯგუფი] ლოს ანჯელესი ჰიპ-ჰოპის დედაქალაქად აქცია. აღმოსავლეთ სანაპიროს, კერძოდ კი ნიუ იორკს, პასუხი უნდა გაეცა და რაც შეიძლება აგრესიული, პოლიტიზირებული, რადიკალური! თუმცა, ლონგ აილენდელი სამი ახალგაზრდა ყმაწვილის გამოჩენასთან ერთად ფსონები აირ-დაირია; შავი ტყავის ქურთუკები და მასიური ოქროს ჯაჭვები ჭრელა-ჭრულა მაისურების, აფრიკის რუკისა და მშვიდობის სიმბოლიკის ფონზე, ერთბაშად სასაცილოც გახდა. ჰიპ-ჰოპის წესები შეიცვალა - თამაშში De La Soul შემოვიდა.

D.A.I.S.Y. Age

“დეიზი” ასოცირდება გვირილასთან, თუმცა იშიფრება როგორც “შენი შინაგანი ხმა” [da inner sound, y’all]. აიგივებენ ჰიპ ჰოპის ოქროს ხანასთან - 80-იანი წლების დასაწყისიდან 00-მდე. “დეიზის” კონცეფცია “დე ლა სოულ”-ის პირველივე ალბომს მოჰყვა, რომელშიც ძირითადი აქცენტი მშვიდობასა და ჰარმონიაზე იყო. ფერად ვიზუალსა და მშვიდობის სიმბოლიკას მსმენლის მიერ ბიჭების ჰიპებად შერაცხვა მოჰყვა. თუმცა, ჯგუფის წევრები ნებისმიერ მსგავს სტერეოტიპს ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან თავიდანვე იცოდნენ, რომ მათი მუსიკალური კარიერა კიდევ ხშირად შეიცვლიდა ფორმას.

სასცენო სახელები

პირველი ალბომის გამოქვეყნებასთან ერთად, ჯგუფის წევრებმა სასცენო სახელებიც განმარტეს. მაგალითად, ყველაზე მჭერმეტყველი Kelvin Mercer, იგივე - Posdnuos, უკუღმად იკითხება როგორც “sound sop”, ანუ “ხმის ნარჩენი”(?!).

David Jude Jolicoeur, იგივე Trugoy the Dove. Trugoy, მისი საყვარელი ნუგბარის - იოგურტის [YOGURT] შებრუნებული ვერსიაა! The Dove [მტრედი] იმითაა გამართლებული, რომ ჯგუფის ყველაზე სათნო და ტკბილმოუბარი წევრია!

მესამე, ყველაზე გულჩათხრობილად და ჩუმ წევრად ცნობილი Vincent Lamont Mason Jr. უბრალოდ Maseo-ა!

თვითონ ამბობენ, რომ მარსიდან დაპორტირდნენ და ერთმანეთს მიმართავენ როგორც პირველ, მეორე და მესამე შესაერთებელს (Plug One, Plug Two და Plug Three). არ სვამენ და ყველაზე ფართხუნა ტანსაცმელს ატარებენ მთელ უბანში!

Gorillaz

შედარებით ახალგაზრდა თაობისთვის, De La Soul ცნობილი გახდა 2005 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტიდან Gorillaz-ის “Feel Good Inc.” 2006 წელს, ამ სიმღერამ ჯგუფს პირველი “გრემიც” მოუტანა საუკეთესო პოპ-ვოკალური თანამშრომლობისთვის. თანაშემოქმედება ბრიტანული ვირტუალური ბენდის დამფუძნებელთან დევიდ ალბარნთან კიდევ არაერთხელ შედგა, მათ შორის, ორივე ჯგუფის ბოლო ალბომებზე - De la Soul-ის “and the Anonymous Nobody...” [2016] და Gorillaz-ის “Humanz” [2017].

Magnum Opus

$600 000-ზე მეტი შეგროვდა Kickstarter-ზე [პლატფრომა, სადაც პროექტს უშაულოდ ხალხი აფინანსებს] რეკორდულ დროში და ლეგენდარულმა ტრიომ, 12-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა ახალი, რიგით მეცხრე ალბომი “And the Anonymous Nobody”. “ახალი ალბომისთვის, ჩვენ სრულიად ახალი მიდგომა გვჭირდებოდა, რაღაც ისეთი, რაც ჰიპ-ჰოპში აქამდე არავის გაუკეთებია. ასეცაა - პირველად მოხდა, რომ ჩვენ საკუთარი თავის “სემპლირება” გავაკეთეთ”.

“ახალ ალბომში არის ჯაზის, ფანკის, როკის, ქანთრის და ყველა იმ ჟანრის ელემენტები, რომლებსაც ჩვენ შექმნის მომენტში ვგრძნობდით. ჩვენთვის, მუსიკა ჟღერადობის გავლენაა... ესაა ბგერები ნებისმიერ ვიბრაციასა და სიდიდეში, რომლებიც ან ამბებს გვიყვებიან, ან მიმართულებას გვიჩვენებენ”.

ალბომში წარმოდგენილია თანაშემოქმდება ისეთ შემსრულებლებთან როგორიცაა: Little Dragon, Snoop Dogg, Usher, 2 Chainz, David Byrne და სხვ.

We’re Still Here

“ჯერ კიდევ აქ ვართ” - ამ სიტყვებით, ტრიო არამარტო ჰიპ ჰოპის სამყაროს, საკუთარ თავსაც კი აჯერებს, ან იქნებ ახარებს, რომ 30-წლიანი მუსიკალური მოღვაწეობის შემდეგ, ისევ ერთად არიან და სულაც არ აპირებენ რელიქვიის სტატუსის მორგებას. ამავე სათაურის დოკუმენტურ ფილმში, ახალი ალბომის შექმნის უჩვეულო ისტორიასთან ერთად, თვალსაჩინოა “დე ლა სოულ”-ის უკომპრომისობაც, როცა საქმე თავისუფალ შემოქმედებას ეხება. “თავიდან გვეშინოდა კიდეც, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გვქონდა ვის დააინტერესებდა ჩვენი ახალი პროექტი, ვინ დაგვიჭერდა მხარს” - ამბობს დეივი ფილმის დასაწყისში. პროექტმა კი გულშემატკივართა დიდი ჯარი გამოავლინა და მოთხოვნილ $110000-ზე თითქმის 6-ჯერ მეტი მოუტანა ჯგუფს ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

EXODUS

“ჩვენ ვართ აწმყო, წარსული და მომავალი. შეკრულნი მეგობრობით, ანთებულნი და შთაგონებულნი იმით, რაც სასწორზეა შემოდებული. მხსნელები, თუ გმირები? არა. მხოლოდ უბრალო ტიპები, რომლებსაც სურთ თქვენც შთაგაგონოთ, რომ თავდაუზოგავად მიიღოთ გამოწვევები და შექმნათ საკუთარი. პატივისცემით, ანონიმური არავინ.”

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი