კულტურა

ბალეტი, იონენი და ორი ნინო

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ და ისტორიულად დახუნძლულ შენობაში -ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში, ასეთივე ზღაპრული და უკვე ისტორიული ამბავი - თბილისის პირველი საბალეტო ფესტივალი ჩატარდა. დიდი სამზადისის, ვნებათა ღელვის, უამრავი სტუმრისა და საოცარი წარმოდგენების ფონზე, ხდებოდა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ერთი მხრივ, სრულდებოდა ნატვრა, როგორც მხურვალე ოვაციებში გახვეული არტისტისთვის, მეორე მხრივ კი, ეს ნატვრა იბადებოდა, როგორც 5 წლის გოგონასთვის, რომელიც ცდილობდა ყელი სათანადოდ მოეღერა და სცენაზე შესრულებული მოძრაობები გაემეორა. მერე რა, რომ მაყურებელთა რიგში იყო და უფროს დაიკოს გვერდზე მსხდომების ეუხერხულებოდა, ნატვრის ნაპერწკალი უკვე გაჩნდა და ის აუცილებლად უნდა აგიზგიზდეს! ამ ფესტივალის მთავარი მიზანიც ეს არაა?! 

ივლისი 17, 2017

Hello Blog

თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ და ისტორიულად დახუნძლულ შენობაში -ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში, ასეთივე ზღაპრული და უკვე ისტორიული ამბავი - თბილისის პირველი საბალეტო ფესტივალი ჩატარდა. დიდი სამზადისის, ვნებათა ღელვის, უამრავი სტუმრისა და საოცარი წარმოდგენების ფონზე, ხდებოდა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ერთი მხრივ, სრულდებოდა ნატვრა, როგორც მხურვალე ოვაციებში გახვეული არტისტისთვის, მეორე მხრივ კი, ეს ნატვრა იბადებოდა, როგორც 5 წლის გოგონასთვის, რომელიც ცდილობდა ყელი სათანადოდ მოეღერა და სცენაზე შესრულებული მოძრაობები გაემეორა. მერე რა, რომ მაყურებელთა რიგში იყო და უფროს დაიკოს გვერდზე მსხდომების ეუხერხულებოდა, ნატვრის ნაპერწკალი უკვე გაჩნდა და ის აუცილებლად უნდა აგიზგიზდეს! ამ ფესტივალის მთავარი მიზანიც ეს არაა?! 

ბავშვობაში ბალერინობა და სუპერ-გმირობა მინდოდა. ამ დღეებში კი, მივხვდი, რომ პრინციპში, ბალერინობა და სუპერ-გმირობა თითქმის ერთი და იგივეა! ა) იმიტომ რომ, ერთსაც და მეორესაც, ცოტა თუ ახერხებს; ბ) ურთულესი საქმეა და თუ მაგარი ხარ, ყველას ისე უნდა მოაჩვენო, თითქოს ამაზე ადვილი არაფერია; გ) იმაზეც უნდა იზრუნო, რომ ამ დროს ფანტასტიურად გამოიყურებოდე; დ) ზე-ადამიანურ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო და ე) მოტმასნილ ფორმებსა და მოსასხამებშიც კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს! 

ფესტივალის ერთ-ერთ მშვენიერ დღეს კი სამი ასეთი სუპერ-გმირი გავიცანი - იონენი და ორი ნინო! სამი-ოთხი დღით ადრე, თითოეული უკვე იხილა მაყურებელმა “ლაურენსია”-ში; შემდეგ, თავად მოირგეს მაყურებლის როლი და ნიდერლანდების ცეკვის თეატრის უმცროსი დასის გამოსვლებს დაესწრნენ, რომელზეც შთაბეჭდილებები ჩვენი საუბრის დროს, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი იყო.

ჩემს სუპერ-გმირებს ოპერისა და ბალეტის თეატრის აივანზე შევხვდი. ჯერ იონენ ტაკანო გავიცანი. ქართული “ცოტა-ცოტა” იცოდა, ამიტომ პეტერბურგში მუშაობისას შესწავლილი რუსული მოიშველია და საუბარიც შედგა.

***

იონენმა (25 წლის) საბალეტო მომზადება 7 წლიდან დაიწყო. 2008 წლამდე იაპონიაში სწავლობდა, შემდეგ კი პეტერბურგის საბალეტო აკადემიაში გააგრძელა, 2011 წლამდე.

იონენი - რთული პროფესიაა... სხეული სულ გტკივა, მაგრამ ცეკვა ჩემთვის ნარკოტიკივითაა. ბავშვობაში, მე თვითონ გამოვთქვი ბალეტზე სიარულის სურვილი. სხვათაშორის, პეტერბურგში, ქართველი მასწავლებელი მყავდა, ბორის ბრეგვაძე. 50 წელი ასწავლიდა. სამწუხაროდ, გარდაიცვლა. გამოდის, რომ მისი ბოლო მოწაფე ვიყავი...

2011 წლის სექტემბერში, მიხაილოვსკის სახელობის საბალეტო თეატრის დასის წევრი გახდა. დასში მისაღებად ტაკანო პირადად ნაჩო დუატომ შეარჩია. პარალელურად, იონენი არაერთ კონკურსში იღებდა მონაწილეობას - კორეის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის პრიზიორი, საერთაშორისო საბალეტო კონკურსის “არაბესკის” და რუდოლფ ნურიევის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის დიპლომანტი, ჰელსინკის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ფინალისტი. ერთ-ერთ კონკურსზე, ის ნინო ანანიაშვილმა შეამჩნია და აქედან დაიწყო მათი თანაშემოქმედებაც. 2014 წლიდან კი, იონენი თბილისის საბალეტო დასის სოლისტია.

იონენი - ნინოს შესახებ პატარაობიდანვე ვიცოესახებ პატარაობიდანვე ვიცოდი. იაპონიაში ძალიან ცნობილი იყო. ჯერ ამერიკის, შემდეგ დიდი თეტრის დასსთან ერთად ჩამოდიოდა, თითქმის ყოველ წელს. ტოკიოში მის საყურებლად ჩავდიოდი ხოლმე და ვოცნებობდი, ოდესმე მეც მეცეკვა მის გვერდით. შესაბამისად, როცა ნინოსგან საქართველოში მუშაობის შემოთავაზება მივიღე, ორჯერ არც დავფიქრებულვარ! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე თითქმის არაფერი ვიცოდი...

ყავს ძმა, თუმცა ის სულ სხვა გზას ადგას და ამჯერად ჰონკონგში სწავლობს. ძმა და მშობლები უკვე ესტუმრნენ საქართველოში. დედას განსაკუთრებით მოსწონებია აქაურობა!

იონენი - რუსეთში ყოფნისას, ერთადერთი რესტორანი რომელიც მომწონდა ქართული იყო! “ხაჩუ ხარჩო” ერქვა, თუ არ ვცდები... თბილისში ყოფნა ძალიან გამიადვილდა, საინტერესო ადამიანები, უგემრიელესი სამზარეულო და საყვარელი საქმე! თან, სადაც არ უნდა წახვიდე, როცა შენს საქმეს აკეთებ თანამოაზრეებთან ერთად, ყველგან ოჯახში გრძნობ თავს.

- ამ ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებით მიხარია. აქ, ჩემი მეგობრებიც ჩამოვიდნენ ნიდერლანდებიდან [NDT 2]. ერთ სკოლაში ვსწავლობდით იაპონიაში. ახლა კი თბილისში ერთად ვიცეკვებთ! მსოფლიო, განსაკუთრებით ბალეტის სფეროში, ძალიან პატარაა!

***

იონენს და ორივე ნინოს განსაკუთრებულ სუპერ ძალებს მათი თვისებების საოცარ სინთეზსაც მივამატებდი - უშუალობა, თავდაჯერებულობა და მოკრძალებულობა ერთად! ეს ის, რაც მათთან საუბრის მოკლე დროში გამოიკვეთა.

ერთ-ერთი ნინო იგივე ნუცა ჩეკურიშვილია (23 წლის). 2011 წელს, დაამთავრა ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი და იმ წელსვე მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 2014 წლიდან კი საბალეტო დასის სოლისტია.

ნუცა - 5 წლის ვიყავი, როცა ჩემივე სურვილით მოვხვდი ბალეტში. დედას ყოველთვის დავყავდი ბალტზე, თუმცა არ მახსოვს, კონკრეტულად რამ მიმიზიდა ასე ძალიან. ერთხელ ისიც მითხრა, რომ ორსულობისას, “დონ კიხოტხზე” იყო მისული და ჩელიტას გამოსვლის დროს ავუცეკვდი მუცელში... რაც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ ეს პროფესია აღმოჩნდა ის, რასაც ჩემთვის დიდი ბედნიერება მოაქვს და ბოლომდე სიამოვნებით გავაგრძელებ.

ნუცა, ისევე როგორც მისი “თანა-დასელები” ქართულ ბალეტთან ერთად იზრდებიან, მას შემდეგ რაც 2004 წელს, ნინო ანანიაშვილი ჩაუდგა დასს სათავეში.

ნუცა - ძალიან პატარა ვიყავი, როცა ქალბატონმა ნინომ კონკურსებზე წამიყვანა ჩინეთში, უკრაინაში, რიგაში... ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა თეატრში მიმიღო, დავყავდი გასტროლებზე დასსთან ერთად, რაღაც საოცრება ხდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი ვერასდროს. ნინოს ხელშეწყობით, დღემდე ძალიან ბევრი რამ ხდება ჩვენთვის.

შემდეგი ნაბიჯები?

- შემდეგი ნაბიჯები იაპონიას უკავშირდება, სადაც იქაურ დასსთან ერთად, “მძინარე მზეთუნახავს” ვიცეკვებ. ესეც ქალბატონ ნინოს დამსახურებაა. ახლაც კი მაჟრჟოლებს ამაზე რომ ვფიქრობ, იმდენად დიდი ნაბიჯია ჩემი პროფესიისთვის.

პროფესიის მოთხოვნები.

- გული არ მწყდება იმაზე, რომ ბავშვობა რეალურად არ მქონია, ეზოში ვერ ჩავდიოდი, დაქალის ქორწილზე ვერ წავედი, იმიტომ რომ იმ დღეს სპექტაკლი მქონდა. თან მეჯვარე ვიყავი და ბოლოს, ღამის 11 საათზე მივადექით ქორწილში. დიეტის მხრივაც, ტკბილს ვერიდებით, თუმცა ყველას გვიყვარს... მთავარი მამოძრავებელი ძალა კი ამ პროფესიის სიყვარულია. ეს რომ არა, ვერავინ ვერ გაუძლებდა დილიდან საღამომდე დარბაზში ყოფნას და ვარჯიშს... 23 წლის ვარ და არასდროს, არც ერთი წამით არ მინანია და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება.

  რჩეული ბალერინები? 

- ნინო ბავშვობიდანვე ჩემთვის სამაგალითო ბალითო ბალერინა იყო. მისგან მაქსიმალურად ვიწურავთ ინფორმაციას. ყოველთვის გვერდში გვიდგას, გვასწავლის, ვცდილობთ ვასახელოთ. ჩვენი პედაგოგებიც - ირინე ჯანდიერი, ლილიანა მითაიშვილი, ვერე წიგნაძეც მინდა გამოვარჩიო. მათ პერიოდში, არანორმალური თავისუფლება იგრძნობა მათ ცეკვაში, რაც დღემდე შესაშურია. ლაღად, ყოველგვარი შიშის გარეშე ცეკვავდნენ.

NDT 2

- ფარდის გახსნისთანავე, როგორც კი მოძრაობა დაიწყეს, დამბურძგლა. ეს მუსიკისა და ქორეოგრაფიის საოცარი სინთეზი იყო, რაც ჩემთვის პირადად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ისეთი პლასტიკა დასდევდა თითოეულ მათგანს, თან ყველა განსხვავებული სტილის მოცეკვავე იყო, თავისებურად გამორჩეული. ძალიან მიხარია, რომ აქ არიან და გვაქვს შანსი დავუახლოვდეთ ერთმანეთს... ძალიან მომინდა “კაკტუსების” ცეკვა. ჩვენც არ გვაკლია თანამედროვე ცეკვა, ბოლოს მედჰი ვალერსკი იყო ჩამოსული, NDT-ს ქორეოგრაფი და “პატარა ცერემონია” დავდგით. ისეთი პლასტიკა ჰქონდა, ისეთი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფია და თვითონ პიროვნებაც არაჩვეულებრივია!ყოველთვის, რეპეტიციის წინ, თითოეულ ჩვენგანს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენი შინაგანი მე წამოგვეწია წინ და გრძნობები მაქსიმალურად გამოგვეხატა მოძრაობებით. მისი დახმარებით, უფრო თანამედროვე მოცკვავეებად ვიქეცით.  

***

სანამ მეორე ნინოს შევხვდებოდი, იმავე სართულზე, მცირე დარბაზში “დონ კიხოტის” რეპეტიციას კულმინაციისთვის მიეღწია. საბალეტო დასიც და ორკესტრიც, ერთმანეთის მაყურებელი და მსმენელი, მთლიანად ჩართულიყვნენ ისტორიის მოყოლის პროცესში... მათ შორის - მოსკოვის “დიდი თეატრის” წამყვანი სოლისტები: ეკატერინა კრისანოვა და ვლადისლავ ლანტრატოვი.

აქვე იყო ფესტივალის სულისჩამდგმელი და სამხატვრო ხელმძღვანელი - ნინო ანანიაშვილიც, რომელიც საორგანიზაციო საკითხების, ყველა მონაწილე მხარესთან ურთიერთობების, დასზე ზრუნვის, განწყობის შენარჩუნებისა და ღონისძიების მსვლელობაზე ზედამხედველობის გარდა, თავადაც გადიოდა რეპეტიციებს გალა-კონცერტისთვის მოსამზადებლად.

***

მეორე ნინოს რაც შეეხება, იგივე ნინო სამადაშვილი, ზაფხულის ღამის სიგრილეს რომ ჰგავდა, თავის უშუალო სიხალისითა, თუ თვით-ირონიით, საოცარ თვით-კონტროლსაც არ თიშავდა არც ერთი წამით.

ნინო - მეუბნებიან, რომ უშუალო და თავმდაბალი ვარ... შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტადაც ასე იყოს, თუმცა არც კარიერაში და არც ურთიერთობებში არასდროს შემქმნია ამის გამო პრობლემა... ადამიანი ადამიანია და არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა. მთავარია პრინციპულად ვითარდებოდეს ვითარდებოდეს თავის არჩეულ საქმეში... ჩა... ადამიანი ადამიანია და არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა. მთავარია პრინციპულად ვითარდებოდეს თავის არჩეულ საქმეში... ჩვენი პროფესიაც ისეთია, რომ არასდროს არ მოგცემს საშუალებას დაკმაყოფილდე საკუთარი თავით.

2011 წელს დაამთავრა ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ნუცას მსგავსად, ისიც იმავე წელს მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 2014 წლის იანვრიდან საბალეტო დასის სოლისტია.

ნინო - ბალეტზე დედამ შემიყვანა 6 წლის ასაკში. ბაღში, ქართულ ცეკვაზე დავდიოდი და დედას უნდოდა ფიგურული სრიალი დამეწყო, მაგრამ იმ პერიოდში დაიხურა ყინული და ასარჩევად მხოლოდ ბალეტიღა დაგვრჩა. მეც სიფრიფანა გოგო ვიყავი და თუნდაც მხოლოდ ფიგურის შენარჩუნებისთვის გადაწყვიტა ბალეტს მივებარებინე. შემდეგ, თურმე, აღმომაჩნდა მონაცემები და პირველმა პედაგოგმა ლინა ხუციშვილმა დაგვარწმუნა, რომ უნდა გაგვეგრძელებინა. ასე ჩავაბარე ჭაბუკიანის სასწავლებელში.

- ბავშვობაში ყველაფრით ვიყავი დაკავებული, მუსიკა, ორკესტრთან ერთად კონცერტი, ხატვა და ასე შედმეგ. სამწუხაროდ ახლა არ მრჩება ამდენი დრო, მაგრამ კითხვა, მეგობრები, ერთი საათით, ორი საათით... ჩვენი მუდმივი პროიბლემა დასვენებაა, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგიის ძილით აღდგენა. სეზონის დროს კი უწყვეტ დაღლილობას განვიცდით. ბევრი რამით დავკავდებოდი, მაგრამ ფიზიკურად არ გამომდის ხოლმე.

ყველაზე დიდი წარმატება

- ყველაზე დიდი პირველი წარმატება რომ გავიხსენო, ალბათ ცეკვის პირველ კურსზე “კონკია”-ში ფერიას ცეკვა იქნებოდა. გამოსაშვებ საღამოებზე მაშინ მთავარ როლებს მეორე, ან მესამე კურსელები ასრულებდნენ ხოლმე, მე კი მხოლოდ პირველზე ვიყავი. შემდეგ იყო “მძინარე მზეთუნახავი” სკოლაში და თეატრში უკვე ყველაფერი.

საყვარელი სპექტაკლი

-”ჟიზელი”! “გედების ტბაზეც” ვგიჟდები, მაგრამ ჟიზელის სულიერება უფრო ახლოს არის ჩემს სულიერებასთან, ამიტომ უფრო მეტ კავშირს ვგრძნობ ამ სპექტაკლთან. ახლა შევასრულე ლაურენსიაც და მასაც მამსგავსებენ. სამომავლოდ ძალიან მინდა “რომეო და ჯულიეტა”, “მძინარე მზეთუნახავის” მთელი სპექტაკლი და კიდევ უამრავი სხვა!

ბალეტი

- ბოლო წლებში, ბალეტის განვითარება ყველანაირად ნინო ანანიაშვილის ჩამოსვლასთანაა დაკავშირებული. სკოლაშიც და შემდეგ უკვე თეატრშიც, თან გადაგვყვა. მუდმივად გვაქვს დადგმები. ის პერიოდი, რაც რემონტი კეთდებოდა, ერთი წამით არ გავჩერებულვართ. “არტ ჰოლშიც” კი გვიცეკვია სპექტაკლები იმისთვის, რომ როცა დავბრუნდებოდით ფორმაში ვყოფილიყავით. არადა, თატრი 6-7 წლით იყო დახურული. წელს კი, უბედნიერესები ვართ, რომ ფესტივალი ტარდება პირველად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც.

- ზუსტად ერთი თვის წინ, მეთვითონაც ვიყავი მინსკში, იგივე ტიპის ფესტივალზე. მიმიწვიეს როგორც სოლისტი. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის. სრულიად სხვა გარემოში, სხვა თეატრში, სხვა პარტნიორთან (იგორ კოლბი, მარიინსკის თეატრი). ჩემთვის ძალიან საპსუხიმგებლო იყო. საქართველოს სახელი უნდა წარმედგინა. ძალიან კარგი შეფასება მოგვცეს, როგორც თეატრს.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - გიორგი ინდუაშვილი